„ძალიან სტრესულია. მქონდა შემთხვევა, პაციენტს ველაპარაკებოდი, გამოვედი და უცებ თრომბმა დაარტყა, ეს როგორი სანახავია?!… გვქონია შემთხვევები, ღამეში 3-4 გარდაცვლილა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ბოლო წუთამდე, ყველა რესურსი იხარჯება, რომ პაციენტი გადარჩეს და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, მაგრამ ყოველთვის ასე ვერ ხდება“.
„წარმოიდგინეთ, პაციენტი, რომელიც შენგან შველას ითხოვს და შენ ვერანაირად ვერ შველი მას. ის მაინც იმედის თვალით შეგყურებს. ვეუბნებით – ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ხომ იცი, რომ ეს ისეთი დაავადებაა, გამოხვალ, შენ ყველაფერს შეძლებ, შენ ხვალ ისევ კარგად იქნები… ენთუზიაზმით ველაპარაკებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ვაწყნარებთ, ვამშვიდებთ – აი, ის შენზე მძიმედ იყო და გამოვიდა მდგომარეობიდან“.
ეკა მალანია რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად მუშაობს. გვიყვება ემოციურად და ფიზიკურად დამღლელ მორიგეობებზე, მძიმე სამუშაო პირობებსა და გრაფიკზე, ანაზღაურებაზე – ყველაფერ იმაზე, რის წინაშეც კორონავირუსის პანდემიამ სამედიცინო პერსონალი დააყენა.
„შევეჩვიეთ ჩვენს რუტინულ მუშაობას“, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ექთნები ძველი დროის დაბრუნებას ელოდებიან, როდესაც ყველა თავის განყოფილებაში მუშაობდა.
„რა თქმა უნდა, ძალიან გადაღლილები, გადამწვარები ვართ, მაგრამ რაც არ უნდა ვიძახოთ, პაციენტებს ვჭირდებით“.
ეკა ჰყვება, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში 24-საათიანი მორიგეობა უწევს. სმენა დილის 9 საათზე იცვლება. ექიმებთან ერთად დილის შემოვლაზე მთელი დღის განრიგი იწერება – ვის სისხლის ანალიზის აღება სჭირდება, ვის კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ. ამასთან ერთად სანიტრების ფუნქციასაც ასრულებენ.
„ჩვენ სანიტრებიც ვართ და ექთნებიც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. სანიტარი პაციენტს არ ეკარება. სუდნო, პაციენტის ჩაბანა, დაბანა, საჭმლის მიცემა – ჩვენა ვართ“, – ამბობს ის.
ეკა იხსენებს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ, საღამოს ისევ მისულა საავადმყოფოში და 12 საათი უმუშავია. როდესაც ექთნების ნაწილი დაინფიცირებული იყო და ხალხი არ ჰყოფნიდათ, როდესაც კოლეგას მორიგეობის გადაცვლა სჭირდებოდა და ა.შ.
როგორც ის ამბობს, თითო 24-საათიან მორიგეობაში 96 ლარს იღებს. ამბობს, რომ სამინისტროს მიერ დაანონსებული ანაზღაურების 50%-ით გაზრდა, მას ჯერ არ შეხებია.
ანჟელა ქურასბედიანი ლენტეხის კლინიკაში უფროს ექთნად მუშაობს. სამუშაო პირობებთან დაკავშირებით მის უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გავეცანით. ანჟელა დაგვიანებულ ხელფასებსა და მაღალმთიან რეგიონში, ცივ ზამთარში გათბობის პრობლემებზე წერდა.
„არ გვაქვს ელემენტარული პირობები – გათბობა, ექთანს და ექიმს უწევს ცივ, გაყინულ წყალში ხელის ჰიგიენის დაცვა, სანიტარი ალაგებს და რეცხავს ასეთ ვითარებაში. ეს იმის ფონზე, როცა დეკემბერში სექტემბრის ხელფასს ვიხვეწებით. თვეებია ვითხოვთ, ჩვენ კუთვნილ, მიზერულ ხელფასებს“, – წერდა ის.
ანჟელა „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საჯაროდ გამოხატული პროტესტის შემდეგ ყურადღება გამოიჩინეს და პრობლემების მოგვარებას შეჰპირდნენ.
„ჩაგვირიცხეს ოქტომბრის თვის ხელფასი. გათბობისთვის 2 ცალი „პლიტა“ დაგვიმატეს. სხვა საკითხებზეც გვითხრეს, რომ შეეცდებიან დახმარებას“, – ამბობს ის.
ანჟელა გვიყვება, რომ მუშაობს ყოველდღე, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით. მისი ხელზე ასაღები ხელფასი 392 ლარია, მორიგე ექთანის 250 ლარი. ისინი ყოველ მეოთხე დღეს მუშაობენ და 7-8-საათიანი მორიგეობა აქვთ.
„ჩვენთან COVID-პაციენტებს არ ვმკურნალობთ, როდესაც გამოძახებებია, ტემპერატურაა, ცხელებაა კორონავირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით, ბრიგადა გადის. ჩვენ ვხვდებით, ვაკეთებთ ყველა საჭირო გამოკვლევას, ტესტს, თუ მძიმე პაციენტია, ვუვლით, ვასტაბილურებთ, შემდეგ ვიძახებთ რეფერალს და გადადის ქალაქში, შესაბამის დაწესებულებაში“, – ამბობს ის.
ექთნების შრომა პანდემიაში – რა ტენდენციები გამოიკვეთა კვლევისას
ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“ ექთნების შრომის პირობების კვლევა დაიწყო. ამ ეტაპზე გამოკითხვაში მონაწილეობა 172-მა ექთანმა მიიღო, რაც კვლევის ავტორებს ძირითადი ტენდენციების გამოკვეთის შესაძლებლობას აძლევს. „პუბლიკა“ პროფკავშირის წარმომადგენელს, რევაზ კარანაძეს ესაუბრა.
მისი თქმით, კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო გამოეკვეთა განსხვავება პანდემიურ პერიოდსა და პრეპანდემიურ პერიოდს შორის გამოწვევისა და სამუშაო დატვირთვის კუთხით, როგორც პაციენტების რაოდენობის ზრდის, ასევე შემოსავლის კუთხით. გარდა კვლევისა, მისი თქმით, პროფკავშირს ყოველდღიური კონტაქტი აქვს სხვადასხვა კლინიკაში დასაქმებულ ექთანთან.
კარანაძე ამბობს, რომ ექთნების უმრავლესობის განცხადებით, კადრების სიდუხჭირის გამო მათი სამუშაო გრაფიკი არანორმირებული გახდა, ზოგიერთ მათგანს 32-საათიანი გრაფიკითაც უწევს მუშაობა, რაც შემდგომ იწვევს გადაღლას, მოდუნებას და იზრდება ინფიცირების რისკიც. კარანაძე აღნიშნავს იმასაც, რომ დაბალი ანაზღაურების გამო ექთნები რამდენიმე სამსახურში მუშაობენ. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მათი ნაწილი 3 და 4 სამსახურშიც კი მუშაობს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, კარანაძის თქმით, ექთნების ხელფასი დაბალია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, თუმცა დედაქალაქთან შედარებით ამ მხრივ უფრო ცუდ პირობებში რეგიონში არიან.
„მაგალითად, ქობულეთის კლინიკას შეიძლება ჰქონდეს ისეთივე დატვირთვა, როგორიც არის თბილისში, თუმცა იქ მორიგე ექთანს 180, 140, 150 ლარი აქვს, გააჩნია დღისა და ღამის სმენას. თბილისში შეიძლება იყოს 300 ან 400 ლარი. ანუ 150-180 ლარი რეგიონებში და 300-დან 400 ლარამდე თბილისში“, – ამბობს კარანაძე და აღნიშნავს, რომ კვლევაში მონაწილეობა ძირითადად კერძო კლინიკების ექთნებს აქვს მიღებული.
ის ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ ძირითად შემთხვევაში ექთნებს შეთავსებული აქვს სხვა ფუნქციებიც – სანიტრების, დამლაგებლების. ასევე, ტექნიკური და საკანცელარიო საქმე.
კითხვარის ნაწილი ასევე ეხებოდა ვალის აღებას. „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ექთნების მიერ ვალის აღების ძირითად მიზეზად ხელფასის ნაკლებობა, კომუნალური გადასახადები, ჯანდაცვისა და სხვა გადაუდებელი ხარჯები სახელდება.
„რომ გადარჩნენ, ექთნებს ბანკებიდან სესხის აღება უწევთ. ასევე, მაგალითად 61% ამბობს, რომ აქვთ იპოთეკური სესხი“, – ამბობს კარანაძე.
სამედიცინო პერსონალის პრობლემებზე საუბრობს მედიცინის მუშაკთა დარგობრივი პროფკავშირიც, რომელშიც 6 000-მდე წევრია გაერთიანებული.
დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი, ირაკლი ამირანაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას რეგიონში დასაქმებული ექთნების დაბალ ანაზღაურებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ მათი ხელფასი 150 ლარიდან – 300 ლარამდე მერყეობს.
მისივე თქმით, ხელფასების მატებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ COVID-გადატანილ მედპერსონალს მიენიჭოს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთა სტატუსი და მათზეც გავრცელდეს კანონმდებლობთ გათვალისწინებული შეღავათები – წელიწადში დამატებით 10 დღე ანაზღაურებადი შვებულება იქნება ეს, თუ დამსაქმებლის მხრიდან უფასო სამედიცინო შემოწმება.
სამედიცინო პერსონალის მძიმე სამუშაო გრაფიკთან ერთად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ყურადღებას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეც ამახვილებს.
„ექიმების, ექთნებისა და სანიტრების დიდ ნაწილს ხშირად 16 ან 24-საათიან რეჟიმში უწევთ სიცოცხლისათვის საშიში და მძიმე სამუშაოს შესრულება, რასაც, გარდა უკიდურესად დამღლელი ფიზიკური შრომისა, თან ახლავს ოჯახებისგან იზოლირებული მძიმე პაციენტების მხარდაჭერისა და გამხნევების ზრუნვითი შრომა და ყოველდღიურად პაციენტების დაღუპვით გამოწვეული მძიმე სტრესი“, – წერს EMC.
მათივე თქმით, კორონავირუსის ფართო გავრცელებასთან ერთად, მედიცინის მუშაკების, როგორც წინა ხაზის მშრომელების, შრომის მნიშვნელობა უფრო თვალნათელი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, აუცილებელ შრომად აღიარებას თან არ ახლავს ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფა. მედიცინის მუშაკების შრომა აუცილებელი, თუმცა ამავე დროს დაუფასებელი შრომაა.
31 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის მართვაში ჩართული პერსონალი ხელფასზე დამატებით 50%-იან დანამატს მიიღებდა.
შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 29 ოქტომბერს გამოსცა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დანამატის ოდენობა დაანგარიშდება საათობრივად:
- ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა − არანაკლებ 5 ლარისა;
- რეანიმატოლოგი − არანაკლებ 8 ლარისა;
- უმცროსი ექიმი − არანაკლებ 4 ლარისა;
- ექთანი − არანაკლებ 3 ლარისა;
- სანიტარი − არანაკლებ 1.5 ლარისა.
ჩვენი რესპონდენტებიც აღნიშნავენ და სხვადასხვა მედიაშიც ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამედიცინო პერსონალს ხელფასზე ეს დანამატი ჯერ არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ასევე განმარტება აქვს:
„ის, რომ დანამატი უნდა მიიღოს COVID-კლინიკებში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა, ეს არის ასახული დადგენილებაში, რომელშიც განსაზღვრულია დამატებითი ტარიფი პროფესიების მიხედვით – ვინ რამდენი დანამატი უნდა მიიღოს საათობრივი ანაზღაურების რეჟიმში… რაც ბაზრის მოკვლევის საფუძველზე დაახლოებით 50%-იანი ნამატია მათი ბაზისური ხელფასიდან.
ეს დანამატი აისახება ნოემბრის ხელფასებში უკვე, ანუ ნოემბერი და დეკემბერი უნდა აიღონ ამ რეჟიმით. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი თვის ხელფასს იღებს პერსონალი, დანამატიც შესაბამისად იქნება ასახული”, – აცხადებს გაბუნია.
სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერას უცხადებს „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF) და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.