„ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის პრევენცია კვლავ ვიწროდ, მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის საქმიანობის ნაწილად აღიქმება. ამასთან, მწირია ინკლუზიური, უწყებათაშორისი პროგრამების გამოყენების პრაქტიკა;
სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტებით არ აქვს აღიარებული სოციალური პოლიტიკის როლი დანაშაულის პრევენციის საკითხებში და არ მუშაობს სისხლის სამართლისა და სოციალური პოლიტიკის დაახლოებაზე;
პოლიცია ისევ პრევენციული საქმიანობის ბუნებასთან შეუთავსებელ მექანიზმებსა და ღონისძიებების იყენებს დანაშაულის თავიდან ასაცილებლად;
ქვეყანას არ აქვს დანერგილი პერმანენტული კრიმინოლოგიური კვლევის პრაქტიკა. კრიმინოლოგიური კვლევები ფრაგმენტულად, დროის ხანგრძლივი შუალედით ხორციელდება, რაც ხელს უშლის პრევენციის კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას;
პენიტენციურ სისტემაში სრულწლოვან პირებზე მიმართული პრევენციული ღონისძიებები უმეტესწილად ფრაგმენტულია და არ არის იმ მასშტაბის, რომ მასში მონაწილეობა ყველა მსჯავრდებულმა შეძლოს. ამასთან, შემოთავაზებულ ღონისძიებებშიც კი დაბალია მსჯავრდებულთა ჩართულობის მაჩვენებელი, რაზეც შესაძლოა, გარკვეული გავლენა ჰქონდეს პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებულ სუბკულტურას“.
აღნიშნული ამონარიდები ნაწილია კვლევისა – „დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა საქართველოში“, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მოამზადა და მიზნად ისახავს, შეაფასოს, რამდენად ძლიერია შესაბამისი ორგანოების მიერ გადადგმული ნაბიჯები პრევენციის დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილებისა და გაუმჯობესებისთვის.
პრევენციის დონეები
კვლევაში განმარტებულია, რომ დანაშაულის ტიპოლოგიაზე მსჯელობა, ძირითადად, პრევენციის სამდონიან მიდგომას ეფუძნება.
პირველი დონის პრევენცია მიზნად ისახავს, შეაჩეროს დანაშაულის ჩადენა არსებული გარემოების ცვლილებით. კონკრეტულად კი, პირველადი პრევენცია რეაგირებს იმ სოციალურ პირობებსა და სიტუაციურ ფაქტორებზე, რომლებმაც შესაძლოა, განაპირობოს დანაშაულის ჩადენა.
შესაბამისად, როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, პირველი დონის პრევენციას არ ჰყავს განსაზღვრული სამიზნე ჯგუფი და მთლიანად საზოგადოებაზე ან მის ირგვლივ არსებული გარემოს ცვლილებაზეა ორიენტირებული. დანაშაულის განმაპირობებელი გარემოების პრევენცია, პირველ ყოვლისა მოითხოვს დანაშაულის შესაძლო მიზეზების ძიებას.
მეორე დონის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის ადრეულ პრევენციას იმ ჯგუფთან მუშაობით, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის ჩადენის ან ვიქტიმიზაციის რისკის წინაშე. ამ თვალსაზრისით, პირველადი პრევენციისგან განსხვავებით, მეორეულ პრევენციას უფრო კონკრეტული სამიზნე ჯგუფი ჰყავს.
მესამე დონის პრევენცია უკვე ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებს, ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდების მიზნით. ამდენად, მესამე დონის პრევენციას ჰყავს პირდაპირი სამიზნე ჯგუფი და ფოკუსირებულია იმ პირებზე, ვინც უკვე ჩაიდინა დანაშაული ან არის დანაშაულის მსხვერპლი.
დანაშაულის სიტუაციური პრევენცია
გამოყოფენ დანაშაულის სიტუაციურ პრევენციას – ეს არის სტრატეგია, რომელიც ცდილობს, შეამციროს დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა, გახადოს ის უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი და შედეგობრივად „არამომგებიანი“. პრევენციის ეს მოდელი ორიენტირებულია, გაზარდოს დანაშაულის გამოვლენის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება დანაშაულის შეკავება. სიტუაციური პრევენცია აქტიურად იყენებს დანაშაულზე რეაგირების კლასიკურ მეთოდებს და აგებულია სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების მონოპოლიზაციის იდეაზე.
დანაშაულის სოციალური პრევენცია
კვლევაში სხვა საკითხებთან ერთად მიმოხილულია ასევე დანაშაულის სოციალური პრევენცია. კვლევის ავტორთა განმარტებით, დანაშაულის სოციალური პრევენცია ორიენტირებულია, გამოავლინოს, თუ რა უბიძგებს ადამიანს დანაშაულის ჩადენისკენ. შესაბამისად, სოციალური პრევენცია, მიზნად ისახავს დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის შემცირებას და მიისწრაფვის, აღმოფხვრას ან შეცვალოს ის სოციალური პირობები, „რისკფაქტორები“, რომლებიც შეიძლება განაპირობებდეს დანაშაულს.
„ზოგიერთი ავტორი ამგვარ რისკფაქტორად მიიჩნევს სიღარიბეს, უმუშევრობას, მარგინალიზაციას, მწირ სოციალურ, რეკრეაციულ, საგანმანათლებლო შესაძლებლობას და სხვა. ამდენად, სოციალური პრევენციის თვალსაწიერი ფართოა და ის არ მუშაობს მხოლოდ უსაფრთხოების სისტემის მეშვეობით. სოციალური პრევენცია მრავალდარგობრივ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული და მიზნის მიღწევას სოციალური პოლიტიკის ინსტრუმენტებით ცდილობს. კონკრეტულად, დანაშაულის სოციალური პრევენცია ორიენტირებულია იმგვარ საკითხებზე, როგორიცაა საცხოვრისის, საოჯახო და განათლების, ახალგაზრდათა შრომისა და დასაქმების პოლიტიკა, მკურნალობისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება, წამალდამოკიდებულებისა და ალკოჰოლიზმთან ბრძოლის მიზნით და სხვა. შესაბამისად, სოციალური პრევენცია მოიცავს ინტერვენციის ფართო სპექტრს დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით“, – ვკითხულობთ კვლევაში.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პრევენცია ნაკლებად მკაცრი მექანიზმებით მოქმედებს და ორიენტირებულია სოციალურ კეთილდღეობაზე, მის მიმართ არსებობს რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა/მოსაზრება ლიტერატურაში. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ სოციალური პრევენცია ვერ ფარავს დანაშაულის ყველა ტიპს და ხელშემწყობ ფაქტორს. ეს შესაძლოა, ლეგიტიმური კრიტიკა იყოს, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის დანაშაულს სხვადასხვა მსაზღვრელი აქვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა ეფუძნებოდეს ეფექტიან კრიმინოგენურ კვლევას, რომელიც გამოავლენს ქვეყანაში არსებულ დანაშაულებრივ ტრენდს და შეისწავლის მის გამომწვევ მიზეზებს.
საქართველო და დანაშაულის პრევენცია
კვლევის ავტორთა ცნობით, საქართველოში მწირია შესაბამისი ორგანოების მიერ კრიმინოლოგიური კვლევისა და მის საფუძველზე პრევენციული პოლიტიკის განსაზღვრის პრაქტიკა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ფლობს მხოლოდ ორი სახის კრიმინოლოგიურ კვლევაზე, რომლებიც უფრო ვიწრო, კონკრეტული რაკურსით 2015 და 2018 წლებში განხორციელდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ცხადია, ამ მასშტაბისა და ინტენსივობის კვლევის საფუძველზე პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება რთულია. რამდენადაც პრევენციული პოლიტიკა არსებული ვითარების შესაბამისი და მისი თანმდევი უნდა იყოს, ამიტომაც ის ინტენსიურ დაკვირვებას და, საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიის ცვლილებას მოითხოვს.
„აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცალკეულ დანაშაულთან მიმართებით პერიოდულად კვლევებს ატარებს საქართველოს პროკურატურაც, თუმცა, როგორც მეთოდოლოგიაშია აღნიშნული, დოკუმენტი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს მხოლოდ საპოლიციო და პენიტენციური სისტემის ფარგლებში“.
„როგორც ადრეული კვლევები და კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, დანაშაულის პრევენციის არსებული სტრატეგია საქართველოში უფრო მეტად სიტუაციური პრევენციის მოდელზეა აგებული. პრევენციის მექანიზმები ძირითად საპოლიციო და სამართალდამცავი სისტემის ფარგლებშია მოქცეული და რეაქტიული მეთოდებით მოქმედებს მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სოციალური პრევენციის მოდელი შესაძლოა, უფრო მიზანშეწონილი და ეფექტიანი იყოს დანაშაულის პრევენციის კუთხით, განსაკუთრებით კი სიღარიბის მზარდი მაჩვენებლის ფონზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
კვლევის ავტორთა თქმით, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად კრიტიკულია ქვეყანაში განათლების, ჯანდაცვის, უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემებიც.
„ამ ვითარებაში სახელმწიფომ უნდა გამოიკვლიოს დანაშაულის სოციალური მსაზღვრელების გავლენა მთლიან კრიმინოგენურ მდგომარეობაზე და აწარმოოს სოციალური პოლიტიკის თანმდევი სისხლის სამართლის პოლიტიკა ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაისინჯოს და განისაზღვროს. საქართველოში არსებული სოციალური ვითარება პრევენციის თანმხვედრ სტრატეგიას მოითხოვს. მხოლოდ სიტუაციური პრევენციის ფარგლებში, რომელიც რეაქტიული მეთოდებით მოქმედებს, დანაშაულის პრევენციას მდგრადი, განგრძობადი ეფექტი ვერ ექნება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია პრევენციის არსებული ტენდენციების გადახედვა და პრევენციული პოლიტიკის სოციალური პრევენციის ჩარჩოში განვითარება“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს თვალთახედვა დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მათივე შეფასებით, დანაშაულის პრევენცია ამ დრომდე არ არის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხი და შესაბამისად, პოლიტიკის დოკუმენტებში სუსტია აქცენტები დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით.
მათივე შეფასებით, დანაშაულის პრევენციის არსებული პოლიტიკა, პრევენციული მექანიზმები და ცალკეული ღონისძიებები, სათანადოდ ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ბუნდოვანია მისი იდეოლოგიური ჩარჩოც. სახელმწიფო თითქმის არ იყენებს დანაშაულის სოციალური პრევენციის მეთოდებს. შესაბამისად, პრევენცია კვლავ ვიწროდ, სამართალდამცავი სისტემის ფარგლებშია მოქცეული და საპოლიციო მექანიზმებით ხორციელდება.
„სოციალური სამართლიანი ცენტრი“ წერს, რომ დანაშაულზე მხოლოდ საპოლიციო რეაქციას შეიძლება ჰქონდეს მისი კონტროლისა და ინდივიდუალურ დონეზე დროებითი შეკავების უნარი, თუმცა საპოლიციო კონტროლით სახელმწიფო ვერ ახდენს სათანადო გავლენას დანაშაულის განმაპირობებელ სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. შესაბამისად, არსებული პოლიტიკა ვერ იცავს ზღვარს დანაშაულის კონტროლსა და პრევენციას შორის და ვერ უზრუნველყოფს მდგრადი პრევენციული შედეგების მიღწევას.
ავტორთა შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების დომინანტური როლი დანაშაულის პრევენციაში მიანიშნებს, რომ სახელმწიფო არ მსჯელობს პრევენციის სოციალური მოდელების დამკვიდრებაზე, რასაც დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული სახის დანაშაულის პრევენციაზე…
მათივე თქმით, მწირია პენიტენციურ სისტემაში მოქმედი პრევენციული პროგრამებიც. არსებული პრევენციული ღონისძიებები და მექანიზმები სათანადოდ ვერ სწვდება სისტემასთან შეხებაში მყოფ ყველა პირს. სისტემაში მოქმედი პრევენციული პროგრამები შესაძლოა, არ იყოს საკმარისი საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს სასჯელის მოხდის შემდეგ პირთა სოციალურ კეთილდღეობას, შექმნას მათთვის დასაქმებისა და რეციდივის აცილების შესაძლებლობა.
დასკვნის სახით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკურ დონეზე გააზრებული არ არის სოციალური პოლიტიკის როლი და მნიშვნელობა დანაშაულის პრევენციის საკითხებში. პოლიტიკის დოკუმენტებში არ არის მსჯელობა სისხლის სამართლისა და სოციალური პოლიტიკის შეკავშირებაზე, სოციალურად მგრძნობიარე პრევენციული პოლიტიკის ჩამოყალიბების იდეაზე. სახელმწიფო, პრევენციის ეგიდით, იყენებს მძიმე საპოლიციო ღონისძიებებს, რომლებსაც უფრო მეტად კონტროლისა და წესრიგის დამკვიდრების ფუნქცია აქვს, ვიდრე სოციალურ მსაზღვრელებზე ფოკუსირებული პრევენციული პოლიტიკის ჩამოყალიბების.
არსებული გამოწვევების ფონზე კვლევის გუნდი მიიჩნევს, რომ:
- ეფექტიანი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პრევენციული მექანიზმების ჩამოყალიბების მიზნით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა დანაშაულის პრევენციის არსებული პოლიტიკის ცვლილებაზე;
- სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მუშაობა დანაშაულის პირველი და მეორე დონის პრევენციის კუთხით. ამ მიზნით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემების აქტიური თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
- კრიმინოლოგიური კვლევები ქვეყანაში გონივრული ინტენსივობით უნდა წარმოებდეს და პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს, რათა მის საფუძველზე დაგეგმილი პრევენციული პოლიტიკა მუდმივად იყოს შესაბამისი არსებულ ვითარებასთან.
- საზოგადოებაზე ორიენტირებული და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დამკვიდრებისთვის სამინისტრომ სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგას ინსტიტუციური დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად;
- აუცილებელია, სახელმწიფომ დაიწყოს მსჯელობა იმ არსებული მექანიზმების (ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის) და სტრუქტურული ერთეულების (უბნის ინსპექტორის სამსახურის) გარდაქმნაზე, რაც არ არის შესაბამისი საქმიანობის ინიციირებულ მოდელებთან;
- სახელმწიფომ უნდა გადახედოს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და მათი მანდატი და საქმიანობის ტექნიკა დაუახლოოს განვითარებულ დემოკრატიებში საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოქმედ მოდელებს. ამ მიზნით აუცილებელია, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქციები მკაფიოდ იყოს გამიჯნული პოლიციის სხვა დანაყოფის ფუნქციებისგან;
- პენიტენციურ სისტემაში უნდა გააქტიურდეს სრულწლოვანთა თავისებურებებსა და საჭიროებებზე მორგებული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საგანმანათლებლო და სასჯელის მოხდის შემდგომ დასაქმების შესაძლებლობებზე;
- მნიშვნელოვანია, შეიქმნას პრევენციულ ღონისძიებებში თანაბარი ჩართულობის საფუძველი და წახალისდეს მათში მსჯავრდებულთა მონაწილეობა. ამ მიზნით აუცილებელია, სახელმწიფომ იმუშაოს სისტემაში დამკვიდრებული სუბკულტურის დასაძლევად, რაც ხელს უშლის მსჯავრდებულთა აქტიურ ჩართულობას პრევენციულ პროგრამებში.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.