თურქეთში დიდი დღე დასრულდა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 5 საათზე დაიხურა, საღამოს 9 საათიდან კი დაიწყო საინფორმაციო გამოშვებები და პირდაპირ ეთერში აცხადებენ ამ ისტორიული არჩევნების წინასწარ შედეგებს.
თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu-ის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 60%, რის მიხედვითაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი იგებს, თუმცა პარალელურად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ ოპოზიცია ლიდერობს და ის იგებს.
სტამბოლის მერმა, ოპოზიციონერმა ექრემ იმამოღლუმ სააგენტო Anadolu შედეგებით მანიპულირებისთვის გააკრიტიკა და ანკარის ოპოზიციონერ მერთან ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათი მონაცემებით ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იგებს.
საპარლამენტო არჩევნებში სამი ალიანსი მონაწილეობდა. ესენია: ერდოღანის „სახალხო ალიანსი“, რომელსაც ნაციონალისტური და ულტრანაციონალისტური – ისლამური პარტიების მხარდაჭერა აქვს; „ეროვნული ალიანსი“, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალაა და 6 ოპოზიციურ, განსხვავებული იდეოლოგიის პარტიას აერთიანებს და მესამე – „შრომისა და თავისუფლების ალიანსი“, მემარცხენე იდეოლოგიის პარტიებით დაკომპლექტებული.
მძლავრი კონსერვატიული გზა თუ დემოკრატიისკენ სწრაფვა? – დღეს თურქეთს ამ ორს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.
არჩევნების შედეგებმა უნდა გადაწყვიტოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ უხელმძღვანელებს 85-მილიონიან ქვეყანას, არამედ არსებული კრიზისისა და გამოწვევების ფონზე როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება მომავალში, რა შიდა და საგარეო პოლიტიკას გაატარებს ქვეყანა, რომელ მხარეს დადგება ის გეოპოლიტიკურ რუკაზე. თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხალხს ეკონომიკური ნაწილი ბევრად უფრო ადარდებს, ვიდრე სხვა პოლიტიკური საკითხები.
„სწორ დროს, სწორი ადამიანი“ – ასეთი იყო ერდოღანის საარჩევნო კამპანიის სლოგანი. ამ შინაარსის წარწერებითაა აჭრელებული სტამბოლის ქუჩები. ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ერდოღანის ეს მესიჯი ხალხში, გარკვეულწილად, ბრაზსა და ირონიას იწვევდა.
ერდოღანი 20-წლიან მმართველობას ითვლის – 2003 წლიდან 2014 წლამდე ის პრემიერი-მინისტრის რანგში მართავდა ქვეყანას, 2014 წლიდან კი – როგორც პრეზიდენტი.
მან ხმა სტამბოლში მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის ლოცულობს ქვეყნისა და თურქი ხალხის უკეთესი მომავლისთვის. ხმის მიცემის შემდეგ პრეზიდენტი მოულოდნელად ანკარაში გაემგზავრა. თურქული მედიის ცნობით, სწორედ ანკარიდან მიმართავს ხალხს.
„არჩევნები არ დასრულებულა და უკვე ნორვეგია გავხდით“, – ირონიულად წერს Twitter-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც აზიარებს ვიდეოს საარჩევნო უბნიდან, სადაც ერდოღანი გრძელ რიგში დგას და ელოდება, როდის შეძლებს ხმის მიცემას. ხუმრობების საფუძველი გახდა მისი უცნაური ქცევაც – რიგში დგომისას ის, მოფერების ნიშნად, იქვე მდგომ ბავშვს სახეში ხელს გაარტყამს.
Cumhurbaşkanı Erdoğan’ı oy sırasında gören seçmenin şaşırdığı anlar… pic.twitter.com/w6pJ9Yp5L6
— Medyanın Elli Tonu (@Medyanin50Tonu) May 14, 2023
„ჩვენ ყველას მოგვენატრა დემოკრატია და ერთად ყოფნა. იმედია, ამიერიდან ნახავთ, რომ გაზაფხული დადგება ამ ქვეყანაში და ის ყოველთვის იქნება“, – ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საზოგადოებას, მას შემდეგ, რაც ხმა ქვეყნის დედაქალაქში, ანკარაში მისცა.
ნიშანდობლივია, რომ გუშინ საღამოს ქემალ ქილიჩდაროღლუმ მიხაკებით შეამკო თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელის, ქემალ ათათურქის საფლავი, რომელმაც სეკულარული და დემოკრატიული პოლიტიკა გაატარა ქვეყანაში და თურქებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა. ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ეს გადაწყვეტილება სიმბოლურ ნიშანს ატარებდა.
სიმბოლური იყო და გარკვეულ გზავნილს ატარებდა ერდოღანის გადაწყვეტილებაც – მან საარჩევნო კამპანია „აია სოფიაში“ საღამოს ლოცვით დაასრულა.
ნიშანდობლივია, რომ ისტორიული და კულტურული ძეგლი „აია სოფია“, რომელიც თავდაპირველად აიგო, როგორც ქრისტიანული ტაძარი, ოსმალეთის იმპერიის არსებობისას მეჩეთად გადააკეთეს. მოგვიანებით ათათურქმა ის მუზეუმად აქცია და 2020 წლამდე მოქმედებდა, როგორც მუზეუმი. ერდოღანის გადაწყვეტილებით, „აია სოფია“ ისევ მეჩეთად გადაკეთდა, რამაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, ხოლო ერდოღანის მხარდამჭერები გაახარა. როგორც Al Jazeera წერს, ლოცვის შემდეგ ერდოღანმა იქვე შეკრებილ მხარდაჭერებს უთხრა, რომ მთელი ისლამური სამყარო მოუთმენლად ელოდება არჩევნების შედეგებს.
ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, ქილიჩდაროღლუ საარჩევნო კამპანიისას აცხადებდა, რომ ის ქვეყანას საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადაიყვანს, რაც დემოკრატიული მმართველობის მთავარი ინსტრუმენტი გახდება და პირობა დადო, რომ აღადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობას.
დღეს ოპოზიციას განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული. გაყალბების თავიდან ასაცილებლად თურქეთის ყველა პროვინციაში ათასობით მოხალისე გაგზავნეს. დიდი პრობლემები შეიქმნა იმ ხალხისთვის, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებული პროვინციებიდან არიან და დატოვებული აქვთ საცხოვრებელი ადგილები. ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი.
თურქული გამოცემები წერენ, რომ ოპოზიციამ, გარკვეულწილად, მოაგვარა ეს პრობლემა და უზრუნველყო დაზარალებულთა გადაადგილება. მანამდე კი ტარდებოდა სხვადასხვა კამპანია, მილიონობით დაზარალებულისთვის ტრანსპორტირების ფულის შესაგროვებლად. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრით დაზარალებული ადამიანები განსაკუთრებით საყვედურობენ ამჟამინდელ ხელისუფლებას, რადგან, მათი პოზიციით, მიწისძვრის გამოწვეულ კრიტიკულ სიტუაციას მთავრობამ თავი ვერ გაართვა.
People in Ankara from Hatay, one of the cities hit by the earthquake, have been running to make it at ballot box in their home city in order to protect their right. This is great picture. #TurkishElections pic.twitter.com/69J4cJyabZ
— Serra Karaçam (@serrakaracam) May 14, 2023
„ეს არის ისტორიული მომენტი, რომელსაც 20 წელი ველოდით“; „ასეთი რამ არავის ახსოვს“; „დღეს დიდი დღეა“ – ამბობდნენ თურქეთის ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები. ბოლო დღეებში ისინი განსაკუთრებით თავდაჯერებულები გახდნენ და დიდი ოპტიმიზმით ელოდებიან შედეგებს.
არჩევნების დღე გახდა კოლექტიური იმედის საფუძველი, რამაც თურქეთის მოსახლეობაში ერთიანობის განცდა გააჩინა, დაუბრუნა ხალხს იმედი, რომ შესწევთ ძალა, არჩევნების გზით დაამარცხონ მყარად ფესვგადგმული, დიდი ძალაუფლების მქონე მთავრობა.
ოპოზიციამ, მიუხედავად არსებული განსხვავებული შეხედულებებისა, რაც მათმა ამომრჩეველმაც კარგად იცის, ძალები ერთ მიზნისთვის გააერთიანა – ერდოღანი უნდა წავიდეს.
თურქეთში ახლა ხალხის ამგვარი აქტიურობაც უკვირთ. სოციალური ქსელები აჭრელებულია პოლიტიკური შინაარსის განცხადებებით, რაც მათთვის უჩვეულოა და უჩვეულო იყო თურქეთში ცნობილი, პოპულარული ადამიანების მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებებიც.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მსახიობი, კომედიანტი, პროდიუსერი და კარიკატურისტი ჯემ ილმაზი, რომელსაც twitter-ზე 17 მილიონამდე გამომწერი ჰყავს, ბოლო დღეებია, მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს და მოუწოდებს ხალხს, წავიდნენ და გააკეთონ არჩევანი.
“Abi oyunu kime vereceksin biz de ona atalım” diyorsanız,Ben Kemal başkan diyorum…?? ❤️ Başarılar dilerim Kemal Başkan @kilicdarogluk ..Sevgili gençler lütfen oy vermeyi unutmayın,ihmal etmeyin .?? pic.twitter.com/PtvFvKoB02
— Cem Yılmaz (@CMYLMZ) May 12, 2023
თითებით მოხაზული გული – ეს გახდა ოპოზიციის მხარდაჭერის ნიშანი. ოპოზიციისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ფოტოებს, რომლებზეც გულს გამოსახავენ.
თურქებს ყველაზე მეტად ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, სიღარიბე და მიწისძვრის შედეგები ადარდებთ და ამიტომაც ისინი დიდ იმედებს ამყარებენ არჩევნების შედეგებზე. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში ინფლაციამ 90%-ს მიაღწია, ლირა კი ყოველდღიურად უფასურდება.