ე.წ. „ქოლცენტრების” საქმეზე საგამოძიებო მოქმედება (ჩხრეკა) ბიზნესმენ იოსებ მგელაძის საცხოვრებელ მისამართზეც ჩატარდა, – ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ, 10 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პროკურორმა ზინიკო ქობალიამ დაადასტურა.
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ამოღებულ იქნა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გაანალიზება და სხვა მტკიცებულებებთან შეჯერება მოხდება გამოძიების ფარგლებში”, – განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედთან” საუბრისას.
გადაცემის წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა მგელაძე საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მოიხსენია. მის დამაზუსტებელ შეკითხვაზე პასუხად პროკურორმა განაცხადა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „როგორც პირადად მასთან, ასევე საცხოვრებელ მისამართზე”.
რას ამბობს იოსებ მგელაძე ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირზე
9 ნოემბერს ბიზნესმენმა იოსებ მგელაძემ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მაგრამ დაბრუნდა, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით მისმა სახელმა გაიჟღერა.
მგელაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირს გამორიცხავს. იმ ამბობს, რომ მისი ბიზნესსაქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების შეძენასა და გაქირავებას. მსგავსად ამისა, ჭავჭავაძის გამზირზეც გაქირავებული ჰქონდა საოფისე ფართი, ხოლო დამქირავებელი კომპანიის საქმიანობასთან მისი გაიგივება, უსამართლობა იქნება.
„ილია ჭავჭავაძის 37-ში მდებარე კომპანია არის შპს „თი&ემ ფროფერთი“, რომლის 50%-იანი წილიც მეკუთვნის მე, სოსო მგელაძეს. ფართი შევიძინე დაახლოებით 2 წლის წინ და გავაქირავეთ კომპანია „ბი-ჯი-თი“-ზე. ჩვენი ინფორმაციით და კონტრაქტის მიხედვით, კომპანია საქმიანობს ონლაინმარკეტინგისა და IT-მომსახურების სფეროში.
კომპანიაში ჩხრეკის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა 8 ნოემბერს. არ ვიმყოფებოდი საქართველოში, თუმცა როგორც კი ინფორმაცია მივიღე, მაშინვე დავბრუნდი და მზად ვარ, აბსოლუტურად ღიად ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა კითხვას ვუპასუხო“, – განაცხადა მგელაძემ პრესკონფერენციაზე.
მისივე ცნობით, ჯერჯერობით დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების საფუძველი არ არსებობს.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ ჩემს კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს ქოლცენტრებთან“, – დასძინა მან.
მისივე განმარტებით, ზოგადად, მისი კომპანია „თი&ემ პროფერთი” ფლობს და აქირავებს არაერთ უძრავ ქონებას თბილისში. „შესაბამისად, ამ იურიდიული პირების ბიზნესსაქმიანობის ჩემთან დაკავშირება არასამართლიანი იქნება…
რა თქმა უნდა, კომპანიის საქმიანობის სფერო იწერება კონტრაქტში. ის უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ჩვენი არენდატორის საქმიანობის სფერო, თუმცა იმის გაკონტროლება, რამდენად კანონიერად აკეთებს ის ამას, ჩვენი მოვალეობა ნამდვილად არ არის… ეს ფართი არის გაქირავებული, ჩვენ ვიღებთ იჯარას და ამით შემოიფარგლება ჩვენი ბიზნესურთიერთობა“, – ამბობს მგელაძე.
კავშირი დავით კეზერაშვილთან – რას ამბობს მგელაძე
9 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მას დავით კეზერაშვილთან მის ურთიერთობაზეც დაუსვეს შეკითხვები. მგელაძის თქმით, კეზერაშვილი დღემდე მისი მეგობარია, თუმცა ამჟამად მასთან არანაირი ბიზნესსაქმიანობა არ აკავშირებს.
„დათო კეზერაშვილი ჩემი კურსელია. პირველი კურსიდან ვმეგობრობთ, დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. ნამდვილად ვიყავი მის საინვესტიციო კომპანიაში, უფრო სწორად, არ ვიცი რამდენად იყო მისი, მაგრამ იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია იყო „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“, სადაც წლების წინ ვიყავი დირექტორი, და რა თქმა უნდა, კეზერაშვილთან ვიყავი ანგარიშვალდებული. თუმცა დღეს პარტნიორული ურთიერთობა მე დათო კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს არ უარვყოფ მასთან მეგობრობას. ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანთან…
მე დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრებს არ ვარჩევთ პოლიტიკური ნიშნით. როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება პოლიტიკაში, ვერავინ მათქმევინებს, რომ რომელიმე მათ მაღალჩინოსანთან არ ვმეგობრობდი. ისევე, როგორც დათო კეზერაშვილი ნამდვილად არის ჩემი მეგობარი, ვმეგობრობთ. რომც მქონდეს ბიზნესსაქმიანობა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს“, – ამბობს მგელაძე.
მისივე თქმით, მთელი ეს აჟიოტაჟი არის პოლიტიკური დივიდენდებისთვის, რაც არ უკვირს. თუმცა ძალიან დამაზიანებელია მისი ბიზნესსაქმიანობისთვის, იმისჯისთვის და მომავლისთვის.
„მესმის, პოლიტიკური დივიდენდებისთვის ძალიან კარგია ჩემი და მისი [კეზერაშვილის] მეგობრობის დაკავშირება ამ თემასთან, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვაა. ერთია, რას მაბრალებენ, მეორეა რა არის რეალობა… არსად დამალვას არ ვაპირებ, ამიტომ ჩამოვედი, აბსოლუტურად ღია ვარ. გამჭვირვალეა ჩვენი და ჩემი პირადი ფინანსები, აუდიტირებულია“, – ამბობს მგელაძე.
გარდა ამ ინფორმაციისა, მედიაში ასევე იძებნება 2013 წლის სტატია, მათ შორის „უნივერსალ კაპიტალ გრუპის” საქმიანობაზე ბათუმის პორტში და სხვა დეტალები.
როგორც გამოცემა „ბათუმებელი” 2013 წერდა, „უნივერსალ კაპიტალ გრუპის” 100%-ს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რილფ მენეჯმენტი” ფლობდა, რომელიც საქართველოში კეზერაშვილთან დაკავშირებული არაერთი ბიზნეს კომპანიის მესაკუთრეა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „იუ-სი-ჯი გრინ ფაუერის” დირექტორი იოსებ მგელაძეა, ისევე როგორც – „უნივერსალ კაპიტალ გრუპის”. გამოცემის მიერ მოძიებული ინფორმაციით, სტატიის გამოქვეყნების პერიოდში მგელაძე თითქმის ყველა იმ კომპანიაში ფიგურირებდა დირექტორად, რომელიც კეზერაშვილთან იყო დაკავშირებული. მასალაში ასევე თავმოყრილია ინფორმაცია სხვა „სადაო კომპანიებთან” დაკავშირებით (იხილეთ ვრცლად ბმულზე);
„ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლცენტერების საქმეზე
„დამტკიცდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ „ქოლცენტრებზე“ გაკეთებული ასობით თუ არა ათობით სიუჟეტი იყო თავდაცვის მექანიზმი, რომ ტრანსნაციონალური გამოძიება კონკრეტულ კვალზე არ გასულიყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გუშინ, 10 ნოემბერს განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სიუჟეტები იყო თავდასხმა თავდაცვისთვის.
„დღეს უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ გარდა იმ მიზნისა, რომ ხელისუფლება დაეზიანებინათ, ეს ყველაფერი ვის არ დააბრალეს, რომელ ცნობილ ადამიანს, ისეთს, რომ შემდეგ „ქართული ოცნებისკენ” წასულიყო ეს ისრები, რათა დაეზიანებინათ, ერთი მხრივ, სახელმწიფო და მმართველი პარტია, მეორე მხრივ კი, თურმე, თავს იცავდნენ კონკრეტულ გვარზე გასვლისგან.
მაგრამ, როგორც ჩანს, დაუფარავი არაფერი რჩება. ტრანსნაციონალური გამოძიება გავიდა კონკრეტულ კვალზე, რომელიც გამორიცხავს იმას, რასაც ისინი კატეგორიულად ამბობდნენ; და ადასტურებს, რომ მათ მიერ გაკეთებული ყველა სიუჟეტი იყო თავდასხმა თავდაცვისთვის“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ე.წ. ქოლცენტრების საქმე – რასთან გვაქვს საქმე
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საქართველოს პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც განაცხადეს, რომ ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოსა და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინეს. საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე.
პროკურორ ზინიკო ქობალიას ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემის შედეგად, მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ზიანი, რომელიც მიადგა ასეულობით მოქალაქეს. მისივე თქმით, დანაშაულის ხასიათისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით შესაძლებელია, რომ ზიანის ოდენობა დაზუსტდეს და მიაღწიოს ასეულობით მილიონ ევროსაც კი.
როგორ მუშაობდა სქემა?
ბრალდების მხარის განმარტებით, დანაშაულებრივი სქემის ფარგლებში, პირველ ეტაპზე ფუძნდებოდა კომპანიები, რომელთა ბაზაზეც აწყობდნენ ქოლცენტრებს და ხდებოდა ონლაინ სავაჭრო პლატფორმების შექმნა.
„ამის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკავშირდებიან დაზარალებულებს, რომლებიც ძირითადად არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, შედიან მათთან ნდობაში, სთავაზობენ სხვადასხვა ინვესტიციის განხორციელებას და ჰპირდებიან დიდი ოდენობით მოგებას.
ამ სქემის შედეგად, ისინი იღებენ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. ამ თანხების ლეგალიზებას კი სხვადასხვა ფიქტიური კომპანიის ანგარიშებზე განთავსებით ახდენენ, რათა შეინიღბოს წარმომავლობა”, – ამბობს პროკურორი „იმედის” ეთერში.
ვინ არის პასუხისგებაში მიცემულები?
პროკურორის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია ერთ-ერთი ორგანიზატორი. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 36 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით.
„ამოღებულია დიდი ოდენობის და მოცულობის მტკიცებულებები, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება მათ შორის 5 ქოლცენტრის (მათი საქმიანობა უკვე შეჩერებულია), ასევე ათეულობით ფიზიკური პირის საცხოვრებელი სახლების, ოფისების მისამართებზე. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი დოკუმენტაცია, რომელსაც შეისწავლის საქართველოს პროკურატურა“, – აღნიშნა პროკურორმა.