13 ნოემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აირჩიეს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები.
სამინისტროს ცნობით, ფედერაციამ, რომელიც 2022 წლის 27 სექტემბერს დაარსდა, ყრილობაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით პრეზიდენტად თემურ გიგნაძე, ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი ტყებუჩავა, გენერალურ მდივნად კი თამარ მელუა აირჩია.
უწყების ცნობით, არჩევნებს ესწრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლებიც: მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე.
ამ ინფორმაციის გავრცელებამდე 2 დღით ადრე, 11 ნოემბერს, კახა სურმანიძემ, რომელიც ამბობს, რომ ის საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის ახალარჩეული ვიცე-პრეზიდენტია, და ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ კარატეს ეროვნულ ფედერაციაში განხეთქილებაა და დაპირისპირებულმა ჯგუფმა ალტერნატიული ეროვნული ფედერაცია შექმნა, რომელიც საჯარო რეესტრმა კანონის დარღვევით დაარეგისტრირა.
ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია, რომლის შესახებ სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, სწორედ ის ალტერნატიული ფედერაციაა, რომლის შესახებაც პრესკონფერენციაზე ეროვნულმა ფედერაციამ ისაუბრა.
რატომ დაიწყო დაპირისპირება – რა პოზიცია აქვს კარატეს ეროვნულ ფედერაციას
მიხეილ მახარაძე, კარატეს ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი მდივანი, „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ფედერაციაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წლის 26 იანვარს ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტი კახა ბასილია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დამნაშავედ ცნეს.
სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ბრალდება ბასილიას 2019 წელს წაუყენა. უწყების ცნობით, საქმე 2018 წელს სტამბოლში, შოტოკანის მე-9 ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 10 441 ლარის მითვისებას შეეხებოდა.
მახარაძის თქმით, ბრალდება, რომელიც სახელმწიფომ ბასილიას წაუყენა, ფედერაციის წევრებისთვის „ცუდი სიურპრიზია“. მისივე თქმით, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, იანვარში მოიწვიეს გამგეობა, რომელმაც კახა ბასილია გააკრიტიკა, რაც იმის ნიშანი იყო, რამ მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
კახა ბასილიას წასვლის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია დაიკავა აღმასრულებელმა მდივანმა, რომელმაც პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და აღმასკომის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები მოიწვია.
„აქედან მოყოლებული, დაიწყო გარკვეული ნეგატიური მოძრაობები ფედერაციაში. იმ ხალხის მიმართ, ვინც არაფერ შუაში იყო კახა ბასილიას ქმედებებთან, დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, ტალახის სროლა, მათ შორის, ჩემკენაც, რომ ვართ ბასილიას ხალხი და ა.შ“, – გვეუბნება მიხეილ მახარაძე.
ის ჰყვება, რომ ფედერაციას დაუპირისპირდა მცირე ჯგუფი, მათ შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი გოგიტა არქანია. ამ ჯგუფმა სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფედერაციის შემადგენლობაში იყო „ბასილიას ხალხიც“.
მახარაძის თქმით, ამის შემდეგ დაიწყო შეხვედრები მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მაშინდელ მოადგილესთან, სოსო გიორგაძესთან.
ამ შეხვედრებზე ფედერაცია და მასთან დაპირისპირებული გუნდი შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ.
„შიგადაშიგ ქალბატონ თეასაც ვხვდებოდით. მას და მე კონფლიქტიც მოგვივიდა. მარტივად რომ ვთქვა, მინისტრი ზრდილობის ფარგლებს გასცდა. ჩემთვის კი პირველ რიგში თავმოყვარეობა დგას და მერე საქმე.
გაგრძელდა კომუნიკაცია. ერთ გუნდს ხელმძღვანელობდა მამუკა ყურაშვილი, მეორეს – თემურ გიგნაძე. დაიდო პირობა, რომ შეჯერდებოდნენ წესდებაზე, დელეგატების შემადგენლობაზე და ა.შ., მაგრამ ამავდროულად ერთ-ერთ შეხვედრაზე მინისტრმა ასეთი რამ თქვა: თუ არ მოხდება ისეთი შეჯერება, რომელიც მე მაწყობს, მხარს დავუჭერ იმ მხარეს, რომელშიც არის გოგიტა არქანია.
ამ ფრაზას რომ გაიგებს ადამიანი, ეს ნიშნავს უკვე მწვანეს ანთებას. დესტრუქციული სიტყვაა“, – ამბობს მიხეილ მახარაძე.
მისი მტკიცებით, მამუკა ყურაშვილმა თემურ გიგნაძის გუნდს შეთანხმების მისაღწევად სხვადასხვა პოზიციაც შესთავაზა.
„ასეთი შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა, მათ შორის, მინისტრის კაბინეტშიც. ქალბატონი თეა თვითონ ისმენდა ამას. ვითომ იმათაც უსაყვედურა. არ ვიცი, ეს თეატრალური გამოვლინება იყო თუ რა, რეალურად სულ სხვა პოზიციას დაადგა. ისევ ვიმეორებ, ისევ გააჟღერა – სადაც იქნება გოგიტა არქანია, იმ გუნდს დავუჭერ მხარს.
კახა ბასილიას განაჩენის შემდეგ ჩვენს ფედერაციას დაფინანსება შეუწყდა. ქალბატონმა მინისტრმა გვითხრა, რომ სანამ არ მორიგდებით, დაფინანსება არ გექნებათო. ასეთი ვითარებაა, ჯერჯერობით“, – თქვა მახარაძემ, რომელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ კახა ბასილიამ გოგიტა არქანიას წარმატებაში ბევრი შრომა და ფინანსური რესურსი ჩადო.
ფედერაციის გენერალური მდივნის თქმით, სანამ შეთანხმებას ცდილობდნენ, გაირკვა, რომ სპორტის სამინისტროს 20-ზე მეტ სპორტულ ფედერაციასთან აქვს პრობლემა.
„მიზეზი არის, რომ სამინისტრომ გამოსცა მოთხოვნები, რომლებიც იურიდიულად არ შეესაბამება სპორტის კანონს; პირდაპირი მოთხოვნები – როგორ უნდა მოეწყოს შიდა მენეჯმენტი ფედერაციებში, რომ უნდა იყოს არაუმეტეს ორი ვიცე-პრეზიდენტისა, გენერალური მდივანი აღმასრულებელ რგოლში არ უნდა იყოს, თუ ორჯერ არის პრეზიდენტი არჩეული, მესამედ ვერ იყრის კენჭს… პირდაპირი დირექტივები.
საქმე ისაა, რომ ყველა ფედერაციას აქვს შიდა სტრუქტურა, ერთი შტამპით ვერ დაშტამპავ. ორი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება მას თუ 4, ფედერაციის გადასაწყვეტია. ამაში უკვე გამოჩნდა სამინისტროს ზეწოლის პოლიტიკა, უკვე ჩანს მინისტრის ხელწერა, ზეგავლენა ფედერაციებზე და სადმე თუ რაღაცა ბზარია, მაქსიმალურად მოახერხოს სასურველი კადრით ჩანაცვლება.
სხვა ფედერაციებში ეს ვერ მოხდა, მაგრამ როგორც კი ჩვენთან გამოჩნდა ბასილიას საკითხი, პირდაპირ მის წისქვილზე დაესხა წყალი. მაქსიმალურად დაუდგა ამ გუნდს გვერდით“, – ამბობს მახარაძე.
კარატეს ფედერაციასთან დაპირისპირებულმა ჯგუფმა ივლისში ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა, სექტემბრის ბოლოს კი ახალი ფედერაცია დააარსა.
ეროვნულმა ფედერაციამ 5 ნოემბერს ჩაატარა ყრილობა, რომელზეც ფედერაციის პრეზიდენტად მამუკა ყურაშვილი აირჩიეს. საჯარო რეესტრს კენჭისყრის შედეგები ჯერ არ დაურეგისტრირებია.
მიხეილ მახარაძე გუნდს, რომელმაც სპორტული კარატეს ფედერაცია ჩამოაყალიბა, მუნიციპალურ ააიპ-ებზე ზეწოლის მოხდენასა და კარატეს ეროვნულ ფედერაციაში დესტრუქციის შეტანის მცდელობაშიც ადანაშაულებს.
„ამ გუნდმა თემურ გიგნაძის ხელმძღვანელობით, წესდებაში ჩადო, რომ მოხდეს სპორტული კარატეს გაწევრიანება მსოფლიო კარატეს ფედერაციაში, რომლის წევრიც ეროვნული კარატეს ფედერაციაა. როგორ უნდა გაწევრიანდეს? უნდა მოახდინოს დესტრუქცია, ზეწოლა, არევ-დარევა მინისტრის დახმარებით, და გააგზავნოს არაერთი წერილი მსოფლიო ფედერაციაში. ეს არის სირცხვილი.
სპორტულმა ფედერაციამ სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გზით მოახდინა ზეწოლა ააიპ-ებზე. პირდაპირ გვითხრეს ხელმძღვანელებმა, რომ გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენთან უნდა მოხვიდეთ…
სპორტის კანონშიც წერია, რომ ერთი სპორტის სახეობაში ერთი ფედერაცია უნდა იყოს ხელმძღვანელი. თვითონ სახელი რაც დაირქვა ამ გუნდმა – „სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია“ – სპორტული კარატე, როგორც ცალკე ცნება არ არსებობს ბუნებაში. შეიძლება, ნებისმიერ სპორტს დაარქვა, მაგალითად, სპორტული კრივის ფედერაცია? ან სპორტული ფეხბურთის ფედერაცია? ფედერაციას ჰქვია მარტივი და კონკრეტული სახელი და ის სპორტსაც განაგებს, მენეჯმენტსაც და ყველაფერი, რაც ამაში შედის, ეხება ეროვნულ ფედერაციას“, – თქვა მახარაძემ.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალ ფედერაციაში 18 ააიპ გაწევრიანდა, რომლებიც ამავდროულად კარატეს ეროვნული ფედერაციის წევრები არიან და მათგან 4 სპორტსმენი ეროვნულ ნაკრებთან ერთად თურქეთში ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც იმყოფებოდა.
კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ჯერ კიდევ აქვს კონსენსუსის მიღწევის იმედი.
მიხეილ მახარაძე ვარაუდობს, რომ სამინისტრო სპორტული კარატეს ეროვნულ ფედერაციას დააფინანსებს, თუმცა, ეს საკითხი, ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
რა პოზიცია აქვს სპორტული კარატეს ეროვნულ ფედერაციას
სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ არსებულ დაპირისპირებას „ღრმა ფესვები აქვს“ და ძირითადად ფედერაციის მართვის ფორმებსა და წესდებას უკავშირდება.
გიგნაძის თქმით, გუნდი, რომელიც ფედერაციას გამოეყო, დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, დაერწმუნებინა ხელმძღვანელობა, რომ კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ წესდება, დელეგატების არჩევის სისტემა და ჩაეტარებინათ დემოკრატიული არჩევნები. მისი თქმით, მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.
„რაღაც პერიოდის განმავლობაში საერთოდ არჩევნებს არ ატარებდნენ, თუ ატარებდნენ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, როგორი მმართველობა ჰქონდა ფედერაციას რამდენიმე ადამიანის ხელში რომ იყო მხოლოდ და ა.შ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ, რომ ერთობლივად ჩაგვეტარებინა დემოკრატიული არჩევნები, კანონთან შესაბამისობაში“, – განაცხადა მან.
თემურ გიგნაძის ცნობით, დაპირისპირებულ გუნდებს შორის მოლაპარაკებები პოზიციების დაახლოებამდე მივიდა, თუმცა შეთანხმების მიუხედავად, ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ წესდებაში ისეთი მუხლი შეიტანა, რომელიც მათთვის მიუღებელი იყო. გიგნაძის თქმით, სადავო პუნქტი ყრილობის დელეგატების შემადგენლობის პროპორციას შეეხებოდა.
„თუ ყველა პუნქტი შევათანხმეთ, რატომ შეიტანეს ის ერთი პუნქტი, რომელიც თავდაყირა აყენებდა შეთანხმებას? ეს არის პუნქტი, კანონის მიხედვით, ყრილობის დელეგატების ¾ უნდა იყვნენ იურიდიული პირები, ¼ ფიზიკური პირები და ის მუხლი იურიდიული პირების უფლებამოსილებას ზღუდავდა და ფაქტობრივად მათი სტატუსი ფიზიკური პირის სტატუსამდე დაჰყავდა. ეს არ იყო მისაღები ჩვენთვის. ყრილობა, რომელიც მათ ჩაატარეს ზაფხულის თვეში, ჩვენ დავტოვეთ. ორი ნაწილისგან შედგებოდა ყრილობა, ჯერ წესდება უნდა მიგვეღო და შემდეგ ახალი წესდებით უნდა ჩატარებულიყო არჩევნები.
ზუსტად იმ წესდების დამტკიცებაზე გვქონდა წინააღმდეგობა. მაინც ჩაატარეს და შეიტანეს დოკუმენტები სარეგისტრაციოდ, რეგისტრაციაში ვერ გატარდა, მთელი რიგი ხარვეზები დადგინდა იქ და ვადა მისცეს მათ გამოსასწორებლად, რომლებიც არ გამოასწორეს.
დღემდე ითვლება, რომ არჩევნები არ ჩატარებულა, მოვალეობის შესრულებას რომ თაობს მიხეილ მახარაძე, ყველა ვადა დარღვეულია, ფაქტობრივად. უფლებამოსილი ხელმძღვანელის როლი ფედერაციაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
5 ნოემბერს ჩაატარეს ყრილობა. დელეგატები როგორ განსაზღვრეს… ჩვენ სამინისტროსთან შეთანხმებული წესდებით ჩავატარეთ. მათი წესდება, როგორც ვიცი, არ არის არსად შეთანხმებული. ამბობენ, რომ სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ყრილობასო. ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელი წარმომადგენელი ესწრებოდა, როდესაც ჩვენ საპირისპირო ინფორმაცია გვაქვს“, – ამბობს ის.
თემურ გიგნაძის თქმით, კანონთან შეუსაბამო ქმედებები სპორტის განვითარებას აზიანებს, აქედან გამომდინარე, მსოფლიო ჩემპიონების, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების, კლუბების გარკვეულმა ჯგუფმა ახალი ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
გიგნაძე ამბობს, რომ კარატეს სახეობაში არაერთი ფედერაცია არსებობს, შესაბამისად მათი ფედერაციად ჩამოყალიბება სამართლებრივად პრობლემა არ არის, რაც საჯარო რეესტრმაც დაადასტურა.
„ჩვენი წესდება, დელეგატები, როგორც ყრილობა ჩავატარეთ, აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაშია, ამაში იურისტებიც გვყავდა ჩართული, დარღვევებზე ინფორმაცია არსებულ ფედერაციაში შეგიძლიათ მოიკვლიოთ“, – ამბობს ის.
თემურ გიგნაძის თქმით, სპორტის სამინისტროს პროცესში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდა და დაპირისპირებულ მხარეებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებდა.
მიხეილ მახარაძის ბრალდებებზე, რომ სამინისტრომ ფედერაციებისთვის სპორტის კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები გამოსცა და კარატეს ფედერაციაში განხეთქილებას ხელი შეუწყო, გიგნაძე პასუხობს, რომ სამინისტროში კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და უწყების მხარდაჭერა განპირობებულია არა ერთი ადამიანის მიმართ მინისტრის სიმპათიით, არამედ იმით, რომ სპორტული კარატეს ფედერაციას სამართლებრივად გამართული წესდება აქვს.
„სამინისტროს არანაირი როლი არ აქვს, სამინისტრო ყოველთვის ცდილობდა, რომ არსებული ფედერაციის პირობებში მოგვარებულიყო სიტუაცია. გოგიტა არქანიასთან დაკავშირებით… აქ საუბარი არის იმაზე, რომელ მხარეს ვინ არის და ის კვალიფიციური სპეციალისტები და იმათი ხედვა როგორია, ეს ამაზე მეტყველებს. პიროვნების აქეთ-იქით ყოფნას ეს საკითხი არ გადაუწყვეტია, ეს საკითხი გადაწყვიტა სამართლებრივმა მდგომარეობამ და იმან, რომ იურიდიულ ჩიხში შევედით. აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რაც მოხდა.
დაფინანსების საკითხი რა მიზეზითაა შეჩერებული, ეს ჩვენი მიზეზით არ ხდება, რა მმართველობაც იყო, ესაა მიზეზი. ჩვენ საუბარი გვქონდა ფედერაციასთან, რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ, რომ ეს გამოგვესწორებინა. სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს“, – ამბობს გიგნაძე.
შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა სპორტული კარატეს ფედერაცია სამინისტროს დაფინანსებას, თემურ გიგნაძე გვპასუხობს, რომ „ამას მომავალი აჩვენებს“.
დავა სასამართლოში
კარატეს ეროვნული ფედერაციის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ სპორტის შესახებ კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ სპორტის ყველა სახეობაში შესაძლებელია არსებობდეს ერთი ეროვნული ფედერაცია.
„აქ ლაპარაკია ეროვნულ ფედერაციაზე. ფედერაციები, შეიძლება, ბევრი არსებობდეს. რეგიონული ნიშნით, სახეობის ნიშნით… როგორც სპორტული გაერთიანება, აქ ამაზეა საუბარი, სპორტული ფედერაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. ეროვნული ფედერაცია არის ერთადერთი ორგანო სახეობაში. ეროვნული სტატუსის ტარებაზეა საუბარი“, – ამბობს ის.
ადვოკატის თქმით, ახალი ფედერაციის წევრები ამავდროულად ეროვნული ფედერაციის წევრებიც არიან, რაც მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველია.
„რეესტრს არ უნდა გაეტარებინა მეორე ფედერაცია. მოწინააღმდეგე მხარე გახლავთ 10 ფიზიკური პირი, რომლებიც ამავე დროს არიან კარატეს ეროვნული ფედერაციის წევრები. მათ საფრთხე შეუქმნეს ერთიანი ფედერაციის არსებობას და ჩვენი ფედერაციის საწესდებო მიზნებს, რაც შეიძლება გახდეს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. მოხდება ნებისმიერი წევრის დისციპლინური პასუხისგება, რომელიც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის არსებობას“, – განაცხადა მან.
სასამართლო დავა მორიგების აქტის შედგენას ითვალისწინებს. ჩხეიძის თქმით, თუ „ალტერნატიული ფედერაციის“ წევრები გააუქმებენ თავიანთ გაერთიანებას და მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ფედერაციის ყრილობაში, მაშინ მხარე დავას შეწყვეტს და პასუხისმგებლობასაც აღარ მოითხოვს.
„რეესტრში პროცედურები ამ წუთას მიმდინარეობს, რათა დარეგისტრირდეს 5 ნოემბრის ყრილობის რეგისტრაცია და შემდეგ ახალი ხელმძღვანელობა შეეცდება, დაალაგოს ურთიერთობა სამინისტროსთან“, – გვითხრა მან.
რაც შეეხება თემურ გიგნაძის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფედერაციას კანონთან შეუსაბამო წესდება აქვს, ადვოკატი ამბობს, რომ წესდება უკვე მოყვანილია კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
„იურიდიული და ფიზიკური პირების თანაფარდობაზე რომ ჰქონდათ პრეტენზია, 5 ნოემბერს თანაფარდობა დაცული იყო. ყრილობას ესწრებოდა 39 იურიდიული და 11 ფიზიკური პირი. თავად რატომ არ მოვიდნენ?“, – ამბობს ადვოკატი.
მორიგებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე თემურ გიგნაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ფედერაციას სარჩელით მათ მიმართ აბსურდული ბრალდებები აქვს წაყენებული და ფედერაციის ახლანდელ ხელმძღვანელობას არც დისციპლინური სასჯელის დაწესების ლეგიტიმაცია აქვს.
„პუბლიკა“ შეკითხვებით საჯარო რეესტრს დაუკავშირდა. უწყებიდან გვაცნობეს, რომ კარატეს სფეროში ფედერაციის სახელით ათობით ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე მიგვითითეს.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა ასევე სპორტის სამინისტროს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის წერილობით მიგვემართა, რის შემდეგაც კომუნიკაციის მცდელობა უპასუხოდ დატოვეს.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვერდზე კარატეს ფედერაციასთან დაკავშირებით 22 ივლისის განცხადებაც იძებნება. განცხადება კარატეს ფედერაციის ყრილობის წინ გაავრცელეს.
მასში აღნიშნულია, რომ სამინისტრო მედიაციას უწევდა კარატეს ფედერაციაში დაპირისპირებულ ორ გუნდს შორის მოლაპარაკებებს, თუმცა პროცესი ჩიხში შევიდა, შესაბამისად მათ სამინისტროს მხარდაჭერა და დაფინანსება არ აქვთ.