15 დეკემბერს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელსაც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა დაიბარა რუსეთის ფედერაციის ელჩი გერმანიაში, სერგეი ნეჩაევი. რუსეთის ორი დიპლომატი კი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რაც მათი გაძევების ტოლფასია.
„სახელმწიფო დაკვეთით შესრულებული ეს მკვლელობა, როგორც დღეს სასამართლომ დაასკვნა, გერმანიის კანონმდებლობისა და გერმანიის სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს “, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ საქმეს თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა გერმანიის ფედერალური პროკურატურის პოზიციამ, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს. რუსეთის საელჩო კი სასამართლოს განაჩენს აკრიტიკებს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო, რაც მოსკოვსა და ბერლინს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააუარესებს.
რა ვითარებაში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი?
გამოძიების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მეჩეთში სალოცავად ფეხით მიდიოდა, როცა მას ბერლინის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში ველოსიპედით მიუახლოვდა მკვლელი და მაყუჩიანი პისტოლეტიდან თავში ესროლა.
თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გადააგდო თავდამსხმელმა ველოსიპედი და ჩანთა მდინარეში, მალევე პოლიციამ თავდასხმის იარაღი, „გლოკის“ ტიპის პისტოლეტი იპოვა. მოგვიანებით აიყვანეს თავდამსხმელიც. გერმანელმა სამართალდამცველებმა თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ის რუსეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ვადიმ სოკოლოვი იყო.
თუმცა, Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მკვლელობიდან რამდენიმე დღეშივე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ მკვლელს, სავარაუდოდ, გამოგონილი გვარი ჰქონდა. მან გერმანიის საზღვარი ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთა.
სწორედ, ხანგოშვილის მკვლელის ვინაობის დადგენით დაიწყო Bellingcat-ის, Insider-ისა და Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების სერია გერმანიაში FSB-ის სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ.
ვინ არის მსჯავრდებული ხანგოშვილის მკვლელობისთვის
Bellingcat-ის, Insider-სა და Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სინამდვილეში მკვლელი 1965 წელს დაბადებული ვადიმ კრასიკოვია. თავის დროზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი. გამოძიების მიხედვით, კრასიკოვმა მოსკოვში 2013 წელს რუსი ბიზნესმენი მოკლა. მკვლელობის სცენარიც ხანგოშვილის მკვლელობისმაგვარი იყო, კრასიკოვი ორივე მსხვერპლს თავს ველოსიპედით დაესხა.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე მიაკვლიეს ინფორმაციას, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსეთში კიდევ ერთ მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. როგორც საგამოძიებო რეპორტაჟის ავტორები სხვადასხვა ფაქტებზე დაყრდნობით წერენ, ის კარელიაში 2007 წელს ადგილობრივი ქალაქის საბჭოს წევრისა და ბიზნესმენის, კოზლოვის მკვლელობაშიც იყო ეჭვმიტანილი.
ჟურნალისტების მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ რუსეთმა მოსკოვში მომხდარი მკვლელობის გამო კრასიკოვის ძებნა 2014 წელს დაიწყო. იმავე წელს რუსეთმა ინტერპოლს მიმართა კრასიკოვის ძებნილად გამოცხადების თხოვნით. მაგრამ მოსკოვმა 2015 წელს ვადიმ კრასიკოვის ინტერპოლით ძებნა ჩუმად შეწყვიტა. ასევე შეწყვიტა ძებნა რუსეთის მასშტაბით. კრასიკოვის ფაილები ინტერპოლიდან წაიშალა.
Bellingcat რუსული საგამოძიებო უწყებებიდან წყაროების მიერ მიწოდებული მონაცემებსა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით წერს, რომ, როგორც ჩანს, 2014 წელს ვადიმ კრასიკოვი რუსულ მილიციას ჩაბარდა. თუმცა, მისთვის ფორმალური მსჯავრიც კი არ გამოუტანიათ. კრასიკოვი არ უნახავთ სასამართლოზე 2007 წელს მოკლული კოზლოვის ახლობლებსაც.
გამომძიებელი ჟურნალისტები ასკვნიან, რომ ვადიმ კრასიკოვმა, როგორც ჩანს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. რადგან მისი სავარაუდო დაკავებიდან მალევე, 2015 წლის გაზაფხულზე კარელიაში მომხდარ მკვლელობაზე ორი ადამიანი დააკავეს. თავად კრასიკოვი კი, რომელსაც მკვლელობებისთვის უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, ციხეში არ მოხვდა. მეტიც, აღარაფერი ჩანს მის კრიმინალურ წარსულზე.
დაკავებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ კი, როგორც Bellingcat-ის ჟურნალისტები მიიჩნევენ, კრასიკოვი უფრო შორს წავიდა და რუსული უშიშროებისთვის, FSB-ისთვის დაიწყო მუშაობა. რადგან დაკავების შემდეგ, არამარტო მისი კრიმინალური ისტორია გასუფთავდა, მისი კვალი საერთოდ ქრება რუსული მონაცემთა ბაზებიდან.
ერთადერთი, რაც კრასიკოვის არსებობას კვლავ ადასტურებს, მის სახელზე გაცემული პასპორტია. მისი გაუჩინარების შემდეგ კი რუსულ მონაცემთა ბაზებში ახალი პიროვნება, ვადიმ სოკოლოვი გამოჩნდა. რუსულ წყაროებში ჩანს, რომ კრასიკოვი იმ დროს უკვე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმშიც ჩავიდა გაყალბებული საბუთებით და სოკოლოვის გვარით.
კავშირები „ვიმპელსა“ და რუსეთის უშიშროებასთან
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მოპოვებული საგადასახადო ჩანაწერები ვადიმ კრასიკოვსა და „ვიმპელის“ სულ მცირე რვა წევრს შორის კავშირს ადასტურებს.
სამი მათგანი „ვიმპელის“ ვეტერან ოფიცერთა ასოციაციაში ახლაც თანამდებობებს იკავებს. მათგან გამოსაყოფია ედუარდ ბენდერსკი, ვეტერანთა ასოციაციისა და „ვიმპელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელი.
ბენდერსკი ოფიციალურად უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კერძო კომპანიებს კურირებს, რომლებშიც ყოფილი სპეცრაზმელები არიან დასაქმებული. ის ოფიციალურად არაერთ სახელმწიფო კონტრაქტს ფლობს.
„ვიმპელი“ საბჭოთა პერიოდში დაფუძნებული ყოფილი ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმია, რომელიც შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გადაიბარა.
ბენდერსკის წამყვანი ორგანიზაცია ახლაც „ვიმპელის“ სახელით ფუნქციონირებს. ხოლო რუსული დამოუკიდებელი გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ 2003 წლის გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ორი ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმის „ალფასა“ და „ვიმპელის“ შერწყმის შემდეგ შეიქმნა სპეციალური ოპერაციების ცენტრი (სოც). ბენდერსკიმ კი, რომელიც თავად იყო „ვიმპელის“ წევრი, კარიერა ოფიციალურად დაასრულა, თუმცა სინამდვილეში არაოფიციალურ პოზიციაზე გადაინაცვლა და „ვიმპელის“ ყოფილი წევრები შემოიკრიბა.
„ნოვაია გაზეტას“ გამოძიებით, ბენდერსკი რუსეთის უშიშროების გენერლის ალექსანდრ ტიხონოვის დავალებებს ასრულებს. ტიხონოვი რუსეთის უშიშროებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაა და სწორედ „ვიმპელისა“ და „ალფას“ ბაზაზე შექმნილ სპეციალური ოპერაციების ცენტრს ხელმძღვანელობს.
ის ეროვნული გმირის წოდებასაც ატარებს „ნორდ-ოსტის“ და ბესლანის სპეცოპერაციების შემდეგ, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეების დიდი მსხვერპლით დასრულდა.
Bellingcat წერს, რომ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, რომელსაც ბენდერსკისთან დაპირისპირებული ყოფილი სპეცრაზმელი დაუკავშირდა და „ვიმპელის“ შესახებ მოუთხრო, ბოლო სამი წერილის გამოქვეყნებამდე დაიღუპა. „ვიმპელის“ შესახებ დარჩენილ ბოლო წერილებს, როგორც ცნობილი იყო, უშუალოდ ბერდინსკი უნდა გამოეაშკარავებინა. ოფიციალური ცნობებით, ჟურნალისტი მოწამლეს, მაგრამ გამოძიება „არასაკმარისი მტკიცებულებების“ გამო შეწყდა.
ბენდერსკისა და კრასიკოვს შორის კი ხანგოშვილის მკვლელობამდე რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ზარი ფიქსირდება. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, მათ ტელეფონით სულ მცირე 20-ჯერ მაინც ისაუბრეს 2019 წლის თებერვალ-აგვისტოს პერიოდში. სატელეფონო ზარები განსაკუთრებით ხანგოშვილის მკვლელობის წინ გახშირდა.
Bellingcat წერს, რომ მათმა პარტნიორებმა The Insider-დან სატელეფონო კომენტარისთვის თავად ედუარდ ბენდერსკის მიმართეს, მან კი განაცხადა, რომ კრასიკოვს არ იცნობს და არც ტელეფონით უსაუბრიათ არასდროს. თუმცა კი ჟურნალისტებმა ბენდერსკის სწორედ იმ ნომერზე დაურეკეს, რომელთანაც კრასიკოვის არაერთი ზარი ფიქსირდებოდა.
სატელეფონო ზარების გამოკვლევა, როგორც Bellingcat წერს, არაერთი მცდელობის შემდეგ შეძლეს.
ასევე, ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩანს, რომ კრასიკოვი არაერთხელ სტუმრობდა სპეციალური ოპერაციების ცენტრის სასროლეთსაც. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ, კრასიკოვს ზელიმხან ხანგოშვილის მოსაკლავად FSB-ის დახურულ ბაზაზე სწორედ იქ ამზადებდნენ.
კრასიკოვი შესაძლოა, ყოფილი სპეცრაზმელიც იყოს. ამ ვარაუდის საფუძველს მის წარსულში დაფიქსირებული სხვადასხვა ფაქტი იძლევა.
ასევე, ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩანს, რომ კრასიკოვი უკავშირდებოდა FSB-ის ყოფილ ოფიცერს ევგენი ეროშკინს, რომელმაც რუსეთიდან ყირიმში კრასიკოვის ცოლი და შვილი ჩაიყვანა. მას შემდეგ ეროშკინის მგზავრობის მოპოვებული ჩანაწერები ყირიმში კრასიკოვთან სატელეფონო კავშირებს ემთხვევა.
ამ და სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ჩანს, ჟურნალისტები, რომლებმაც საგამოძიებო რეპორტაჟების სერია მიუძღვნეს ხანგოშვილის საქმეს, ასკვნიან, რომ მკვლელობის კვალი რუსეთის სპეცსამსახურებთან მიდის. არაფერი მიანიშნებს თავდაპირველად გაჟღერებულ ვერსიებზე, რომ ის ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით მოკლეს ან ეს კრასიკოვის პირადი შურისძიება იყო.
ერთი რამ, რაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როგორც საგამოძიებო რეპორტაჟების ავტორები წერენ, ის არის, რომ კრასიკოვი ბერლინში უშუალოდ ხანგოშვილის მკვლელობის წინ ჩავიდა. შესაბამისად, მას არ უნდა ჰქონოდა საკმარისი დრო მკვლელობის მოსამზადებლად. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ კრასიკოვს რუსული სპეცსამსახურებიდან ვიღაც უშუალოდ გერმანიაშიც ეხმარებოდა.
ამ ვარაუდს ამძაფრებს ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის სიკვდილი, ვინც ასევე ჟურნალისტური გამოძიების შედეგად FSB-ს დაუკავშირეს.
რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, ოფიციალური ცნობებით, საელჩოს შენობიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მოსკოვმა კი გერმანიას ამ შემთხვევის გამოძიებაში ჩართვის საშუალება არ მისცა. დაღუპულის ცხედარი ექსპერტიზის ჩატარების გარეშე რუსეთში გადაასვენეს.
საელჩოს დაღუპული თანამშრომელი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FSB-ის მეორე სამსახურის დირექტორის ალექსეი სედოვის მოადგილის ალექსეი ჟალოს შვილია. დოკუმენტური წყაროებიდან დგინდება სედოვსა და ბენდერსკის კავშირი. ასევე სოც-ის ცენტრი, რომელსაც კრასიკოვი სტუმრობდა, სწორედ სედოვის სამსახურს ეკუთვნის.
Bellingcat-ის ინფორმაციით, საგამოძიებო რეპორტაჟებიდან ასევე დგინდება, რომ სავარაუდოდ, სედოვის სამსახურის თანამშრომლებმა მოწამლეს ალექსეი ნავალნიც.
ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი?
რატომ გადაწყვიტეს რუსულმა სპეცსამსახურებმა გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მოკვლა? Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ პასუხი მის წარსულშია.
ზელიმხან ხანგოშვილი 1979 წელს საქართველოში, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაიბადა. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომში და ერთ-ერთი საველე მეთაურიც იყო. მისი ძმა ზურაბ ხანგოშვილი ადასტურებს, რომ 2004 წელს ზელიმხანი ნაზრანზე გახმაურებულ თავდასხმაშიც მონაწილეობდა.
ზურაბ ხანგოშვილი ასევე ამბობს, რომ ზელიმხანი თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლებასთანაც. მათ შორის, როგორც ცნობილია, ის ცდილობდა მოლაპარაკების წარმოებას 2012 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციისას.
Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებთან. 2008 წელს კი მან რუსეთთან ომში მონაწილეობის მიღებაც გადაწყვიტა. თუმცა, არ ჩანს, იყო თუ არა ხანგოშვილი საომარ მოქმედებებში უშუალოდ ჩართული.
გერმანიაში ხანგოშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც მისი მოკვლა თბილისშიც სცადეს. 2015 წელს ხანგოშვილს უცნობი პირი დაესხა თავს და 8 ტყვია ესროლა. ჭრილობების მიუხედავად, ხანგოშვილი გადარჩა. მას შემდეგ ზელიმხანი ოჯახთან ერთად ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც თავშესაფარს ითხოვდა. მისი ოჯახი თბილისში მომხდარ თავდასხმაში რუსულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი მკვლელობის მცდელობის გამოსაძიებლად საკმარისი ძალისხმევა არ გაიღო. გამოძიება ხარვეზებით წარიმართა და ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
საქართველოს პოზიცია
საქართველოს ხელისუფლებას ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობის გამოძიებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა „სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა“. არასამთავრობო ორგანიზაცია 2020 წლის 12 ნოემბერს წერდა, რომ პროკურატურამ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო.
ხოლო რადგან თბილისში მომხდარი თავდასხმისას „საქართველოს პროკურატურამ დემონსტრაციული უმოქმედობა გამოავლინა და ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება დააგვიანა“, იმ თავდასხმის გამოძიება წლების შემდეგ კიდევ უფრო არარეალური გახდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილის შემდგომ მიმდინარე გამოძიების პროცესის ანალიზმაც კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობისა და მოჩვენებითობის პრობლემა.
„საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისში განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ვერ უზრუნველყო ეფექტიანი და ჯეროვანი გამოძიების ჩატარება და ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება აშკარა დაგვიანებით განახორციელა, რაც გაცნობიერებული გულგრილობისა და მისი მოქალაქის სამართლებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების უგულებელყოფის განცდას ტოვებს“, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ხანგოშვილის საქმეზე სკანდალური აღმოჩნდა გერმანიის ფედერალური პროკურატურის ჩანაწერი, რომელშიც უწყებამ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულად მოიხსენია. მაშინ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა თავისი ქვეყნის პროკურატურის ჩანაწერი განმარტა და განაცხადა, რომ სინამდვილეში პროკურატურას თავად ხანგოშვილის სიტყვების ციტირება სურდა.
საქართველოს ხელისუფლებას პასიურობის გამო აკრიტიკებდა ზელიმხან ხანგოშვილის ძმა ზურაბ ხანგოშვილიც მისი მკვლელობის და სავარაუდო მკვლელის დაკავების შემდეგ. ზურაბ ხანგოშვილი ქართულ ტელეარხებთან ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ შეგნებულად არიდებდა თავს ამ საქმეზე პოზიციის დაფიქსირებას.
საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკა კიდევ ერთხელ აქტუალური ცოტა ხნის წინ გახდა, მას შემდეგ, რაც ბერლინში ვადიმ კრასიკოვის სასამართლო დასრულდა.
საქართველოს ხელისუფლება კრასიკოვისთვის მსჯავრის გამოტანას საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებით გამოეხმაურა:
„მოგეხსენებათ, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“.
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილმა „ოცნების“ ეს რეაქცია სუსტად შეაფასა, რადგან გაცილებით მკაცრი იყო გერმანიის პასუხი. კრასიკოვის სასჯელს ბერლინში რუსეთის ელჩის დაბარება და გერმანიიდან დიპლომატების გაძევება მოჰყვა. არადა, ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. მისი მკვლელობის სავარაუდო მოტივი კი, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებია, მათ შორის, შესაძლოა საქართველო-რუსეთის ომშიც.
შურისძიება ქართველების დახმარების გამო?
როგორც ჩანს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის სცენარი ახალი არ ყოფილა. 2019 წელს უკრაინაში დააკავეს პირი, რომელმაც ტერაქტის მოწყობა სცადა. სამიზნე უკრაინის კონტრდაზვერვის ოფიცერი იყო, რომელმაც დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსული ქსელების გაუვნებელყოფაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ისე მოხდა, რომ უკრაინელი ოფიცრის მანქანის ქვეშ დამონტაჟებული ბომბი ნაადრევად აფეთქდა და თავად დამმონტაჟებელი მძიმედ დააზიანა.
სამართალდამცველებმა დააკავეს ტერაქტის ავტორი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. როგორც აღმოჩნდა, მასაც კრასიკოვის მსგავსი ისტორია ჰქონდა. ისიც ყალბი საბუთებით მოქმედებდა და მისი რეკრუტირება, სავარაუდოდ, ასევე კრიმინალური ისტორიის „გასუფთავების“ შემდეგ მოხდა.
ამის გარკვევა უკრაინის დაზვერვამ მისი, იმ ე.წ. სუპერვაიზორის დაკავების შემდეგ მოახერხა, რომელიც უკრაინელი სამართალდამცველების თქმით, ტერაქტის ორგანიზატორი იყო.
მსგავსი ისტორიაა კიდევ ერთ ჩავარდნილ რუსული ოპერაციაშიც, რომლის შესახებაც საგამოძიებო რეპორტაჟი The New York Times-მა მოამზადა. თავდამსხმელი აქაც კრიმინალური წარსულის მქონე პირი იყო.
საინტერესოა, რომ პულიცერის პრემიის მფლობელი, The New York Times-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, მაიკლ შვირცი ოპერაციას, რომელიც უკრაინაში ექვსი პირის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად, საქართველოს უკავშირებდა. მოსკოვმა მათზე შურისძიება, როგორც შვირცი წერს, 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომში ქართული მხარის დახმარების გამო გადაწყვიტა.
ისტორია კი ასეთია: 2015 წელს უკრაინაში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ოლეგ სმოროდინოვი, რომელიც რუსეთიდან იქ ყოფილი პარტნიორი ქალისთვის სიურპრიზის მოსაწყობად ჩავიდა. როგორც აღმოჩნდა, უკრაინის ძალოვან უწყებებს მის შესახებ სწორედ ყოფილმა პარტნიორმა აცნობა, რადგან შეიტყო, რომ მკვლელობებში იყო გარეული.
სმოროდინოვის შესწავლა უკრაინულმა კონტრდაზვერვამ დაიწყო და აღმოაჩინეს, რომ მან სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით, უკრაინის მოქალაქე მოკლა.
საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადებისას The New York Times-ის ჟურნალისტი უკრაინაში, ქალაქ რივნეში ჩავიდა და თავად სმოროდინოვსაც ციხეში რამდენჯერმე შეხვდა. რამდენიმე ინტერვიუს შემდეგ სმოროდინოვმა ჟურნალისტს გაუმხილა, რომ მას 6-კაციანი სია მისცეს, ვინც უნდა მოეკლა. ყველა მათგანს კოდებად ყვავილების სახელები ჰქონდა მინიჭებული. მოკლულს, მაგალითად, „ვარდი“ ერქვა.
„ვარდი დღეს უნდა მოიკრიფოს“ – როგორც სმოროდინოვი იხსენებს, ასე მისწერეს მას რუსეთიდან, რომ დრო იყო მოეკლა უკრაინის მოქალაქე, ვინმე ივან მამჩური, რომელსაც მანამდე დიდხანს უთვალთვალებდა.
მკვლელობის მოტივი არ იცოდა, მაგრამ მოჰყვა, როგორ იღებდა დაშიფრულ გზავნილებს, სად ხვდებოდა თავის საკონტაქტო პირებს და როგორ ემზადებოდა მკვლელობებისთვის. სიიდან მან მხოლოდ ამ ერთის, ივან მამჩურის მოკვლა მოახერხა, რომელიც უკრაინულ ციხეში ბადრაგად მუშაობდა. დანარჩენი ოპერაციების წამოწყებამდე სმოროდინოვი უკრინელმა სამართალდამცველებმა აიყვანეს.
სმოროდინოვი თავს იმართლებს, რომ ის რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი არასდროს ყოფილა. საბჭოთა დროს საზღვაო ძალებში იყო, მერე ერთ ხანს მილიციაში მუშაობდა, თუმცა ცხოვრების დიდი ნაწილი კრიმინალის წევრად გაატარა, – ჰყვება ის The New York Times-ის ჟურნალისტთან.
მისი თქმით, ფული ძალიან სჭირდებოდა, როცა შემთხვევით „ვაგნერის“ წევრი გაიცნო. მან სირიაში წასვლა შესთავაზა, რათა „ვაგნერის“ სახელით ბაშარ ასადისთვის ებრძოლა, ამით ფულს გამოიმუშავებდა. მაგრამ „ვაგნერში“ მოხვედრა და სირიაში ბრძოლა არ გამოვიდა. ამის მერე სმოროდინოვი ჰყვება, რომ მას „ვაგნერის“ კონტაქტმა ორი პირი გააცნო, ვინმე ფილიპი და მაქსიმი. სწორედ ისინი ამზადებდნენ სმოროდინოვისთვის ოპერაციების გეგმებს.
The New York Times-მა მოიპოვა ის სია, ვის მკვლელობასაც გეგმავდნენ სმოროდინოვის ხელით. ერთი შეხედვით მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ. თუმცა, ბევრი მცდელობის შემდეგ ჟურნალისტმა ერთ საინტერესო ფაქტს მიაგნო.
როგორც გამოძიების ავტორი წერს, ის 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომს კონფლიქტის ზონიდან აშუქებდა. მუშაობისას კი ქართველმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს, ცდილობდნენ გაერკვიათ, ხომ არ იყო ჯაშუში. ამ დროს, მათი ბლოკპოსტი დაბომბვის ქვეშ მოჰყვა.
„მანქანიდან გადმოვედი ქართველ ოფიცრებთან დასალაპარაკებლად, როცა საჰაერო თავდაცვის სისტემა ამუშავდა, ცაზე რუსული თვითმფრინავი დავინახეთ. სწორედ მისკენ დაიწყეს სროლა.
შემდეგ საშინელი ხმა გაისმა. ეს ხმა ისე ძლიერდებოდა, რომ მეგონა ბოლოს ყურის ბარაბნები გამისკდებდა. მე სანგრისკენ გავიქეცი და ის იყო ჩავწექი, რომ თვითმფრინავიდან ბომბები ჩამოცვივდა გზაზე. ეს რუსული სამხედრო თვითმფრინავების ესკადრონი იყო. Su-25-ები ბომბავდნენ ყველაფერს, გზას, შენობებს, მინდვრებს.
მერე ერთი რამ მახსოვს მკაფიოდ: საჰაერო თავდაცვის სისტემები ჯერს ჯერზე ისროდნენ და დავინახე, როგორ გაეხვა ერთ-ერთი Su-25 ცეცხლის ალში, შემდეგ ფოთოლივით დაიწყო ვარდნა და მიწას დაასკდა“, – იხსენებს შვირცი.
ამერიკელი ჟურნალისტი, სავარაუდოდ, Buk-M1 სისტემის შესახებ წერს, რადგან რუსული მედია ირწმუნებოდა, რომ სწორედ უკრაინიდან ნაყიდი ამ სისტემების გამოყენებით ჩამოაგდეს ქართველებმა რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის, Su-25.
როგორც მაიკ შვირცი წერს, მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ ქართველებს დამოუკიდებლად არ შეეძლოთ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების ეფექტიანად მართვა და ამაში მათ უკრაინელი ინსტრუქტორები დაეხმარნენ. ამის საილუსტრაციოდ ჟურნალისტს პუტინის განცხადებაც მოჰყავს.
„ჩვენ არ ვიცით, ვინ გადაწყვიტა იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება უკრაინიდან, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ის, მან უდიდესი შეცდომა დაუშვა… ის, რომ სამხედრო მოქმედებების დროს მიწოდებულ იარაღს უკრაინელი სპეციალისტები მართავდნენ, დანაშაულია. თუ ჩვენ ამას დავადასტურებთ, მათ აუცილებლად მივაკითხავთ“, – ციტირებს ომის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინის გაკეთებულ განცხადებას The New York Times.
The New York Times-ის გამომძიებელი ჟურნალისტი წერს, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ სიაში შეყვანილ ექვსივე უკრაინელს სამხედრო წარსული ჰქონდა, მოკლული კი თანამშრომლებთან იხსენებდა პერიოდს, როცა ის ქართველ სამხედროებს ეხმარებოდა. თუმცა, არცერთი უკრაინელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში არ ყოფილა.
ჟურნალისტური გამოძიებით, 2008 წლის ომის წინ საქართველოში ვიზიტი სიაში მყოფი სხვა პირების შემთხვევაშიც დასტურდება. ამ და სხვა ფაქტების ერთობლიობით, The New York Times-ის ჟურნალისტი ასკვნის, რომ, სავარაუდოდ, მათზე შურისძიება რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართველებისთვის გაწეული დახმარების გამო გადაწყვიტეს.
მათ მოსაკლავად გაგზავნილი სმოროდინოვი იმედოვნებს, რომ მას უკრაინელ ტყვეებში გაცვლიან. მაგრამ ასე არ ფიქრობს უკრაინის ეროვნულ პოლიციის ხელმძღვანელი კნიაზევი.
„მას არ ესმის, რომ აღარავის სჭირდება. ის უკვე ჩამოწერილია, გასროლილი ტყვია. სამწუხაროდ, ჩვენს მტერს მისნაირი კიდევ ბევრი ჰყავს რეზერვში“, – ამბობს ამერიკულ გამოცემასთან კნიაზევი.
Bellingcat-ის ჟურნალისტებიც მიიჩნევენ, რომ ყოფილი დამნაშავეების ხელით მოქმედება FSB-ის გეგმის ნაწილია. ყოფილ დამნაშავეებს კი, სავარაუდოდ, იყენებენ არა საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად ან რუსული სპეცსამსახურების უშუალო რთულ ოპერაციებში, არამედ შურისძიებისთვის.
შურისძიება რუსეთის წინააღმდეგ წასვლისთვის – ჩეჩნეთის ომში, დონბასის კონფლიქტში და 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში საქართველოს დახმარებისთვისაც კი. გამოაშკარავების შემთხვევაში კი კრემლისთვის მარტივია უარყოს კავშირი ყოფილ კრიმინალებთან, ისინი ხომ FSB-ის შემადგენლობაში არც არიან.