რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზის მუდმივი ცვლილება, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მათი უფლებების დაღვევა, ანტიდასავლური ჯგუფების მხარდაჭერა, დეზინფორმაცია – კრემლი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის კვლავ არაერთ განსხვავებულ მეთოდს იყენებს. ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს გზად დასავლელი ანალიტიკოსები შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას მიიჩნევენ. რათა კრემლმა ვერ შეძლოს შიდა დაპირისპირების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. დენიელ ფრიდი, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი 2008 წელს მიმდინარე მოვლენებს იხსენებს და საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მოუწოდებს არ გაფლანგოს ვაშინგტონში დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალი.
– აგვისტოს ომის შემდეგ 13 წელი გავიდა. გვიამბეთ უშუალოდ იმდროინდელი დისკუსიების შესახებ ვაშინგტონში, როგორი რეაქცია გქონდათ, რა გახსოვთ?
– ჩემი მოგონებები ძალიან მკაფიო და ცოცხალია. ვიცოდით, რომ ხიფათი ახლოვდებოდა. რუსების განზრახვა ნათელი იყო. ვშიშობ, მოვლენებს ალბათ ერთი ან ორი კვირით ჩამოვრჩებოდით. ვისურვებდი, უფრო მაღალი დონის გაფრთხილებები გაგვეგზავნა რუსებისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ვამზადებდით უფრო მაღალი რანგის დიპლომატიურ ჩართულობას, რომელიც ბერლინში უნდა გამართულიყო ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ეს ყველაფერი დაიწყო. შოკირებულნი ნამდვილად არ ვიყავით. ჩვენ არ ვიყავით ბედნიერნი იმით, როგორ წამოეგო სააკაშვილი რუსულ პროვოკაციას, მაგრამ ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ომი ვლადიმირ პუტინს სურდა. ბრალეულობა იყო ნათელი.
მახსოვს, ვმუშაობდით ამერიკის ელჩთან, ჯონ ტეფტთან, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად, სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და ფრანგულ მხარესთან ერთად. პრეზიდენტ სარკოზისა და სხვა მეგობრების მოლაპარაკებების შედეგად, რა თქმა უნდა, ნაკლოვანი, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც სულ არაფერს სჯობდა, მიღწეული იყო.
ქართული შეიარაღებული ძალები დამარცხდა, მაგრამ არ განადგურდა. ის მზად იყოგანეგრძო ბრძოლა თბილისის დასაცავად. ვფიქრობ, რუსულმა ჯარებმა ამიტომ არ სცადეს თბილისში შესვლა და სრულიად საქართველოს დაპყრობა. იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია მათ და ქართულმა ჯარმაც რთულ გარემოებებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი ქვეყანა.
საქართველომ ომის შემდეგ დაკარგა ტერიტორიები, თუმცა რუსები ისედაც აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებდნენ. საქართველომ მცირედით მეტი ტერიტორია დაკარგა სამხრეთ ოსეთში და ისინი წევენ დე-ფაქტო ხაზს უფრო ღრმად, მაგრამ საქართველო თავისუფალი დარჩა.
საქართველო ომის შემდეგ ეკონომიკურ დახმარებას ითხოვდა და ვფიქრობ, ქართველებს უნდა ახსოვდეთ, როგორ გაიცა ეს დახმარება: ბუშის ადმინისტრაცია აღმოჩნდა დემოკრატების სკეპტიციზმის პირისპირ. უფრო კი ერთი დემოკრატის, ჯო ბაიდენის სკეპტიციზმის, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს. მან საჯაროდ თქვა, რომ ამერიკა საქართველოს 1 მილიარდი დოლარით უნდა დახმარებოდა. ჩვენ კი ბუშის ადმინისტრაციიდან მაშინვე მივიღეთ ეს შემოთავაზება. ვიცოდით, რას აკეთებდა ბაიდენი, ის ამას ორპარტიულ ძალისხმევად აქცევდა. მისთვის ამას არანაირი პოლიტიკური უპირატესობის, ქულების მოტანა არ შეეძლო.
მაგრამ მან ეს გააკეთა, რადგან ეს იყო მართებული ნაბიჯი, ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. ბუშის ადმინისტრაცია მიჰყვა ბაიდენის ლიდერობას. მანაც და ჩვენც ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ეს არ იყო პარტიული საკითხი, არ იყო დემოკრატები რესპუბლიკელების წინააღმდეგ. ეს იყო ძალისხმევა საქართველოსთვის. ეს იყო ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.ჩვენ ეს 1 მილიარდი დოლარი ბუშის ადმინისტრაციიდან მოგვიანებით, საქართველოს და მისი ეკონომიკის სტაბილიზაციის დახმარებებლად 3.5-4 მილიარდ დოლარად ვაქციეთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შემოდგომის დასაწყისში გაიმართა. მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. ეს იყო მართებული.
ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თავისი ქვეყანა. მათ ეს გააკეთეს ამერიკელთა და ევროპელთა დახმარებით, მაგრამ, პრინციპულად, საკუთარი ძალისხმევით, და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი კვლავ შესაძლებელია, რომ იწერებოდეს ქართველების მიერ. ზუსტად ისე არა, როგორც ქართველებს გაუხარდებოდათ, თქვენ დიდი, ცუდი მეზობელი გყავთ, ვიცი, მაგრამ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა და ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის შედეგი.
– გარდა უდიდესი ფინანსური მხარდაჭერისა, რას ნიშნავდა ამერიკის დახმარება მაშინ საქართველოსთვის, რა განცხადება, რა გზავნილი იყო ეს შეერთებული შტატების მხრიდან?
– ეს ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს. რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. ნიშნავდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია, დემოკრატების ძლიერი მხარდაჭერით, ამბობდა: ჩვენ არ ვაღიარებთ პუტინის დომინირებას საქართველოზე მიუხედავად იმისა, რომ მან სულ ეს-ესაა მოიგო ომი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა წესებზე დაფუძნებული სისტემის მსოფლიოში და არა დამცინავი, ფსევდო-პოლიტიკის. ეს იყო უფრო ფართო ხედვა იმისა, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, და რაც კარგია ამერიკისთვისაც, არა მხოლოდ საქართველოსთვის.
– ომის შემდგომ პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ძალიან გაღრმავდა და გააქტიურდა. იყო უდიდესი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭრა, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. დღემდე ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი დასავლური მისწრაფებების უდიდესი მხარდამჭერია. რა როლი ითამაშა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში? იყო ის ერთგვარად გარდამტეხი? და რამდენად იყენებს საქართველო ახლა ამ პოლიტიკურ კაპიტალსა და ორპარტიული მხარდაჭერის უპირატესობებს?
– ომი არ იყო გარდამტეხი მომენტი. ეს იყო გამოცდის მომენტი, და ამერიკა იდგა საქართველოს გვერდით. ეს იყო ბუშისა და ობამას ადმინისტრაციები. მათ განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, ისინი იდგნენ საქართველოს გვერდით. ბაიდენის ადმინისტრაციას ლიდერობენ ადამიანები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციისასაც იდგნენ საქართველოს გვერდით: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მდივნის მოადგილე ვიქტორია ნურლანდი…
შეკითხვა ახლა სწორედ ისაა, იყენებს თუ არა ამას საქართველო ბოლო წლებში ისე, როგორც ამას უნდა აკეთებდეს. პოლიტიკური კაპიტალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ქართველების მიერვე. რა წარმოქმნის ამ პოლიტიკურ კაპიტალს? საქართველოს მიღწევები ქვეყნის ევროპეიზაციისკენ.
სააკაშვილმა, მის ყველაზე კონსტრუქციულ პერიოდში, მისი ლიდერობის ადრეულ წლებში, ეს პოლიტიკური კაპიტალი გაამდიდრა, რადგან მან გადაარჩინა ეკონომიკა და ვითარდებოდა ბიზნესი. ამან ქვეყანა უფრო დინამიკური გახადა, გააფართოვა ეკონომიკა და ჩანდა, რომ საქართველო ვითარდებოდა. ამან გაამდიდრა საქართველოს პოლიტიკური კაპიტალი. სააკაშვილი ამ პოლიტიკურ კაპიტალს ნატოსთან დასაახლოვებლად იყენებდა. ბუქარესტის სამიტისას ამან არ იმუშავა ისე კარგად, როგორც ის იმედოვნებდა, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ ის იყენებდა ამ კაპიტალს.
ჩვენ არ გვაღელვებს, რომელი პარტია მართავს საქართველოს, „ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუ ვინმე სხვა. ეს ჩვენი საქმე არაა. თუმცა ჩვენ გვაღელვებს საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალ ბაზარზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გარდაქმნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პარტიას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას დააწინაურებს და სკეპტიკურად ვართ განწყობილი ნებისმიერის მიმართ, ვინც ამას არ გააკეთებს. ჩვენ არ ვიყავით პრო- ან ანტი-სააკაშვილი,პრო- ან ანტი-ივანიშვილი. შეკითხვა ისაა, რას აკეთებდნენ ისინი თავიანთი ლიდერობის პერიოდში?
პუტინს მოსწონს კორუმპირებული, დაყოფილი ქვეყნები, რადგან ისინი უფრო ადვილი სამართავია. მოსწონდა იანუკოვიჩის მმართველობის დროინდელი უკრაინა. მას მოსწონს ოლიგარქიები. არ მოსწონს დიდად ლუკაშენკო, მაგრამ მის დემოკრატიულ ალტერნატივას, ხალხს, ვინც ბელარუსში მასობრივ პრო-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს, ნამდვილად ურჩევნია.
შეკითხვა ქართველებისთვის ასეთია: აკეთებენ კი ისინი იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ ქვეყნის გარდასაქმნელად? არა ამერიკისთვის, არამედ მათი საკუთარი თავისთვის? აკეთებს საქართველო საკმარისს? ვშიშობ, რომ პასუხია – არა.
საქართველოს აქვს ლიბერალური პოლიტიკის ტრადიცია. მას მე-19 საუკუნეშიც ვხედავთ… ესაა საქართველო. ის არაა სტალინი. მე ვუყურებ ამ პოლარიზაციას და ბრალი შეიძლება ორივე მხარეს მიუძღოდეს, მაგრამ მმართველ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რადგან ისინი მართავენ ხელისუფლებას.
შემაშფოთებელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ისე ჩანდა, რომ წაახალისა ძალადობრივი თავდასხმები ლგბტქ დემონსტრანტებზე. და ამ თავდასხმებს შედეგად ჟურნალისტის გარდაცვალება მოჰყვა. საქართველოს, როგორც თავისუფალ ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა ამგვარ საკითხებზე, მაგრამ ღირსეული პატივისცემა და ის, რომ არ ჩანდეს ისე, თითქოს მხარს უჭერ ძალადობას ქუჩებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
პოლიტიკური პოლარიზაცია პრობლემაა. ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის. ევროკავშირი და ამერიკა დაეხმარა მხარეებს პოლიტიკური კომპრომისის მიღწევაში და ვწუხვარ,რომ ამას ვამბობ, მაგრამ მან ვერ იმუშავა. „ქართული ოცნება“ გავიდა შეთანხმებიდან. ეს ქართული პოლიტიკაა, ქართველების საქმეა და არა ამერიკელების, მაგრამ ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც სერიოზულ ქვეყანას და არა როგორც მხოლოდ გულდასწაყვეტ წარუმატებლობას და როგორც სერიოზული ქვეყნისგან, ჩვენ მოველით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო გაიაზრებს მის საუკეთესო პეტენციალს. მისი უსაფრთხოება, მისი შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ვლადიმირ პუტინს, საბოლოოდ შიგნიდან მოდის.
– შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შედეგად კი დასავლელი მეგობრების შეშფოთებული განცხადებები – აძლევს ეს ყველაფერი კრემლს იმის ფიქრის საფუძველს, რომ დასავლეთი ჩვენით იმედგაცრუებულია? რომ შესაძლოა უფრო მეტი აგრესიული ქმედებისთვის სწორედ შესაბამისი გარემო იყოს შექმნილი?
– დიახ, ნამდვილად. ეს სწორედ ასე მუშაობს. რუსები დასავლეთს ეუბნებიან: ქართველები უიმედონი არიან. რას ელით მათგან, ისინი ემოციურები, ისტერიკულები არიან. [რუსები] იყენებენ და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა სტერეოტიპი იმისთვის, რომ დაარწმუნონ დასავლეთი, რომ საქართველო უსარგელოა, „უმჯობესია დაგვანებოთ, ჩვენ გავუმკლავდებით ქართველებს“. მეორე მხრივ კი, ქართველებს ეუბნებიან: დასავლეთს არ მოსწონხართ, მაინ მიგატოვებენ და ჯობია ჩვენ მოგვანდოთ რაღაცების გაკეთება, მართვა, მოგვარება.
ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ეს ჩემგან გესწავლებათ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ეს გვესმის. ესაა ის, რასაც რუსები აკეთებენ. მათ სურთ დასუსტებული, დაყოფილი საქართველო. მათ მიერ ასეთი საქართველოს მართვა და კონტროლი უფრო ადვილია. მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ხელი ჩაიქნიოს საქართველოსთან დაკავშირებით და თქვას, რომ ის ზედმეტად შორეული, უცხო და რთულია. არ მგონია, ეს საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდეს და ქართველებს სურდეთ რუსეთისა და კრემლის კონტროლქვეშ მოქცევა.
მათი პოლიტიკის [პოლიტიკური პრობლემების] მოგვარება ქართველების საქმეა. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ. რუსებს კი უყვართ პოლარიზაცია, და არა მხოლოდ საქართველოში, ამას ცდილობენ ამერიკაშიც და ყველგან. იყენებენ დეზინფორმაციას, რომ შიდა დისკუსიები ქვეყანაში უფრო პოლარიზებული, უფრო ემოციური და უფრო მტრული გახადონ. ეს მათი სტანდარტული პრაქტიკაა.
– რა უნდა გაკეთდეს ახლა პოლიტიკური ელიტის ორივე მხარეს იმისთვის, რომ სრულად იყოს გააზრებული ეს საფრთხეები – იქნება ეს კრემლთან დაკავშირებული თუ ის შეკითხვები და შეშფოთება საქართველოს მიერ დასავლური მისწრაფებების ერთგულების თაობაზე, რომელიც მეგობრებისგან ისმის. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არც ის პოლიტიკური კაპიტალი დაიკარგოს, რომელზეც ვისაუბრეთ და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებაც ოპტიმისტურად განწყობილი იყოთ?
– „იფიქრეთ ქვეყანაზე!“ ამას ვეტყოდი „ქართულ ოცნებას“: არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ. ოპოზიციურ პარტიებს კი ვეტყოდი, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, შექმნას პირობები უკეთესი მმართველობისთვის, არა მხოლოდ ქაოსი. ეს მხოლოდ ელიტებს შორის მანევრირება არ უნდა იყოს.
ქართველი ხალხისთვის მუშაობა და მათი დახმარების გზის პოვნა არის ის, რაც უკეთეს პოლიტიკას შექმნის. და ლიდერი, რომელიც აღმოაჩენს ამ გზებს, დაიწყებს არჩევნების მოგებას. ვიცი, ეს საშინლად გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე უსასრულო პოლიტიკური მანევრირება, რაც აუცხოებს ადამიანებს…
ჩვენ, ამერიკელებს არ შეგვიძლია ვინმეს რჩევა მივცეთ პოლიტიკაზე, ჩვენი „სახლიც არეულია“, მაგრამ ჩვენ ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მათ, ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა დაეხმარონ სხვებს, ვისაც ასევე სჯერა დემოკრატიის.
– რა დევს სასწორზე დღეს საქართველოსთვის? მაშინ, როდესაც უდიდეს ფინანსურ, პოლიტიკურ დახმარებაზე ვსაუბრობთ მთელი ამ წლების განმავლობაში, ევროკავშირისა და ამერიკის დახმარებით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლაზე, პოლიტიკურ ჩიხზე, შეშფოთებაზე – ევროატლანტიკურ გზაზე მდგარი ქვეყნისთვის, რა დევს სასწორზე? რას ემუქრება საფრთხე?
– საქართველო და უკრაინა, და სხვა ქვეყნები რომლებიც ცდილობენ ევროპული მომავალი ჰქონდეთ, რისკავენ დაკარგონ მთელი ეს ძალისხმევა, თუკი ისინი იქნებიან დომინირებულნი კრემლის და მისი აგენტების მიერ.
თუკი საქართველოს სურს ევროპული მომავალი, მას აქვს შესაძლებლობა შექმნას ეს მომავალი. მაგრამ ის შიგნიდან უნდა გაძლიერდეს. დიახ, საქართველოს 20 % ოკუპირებულია, გერმანიაც დიდხანს იყო ოკუპირებული, მაგრამ დასავლეთ გერმანია წარმატებული გახდა. ვიცი, საქართველოს გეოგრაფია ბევრად უარესია, გერმანიას ამერიკელი სამხედროები იცავდნენ. მაგრამ იმას ვგულისხმობ, რომ საქმე იმ შესაძლებლობების გამოყენებას ეხება, რომელიც საქართველოს აქვს იმის მისაღწევად, რასაც ქართველები ამბობენ, რომ უნდათ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.
ბაიდენის ადმინისტრაციაში უამრავი ადამიანი მუშაობს მაღალ პოზიციებზე, ვინც 2008 წლის ომისას ასევე იყო ჩართული საქართველოს დახმარებაში. მათ ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი.
საქართველომ ბევრს მიაღწია. მას აქვს საძირკველი, რაზეც ბევრის დაშენება შეუძლია. როგორც აქამდეც ვთქვი, მას აქვს პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც მოიცავს ლიბერალურ, ევროპულ ღირებულებებს…
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.