პარიზში, 24 მაისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიან სალგადო, რომლის შავ-თეთრმა, დოკუმენტურმა ფოტოებმა ადამიანის უფლებები და ბუნების კატაკლიზმები თანაბარი სიძლიერით ასახა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინიასიო ლულა და სილვამ, რომელიც წლების განმავლობაში სალგადოს შემოქმედებისა და ეკოლოგიური იდეების აქტიური მხარდამჭერია, მისი ხსოვნის პატივსაცემად მთელს ბრაზილიაში წუთიერი დუმილის გამოცხადება მოითხოვა.
„სალგადომ არა მხოლოდ თვალები და ფოტოკამერა გამოიყენა ადამიანების გადასარჩენად, არამედ სავსე სულისა და მხურვალე გულის მთლიანობაც. მისი ნამუშევრები კაცობრიობის სინდისის გამოფხიზლებას, ზარის ხმას ჰგავდა “; – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. სებასტიან სალგადოს მრავალფეროვანი და ძირითადად, შავ-თეთრი ფოტოგრაფია მაინც გარკვეულ თემატურ და კონცეფტუალურ ჩარჩოებშია მოქცეული.
ეს არის ცნობილი და მრავალწლიანი პროექტი „მუშები“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა მძიმე ფიზიკურ შრომას ასახავს; მეორე უმთავრესი პროექტია – EXODUS („გამოსვლა“), რომელიც ემიგრაციაში წასული, ან სახლებიდან გაქცეული ადამიანების ყოფას შემზარავი გულწრფელობით გვიჩვენებს და მესამე, ყველაზე ხანგრძლივი და შედარებით ახალი – „ამაზონია“, რომელიც ამაზონიის ტროპიკული ტყეების გაჩანაგებას ასახავს და მის გადარჩენაზეა ფოკუსირებული.
სალგადო დაიბადა 1944 წელს, ბრაზილიის აიმორესის მუნიციპალიტეტში (მინას-ჟერაისის შტატი). 1967 წელს დაამთავრა სან პაულოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და დაქორწინდა პიანისტ ლელია დე ლუიზ ვანიკიზე. სალგადო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი სპეციალობით მუშაობდა და მსოფლიო ბანკის სახელით ხშირად სტუმრობდა აფრიკის კონტინენტს, სადაც პირველად დაიწყო კიდეც ფოტოების გადაღება.
1973 წლიდან, როგორც რეპორტიორი, მთლიანად ფოკუსირებულია ფოტოგრაფიაზე, ხოლო მისმა ეკოლოგიური შინაარსის შავ-თეთრმა ფოტოებმა ცნობილი გამოცემების ყურადღება მიიქციეს. 1979 წელს იგი Magnum Photo-ს სააგენტოში მიიღეს. 1994 წელს, პარიზში მეუღლესთან, ლელია ვანიკისთან ერთად, საკუთარ სააგენტოს – Amazonas Images აფუძნებს. სალგადო აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ფოტოპროექტებზე, გამოსცემდა საკუთარ ფოტოწიგნებს, როგორიცაა „სხვა ამერიკა“, „მუშები“, „მიგრანტები“, „დაბადება“…
ფოტოგრაფმა კარიერის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. 1992 წელს აშშ-ს ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის საპატიო წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს, საფრანგეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის წევრად აირჩიეს. სალგადოს ცხოვრება და კარიერა განისაზღვრა დაუღალავმა პრინციპებმა და ერთგულებამ, რაც სამყაროს აღწერას, დოკუმენტირებას და საბოლოო ჯამში, მისი გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის იდეას ემყარებოდა. 2004 წლიდან სალგადო მუშაობს პროექტზე Genesis, რომლის ფარგლებშიც ასახავს პეიზაჟებს, ფლორასა და ფაუნას, რომლებიც ჯერ კიდევ ხელუხლებელია ადამიანისა და ცივილიზაციის მიერ.
პროექტზე ცხრა წლიანი მუშაობის შემდეგ, ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა, 2013 წელს წარმოადგინა 250 ფოტოსგან შემდგარი კოლექცია და გამოსცა ილუსტრირებული წიგნი-ალბომი, რომლის დიზაინიც სალგადოს მეუღლემ, ლელიამ შექმნა. 1998 წელს, აფრიკიდან ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ, სალგადომ თვალნათლივ დაინახა, რომ ის ადგილები, რომელიც ადრე ხშირი მცენარეულობითა და ველური ბუნებით იყო დაფარული, ნელ-ნელა გაჩანაგდა, უდაბნოდ გადაიქცა. ამიტომ, გადაწყვიტა ტყის ხელახლა გაშენება.
მეუღლესთან ერთად, მან „დედამიწის ინსტიტუტი“ დააარსა, რომლის მიზანიც ბრაზილიის ტროპიკული ტყეების უნიკალური მცენარეების აღდგენა და შენარჩუნება იყო. შედეგად, დაახლოებით 600 ჰექტარ ფართობზე ატლანტიკური ტყის 2.5 მილიონი სახეობის ხე დაირგო. ამის გამო უდაბნოს რეგიონის კლიმატი და წყლის ბალანსი მეტ-ნაკლებად აღდგა.
მოგვიანებით სალგადომ ეს მიწები ბრაზილიელ ხალხს „ეროვნული პარკის“ სახით გადასცა. სალგადო ასევე მხარს უჭერდა ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას სახელწოდებით Survival International, რომელიც მიზნად ისახავს ბრაზილიელი ინდიელების დაცვას. ისინი რეგიონიდან და საკუთარი სახლებიდან ტყის გაჩეხის გამო წავიდნენ, ან ეკოლოგიურ კატასტროფას მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
2014 წელს, გერმანელმა კინორეჟისორმა ვიმ ვენდერსმა, რომელიც ცნობილი ფოტოგრაფის შემოქმედებას 25 წლის განმავლობაში სწავლობდა, გადაიღო დოკუმენტური ფილმი „დედამიწის მარილი“ სალგადოს შვილთან, რეჟისორთან და ოპერატორთან, ჯულიანო რიბეირო სალგადოსთან ერთად. ფილმისთვის სპეციალურად შემუშავდა კამერა ობსკურაზე დაფუძნებული უნიკალური ტექნოლოგია: სებასტიან სალგადო იჯდა ეკრანის წინ, სადაც მისი ფოტოებია გამოფენილი. ამ ეკრანის უკან ვიდეოკამერა განთავსებული და მათ შორის გამჭვირვალე სარკეა დამონტაჟებული. ეს სალგადოს საშუალებას აძლევდა ერთდროულად შეეხედა როგორც თავის ფოტოებისათვის, ასევე კამერისათვის და მნახველის რეაქციას დაჰკვირვებოდა.
ვენდერსის ფილმის პრემიერა 2014 წელს, კანის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მან სპეციალური პრიზი დაიმსახურა. 2015 წელს კი „დედამიწის მარილი“ ნომინირებული იყო „ოსკარზე“, საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში.