„ევროკავშირში არ მიიღებენ მეორე უნგრეთს“ | გერმანელი მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსების ხედვა

პუბლიკა

თბილისში გასულ კვირას ბუნდესტაგის დელეგაცია ჩამოვიდა. გერმანელმა დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ამის პარალელურად თბილისში გერმანიაში მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაცია „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ წევრებიც იმყოფებონენ, რომლებმაც ადგილობრივი პარტნიორებთან და ბუნდესტაგის წევრებთან ერთად გამართეს დისკუსია – „საქართველო: შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის გზაზე“. დისკუსიაში მონაწილეობა გერმანელ კოლეგებთან ერთად ქართველმა დეპუტატებმაც მიიღეს.

ღონისძიების შემდეგ „პუბლიკა“ „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ უფროს მკვლევარსა და ბუნდესტაგის ყოფილ წევრს მარილუიზე ბეკს, ასევე ბუნდესტაგში „კავშირი 90/მწვანეების“ დეპუტატს მიხაელ ზახერსა და „თავისუფალ დემოკრატთა პარტიის“ დეპუტატს თომას ჰაკერს ესაუბრა.

რა შთაბეჭდილებები მიიღეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა თბილისში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე, როგორ უყურებენ გერმანიის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და რა არის მათი აზრით მთავარი დაბრკოლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე?

„პარლამენტარების ნაწილი აქ არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, ისინი მოიხიბლნენ იმით, რომ ეს ქვეყანა პირველივე შეხედვითაც ევროპულია. მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა, რომ მიუხედავად გეოგრაფიული თვალსაზრისით სიშორისა, ეს არის ევროპული ქვეყანა, აქ ევროპულ კულტურას ყველგან დაინახავთ“, – ასე იწყებს ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტის შეჯამებას „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი მარილუიზე ბეკი.

რაც შეეხება უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის ჭრილში განხილულ საკითხებს, მარილუიზე ბეკის თქმით, პირველ რიგში აღინიშნა, რომ საჭიროა ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება.

„მაგრამ მათგან ის პრიორიტეტები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ შორსაა შესრულებისგან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის შესრულებული. ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას და სასამართლო სისტემას“, – ამბობს მკვლევარი „პუბლიკასთან“.

მარილუიზე ბეკის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთი მხრივ, შედარებით მარტივად შესასრულებელი, სიმბოლური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ასეთი სიმბოლური ნაბიჯები იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება, მიხეილ სააკაშვილისთვის კი საშუალების მიცემა, რომ საზღვარგარეთ იმკურნალოს. „მათ უნდა გაიღონ ეს სიმბოლური ფასი“, – ამბობს ბეკი. „თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ სავარაუდოდ, მთავრობას არც კი უნდა კანდიდატის სტატუსი.“

ამასთან ერთად, როგორც „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ მკვლევარი განმარტავს, საჭიროა უფრო კომპლექსური საკითხების გადაჭრაც, რომლებიც უფრო სისტემურ ცვლილებებს გულისხმობს.

„მაგალითად, სასამართლო სისტემის რეფორმა. ამას დრო სჭირდება, მაგრამ უნდა ჩანდეს იმის ნიშნები, რომ ხელისუფლებას ამ რეფორმების გატარება მართლა სურს“, – დასძენს მარილუიზე ბეკი „პუბლიკასთან“.

საქართველოს მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ნაკლებად საუბრობს გერმანული „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი მიხაელ ზახერი, რადგან მისი თქმით, აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა ღრმად გასცნობოდა ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებს. მაგრამ ზახერის თქმით, რაც მარტივად შესამჩნევი იყო, თბილისში პოლიტიკურ საკითხებზე მწვავე, შეიძლება ითქვას, უხეშ დებატებს შეესწრო, მსგავსი დაპირისპირება და პოლარიზაცია, ზახერის თქმით, გერმანული პოლიტიკური წრისთვის ნაკლებად დამახასიათებელია.

„მე არ შემიძლია განვსაჯო, თუ რა უნდა გააკეთოთ. მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროთ, რომ მხოლოდ მაშინ მიიღებთ სტატუსს, როცა ყველა ერთად იმუშავებთ მის მისაღებად და არ იბრძოლებთ ერთმანეთის წინააღმდეგ. ამიტომაც, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახოთ ეს ერთობა“, – ამბობს ზახერი „პუბლიკასთან“.

თავის კოლეგას ეთანხმება თომას ჰაკერიც. მისი თქმით, ევროპაში აფასებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის მიმართ. თუმცა  მთავრობის ჩართულობის გარეშე ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ქართველ ხალხს ვერ გადასცემს. მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი, მათი მუშაობა რეკომენდაციების შესრულების პროცესში, მაგრამ ასევე საჭიროა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ხილვაც.

„ჩვენ გვჭირდება ხალხი, რომელიც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. მაგრამ ამასთანავე, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ატარებს რეფორმებს იმგვარად, რომ დადებითად განაწყოს 27 ქვეყანა. თანაც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოსთან მიმართებით ახლა რთულია, ყველა ერთნაირად მიიმხრო“, – ამბობს თომას ჰაკერი.

მისი თქმით, ევროპაში ითვალისწინებენ ელჩების, ევროპული კომისიის შეფასებებს. მაგრამ ამავდროულად ყველა ქვეყანას აქვს თავისი პოზიცია, დამოკიდებულებები, როგორც კონკრეტული სიტუაციის თუ ქვეყნის ისე ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ.

„რეალურად ჯერ ნაადრევია საბოლოო დასკვნის გაკეთება [კანდიდატის სტატუსის შესახებ]. რასაც ჩვენ ვაკეთებთ გერმანიის ბუნდესტაგში, იმავეს გადიან სხვა სახელმწიფოებშიც – ესაუბრებიან საქართველოს სახელისუფლებო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ ვისმენთ რეკომენდაციებს ევროკავშირის ელჩისგან და ამ ყველაფერზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ვიმუშავებთ.

შემდეგ კი იმ ქვეყნებს, რომლებიც უფრო მეტად არიან გაფართოების პოლიტიკის მომხრეები, მოუწევთ სხვა სახელმწიფოების დარწმუნება. არ ვიცი, როგორ ფიქრობენ ამჟამად საფრანგეთის მსგავსი ქვეყნები…

ამიტომ ჩვენ გვიწევს ჩვენს მეგობრებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან საუბარი. ჩვენი მიზანია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მიმდინარე წლის დეკემბერში, მაგრამ ეს არის ჩემი მოსაზრება და ევროკავშირის გადაწყვეტილებას მომავალში გავიგებთ“, – ამბობს თომას ჰაკერი.

თავის მხრივ, როგორც გერმანელი დეპუტატები ამბობენ „პუბლიკასთან“, ევროკავშირის მხრიდან ერთიანი და დადებითი პოზიციის ქონას შეიძლება ხელი შეუშალოს თავად საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამაც.

ერთია ევროკომისიის მიერ დაწესებული პრიორიტეტების შესრულება და ტექნიკური საკითხების გათვალისწინება, მეორეა ის დამოკიდებულება, რასაც საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების მიმართ იჩენს. მაგალითად, როგორც დეპუტატები ამბობენ, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ლიდერთან ვიქტორ ორბანთნ ვიზიტები საქართველოს ევროპული გზისთვის მაინცდამაინც დადებითად ვერ იმოქმედებს.

„ევროკავშირს ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება. ამ გაერთიანების შიგნით ყოველთვის არსებობს განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებულად მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყნები.

ევროკავშირზე საუბრისას ყოველთვის ვამბობ, შეხედეთ თქვენს ოჯახს. ხშირად ხდება, რომ ოჯახის წევრებიც სხვადასხვა აზრზე არიან. ასე ხდება ევროკავშირშიც. ზოგიერთმა ქვეყანამ ევროკავშირში საკმაოდ სარისკო გზა აირჩია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვითა და სხვა მსგავსი ქმედებებით.

მაგრამ თქვენ რაც უფრო დაახლოვდებით მსგავს ქვეყნებთან, ევროკავშირში შემოსვლა უფრო გაგიჭირდებათ. უნგრეთი უკვე ევროკავშირის წევრია და შესაბამისად გვიწევს მასთან გამკლავება, მაგრამ თუ სხვა ქვეყანა გაწევრების წინვე უნგრეთის მსგავსად მოიქცევა, ევროინტეგრაცია გაუჭირდება“, – ამბობს მიხაელ ზახერი.

მარილუიზე ბეკი კი ორბანს ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შიდა პრობლემას უწოდებს და დასძენს, რომ მართალია, ორბანთან ვიზიტები უფრო მეტად სიმბოლური პრობლემაა, ვიდრე არსობრივი, მაგრამ ეს ერთგვარი ნიშანიცაა ევროკავშირისთვის, რადგან იქ „ყველა იმედოვნებს, რომ ევროკავშირში არ მიიღებენ მეორე უნგრეთს“.