დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში (4-10 ივლისი)

პუბლიკა

ძირითადი მიგნებები

  • ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნარატივი, რომელმაც 9949 ინტერაქცია და 146800 ნახვა დააგროვა, შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკას. პრორუსული პროპაგანდა აქტიურად ავრცელებდა გზავნილს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რუსეთთან მოკავშირეობის მიზნით დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან და ოფიციალურად დათანხმდეს საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების ყოფნას.
  • მეორე ყველაზე დომინანტურ ნარატივს წარმოადგენდა ტრადიციული გზავნილი, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ და დასჯის საქართველოს, თუ ეს უკანასკნელი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს. აღნიშნული ნარატივის გაგრძელებას წარმოადგენდა აქცენტის გადატანა ევროკავშირზე და მტკიცება, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას ითხოვს.
  • გასული კვირების მსგავსად, კვლავ მეორდებოდა და თანმიმდევრულად ვრცელდებოდა შემდეგი გზავნილები: სანქციები რუსეთზე ვერ ახდენს გავლენას, სანქციები რუსეთზე მეტად დასავლეთს აყენებს ზიანს, სამხედრო დახმარება უკრაინაში ომის გახანგრძლივებას იწვევს, უკრაინელები ომში მარცხდებიან და პოლონეთი უკრაინის ანექსიას მოახდენს.
  • გამოჩნდა ახალი გზავნილი, რომლის თანახმადაც დასავლეთმა, კერძოდ ევროკავშირმა და აშშ-მა, შესაძლოა აღარ აღმოუჩინოს უკრაინას დახმარება.

პრორუსული ჯგუფების ამბიციური გეგმები საქართველოსთან მიმართებით: უარი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება

გასულ კვირაში, პრორუსული წყაროები განსაკუთრებით აქტიურად ავრცელებდნენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეცვლის „ალტერნატიულ“ იდეებს. „ალტ-ინფოს“ მიერ მსგავსი მოსაზრებების ფართო გავრცელებაში გაწეული ხელშეწყობის გათვალისწინებით, სწორედ აღნიშნულმა გზავნილებმა ჰპოვეს ყველაზე ფართო გავრცელება 10,000-მდე ჯამური ინტერაქციითა და 150,000 ნახვით.

  • პრორუსული „ალტ-ინფოს“ და მასთან ასოცირებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მარტინენკოს განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულებისთანავე შეწყდება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერა. კერძოდ, მარტინენკო ამტკიცებდა, რომ საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერის შემცირებასთან ერთად, დასავლეთი, კონკრეტულად კი ევროკავშირი, საქართველოს ექსპლუატაციის მიზნით ქვეყანას ინტეგრაციასთან დაკავშირებით ახალ და უფრო მეტად მიმზიდველ წინადადებებს შესთავაზებდა. თუმცა, მარტინენკო ამბობდა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ უნდა მოტყუვდეს აღნიშნული შეთავაზებებით და საქართველომ უარი უნდა თქვას ევროატლანტიკური ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე.
  • „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ უკრაინა აუცილებლად დამარცხდებოდა რუსეთთან ომში და ამის შემდეგ, რუსეთის შემდეგი სამიზნე საქართველო გახდებოდა. „ალტ-ინფოს“ თანახმად, რუსეთს პრეტენზიები ექნებოდა საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერთან მიმართებით, რაც ითვალისწინებს NATO-ში ინტეგრაციას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე ამბობდა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელიც შეძლებდა სწორი პასუხის გაცემას რუსეთის მოწოდებებზე, ანუ უზრუნველყოფდა რუსეთის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ევროკავშირთან და NATO-სთან მიმართებით საქართველოს პოლიტიკის შეცვლის თაობაზე.
  • მახარაძის თანახმად, საქართველო ნებისმიერ შემთხვევაში მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში და ამიტომ ქვეყანამ მოლაპარაკებების გზით უნდა შეკრას სამოკავშირეო ალიანსი რუსეთთან და ხელსაყრელი პირობებით შევიდეს მის გავლენის სფეროში. მახარაძე განმარტავდა საქართველოსთვის და რუსეთისთვის ორმხრივად ხელსაყრელ პირობებს და ამტკიცებდა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს კავკასიაში რუსეთის მოკავშირის ფუნქცია და არ დაუშვას ნეო-ოსმალური გავლენის სფეროს შექმნა ან სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სამხედრო ბაზის განთავსება. „ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო იმავე გზავნილებს აჟღერებდა რუსულ პროპაგანდისტულ რადიო „Комсомольская правда“-სთან ინტერვიუში.
  • მახარაძის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭირო იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნის დაკანონება, მაგალითად 50 წლით და ამ გზით სამხრეთ კავკასიაში რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მახარაძე ასევე ამტკიცებდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში ერთ-ერთ უმთავრეს პუნქტს საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის რკინიგზის მშენებლობის შეთავაზება წარმოადგენს, რომელიც აფხაზეთის გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს რუსეთსა და ირანს. მახარაძის აზრით, სატრანსპორტო დერეფნის შექმნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას და დამატებით არგუმენტს შექმნის რუსებისთვის, თუ რატომ უნდა დაუშვას მან საქართველოსთვის აფხაზეთთან ერთად ფედერაციულ სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

მახარაძე ამტკიცებდა, რომ დევნილების დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდება რუსეთის ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების და ეკონომიკური პროექტების შეთავაზების შემდეგ. მისი თქმით, „კონსერვატიული მოძრაობა“ ისეთ ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს რუსეთს, რომ კრემლის მხრიდან სიგიჟე იქნება მასზე უარის თქმა. მახარაძის შეჯამებით, საქართველოსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფია, ხოლო რუსეთისთვის ანალოგიური დატვირთვა აქვს – სამხედრო ჰეგემონიას სამხრეთ კავკასიაში, ეკონომიკურ სატრანზიტო შესაძლებლობებს სამხრეთით და გარანტიებს, რომ რეგიონში არ განთავსდება NATO-ს ბაზები. შესაბამისად, „ალტ-ინფო“ მაყურებელს სთავაზობდა NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასა და ზემოხსენებული ინტერესების საფუძველზე რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას.

  • დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილი ლალი მოროშკინა, „სპუტნიკ-საქართველოს“ პრესცენტრში აცხადებდა, რომ მშვიდობის დამყარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ქართველმა პოლიტოლოგებმა უნდა დაიწყონ მოსკოვში ვიზიტები და მოლაპარაკებები. მოროშკინა აცხადებდა, რომ საქართველოსთვის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით აუცილებელია დიალოგი რუსეთთან და ამ გზით, კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ლალი მოროშკინასთვის შეხსენების სახით, სწორედ რუსული მხარე ეწევა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების არსებული პლატფორმის (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის) საბოტაჟს.
  • ამას გარდა, პრორუსული Facebook-გვერდი ამტკიცებდა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე და აუდიტორიას კი მცდარი დილემის წინაშე აყენებდა, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელმა ქართველმა არჩევანი უნდა გააკეთოს ქრისტიანულ საქართველოსა და ბინძურ ევროკავშირს შორის. კიდევ ერთი პრორუსი პროპაგანდისტი აცხადებდა, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების და პედოფილიის დაკანონებას მოითხოვს.
  • ნაკლებად პოპულარული Facebook-ანგარიში თავს ესხმოდა საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს და ამტკიცებდა, რომ იგი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეა და მხარს უჭერს სახელმწიფო გადატრიალებას. Facebook-მომხმარებელი ასევე აანონსებდა სექტემბერში დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს, რომლის ძირითად სამიზნეს ამავე მომხმარებლის მიერ „სააკაშვილის სექტად“ შერაცხული ევროკავშირის ოფისი წარმოადგენდა.

როგორ მიდის „ჯვაროსნული ლაშქრობა ნაციზმის წინააღმდეგ“? კრემლის პერსპექტივით დანახული არსებული სამხედრო ვითარება

ვლადიმირ პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთს უკრაინაში სამხედრო კამპანია ჯერ „სერიოზულად“ არ დაუწყია. მეტიც, პუტინმა დასავლეთი გამოიწვევია, შეძლებდნენ თუ არა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებას. თუმცა, რეალობა სხვა რამეზე მიუთითებს. რუსეთმა უკვე დაიწყო დამატებითი სარეზერვო ძალების გადასროლა უკრაინის სიახლოვეს. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გადმოსროლილი ძალების დიდი ნაწილი „სპონტანურად შექმნილი დაჯგუფებებია, რომლებიც აღჭურვილნი არიან მოძველებული ან გამოუსადეგარი შეიარაღებით“, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთმა უკვე ჩართო და ფაქტობრივად, ამოწურა კიდეც ძირითადი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. ლუჰანსკის ოლქის დაკავების შემდეგ, რუსულმა არმიამ ოპერატიული პაუზა აიღო შემდგომი იერიშების განსახორციელებლად ძალების შესავსებად. შესაბამისად, კრემლის პროპაგანდისტული წყაროები აქტიურად ცდილობდნენ საკუთარი ბელადის მტკიცების გამყარებას და უკრაინის არმიას – ნაცისტებად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კი მხსნელებად წარმოაჩენდნენ.

  • Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა რუსული ჯარის მიერ უკრაინული ქალაქების „გათავისუფლების“, ანუ ოკუპაციის ამსახველი ვიდეო. ამ პროპაგანდისტულ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ ესალმება და კეთილგანწყობით ეგებება უკრაინელი ხალხი „გამათავისუფლებელ“ რუსულ არმიას. პოსტზე დატანილი წარწერის თანახმად, რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირზე ძლიერია. ზემოხსენებული ვიდეო წარმოადგენს კრემლის სტრატეგიული ნარატივის ნაწილს, რომ რუსეთის უკრაინის ტერიტორიას ნაცისტებისა და ფაშისტებისგან ათავისუფლებს.
  • რუსეთის არმიის მიერ უკრაინელების გათავისუფლების ნარატივის გასამყარებლად, „სპუტნიკ-საქართველომ“ გაავრცელა ომის პროპაგანდის კლასიკური ნიმუში. „სპუტნიკის“ თანახმად, უკრაინელი სამხედროები ცუდად ეპყრობოდნენ მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებს და გამოაქვეყნა მოსკოვის ახლოს „ოლიმპიურ“ სპორტკომპლექსში მცხოვრები 11 ოჯახის ნაამბობი, რომელთა თანახმადაც, რუსები მათ ძალიან კარგად ეპყრობოდნენ, უფასოდ მკურნალობდნენ, ოპერაციებს უტარებდნენ და ფსიქოლოგიური დახმარებით უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული ოჯახების შეფასებით, მარიუპოლში რუსული და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ჯარების შესვლის შემდეგ, მათ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში გასული ვიდეოს თანხმად, ულტრამემარჯვენე პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი ქარდავა უკრაინელებს უღირს მოპყრობაში ადანაშაულებდა. კერძოდ, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ მკაცრად სჯიან უკრაინელ ჯარისკაცებს არმიაში. გიორგი ქარდავას განცხადებით, არსებობს უკრაინელი ჯარისკაცების სისასტიკის ამსახველი ასობით ვიდეო, რომლებზეც ნაჩვენებია ქალების და ბავშვების გაშიშვლება და ლინჩის წესით ადამიანების გასამართლება. მისი მტკიცებით, 1990-იანი წლების ქართველებიც კი უფრო მეტად ჰუმანურები იყვნენ.
  • დეზინფორმაციის და პროპაგანდის გამავრცელებელი ცნობადი ფიგურა ლალი მოროშკინა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებდა უკრაინული ქალაქების აღსადგენად ფინანსების თხოვნისთვის. მოროშკინას განცხადებით, პრეზიდენტ ზელენსკის ქმედება შემზარავი ცინიზმია, რადგან ის ვაჭრობს ქალაქების აღსადგენად, რომელთა ნაწილი დიდი ხნით დაიკარგა. მოროშკინამ ზელენსკის „ბოროტად“ და „კლოუნად“ იხსენებდა, აღდგენისთვის საჭირო თანხების მოძიების ძალისხმევას კი „უპრინციპო, ზღვარგადასული ღორობა“ და „მორალური საგიჟეთი“ უწოდა.
  • Facebook-ანგარიშმა გაავრცელა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა დაზვერვის ოფიცრის და სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებული სკოტ რიტერის ინტერვიუ. აღნიშნულ ინტერვიუში რიტერი აღფრთოვანებას გამოხატავდა რუსული ბატალიონების მეთაურების მიმართ და მათ რუსეთის ისტორიაში საუკეთესოდ მოიხსენიებდა. რიტერი ამტკიცებდა, რომ რუსეთის გამარჯვება გარდაუვალი იყო და უკრაინა უკვე დამარცხდა ომში. რიტერი აღნიშნავდა, რომ რუსი სამხედროები სასწაულებს სჩადიან და შესაბამისად, რუსეთის გამარჯვება გარდაუვალია.
  • უკრაინაში ომის დასავლეთის ქვეყნების მიერ პროვოცირების მტკიცების გასამართლებლად, Facebook-მომხმარებელმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია. დეზინფორმაციის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, თითქოს კიევის დაკარგვა არაფერს ნიშნავდა, რადგან გადაწყვეტილების მიღების ცენტრი სხვა ქვეყანაში იყო განთავსებული. აღნიშნულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Facebook-მომხმარებელი განაცხადა, რომ უკრაინის მმართველი რგოლის არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, უკრაინა როგორც სახელმწიფო აღარ არსებობდა.
  • „ალტ-ინფოს“ ეთერში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი ზურაბ მახარაძე ამტკიცებდა, რომ უკრაინა განწირული იყო ომში მარცხისთვის და აცხადებდა, რომ უკრაინის მიერ ომში გამარჯვების მოპოვების ილუზია არავის აქვს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინას თავს NATO-ში წევრობის სურვილის მიზეზით დაესხა და ამ კონტექსტში საქართველოსთან პარალელის გავლებით მოქალაქეების შეშინებას ცდილობდა.
  • „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მარტინენკო ასევე აცხადებდა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს უნდოდათ სევეროდონეცკიდან და ლისიჩანსკიდან გასვლა, თუმცა პოლიტიკური გათვლების გამო უწევდათ პოზიციებზე დარჩენა. კერძოდ, ქარდავა ამტკიცებდა, რომ უკანდახევის შემთხვევაში უკრაინა ვეღარ გაავრცელებდა ყალბ გზავნილს კონტრშეტევაზე გადასვლის მზადების შესახებ, რაც იმ დროისთვის უკრაინის პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენდა. შოთა მარტინენკომ, „ალტ-ინფოს“ დაჯგუფების კიდევ ერთმა გავლენიანმა ფიგურამ, აღნიშნული არგუმენტი განავრცო და ამტკიცებდა, რომ მარიუპოლისგან განსხვავებით, უკრაინელ სამხედროებს არ სურდათ ქალაქში ტყვედ ჩავარდნა, რის გამოც ლისიჩანსკის ალყის დაწყებისთანავე უკანდახევა განახორციელეს. მარტინენკოს თქმით, ნაკლებად სავარაუდო იყო უკრაინელი სამხედროების მხრიდან სლოვიანსკში პოზიციების გამაგრება. მისი თქმით, ალყის საფრთხის შემთხვევაში, უკრაინული არმია ქალაქს მიატოვებდა.
  • პრორუსული Facebook-გვერდი სიხარულით ამტკიცებდა, რომ მთელი აღმოსავლეთ უკრაინა რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ამავე გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აღმართავენ რუსი სამხედროები საბჭოთა წითელ დროშას შენობაზე. ვიდეო ასევე შეიცავს პუტინის მილოცვას რუსი სამხედროებისადმი, ლუჰანსკის რეგიონში წარმატებული ოპერაციის თაობაზე.
  • კიდევ ერთი Facebook-გვერდი ირონიულად ამტკიცებდა, რომ ამ „მიღწევების“ ფონზე (სადაც გულისხმობდა უკრაინის „აზოვის ნაცისტური პოლკის“, მსოფლიოს მასშტაბით „მოხალისეების“ და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობას), რუსეთმა აშშ-ს შეახსენა, რომ მას ალიასკა აქვს დასაბრუნებელი.
  • „სპუტნიკ-საქართველომ“ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რუსული არმიის აღმატებულობას. ამჯერად, „სპუტნიკის“ ყურადღების ცენტრში მოექცა საარტილერიო საბრძოლო მასალა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ რუსეთის არტილერია ისეთ ჭურვებს იყენებდა, რომლებსაც NATO-ს „ესკალიბურ“ ტიპის ჭურვებისგან განსხვავებით შეეძლოთ მოძრავი მიზნების დაზიანება, ასევე გამოირჩეოდნენ მაღალი სიზუსტით და სიიაფით.
  • პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ ბორის ჯონსონის გადადგომასთან დაკავშირებით, რუსულ პროპაგანდაში გამოცხადებულ ზეიმს შეუერთდა. კერძოდ, გაზეთი ამტკიცებდა, რომ ჯონსონი რუსოფობიის გამო გახდა იძულებული გადამდგარიყო. მსგავსი გზავნილები ასევე ფიქსირდებოდა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემებში, სადაც ჯონსონის გადადგომას ზეიმობდნენ და აღნიშნულს უკრაინის დამარცხების სიმბოლოდ აღიქვამდნენ.
  • პრორუსულ გამოცემა „ge”-ზე გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში, ჰამლეტ ჭიპაშვილი ასევე მწვავედ აკრიტიკებდა ჯონსონს და ამტკიცებდა, რომ მისი გადადგომა არა მხოლოდ მისივე თანაპარტიელის ჩადენილ სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა, არამედ ეკონომიკურ კრიზისს, 10%-იან ინფლაციას, უკრაინისთვის გაწეულ მასშტაბურ სამხედრო-ფინანსურ დახმარებას და რუსეთზე დაწესებულ სანქციებს, რამაც მძიმე უარყოფითი ზეგავლენა იქონია გაერთიანებულ სამეფოზე.
  • „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მარტინენკო ავრცელებდა გზავნილს, რომ ომის შემდგომ უკრაინისგან დარჩენილი ტერიტორია ვერ შეძლებდა სახელმწიფოს რანგში ფუნქციონირებას, რადგან ან დასავლეთის (კერძოდ, პოლონეთის) ტერიტორიად იქცეოდა, ან რუსეთი ბოლომდე დაიპყრობდა უკრაინას.
  • პრორუსულ გაზეთს „საქართველოს და მსოფლიოს“ მოჰყავდა უკრაინაში არსებული ბიოლაბორატორიების შესახებ რუსეთის ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, იგორ კირილოვის მიერ მუდმივად გაჟღერებული ცრუ ბრალდება. კერძოდ, კირილოვის მტკიცებით, აშშ და NATO-ელი მოკავშირეები, კერძოდ გერმანია, უკრაინას და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს ბიოლოგიური იარაღის გამოსაცდელ პოლიგონად იყენებდნენ. კირილოვის თანახმად, რამდენიმე პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი სამედიცინო და სანიტარული სამსახურის ინტერესებს ემსახურება. კირილოვმა ასევე განაცხადა, რომ ბუნდესვერი (გერმანიის შეიარაღებული ძალები) უკრაინაში ყირიმ-კონგოს ცხელებით გამოწვეულ გარდაცვალებების შემთხვევებს გარდაცვლილი ადამიანებიდან მაქსიმალურად ბევრი პათოგენური ვარიანტის მოსაპოვებლად იკვლევდა.

ეკონომიკური სანქციები: კონტრპროდუქტიული დასავლეთისთვის და დასჯის ინსტრუმენტი საქართველოსთვის

პრორუსული წყაროების განხილვის ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა ეკონომიკური საკითხები. ამ მხრივ, მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდა გზავნილები იმის შესახებ, რომ სანქციები რუსეთზე ზეგავლენას ვერ ახდენს და რუსეთზე მეტად დასავლეთს აზარალებს. თუმცა, პრორუსული პროპაგანდა ცდილობდა ფეხი აეწყო განვითარებული საერთაშორისო მოვლენებისთვის და ამჯერად, ასევე ცდილობდა კონფისკაციისგან დაეცვა ცალკეული ოლიგარქების ქონება.

დასავლეთისთვის კონტრპროდუქტიული:

  • ქართველი ცნობადი სახე და პრორუსულად განწყობილი ინფლუენსერი ლალი მოროშკინა „სპუტნიკ-საქართველოს“ პრესცენტრში ამტკიცებდა, რომ ევროპული ქვეყნების მთავრობები მალე ვეღარ შეძლებდნენ მკვეთრ ენერგოდეფიციტთან გამკლავებას, რაც ევროპის სრულ კოლაფსს გამოიწვევდა. მოროშკინას დასკვნით, ევროპა ვეღარ იარსებებდა ზამთრამდე და ანალოგიური მოვლენები განვითარდებოდა აშშ-შიც. მოროშკინას თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია სრული კრახისთვისაა განწირული, რადგან აშშ-ის პრეზიდენტს არ შეუძლია აუხსნას ჩვეულებრივ მოქალაქეებს, თუ რატომ ვერ ათბობენ სახლებს ზამთრის ყინვაში და რატომ არ აქვთ საკმარისი საკვები. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოროშკინა აშშ-ში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს პროგნოზირებდა.
  • პრორუსული ტელეარხი „ალტ-ინფო“ იმეორებდა გზავნილს, რომ ევროპა არსებობის ისტორიაში ყველაზე მწვავე კრიზისში იმყოფებოდა და ამტკიცებდა, რომ გერმანიაზე ან საფრანგეთზე დამოკიდებული ქვეყნები გარდაუვლად აღმოჩნდებოდნენ განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაში.
  • პრორუსული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი ქარდავა „ალტ-ინფოს“ ეთერში იმეორებდა პრორუსული პროპაგანდის ერთ-ერთ საკვანძო გზავნილს ეკონომიკური სანქციების შესახებ, რომლის თანახმადაც, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები უშედეგო და კონტრპროდუქტიულია.
  • პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, რომლითაც შეეცადა რუსეთზე დასავლური სანქციების გავლენის მასშტაბების ნიველირებას. რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების და ოლიგარქების დაყადაღებული ქონების უკრაინის აღმშენებლობის დასაფინანსებლად გამოყენების შესახებ არსებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, არნო ხიდირბეგიშვილი ამტკიცებდა, რომ დასავლეთი არღვევს „რომაულ სამართალს“, დემოკრატიისთვის ფუძემდებლური კერძო საკუთრების უფლების შელახვით, რადგან აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ „აგრესორი რუსეთის“ სახელმწიფოს კუთვნილი აქტივების კონფისკაციას, არამედ კერძო პირების, ანუ ოლიგარქების ქონების მითვისებასაც. ამას გარდა, ხიდირბეგიშვილი დასავლეთს ადანაშაულებდა, რომ ისინი ხელის აუკანკალებლად დააწესებდნენ სანქციების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. „საქინფორმი“ ასევე ამტკიცებდა, რომ კიდევ ერთი პირი, რომელიც „დასავლეთს და უკრაინელებს აღიზიანებს“ და შესაძლოა სანქციების ქვეშ მოექცეს არის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. მისი თქმით, პრემიერი შესაძლოა დაისაჯოს იმის გამო, რომ არ გამოაცხადა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, არ გაგზავნა სამხედროები უკრაინაში და არ ჩაითრია საქართველო ომში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე შეტევით.

საქართველოს დასჯა

  • 7 ივლისს პრორუსულ ტელეარხ „ალტ-ინფოზე“ გასულ გადაცემაში მიწვეულმა პირებმა გაიმეორეს მცდარი მტკიცებები, რომ დასავლეთი ზრდის თბილისზე ზეწოლას და აშანტაჟებს ქვეყანას დასჯით და მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის „ისტორიის სწორ მხარეს დგომაზე“, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და უკრაინის მხარდაჭერაზე.
  • პრორუსულ ge-ზე გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში, ჰამლეტ ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთზე მეტად დასავლეთს აზარალებს. ამას გარდა, ჭიპაშვილი ამტკიცებდა, რომ აშშ-მა და ევროპის ლიდერებმა მსოფლიო კრიზისი საკუთარი მოგების გასაზრდელად გამოიწვიეს. ჭიპაშვილის მოსაზრებით, ბრიუსელს მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს და აღნიშნავდა, რომ ევროკავშირი საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ მიანიჭებდა.

შიში დამნერგავი ნარატივი ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ საქართველოში გავრცელების შესახებ

დეზინფორმაციის აქტორების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ტაქტიკას კვლავაც საქართველოს მოსახლეობის რუსეთთან ომის შესაძლებლობით დაშინება წარმოადგენდა. ანტიდასავლური ჯგუფები აღნიშნულ ნარატივს იყენებდნენ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის „სურვილის“ გამო დასავლეთის გასაკრიტიკებლად და ტირაჟირებდნენ ცრუ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მთავრობა ასევე ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა ოპოზიციური პარტიების ომის მსურველებად წარმოსაჩენად და საკუთარი, როგორც საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორის როლის ხაზგასასმელად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამი დეპუტატი რომლებმაც ოფიციალურად დატოვეს „ქართული ოცნება“ (მათივე მტკიცებით, საზოგადოებისთვის სიმართლის ღიად საუბრის მოტივით), დასავლეთის მწვავე კრიტიკოსებად მოგვევლინნენ და მას შემდეგ ღიად თავს ესხმიან საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.

  • „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც ორ სხვა თანაპარტიელთან ერთად დატოვა „ქართული ოცნება“ და „დამოუკიდებელ“ დეპუტატთა რიცხვს შეუერთდა, აცხადებდა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მიღების ერთადერთ საშუალებას რუსეთთან ომის დაწყება წარმოადგენდა. პრორუსული პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია, ამავე პარტიასთან აფილირებული „ტვ ობიექტივის“ ეთერში აცხადებდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა მკაფიოდ განუცხადა საქართველოს, რომ ისინი გაშლილი ხელებით ეგებებიან უკრაინას და მოლდოვას მაგრამ არა საქართველოს, რადგან ეს უკანასკნელი არ შეუერთდა სანქციებს და უარი თქვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე.
  • ანტიდასავლური გამოცემა „საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა ასევე უკავშირებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას. მისი მტკიცებით, ევროკომისიის მიერ დავალებად მოცემული 12 პუნქტიანი რეფორმების კრიტერიუმებს ფაქტობრივად თან ერთვოდა უხილავი მე-13 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ნებისმიერი გზით და ძალაუფლების იმ ძალებისთვის გადაცემა, რომლებიც დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ. პრორუსული „ალტ-ინფო“ აგრეთვე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირი არ მიანიჭებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან აღნიშნულის წინაპირობას წარმოადგენდა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა, უკრაინაში სამხედროების გაგზავნა და სანქციების დაწესება.
  • ანტიდასავლური გამოცემა „საერთო გაზეთი“ აზიარებდა მწერალ ელიზბარ ჯაველიძის მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევას ცდილობენ. ელიზბარ ჯაველიძე შენიშნავდა, რომ „უკრაინის ლიდერები გვაკრიტიკებენ: რატომ არ იწყებთ ომს. თუ უკრაინელი ბავშვები კვდებიან, ქართველებიც ხომ უნდა მოკვდნენ?“. იგი ასევე სპეკულირებდა, რომ საქართველომ სამჯერ იომა რუსეთის წინააღმდეგ და ქვეყანას „ერთი დოლარითაც“ არავინ დახმარებია, ხოლო დასავლეთი უკრაინას ახლა მილიარდობით დახმარებას უწევს, რადგან დასავლური იმპერიის ლიდერი აშშ მოგებას ნახულობს რუსეთის დასუსტებითა და უკრაინის განადგურებით.
  • პროსახელისუფლებო ექსპერტმა და ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა კიდევ ერთხელ დაიცვა საქართველოს არაფორმალურ მმართველად მიჩნეული, მილიარდერი ექს-პრემიერი და მმართველი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გარკვეულ ფინანსურ დავაში იმყოფება შვეიცარულ ბანკთან. ზაზა შათირიშვილის მტკიცებით, დასავლურ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის არსებობს ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია, რომ როგორმე აიძულონ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. შესაბამისად, შათირიშვილის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს აშშ-ის სამიზნეს, რომელიც ამავე ბანკებში განთავსებულ ივანიშვილის კუთვნილ თანხებზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვით, ზეწოლას ახორციელებს შვეიცარულ ბანკებზე ივანიშვილის პრაქტიკულად სანქცირების მიზნით, რითაც იმედოვნებს, რომ აიძულებს ბიძინა ივანიშვილს გამოიყენოს საკუთარი გავლენა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიაზე და საქართველო ომში ჩაითრიოს.
  • კიდევ ერთ ე.წ. პოლიტიკური ექსპერტი და პროპაგანდისტი ნანა კაკაბაძე ამტკიცებდა, რომ დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. მისი განცხადებით, დასავლეთი აღნიშნული ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს მოქმედი „ქართული ოცნების“ მთავრობას, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში დასავლეთი შეეცდება საქართველოში ხელისუფლების შეცვლას და ისეთი ჯგუფების მოყვანას, რომლებიც ენთუზიაზმით ჩაითრევენ საქართველოს ომში.

პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით: ურთიერთსაპირისპირო ნარატივები გრძელდება

გარკვეულწილად, დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან შესაძლებელი ხდება ფრონტის ხაზზე დამატებითი დასავლური შეიარაღების გაგზავნა. უკრაინას ესაჭიროება საარტილერიო შეიარაღებაში რუსეთთან არსებული დისბალანსის აღმოფხვრა და ასევე ცდილობს შექმნას სამხრეთ რეგიონების, განსაკუთრებით ხერსონის, დასაბრუნებლად საჭირო კონტრშეტევისთვის საჭირო კრიტიკული რაოდენობის შეიარაღების მარაგები. დასავლური საარტილერიო სისტემები, განსაკუთრებით „ჰაიმარსები“ უკიდურესად მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და უკრაინამ მათი გამოყენებით საარტილერიო ცეცხლით წარმატებით გაანადგურა რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საწყობი, რითაც მნიშვნელოვნად შეასუსტა რუსეთის შეტევითი პოტენციალი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ უკრაინისთვის გაწეული დასავლეთის სამხედრო დახმარება რუსეთის პროპაგანდის სამიზნეს წარმოადგენს. რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც კი განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ორი ერთეული „ჰაიმარსი“ გაანადგურეს.

  • ბულგარულ სამხედრო პუბლიკაციებზე დაყრდნობით, „სპუტნიკ-საქართველო“ ამტკიცებდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა საფრანგეთის მიწოდებული „ცეზარ“ ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემები რუსეთს 240,000 აშშ დოლარად მიჰყიდეს. ამავე პუბლიკაციის თანახმად, იარაღის შავი ბაზარი დიდი ხნის წინ გაიხსნა და უკრაინული FGM-148 „ჯაველინის“ რაკეტის შეძენა 30,000 დოლარად, ანუ საბაზრო ღირებულებაზე ექვსჯერ დაბალ ფასად არის შესაძლებელი. „სპუტნიკი“ აცხადებდა, რომ დასავლური შეიარაღება უკრაინაში ხშირად „იკარგება“ და აზიურ და აფრიკულ ქვეყნებში ინაცვლებს, რაც მილიარდობით გაფლანგულ ევროს და დოლარს ნიშნავს. „სპუტნიკი“ ამტკიცებდა, რომ აშშ და NATO აღარ გააგრძელებდნენ მსგავს „ფილანტროპიაში“ მონაწილეობის მიღებას და უკრაინის პარტნიორები შეამცირებდნენ როგორც ქვეყნისთვის გამოყოფილ დაფინანსებას, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი „ლენდ-ლიზის“ პროგრამის მასშტაბებს. ამას გარდა, „სპუტნიკის“ მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მარცხების სერია, ისევე როგორც ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის კატასტროფული დანაკარგები, მნიშვნელოვნად ასუსტებს დასავლეთის მზაობას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის რეჟიმისთვის შეიარაღებით და დაფინანსებით დახმარების შესახებ. ბულგარულ სამხედრო გამოცემაზე დაყრდნობით, Facebook-მომხმარებელი ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა 2 ერთეული „ცეზარ“ ტიპის მობილური ჰაუბიცა რუსეთს თითოეული 120,000 აშშ დოლარად მიჰყიდეს. აღნიშნული მტკიცება იმეორებს კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილს, რომ დასავლური სამხედრო დახმარება არ გამოიყენება დანიშნულებისამებრ, მას იპარავენ ან შავ ბაზარზე ჰყიდიან. აღნიშნული მტკიცება, უკრაინის მიერ ომში დამარცხების და სამხედრო დახმარების უშედეგობის დამტკიცებისთვის გამოიყენება. აღნიშნული გზავნილები ასევე მიზნად ისახავს დასავლური მთავრობები და საზოგადოებები დაარწმუნონ, რომ მათ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა შეწყვიტონ.
  • „საქართველო და მსოფლიო“ ციტირებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს, რომელმაც განაცხადა, რომ „კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გააჭიანუროს კონფლიქტი უკრაინაში და აგრძელებს კიევის რეჟიმის მასშტაბურ დახმარებას იარაღით. აღნიშნული მიუთითებს მაღალ თანამდებობაზე მყოფი რუსი ოფიციალური პირების და პროპაგანდისტული საშუალებების სინქრონულ ქმედებებსა და კოორდინირებულ საინფორმაციო კამპანიაზე.
  • ანტიდასავლური გვერდი ამტკიცებდა, რომ აშშ და NATO უკრაინას შეიარაღებას აწვდიან, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ „ბოლო უკრაინელამდე“ იბრძოლოს.
  • Facebook-მოხმარებელმა გაავრცელა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა დაზვერვის ოფიცრის და სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებული სკოტ რიტერის ვიდეო, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი შეიარაღება კონფლიქტის გახანგრძლივებას და შედეგად უკრაინის რიგებში მსხვერპლის გაზრდას გამოიწვევს. რიტერის მოსაზრებით, მათ ვისაც ადარდებთ უკრაინა, ძალისხმევა უნდა წარმართონ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად, სადაც მოიაზრებდა სამხედრო დახმარების შეწყვეტას. ამასთან, რიტერის თანახმად, „ეშმაკსაც წაუღია“
    ყველა, ვინც უკრაინის დროშის სამკერდე ნიშანს ატარებს.
  • პრორუსული პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ქარდავა ამტკიცებდა, რომ შემოდგომაზე გასამართ შუალედურ არჩევნებში აშშ-ის „რესპუბლიკური პარტია“ შეძლებდა აშშ-ის კონგრესზე კონტროლის დაბრუნებას. მისი თქმით, აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესაძლებლობას. „ალტ-ინფოს“ თანახმად, „რესპუბლიკელები“ გაყოფილები არიან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე და ტრამპის მხარდამჭერი კანდიდატები ხშირად ამტკიცებენ „ფოქს ნიუსზე“, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ფუჭად ფლანგავს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნაში. „ალტ-ინფო“ ასევე ამტკიცებდა, რომ ამერიკელების უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებთ უკრაინის საკითხი.

 

  • კიდევ ერთი Facebook-გვერდი აცხადებდა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კრედიტის გამოყოფას აყოვნებს, რადგან მიიჩნევს, რომ კიევი ვერ შეძლებს ვალების მომსახურებას. აღნიშნულზე დაყრდნობით, გვერდი ამტკიცებდა, რომ უკრაინა განწირულია, რუსეთი კი ომის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერებული და ტერიტორიულად გაზრდილი იქნება.

ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი: რუსული დეზინფორმაცია ფეისბუქსა და ინსტაგრამზე

4-10 ივლისის კვირის განმავლობაში, რუსული პროპაგანდისტული წყაროები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ხელს არა რუსეთი, არამედ უკრაინა უშლის. რეალურად, უკრაინის შავი ზღვის პორტები რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ბლოკადაშია მოქცეული. ამასთან, დეზინფორმაცია ვრცელდებოდა თურქეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იბრაჰიმ კალინის მიერ ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ამტკიცებდნენ, რომ თურქეთმა უკვე ოფიციალურად დაუჭირა მხარი რუსეთის „სპეციალურ ოპერაციას“ უკრაინაში. თუმცა, ზემოხსენებულ ინტერვიუში კალინმა აბსოლუტურად საპირისპირო განცხადება გააკეთა. კერძოდ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ლეგიტიმაცია ვერანაირად ვერ მოხდება.

აღნიშნულის გარდა, კრემლის პროპაგანდისტულმა მანქანამ ფართოდ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ზმეინის (გველის) კუნძულიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოსკოვის კეთილი ნების გამომხატველ ჟესტს წარმოადგენდა და აბსოლუტურად არაფერი იყო ნათქვამი კუნძულიდან რუსების გასვლამდე უკრაინული ძალების მიერ სარაკეტო სისტემების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებულ წარმატებულ იერიშებზე. რუსული დეზინფორმაციის აქტორების სამიზნე გახდა ასევე ურსულა ფონ დერ ლეიენი, რომლის გამონათქვამი უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ დაამახინჯეს. დეზინფორმაციის თანახმად,  ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინელების სიკვდილი ისურვა. დამატებით, გაზეთ „ლე ფიგაროს“ სტატიის კომენტარებზე დაყრდნობით, რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ „ფრანგები გაბრაზებულები არიან“ ზელენსკიზე, პარიზისგან დამატებითი დახმარების მოთხოვნის გამო. ამას გარდა, ანტიუკრაინულ წყაროებში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდაფეთქება უკრაინის ბრალია.