მედიაში საეკლესიო იერარქების მიერ გამოთქმული მოსაზრებებიდან თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს დროში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იგეგმება, რომელზედაც სავარაუდოდ ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოს პეტრე ცაავას და მამა ანდრია სარიას დასჯიან, საეკლესიო ხარისხიდან განკვეთენ ანუ მათ ჩვეულებრივი მოქალაქეების (ერისკაცის) მდგომარეობაში დააბრუნებენ.
საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. თავის დროზე, ეკლესიამ სექსუალური იდენტობების საკითხს პასუხად მხოლოდ ტაბურეტი, ქვები, კბენა და დედის გინება დაუპირისპირა. კათოლიკოს-პატრიარქმა კი ეს “წმინდა ოჯახის“ დღედ გამოაცხადა. ეს იმ ფონზე, როდესაც ეკლესიას არასოდეს უცდია შეეცვალა რეალობა, სადაც ქართული კანონმდებლობის მიხედვით ვერანაირი საგადასახადო შეღავათით ვერ სარგებლობენ დაოჯახებული ადამიანები. მარტოხელა დედად ითვლება მხოლოდ ის, ვისი შვილის მამაც ცნობილი არაა და არა უამრავი რეალურად მარტოდ მცხოვრები ქალი, რომელთაც მარტო უწევთ შვილების აღზრდა. მრავალშვილიანად მხოლოდ ოთხზე მეტი შვილის მშობელი ითვლება, ხოლო სოციალური სახის დახმარებების რაოდენობა და ინტენსივობა მთლიანად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. საპატრიარქოს თავისმხრივ არასოდეს დაუყენებია შუამდგმლობა, რათა მაგალითად ქვეყანაში, თუნდაც სიმბოლური რაოდენობის, მაგრამ სისტემური და რამოდენიმე წლიანი დახმარება დაწესებულიყო ყოველ დაბადებულ ბავშვზე.
ან კი როგორ შეიძლება ის ოჯახი იყოს წმინდა, რომელიც უარს ამბობს შვილზე მხოლოოდენ მისი განსხვავბულობის გამო და მას ქუჩაში აგდებს?!
რომელმან აღიღოს ტაბურეტი, ტაბურეტითვე წარწყმდეს
ადამიანის სექსუალური იდენტობის ნიშნით განადგურებისათვის მოღერებული მოტყინარე ტაბურეტი, წლების შემდეგ თავად საპატრიარქოს თავზე აღიმართა. მოვლენის კულმინაციამდე იყო დიდხნიანი ფარული მითქმა-მოთქმა, რომ დაპატიმრებულ სასულიერ პირს სინამდვილეში ასე საშინლად ეკლესიის პირველი პირის შესახებ სკანდალური სექსუალური ჩანაწერების გამო დაუპირისპირდნენ. ნამდვილ „მცირე აპოკალიფსად“ კი 2019 წლის ოქტომბერში გამართული სინოდი იქცა, რომელზეც ჭყონდიდელმა მღვდელმთავარმა სინოდის თავმჯდომარე ჯერ სხდომაზევე, შემდეგ კი საჯაროდ “პიდარასტობაში“ ამხილა. მან ისიც აღნიშნა, რომ საშუალება მიცემის შემთხვევაში ფაქტებით დავამტკიცებდა საკუთარ ბრალდებას. მისივე თქმით საქმე არა პედოფილიას ან პირდაპირ ძალადობას, არამედ სექსუალური თვალსაზრისით ძალაუფლების მექანიზმების გამოყენებას ეხებოდა. გაისმა ვარაუდი, რომ სწორედ ამ ფაქტორითაც ატერორებდნენ წლების განმავლობაში ეკლესიის მესაჭეს რუსეთის სპეცსამსახურები, რათა სასურველ თანამშრომლობაზე დაეყოლიებინათ. გაჩნდა მოსაზრება: ხომ არ ეხება საქმე სინამდვილეში ინტროვერტირებული ჰომოფობიის მასიურ გამოვლინებას, რა დროსაც საკუთარ თავში დაძლევის სურვილიდან გამოდინარე ისინი ცეცხლითა და მახვილით ებრძვიან განსხვავებულებს. ეს უკანსაკნელი იქნებოდა 17 მაისთან დაკავშირებული მოვლენები, მაგრამ საქმის არსი სრულიად სხვა სფეციფიურ მოვლენაშია საძებნი.
მეუფე პეტრეს ირგვლივ გაერთიანდა სასულიერო პირთა, თეოლოგთა და რელიგიის ექსპერტთა ნაწილი, რომლებიც ამოდიან რა მორალისტური პოზიციებიდან, ითხოვენ საქართველოს ეკლესიის “ჰომოსექსუალებისაგან“ განწმენდას. თუმცა ვიდრე ეს “გასუფთავება“ ჩატარებულა, ისინი დაუცხრომლად იმეორებენ ბრალდებებს, როგორც პატრიარქის ასევე ეპისკოპოსთა და სასულიერო პირთა უმრავლესობის მიმართ.
ამ გულწრფელად გულანთებულ ადამიანებთან კამათსა და დისკუსიას აზრი დაკარგული აქვს, რადგან ისინი “საეკლესიო კანონიკური ჰომოფობიის“ პოზიციიდან ამოდიან. საეკლესიო ტრადიციის ტექსტებსა თუ ზეპირ გადმოცემებში გაფორმებული დამოკიდებულებას ჰომოსექსუალობის მიმართ – ასე სახელდებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, რომლის აზრითაც ამგვარი ქაოსი ისევე უნდა დაძლიოს ქრისტიანობამ როგორც თავის დროზე მონობა, რასიზმი, ანტისემიტიზმი და ქალთმოძულეობა დაძლია.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ჩამოთვლილთაგანი ისე გამყარებული არ არის ბიბლიასა თუ საეკლესიო სამართლის ტექსტებში, როგორც ჰომოფობია. ამის მიზეზი იუდაურ-ქრისტიანული კულტურის ფორმაციის ისტორიულ მსაზღვრელებში უნდა ვეძიოთ. საუკუნეების წინ რელიგიას ფიზიკური თვითგადარჩენისთვის, ორგანიზაციული თვალსაზრისით, უწევდა სამხედრო მოწყობისა და პატრიარქალური ბუნებისა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა აღმოსავლეთისთვის არათუ უცხო, არამედ საკმაოდ ხილვადი მოვლენა უნდა ყოფილიყო, იუდაიზმის მკაცრი სექსუალური მორალი მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ტიპოლოგიას ეფუძნება.
მდგომარეობა დაამძიმა იუდაიზმის მწვავე დაპირისპირებამ ელინურ კულტურასთან, რომელიც თავის მხრივ სექსუალური კავშირების თვალსაზირისით ასე კატეგორიული არ იყო. სწორედ ეს მკაცრი ჰეტეროსექსუალური ფორმირებაა ის ინერცია, რომელიც ჩაკეტილი პარადიგმების საზოგადოებას ერთსა და იმავე წრეზე ატრიალებს.
არადა თეოლოგია, სხვა ჰუმანიტარული დისციპლინის მსგავსად, ცოცხალი მეცნიერებაა და მისთვის არც “აღმოჩენებია“ უცხო და არც საკითხთა ახლებური გადააზრება. თუმცა ამისათვის სამყაროს აღქმის ფართო დიაპაზონი, თვითდარმწუნებულობის შეგრძნება და ჰორიზონტის მიღმა ჭვრეტაა საჭირო.
საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც თავად ეპისკოპოსი, ისე მისი შემოქმედებითი გუნდის წევრებიც, ეკლესიაში არსებულ პრობლებს ე.წ. ობსკურანტული და მორალისტური პოზიციებიდან აკრიტიკებენ. ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო. დიდი ინკვიზიტორის როლში მეუფე პეტრე საჯაროდ, ყველაზე დასამახსოვრებლად, 2010 წელს მოგვევლინა, როდესაც მაშინ მამა გიორგი ზვიდაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დახურა საზოგადოებრივ არხზე არსებული გადაცემა: საქართველოს დიდი ათეული, რომელსაც ყველაზე დიდი ქართველი უნდა გამოევლინა.
მასვე უკავშირდება 2016 წლის კრეტის კრების წინააღმდეგ გალაშქრებაც. გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც მეუფე და ვერც მისი ხელქვეითები, კრების სრულ, მოცულობით რეალიებსა და ტექსტებში დიდად ვერ ერკვეოდნენ, რის გამოც უბრალოდ ქართულად თარგმნიდნენ რუსეთში კრების საწინააღმდეგო კამპანიას. მოგვიანებით მეუფე პეტრემ კითხვაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლური სამყაროს თვითგამორკვევის პროცესში ჩვენს მოწილეობას ასე გააფრებით, ერთერთ მიზეზად შერეული ქორწინების დაუშვებლობა დაასახელა და მას ერესი უწოდა და ეს მაშინ, როდესაც პირველ საუკუნეებში ეს სრულიად ნორმალურ მოვლენას წარმოადგენდა ქრისტიანული ეკლესიისთვის და ბევრგან დღემდე მიღებული პრაქტიკაა.
მეუფისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, ერთერთი გამორჩეული მოაზროვნე მღვდლის, თამაზ ლომიძის პოზიციაც, როდესაც იგი პედოფილიაში ბრალდებული მიტროპოლიტის გერმანიის ეპისკოპოსად გამწესებას შეეწინააღმდეგა. რომ არ გადაგღალოთ, მოკლედ მეუფე პეტრე დღემდე საქართველოს ეკლესიის უკიდურესი თვითიზოლაციის და ექსკლუზიურობის მომხრეა.მოსალოდნელი კი იყო ის, რომ მეუფე პეტრე თავის თავშიც შებრძოლებოდა იმას, რაც მასში ოდესღაც სწორედ არასწორად გაგებული ქრისტიანობის შედეგად ჩაიდო: განსხვავებულის სიძულვილი.
დიახ არ მოგესმათ, ესაა გავეშებული უცხოთმოძულეობა, რომელმაც უკვე მთლიანად შთანთქა ქრისტიანობა საქართველოში. არადა წესით ეკლესიის საჭეთმპყრობელსაც კარგად უნდა სცოდნოდა რას ნიშნავს იყო დევნილი, ჩაგრული და რაც მთვარია სექსუალური ნიშნით შევიწროებული. მის მიმართ მსგავსი ბრალდებები ხომ ხშირად ისმოდა, მათ შორის მისივე კოლეგებისგანაც. თუმცა ეს ბრალდებები მხოლოდ ჭორის დონეზე რჩებოდა ყოველთვის. მოცემულ მომენტშიც საქმე აქეთკენ მიდის. ვინაიდან სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მისეული “საეკლესიო კანონიკური ჰომოფობიის“ მანიფესტის კითხვა შეაწყვეტინეს, გარეთ განაძევეს და შემდეგ კი განიპატიჟეს პატივთაგან, სიტუცია უფრო მეტად მოიცვა გაურკვევლობამ.
ყოფილი ჭყონდიდელი კვლავ საკუთარ პოზიციაზე რჩება და ამტკიცებს, რომ სინოდზე თუ მიმიწვევენ მოწმეებსაც წარვადგენო. სავარაუდოდ სიტუაციაში სიცხადის შესატანად, სინოდის სხდომამდე იგი შემდეგი შინაარსის შეტყობინებას ელოდება უწმინდესისგან:
“ძვირფასო მეუფე პეტრევ, თვის ბოლოს ჩანიშნულია წმინდა სინოდის სხდომა. გთხოვთ მობრძანდეთ, რათა დაუბრკოლებლად შეძლოთ, ჩემი მხილება ჰომოსექსუალობაში, რომლის ფაქტიური დამოწმების შემთხვევაში, აღგადგენთ მიტროპოლიტის პატივში, მე კი თქვენის ნებართვით სნოში გავიხიზნები. – თქვენზე მლოცველი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II “.
ვიდრე ეს არ მომხდარა, ინტენსიურად მიმდინარეობს საეკლესიო კანონიკური ჰომოფობიის პროპაგანდა ყველა საშუალებით, ბულინგი და განსხვავებული ნიშნით ადამიანების სიძულვილის გახელება, რაც კიდევ უფრო ახალისებს საქართველოში ისედაც პარანოიდული გაქანების ჰომოფობიას. ამ სიტუაციაში ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი პოზიციები ღიად დავაფიქსიროთ ხსენებულ თემატიკაზე. პირადად ჩემსას აქვე შემოგთავაზებთ:
მე პირადად სრულიად ვემიჯნები და ვგმობ ჰომოფობიის ნებისმიერ გამოვლინებას. მიმაჩნია, რომ ადამიანის სექსუალური ცხოვრება, მხოლოდ მისი პირადი საქმეა, სანამ ის არ გადაიქცევა კანონის საწინააღმდეგო ან ბოროტი განზრახულობის მქონე ქმედებად. ამ შემთხვევაში კი არსებობს ბრძოლის ცივილური, სამართლებრივი გზა, საერო თუ საეკლესიო თვალსაზრისით.
ადამიანის სექსუალური ცხოვრების ამსახველი მასალებით მისი დაშანტაჟების ნებისმიერი გამოვლინება სატანის მსახურება და სულიწმინდის გმობაა, მაშინაც კი თუ ამას სახელმწიფო სჩადის. მორალისტური აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება არის უფრო უარესი ვიდრე ის მოვლენა რასაც შეიძლება ამ პოზიციის მქონენი გულწრფელად უპირისპირდებოდნენ.
საქართველოს ეკლესიის წინაშე გაცილებით ბევრი და მწვავე გამოწვევაა ვიდრე ეს რომელიმე იერარქის სექსუალური თვითობაა. უფალს ყველა ადამიანი თანაბრად უყვარს და უნაწილებს მას თავის წყალობას, თანაბრად ამოჰყავს მზე კეთილთა და ბოროტთა თავზე, წვიმას უგზავნის მართლებსაც და უსამართლოებსაც (მათე 545).
თუმცა მიუხედავად ამისა, მეუფე პეტრეს განკვეთა, იქნება საპატრიარქოს მხრიდან სრულიად უსამართლო და ანტიქრისტიანული საქციელი. საეკლესიო სასამართლოს არ არსებობის შემთხვევაშიც, ადამიანის ელემენტარული უფლებაა შეძლოს საკუთარი მოსაზრებისა თუ ბრალდების დამტკიცება პროცედურულად გარანტირებული მოსმენის ფარგლებში.
თვითნებურად ადამიანების დასჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ რაღის თქმა გაბედეს სრულიად არაქრისტიანული მოვლენაა.