ფემინიზმის თავგადასავალი და სახიფათო კავშირები ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.  

თამარ ჯაყელის პოდკასტი:

წლების წინ, როდესაც პირველად დავიწყე ფემინისტური თეორიის კითხვა და საკუთარი თავის ფემინისტად მოაზრება, ერთი ასეთი ფრაზა ამოვიკითხე, რომელიც დღესაც ხშირად მიტრიალებს თავში – „იმდენი ფემინიზმი არსებობს, რამდენიც ფემინისტი“. ამ ფრაზის მიხედვით, ყველა ადამიანს, ვინც თავს ფემინისტს უწოდებს, თავისი მიდგომა და აზრი აქვს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავძლიერდეთ ქალები, როგორ სამყაროში უნდა გვინდოდეს ცხოვრება და საერთოდ, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ. შესაბამისად, წარმოუდგენელია, ვილაპარაკოთ ფემინიზმზე, როგორც რამე ერთ იდეაზე, ან ერთ სოციალურ მოძრაობაზე. შეგვიძლია, ფემინისტების რამდენიმე ყველაზე დიდი ჯგუფი გამოვყოთ. მაგალითისთვის, შეგვიძლია ვისაუბროთ ლიბერალურ, რადიკალურ, სოციალისტურ ფემინიზმზე, ანარქა-ფემინიზმზე, ეკოფემინიზმზე და სხვა. მრავალფეროვნებას ნამდვილად არ ვუჩივით. თუმცა, თუ ფემინისტურ მოძრაობას გლობალურად გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ დღეს ფემინიზმი დიდწილად დაკავშირებულია ნეოლიბერალურ იდეოლოგიასთან და ეკონომიკურ სისტემასთან. სწორედ ასეთ სისტემაში ვცდილობთ ქალები სხვადასხვა გზით თანასწორი უფლებების მოპოვებას.

აკადემიური წრეების გარეთ, იშვიათად თუ განიხილება ალტერნატიული ფემინისტური დღის წესრიგი. არადა, ის ყველაფერი, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ – ვირუსი, ეკონომიკური კრიზისი, კლიმატის კრიზისი – ჩვენგან სერიოზულ დაფიქრებას, წარსულსა და სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში ქექვასა და წარმოსახვის გაფართოებას მოითხოვს.

ალტერნატიული ფემინისტური აზრის ირგვლივ პოდკასტების ჩაწერის შთაგონება ცნობილი ფემინისტი თეორეტიკოსის, ნენსი ფრეიზერის ნაშრომებმა მომცა. „ფემინიზმი 99 პროცენტისთვის” – ასე ჰქვია ფრეიზერის თანაავტორობით დაწერილ მანიფესტს, რომელიც დასავლური ფემინისტური მოძრაობისთვის ახალ გზას სახავს. ფრეიზერი, ამერიკის მაგალითზე,  სისტემაში ინტეგრირების მსურველ, დომინანტურ ფემინიზმს აკრიტიკებს, რომლის სახეც შეერთებულ შტატებში ჰილარი კლინტონია. ეს არის პროფესიონალურ-მენეჯერული კლასის, შედარებით პრივილეგირებული – საშუალო ან საშუალოზე უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ქალების ფემინიზმი, რომელთაც მიღებული აქვთ მაღალი ხარისხის ფორმალური განათლება. მათი მიზანია, კორპორაციული იერარქიის კიბეზე სვლა და იმავე პრესტიჟისა და შემოსავლის მოპოვება, რაც მათი კლასის კაცებს გააჩნიათ. ფრეიზერი ამბობს, რომ ასეთი ფემინიზმი, ანუ 1%-ის, ან საუკეთესო შემთხვევაში 10%-ის ფემინიზმი, ამ მოძრაობას ელიტიზმს, ინდივიდუალიზმსა და დიდ კორპორაციებს უკავშირებს და ამით ფემინისტების ბრძოლას სახელსაც კი უფუჭებს.

მისივე სიტყვებით: „ფემინისტური იდეოლოგია, რომელიც ერთ დროს რადიკალური მსოფლმხედველობის ნაწილი იყო, ახლა სულ უფრო მეტად გამოიხატება ინდივიდუალისტური მოძღვრებებით. თუ ფემინიზმი ერთ დროს აკრიტიკებდა  კარიერიზმის ხელშემწყობ საზოგადოებას, ახლა ქალებს ურჩევენ, რომ „იმოქმედონ”; მოძრაობა, რომელიც ერთ დროს სოციალურ სოლიდარობას ქადაგებდა, ახლა ქალი ბიზნესმენებით ამაყობს; მსოფლმხედველობა, რომელიც ერთ დროს „მზრუნველობასა” და ურთიერთდამოკიდებულებას უჭერდა მხარს, ახლა ინდივიდუალურ წარმატებასა და მერიტოკრატიას წაახალისებს“.

კულტურის დონეზე რომ ვისაუბროთ, დღეს ფემინიზმი არნახული პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით – დასავლეთის ქვეყნებში. თუკი რამდენიმე ათწლეულის წინ ქალები იმისთვის იბრძოდნენ, რომ მათაც ჰქონოდათ მუშაობის უფლება და საკუთარი შემოსავალი, დღეს უკვე მრავალ ქალს გავიხსენებთ, რომელთაც წამყვანი პოზიციები უკავიათ მსხვილ კომპანიებში. მაგალითად, შერილ სანდბერგი, ფეისბუქის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ხშირად ხვდება მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ქალების სიაში. გასაკვირი არცაა, რადგან ტექნოლოგიურ სფეროში, რომელშიც სანდბერგი მოღვაწეობს, ჯერ კიდევ რთულია ქალებისთვის კარიერულ კიბეზე სვლა. სანდბერგი დღეს კორპორაციული ფემინიზმის ერთ-ერთ მთავარ გმირად გვევლინება. მან წიგნიც კი დაწერა იმისთვის, რომ სხვა ქალები  შთააგონოს. ეს წიგნი ქართულადაც ითარგმნა, სათაურით „იმოქმედე: ქალები, შრომა და ლიდერობის სურვილი“. წიგნი სანდბერგის ცხოვრებას ეფუძნება და მისი მთავარი იდეა ისაა, რომ ქალებმა უნდა ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების, გაბედულად მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, მოვითხოვოთ თანაბარი ხელფასი, ფეხმძიმობის დროსაც ბოლო დღეებამდე ვიაროთ ოფისში და დავრწმუნდეთ, რომ ბავშვის გაჩენამდე ისეთ მყარ პოზიციას  მივაღწიეთ კარიერაში, რომ დედობა მას ვერ დააზიანებს. სანდბერგი ასევე გვაძლევს რჩევებს, როგორ დავაბალანსოთ ოჯახური ცხოვრება საქმესთან. წიგნი გვიხატავს ქალის სურათს, რომელსაც ყველაფერი აქვს, ყველაფერი გამოსდის, ყველაფერს აბალანსებს. დღეს სწორედ ასეთი ქალია მრავალი ნეოლიბერალი ფემინისტის იდეალი – ქალი, რომელიც კარიერის მწვერვალზე იმყოფება და თან მისაბაძი ცოლი და დედაა.

„ბევრი იშრომე, ამბიციური ოცნებები დაისახე, შეუპოვრად მისდიე მიზანს და ყველაფერს მიაღწევ“ – ამბობენ კორპორაციული ფემინიზმის გმირები, რომლებიც დიდწილად განათლებული, პრივილეგირებული, თეთრკანიანი ქალები არიან. ქალები, რომელთაც ჰყავთ მოსამსახურეები და ძიძები, რომლებიც თავის დროზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ და რომელთა ცხოვრებაშიც იშვიათად დამდგარა ის პრობლემები, რომლებიც ქალების დიდი ნაწილისთვის ყოველდღიურობაა.
სინამდვილეში, სანდბერგის „იმოქმედე“ მანიფესტია არა ქალების უმრავლესობისთვის, არამედ ისედაც შედარებით პრივილეგირებული ქალებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი პირადი წარმატებაა. ეს არის პრივილეგირებული ქალის მიერ დაწერილი მანიფესტი ოდნავ ნაკლებად პრივილეგირებული ქალებისთვის. ნელ-ნელა საქართველოშიც ვხვდებით სტატიებს ინოვატორ ქალებზე, მეწარმე ქალებზე, ინფლუენსერ ქალებზე, ანტრეპრენიორ ქალებზე… ნეოლიბერალური ფემინიზმის პრობლემა ზედმეტად გამახვილებული ყურადღებაა ინდივიდუალურ ისტორიებზე. ისტორია ქალზე, რომელიც ერთ-ერთი მდიდარი კომპანიის ტოპმენეჯერია, ფარავს ქალთა 90%-ის რეალობას და გვაფიქრებინებს, რომ, თუ მოვინდომებთ, ჩვენც შეგვეძლება მივაღწიოთ წარმატებას.

ნეოლიბერალური ფემინიზმის ერთ-ერთი მთავარი სახე ალბათ მაინც ჰილარი კლინტონია, რომელიც 2016 წელს ლამის გახდა კიდეც ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი. ქალის ადგილი სამზარეულოში კი არა, თეთრ სახლშიაო – ხშირად ამბობდნენ ჰილარის მხარდამჭერები. დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის ჰილარის ბერნი სანდერსი, 70 წელს გადაცილებული ებრაელი კაცი უწევდა კონკურენციას, რომელიც თავს დემოკრატ-სოციალისტს უწოდებდა და ამერიკული პოლიტიკის ტრანსფორმაციას ისახავდა მიზნად. მახსოვს, როგორ ცდილობდა ჰილარი კლინტონი ქალი მხარდამჭერების მობილიზებას იმ ნარატივით, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი უდიდესი გამარჯვება იქნებოდა ფემინისტური მოძრაობისთვის. სინამდვილეში, ბერნი სანდერსის პოლიტიკა ქალების უმეტესობას უკეთეს ცხოვრებას შეუქმნიდა, მისცემდა რა მათ უფასო საუნივერსიტეტო განათლებას, უფასო ჯანდაცვას და ა.შ., თუმცა, სამწუხაროდ, ბერნი კაცი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა მას ემხრობოდა, მაინც ჰილარიმ მოირგო „ქალების კანდიდატის“ სტატუსი, როდესაც დემოკრატიული პარტიის ნომინაცია მოიპოვა. ჟურნალ „ატლანტიკში“ ასეთი სათაურის სტატიაც კი გამოქვეყნდა „ჰილარი კლინტონის ფემინისტური ტრიუმფი“. ბრიტანეთსაც რომ შევხედოთ, ტერეზა მეი, კონსერვატიული შეხედულებების პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ბრიტანეთს ევროკავშირი დაეტოვებინა, ხშირად იყო მოხსენიებული, როგორც „ბრიტანეთის ყველაზე ფემინისტი პრემიერ-მინისტრი“, „ქალების ქალი“, „ქალთა უფლებების დამცველი“. არადა, სწორედ მან დაუჭირა მხარი აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და ემიგრანტი ქალების ციხის მსგავს პირობებში მოთავსებას. ანგელა მერკელიც, რომელიც ხშირადაა მიჩნეული, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქალი ლიდერი, სინამდვილეში თითქმის არაფერს აკეთებს ქალთა უფლებებისთვის. მრავალი წლის განმავლობაში, ის ფემინისტად იდენტიფიცირებასაც გაურბოდა.

ეს ყველაფერი, ერთად აღებული, გვაფიქრებინებს, რომ ნეოლიბერალური, კორპორაციული ფემინიზმი სინამდვილეში შორს დგას მრავალი ქალის საჭიროებებისგან. გლობალურად, და მათ შორის საქართველოშიც, ფემინიზმი დღეს აღიარებაზე აკეთებს აქცენტს – ბრძოლებზე კულტურულ, პოლიტიკურ და სამართლებრივ სფეროებში. ვითხოვთ, რომ მეტი ქალი იყოს პარლამენტის შემადგენლობაში, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა მოიპოვონ ადეკვატური მხარდაჭერა, რომ ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალები მიღებული იყვნენ საზოგადოებაში და ა.შ.

ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია და მეც მუდამ ვცდილობ, ამ ბრძოლების წინა ხაზებზე ვიყო და ჩემი წვლილი შევიტანო პოლიტიკისა და კულტურის გარდაქმნაში. თუმცა, ისევ ნენსი ფრეიზერს თუ დავუჯერებთ, უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ფემინისტური მოძრაობა, გლობალურად, ნაკლებად მუშაობს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ისე მოხდა, რომ ფემინისტურმა მოძრაობამ სწორედ მაშინ გაააქტიურა ბრძოლა კულტურულ ფრონტზე, როცა დღევანდელი ისტორიული გადმოსახედიდან, ყველაზე დიდ დარტყმას ქალები ეკონომიკურ ფრონტზე განიცდიდნენ. სწორედ 60-იან წლებში, იმ პერიოდში, როცა დასავლეთში ჩვენთვის ცნობილი და ხშირად სანატრელი კულტურული ტრანსფორმაციები მოხდა, ასევე მოხდა უდიდესი ტრანსფორმაცია, რომელმაც საკმაოდ უხმაუროდ ჩაიარა, თუმცა მასშტაბური და დიდწილად კატასტროფული შედეგები გამოიწვია. ეს იყო ტრანსფორმაცია სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან, კეინსიანური ეკონომიკიდან ნეოლიბერალურ ეკონომიკაზე, ანუ ისეთი ტიპის კაპიტალიზმზე, რომელმაც სახელმწიფოს ჩამოართვა სადავეები და რეალური მმართველობა კერძო კომპანიებს, კაპიტალს მიანდო. ისე გამოვიდა, რომ ფემინისტური კრიტიკა დიდწილად ამ ახალმა, ნეოლიბერალურმა სისტემამ მოირგო და სათავისოდ გამოიყენა. ამის ყველაზე დიდი მაგალითი ფემინისტური მოძრაობის ბრძოლაა 60-იან წლებში იმისთვის, რომ ქალებს უკან მოეტოვებინათ დიასახლისის როლი, დასაქმებულიყვნენ ოჯახს გარეთ და პირადი შემოსავალი ჰქონოდათ. ეს მართლა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ნეოლიბერალურმა სისტემამ თავის სასარგებლოდ შეატრიალა – თუკი 60-იანი წლების დასაწყისში, ერთი ადამიანის, ანუ უმეტესწილად კაცის, ხელფასი საკმარისი იყო ოჯახის სარჩენად, დღეს ეს წარმოუდგენელია, რადგან ხშირად ორ ადამიანსაც კი უჭირს საკმარისი თანხის გამომუშავება. მარტივად რომ ვთქვათ, ნეოლიბერალურმა სისტემამ გამოიყენა ქალების სურვილი, ჰქონოდათ პროფესია – გაზარდა მშრომელების რაოდენობა თავისი კომერციული მიზნებისთვის და შეამცირა რეალური ხელფასები. დღეს კი ქალები დიდი პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაუფასებელ, დაბალანაზღაურებად, დაუცველ სფეროებში გვევლინებიან – ეს კორონავირუსმაც კარგად აჩვენა.

თუ ფემინიზმის თავგადასავლის დეტალები გაინტერესებთ – როგორ მოათვინიერა ნეოლიბერალურმა სისტემამ ქალთა ნამდვილად ემანსიპატორული წინააღმდეგობა, გირჩევთ, ნენსი ფრეიზერის ნაშრომებს გაეცნოთ. თუმცა, ჩვენი მიზნებისთვის, მთავარი არა ეს ისტორია, არამედ ის დასკვნა, ის რეკომენდაციაა, რომელსაც ფრეიზერი დღევანდელ ფემინისტურ მოძრაობას აძლევს. როგორღაც უნდა დავაბალანსოთ აღიარებისთვის, კულტურული ტრანსფორმაციისთვის ბრძოლა ბრძოლასთან გადანაწილებისთვის, ანუ უფრო მზრუნველი, უფრო თანასწორი ეკონომიკის შექმნით სოციალური სამართლიანობის მიღწევისთვის. როგორღაც ის „სახიფათო კავშირები“, რომლებიც ფემინიზმსა და ნეოლიბერალიზმს შორისაა გაბმული, ახალი კავშირებით უნდა ჩავანაცვლოთ – კავშირებით საზოგადოების იმ ჯგუფებთან, რომელთა ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის. კავშირებით იმ მოძრაობებთან, რომლებიც დღეს ასევე იბრძვიან სამართლიანობისთვის – მშრომელთა უფლებებისთვის, მდგრადი გარემოსთვის… ჩვენი ბრძოლა კულტურულიცაა და მატერიალურიც. ჩვენი ბრძოლა არ მთავრდება იქ, სადაც მიღწეულია გენდერული თანასწორობა, რადგან ის სისტემა, რომელშიც ვცდილობთ გათანასწორებას, თავად ჩვენს სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თუნდაც იმიტომ, რომ იგი პლანეტის განადგურებაზეა დაფუძნებული. ჩვენი ბრძოლა არის პირველ რიგში აქ და ახლა, მაგრამ ასევე უნდა იყოს მიმართული მომავლისკენ. ის გრძელვადიანია, ამიტომ მუდამ უნდა ვეძიოთ ალტერნატიული აზრი, ვიკვლიოთ წარსული და გავითვალისწინოთ სხვადასხვა ისტორიული კონტექსტი. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჩემი პოდკასტების ციკლი.