ევროპაში ხანდაზმულები ყველაზე სწრაფად მზარდ ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს, დროა, ეს მოვლენა შესაძლებლობად ვაღიაროთ

პუბლიკა

ჯულია ვალესე 

რამდენიმე ათეული წლის, წინ ხანდაზმული ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობას შეადგენდნენ, თუმცა, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლის წყალობით, მათი წილი მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს ყოველი მეხუთე ევროპელი 65 წლის და უფროსი ასაკისაა. პროგნოზის თანახმად, 2050 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 30 პროცენტს მიუახლოვდება. 

ევროპის მასშტაბით მიმდინარე მოსახლეობის სწრაფი დაბერება მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ცვლილებას წარმოადგენს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სფეროზე. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც ბევრ ადამიანს აწუხებს. როგორ შენარჩუნდება სოციალური სისტემები, როცა შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების სულ უფრო მცირე ნაწილს უწევს ხანდაზმული ადამიანების სულ უფრო მზარდ ნაწილზე ზრუნვა? მზად არის ინფრასტრუქტურა სწრაფად დაბერებული საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ აისახება ხანდაზმული ამომრჩევლების რაოდენობრივი ზრდა დემოკრატიის მომავალსა და კლიმატის ცვლილებასთან და სხვა მწვავე გამოწვევებთან დაკავშირებით იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მომავალ თაობებზე? 

მოსახლეობის დაბერება ჯერ კიდევ უარყოფით კონტექსტში განიხილება: იგი საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა კეთილდღეობას, ტვირთად აწვება ახალგაზრდებს. მაგრამ როგორც სტიუარტ გიტელ-ბასტენმა, წამყვანმა დემოგრაფმა, ახლახან განუცხადა გაეროს ხელმძღვანელთა ჯგუფს, მოსახლეობის დაბერება თავისთავად არსებით პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა ინსტიტუტები არ ემზადებიან ამ მნიშვნელოვან დემოგრაფიულ ცვლილებასთან ადაპტირებისათვის. 

უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ადამიანები უფრო ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ, მისასალმებელი ფაქტია. ეს მედიცინის სფეროში პროგრესის, უკეთესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების, სოცუზრუნველყოფის ზრდისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების შედეგია. 

უფრო მეტიც, დიდწილად ამ მიღწევების წყალობით, დღეს ხანდაზმულობა არ არის იგივე, რაც ადრე იყო. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თანდათან უახლოვდება და შესაძლებელია გადააჭარბოს კიდეც 80 წლის ნიშნულს, აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ასაკში შებიჯება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანს წინ მრავალი წელი აქვს ბედნიერად გასავლელი. რადგანაც ამჟამად ხანდაზმული ადამიანები უფრო მეტად ჯანმრთელები და განათლებულები არიან, ხანდაზმულობა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისინი მრავალი წელი დარჩებიან აქტიურად ჩართული საკუთარ სამუშაო გარემოში, ოჯახსა და თემში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ჩვენ, ტრადიციულად, „ხანდაზმულებს“ ვუწოდებთ არასოდეს ყოფილა ასეთი მრავალფეროვანი. ამან განაპირობა ტერმინის „ხანდაზმული“ გადახედვის აუცილებლობა, რამაც დაგვარწმუნა იმაში, რომ დღევანდელ ხანდაზმულთა ახალ, უფრო მრავალფეროვან, უფრო დინამიურ სამყაროში, მკაცრი ასაკობრივი კატეგორიების ან საპენსიო ასაკის ზღვრების დაწესების, ასევე  სტერეოტიპებისა და ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ადგილი აღარ არის.  

მოსახლეობის დაბერება გაგრძელდება, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში, და ევროპის ქვეყნების მთავრობები ერთხმად აღიარებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათანადო რეფორმების გატარება, ასაკობრივად ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, რადგან მთავრობების წარმომადგენლები ამ კვირაში იკრიბებიან რომში, რათა განიხილონ თუ რა გაკეთდა და რა მიღწევები დაფიქსირდა დაბერების შესახებ 20 წლის წინ მათ მიერ მიღებული მადრიდის საეტაპო საერთაშორისო სამოქმედო გეგმის გახორციელების მიმართულებით, მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ მიუხედავად დიდი პროგრესისა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, იმ საზოგადოებებათა ჩამოსაყალიბებლად, სადაც ყველა ასაკის ადამიანს საკუთარი ადგილი ექნება. 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ გამოკვეთა ხანდაზმულთა თაობის მიმართ არსებული უთანასწორობა. ბევრი ხანდაზმული ადამიანი არის უგულებელყოფის, სიღარიბის, სოციალური გარიყულობისა და იზოლაციის მსხვერპლი – აღმოსავლეთ ევროპაში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან რვა ხანდაზმული ადამიანი, ანუ ხანდაზმული მოსახლეობის 79 პროცენტი, აცხადებს, რომ ისინი ზომიერად ან უკიდურესად მარტოსული არიან. თანაბრად შემაშფოთებელია ის, თუ საზოგადოება როგორ უცხადებს ხანდაზმულ ადამიანებს, მეტ-ნაკლებად შეფარვითა და უამრავი კულტურული მინიშნებების მეშვეობით, რომ მათი ასაკის გამო ისინი ტვირთად, ნაკლებად ღირებულად არიან აღქმული ან თუნდაც მისატოვებლად განწირულნი. გაერო-ს უკანასკნელი მოხსენების თანახმად, ევროპაში მძვინვარე ეიჯიზმი მილიონობით ხანდაზმულ ადამიანს ართმევს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობას. ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომმა ნათლად დაგვანახა, ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელსაც განიცდიან ხანდაზმულები, რომელთა უმეტესობასაც ქალები შეადგენენ. 

ხანდაზმული ადამიანების გარიყვა არ არის მხოლოდ ადამიანური ტრაგედია, ადამიანის უფლებების კრიზისი და მორალური მარცხი. ეს ასევე ზიანს აყენებს ქვეყნებს – ეკონომიკურად და სოციალურად. ევროპაში, სადაც მოსახელობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ქვეყნები გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან მათ არ შეუძლიათ უბრალოდ უგულებელყონ მოსახლეობის მეოთხედი, საკუთარი უნარებით, ნიჭითა და სხვა წვლილით. 

იმისთვის, რომ ქვეყნებმა შეძლონ შეინარჩუნონ მდგრადობა დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის, აქტიურობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს ქვეყნებს იმ დემოგრაფიული ცვლილებების მართვაში, რომლებიც მათთვის გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ მათ ვეხმარებით იმ პოლიტიკისა და პროგრამების გახორციელებაში, რომლებიც საზოგადოებებს საშუალებას აძლევს სარგებელი მიიღონ მოსახლეობის დაბერებიდან. 

უზარმაზარ პოტენციურ სარგებლად მიიჩნევა ის, რომ ადამიანებს აქვთ წვდომა განათლებასა და ჯანდაცვაზე მთელი ცხოვრების მანძილზე და ხანდაზმულობის ასაკში ფლობენ სასარგებლო უნარებსა და კარგ ჯანმრთელობას. როდესაც არ ხდება ხანდაზმულების უგულებელყოფა, მას შემდეგ, რაც ისინი საპენსიო ასაკს მიაღწევენ, არამედ ისინი რჩებიან ეკონომიკასა და საზოგადოებაში აქტიურად მონაწილე პირებად; როდესაც ხანდაზმული ადამიანები იმ მუდმივად მზარდი „ვერცხლის ეკონომიკის“ მამოძრავებელ ძალად გვევლინებიან, რომლებიც პასუხობს მათ საჭიროებებსა და არჩევანს. 

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამის განსახორციელებლად მთავრობებმა უნდა გადადგან სამი ნაბიჯი: 

  • ხანდაზმული ადამიანების ხედვის გათვალისწინება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შედეგად შექმნილ კრიზისზე რეაგირებისას და მომავლის პოლიტიკის შემუშავებისას, უნდა მოვუსმინოთ ხანდაზმულებს, გავიგოთ რა აქვთ მათ ჩვენთვის სათქმელი. თემის წარმომადგენლებთან მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიკერძოების თავიდან აცილებისა და რეალურ საჭიროებებზე გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად. 
  • საჯარო დისკურსსა და პრაქტიკაში გამოვლენილი ეიჯიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. დაუშვებელია შემწყნარებლური დამოკიდებულების გამოვლენა ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციისა და ნეგატიური სტერეოტიპების მიმართ, რომელიც კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდა პანდემიის დროს. თაობათაშორის სოლიდარობასა და ხანდაზმულთა ღირებულ წვლილზე ორიენტირებული მსჯელობის ხელშეწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულების შეცვლისთვის. 
  • საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოებისა და ბიუჯეტების ასაკობრივი თვალსაზრისით გადახედვა. დროა, გადავხედოთ და განვსაზღვროთ რა ცვლილებების გახორციელებაა შესაძლებელი ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და სოციალური კეთილდღეობა, რათა ქვეყნებმა დემოგრაფიული ცვლილებების შედეგებთან უკეთ გამკლავება შეძლონ და უზრუნველყონ ხანდაზმული მოსახლეობის უფლებებისა და არჩევანის დაცვა, მთელი ცხოვრების მანძილზე.  

ხანდაზმული ადამიანები ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ. ისინი არიან ლიდერები და შემოქმედები, მასწავლებლები და მენტორები, მზრუნველები და მოხალისეები, კულტურის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებლები და კულტურის მომავალ თაობაზე გადამცემები, იმ უფლებებისათვის მებრძოლები, რომლებსაც ჩვენ ხანდახან არაფრად მივიჩნევთ. ამ წვლილის აღიარება და ხანდაზმული ადამიანების უფლებებისა და ღირსების დაცვა, ყველგან და ყოველთვის, მხოლოდ მორალის კუთხით არსებულ მოთხოვნას არ წარმოადგენს. ის ასევე ეხმარება ქვეყნებს მოერგონ მომავალს, გამოიმუშაონ მდგრადობა და წარმატებით იარსებონ სამყაროში, სადაც სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებები წესად იქცა. 


ჯულია ვალესე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი