მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის – „ჯადოსნური მთის“ ისტორია კარგად წარმოაჩენს სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულებას კინემატოგრაფის მიმართ.
უნდა ვაღიარო, რომ ბოლო დღეებმა სრულიად შემიცვალა წერა-კითხვის ვექტორი. რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანის მიერ „ახალ თეატრში“ დადგმული სპექტაკლის ნაცვლად – „ვკვდები როგორც ქვეყანა“ ( ბერძენი მწერლისა და დრამატურგის, დიმიტრის დიმიტრიადისის ამავე სახელწოდების რომანის ძალიან აქტუალური და ლამის პუბლიცისტური ინტერპრეტაცია), მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ფილმის, „ჯადოსნური მთის“ ირგვლივ მსურს მოსაზრებები გაგიზიაროთ. მით უმეტეს, რომ ფილმს თავად ქალბატონმა მინისტრმა მისთვის საყვარელ ტვ-ში, ახლახან დიდი ყურადღება დაუთმო. ამდენად, რეცენზიას მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის შესახებ „პუბლიკაში“ ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მოკლედ, თეა წულუკიანმა ტვ-„იმედში“ სტუმრობისას ფილმს „აფერა“ უწოდა, რომელიც „ტურბულენტურ ზონაში“ მოხვედრილი კულტურის სამინისტროსთვის გარკვეულ თავის ტკივილადაც იქცა. ფილმი კინოცენტრმა დააფინანსა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ რეჟისორმა, რიგი მიზეზების გამო, ფინალი გადააკეთა. „კინოცენტრი თავს გრძნობს მოტყუებულად. ეს ფილმი დააფინანსეს 2016 წელს, როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“. კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაშიც, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა, ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება არის დაუშვებელი“ – აღნიშნა წულუკიანმა.
სინამდვილეში, რაც მას ადარდებს და რის გამოც ის საერთოდ მივიდა ტელევიზიაში, ის კი არ არის, გადაუხვია თუ არა მარიამ ჭაჭიამ სცენარს ან დაარღვია თუ არა ფილმის გადაღების ვადები და შინაარსი, არამედ როგორ და რატომ მოხვდა გადაკეთებულ ფინალურ კადრებში აბასთუმნის ტუბდისპანსერის ისტორიული შენობის ნგრევის ეპიზოდი, რომელიც ოლიგარქმა ივანიშვილმა იყიდა, მალევე დაანგრია და შემდეგ ახალი რეზიდენცია აიშენა.
მინისტრმა თავისი „საფირმო“ იარაღი, სარკაზმი მოიშველია და თქვა, რომ ფილმი „რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდას“ მსგავსი მოვლენაა, რომელსაც სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს. მთლიანად ინტერვიუდან, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი უცნაურობა ჟონავდა: ჯერ ერთი – მინისტრს ფილმის სცენარი, რატომღაც, გაყინული, მყარი და შეუცვლელი ტექსტი ჰგონია, რომელიც არ შეიძლება რეჟისორმა გადააკეთოს ან დაარღვიოს გადაღებისას. ჩაპლინის, ოთარ იოსელიანის, ჟან რენუარის, გოდარის, ფელინის ან ათასი სხვა ცნობილი რეჟისორის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც წულუკიანის წარმოდგენას, „ხელშეუხებელი“ სცენარების უშუალოდ გადასაღებ მოედანზე ცვლილების შესახებ, საერთოდ, თავდაყირა ატრიალებდნენ.
მეორე – კულტურის მინისტრი რეჟისორებს აიგივებს იურისტებთან, კლერკებთან, სავაჭრო ცენტრისა თუ სანოტარო კანტორის თანამშრომლებთან, რომლებიც სამუდამოდ შედგენილ კანონსა თუ სახელწიფო ხელშეკრულებას აწერენ ხელს და შემდეგ მისი გადაკეთების უფლება არა აქვთ.
მესამე – მინისტრს ჰგონია, რომ თუ კინოცენტრი, ანუ სახელმწიფო, ფილმს დააფინანსებს, მას უფლება აქვს, შემდეგ არასაიმედო რეჟისორი მუდმივად შეამოწმოს: „სწორად“ გაანაწილა თუ არა დაფინსანსება, რა იდეოლოგიით, ზეავლენით ან ვის წინააღმდეგ გადაიღო ფილმი, რატომ გადააკეთა სცენარი და თუ რამე არ მოეწონება, მაინც იტყვის, რომ „ფილმის შინაარსის განხილვაში არ შევა“ და იქვე „აფიორას“ უწოდებს.
დოკუმენტური ფილმი „ჯადოსნური მთა“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ჯერ კიდევ ყოფილი დირექტორისა (გაგა ჩხეიძის) და ყოფილის წინა დირექტორის (ზურაბ მაღალაშვილის) პერიოდში გადაიღეს რეჟისორებმა – მარიამ ჭაჭიამ და ნიკ ვოიგთმა. დიახ, სწორად ახსოვს ქალბატონ წულუკიანს, რომ დაახლოებით ცხრა წელი დასჭირდა ამ სრულმეტრაჟიანი, ბევრჯერ გადაკეთებული და შეჩერებული ფილმის გადაღებას, დამონტაჟებასა და დასრულებას.
სწორედ მაშინ, როცა ფილმი გადაღებული და თითქმის დამთავრებული იყო, გამოჩნდა ეროვნული ოლიგარქი, რომელმაც ფილმის მთავარი „გმირის“ – აბასთუმნის ცნობილი ტუბდისპანსერის შენობის ბედი საერთოდ შეცვალა. უფრო ზუსტად, საავადმყოფოს ისტორიული შენობა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მეფის რუსეთის სამეფო დინასტიის, რომანოვების არქიტექტორებმა კონკრეტული მიზნით ააგეს (ფილტვებით დაავადებულთა სამკურნალოდ, რომელთაგან ერთ-ერთი პირველი რომანოვების შთამომავალი, ახალგაზრდა გიორგი რომანოვი იყო), ოლიგარქმა საბოლოოდ გაანადგურა.
ცხადია, შენობა ძველი და ავარიული იყო, მაგრამ მისი ადგილმდებარეობა, ოთახებისა და დერეფნების განლაგება, შენობის სტილი და კიდევ ბევრი რამ, იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ოლიგარქს ის კი არ დაენგრია, არამედ რესტავრაცია ჩაეტარებინა ან გაემაგრებინა. მით უმეტეს, მის დაქვემდებარებაში მყოფ სამშენებლო კომპანიას, თუ კომპანიებს ამის დიდი გამოცდილებაც ჰქონდათ (გავიხსენოთ ივანიშვილის მიერ რესტავრირებული თეატრები და ისტორიული შენობები), თუმცა მაინც ძველის დანგრევა და მის ადგილზე საკუთარი, ახალი კურორტ-რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. რაც საბოლოოდ, აღასრულა კიდეც.
აბასთუმანში გადაცხოვრებულმა ოლიგარქმა რომანოვების რჩევა შენობის ადგილმდებარეობისა და უნიკალური მიკროკლიმატის შესახებ გაითვალისწინა და ისტორიიდან ეს თავი სათავისოდ გადმოიწერა, ხოლო დანგრეული ტუბდისპანსერი სულ სხვაგან გადაიტანა. გზის ნაპირას და უფრო ხმაურიან ადგილას, სადაც ოთახებს მზის სხივები ნაკლებად ხვდება. ამის შემდეგ თავად საავადმყოფოს პროფილი შეუცვალეს და მისი დანიშნულება არა ავადმყოფთა წლობით მკურნალობა და ინტენსიური თერაპიაა, არამედ მხოლოდ დასვენება ხანმოკლე დროის განმავლობაში. ახლა კი ყოფილი სამკურნალო ტუბდისპანსერი სანატორიუმად გადაკეთდა.
ფილმის რეალური პერსონაჟები ამ ძველ შენობაში მცხოვრები და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები არიან. ისინი სრულ იზოლაციასა და სტაბილურ სიმშვიდეში ცხოვრობენ, ვიდრე არ გაიგებენ, რომ მას მალე დანგრევა ემუქრება. ამის შემდეგ საავადმყოფოს მშვიდი ატმოსფერო და სევდიანი დერეფნებისა თუ სახელდახელოდ მოწყობილი სამლოცველოს ცხოვრების რიტმი ირღვევა. ფილმი ორი პარალელური სამყაროს არსებობაზეც მიგვანიშნებს, რომლებიც არა უსასრულობაში, არამედ აქვე, ჩვენს თვალწინ გადაიკვეთება, სადაც „ჯადოსნური მთის“ ჰარმონია მთავრდება და სამყარო რღვევას იწყებს…
აბასთუმნის საავადმყოფოს შენობის განადგურების ისტორიულ და, ამავე დროს, მეტაფორულ კადრებს რეფრენად გასდევს ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებული „დაიგვიანეს“. მუსიკა ზუსტად ერითმება ფილმის დასაწყისსაც, აბასთუმნის გზაზე ფიჭვებში, ნაძვებში ჩაკარგულ დილის ნისლსა და შორეულ ტყეში ჩაბუდებულ ბურუსს.
ეჭვი მაქვს, სწორედ ოლიგარქის მიერ დანგრეული ტუბდისპანსერის მტვერი არ მოეწონა ქალბატონ წულუკიანს ფილმის ფინალში. ასევე, შენობის ნაშთებს შესეული ბულდოზერები. რას ვიზამთ, მხიარული ფინალი ნამდვილად არ არის. მინისტრს, ალბათ, არც ის მოეწონა, რომ რეჟისორებმა ოლიგარქს საიმედოდ ნაშენი იმიჯი დანგრეული დისპანსერით გაუფუჭეს.
ქალბატონ მინისტრს შევახსენებთ, რომ ქალი-რეჟისორის (მან რამდენჯერმე სწორედ ასე მოიხსენია მარიამ ჭაჭია) ფილმი „ჯადოსნური მთა“ პირველად გერმანიაში, 2023 წლის გაზაფხულზე, მიუნხენის კინოფესტივალ Dok.fest.Munich-ზე უჩვენეს და მაშინვე დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფილმს ასევე მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო: ბარსელონის დოკუმენტური კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ვერცხლის გარგარი“ ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, პრიზები მაკედონიის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე. ახლახან კი უჩვენეს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, გადაჭედილ „ამირანის“ დარბაზში; სადაც სხვათა შორის, ტურბულენტობა ფინალური კადრებისას განსაკუთრებით იგრძნობოდა.