გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება

გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება

მას შემდეგ, რაც 2022 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე უფლება ადამიანის უფლებად აღიარა, გარემოს დაცვამ სამეცნიერო და ტექნიკური სფეროდან სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლა. სწორედ ამ კონტექსტში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროექტი, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების გაძლიერების მიმართულებით მუშაობს. 

UNDP | Giorgi Shengelia

პროექტის ხელმძღვანელი, ლევან ასათიანი გვიყვება, რომ 2023 წელს ჩატარებული კვლევა გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. სწორედ ამ კვლევამ დაადგინა, რომ მიუხედავად მკაფიო სამართლებრივი ბაზისა, საზოგადოების დაბალი ინფორმირებულობა, საქმისწარმოების მაღალი ხარჯები, სასამართლო პროცესების ხანგრძლივობა, კანონმდებლობის ვიწრო და ფორმალისტური ინტერპრეტაცია და სპეციალიზებული ცოდნის მქონე იურისტების სიმწირე, რიგ შემთხვევებში, აფერხებს მოქალაქეთა შესაძლებლობას, საკუთარი უფლებების დასაცავად ეფექტიანად გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები.

„სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დავიწყეთ მუშაობა. ჩავატარეთ ტრენინგების ციკლი იურიდიული წრეების წარმომადგენლებისთვის, რათა მათ გარემოსდაცვითი სამართლის პრაქტიკული გამოყენების უნარები გაეძლიერებინათ. ასევე, 2024 წელს ჩატარდა ექვსთვიანი ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა თემატური საინფორმაციო მასალები და ასობით მოქალაქე ჩაერთო გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ დისკუსიაში,“ – აღნიშნა ლევან ასათიანმა.

განგრძობადი სასწავლო შესაძლებლობების შექმნის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამამ 2026 წელს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასა და გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ონლაინ სასწავლო მოდული შექმნა. მოდული განკუთვნილია ადვოკატებისთვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ინტეგრირდა ასოციაციის ონლაინ სისტემაში, რაც ნებისმიერ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი ტემპით, ტრენინგი დისტანციურად გაიაროს.  /ონლაინ მოდულის ბმული/. მოდული ასევე ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის გაეროს განვითარების პროგრამის ვებგვერდზე


გარდა ამისა, ლევან ასათიანის განმარტებით, გაეროს განვითარების პროგრამა ამზადებს გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გზამკვლევს. გზამკვლევის მიზანია, პრაქტიკულ და გასაგებ ფორმატში გააერთიანოს ინფორმაცია იმ სამართლებრივი ბერკეტებისა და პროცედურული შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სჭირდებათ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დასაცავად.


გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატური რისკების, ურბანული განვითარების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კონტექსტში. როდესაც გარემოსდაცვითი საკითხები გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, საცხოვრებელ გარემოსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, საზოგადოების ინფორმირებულობა და სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვანი ხდება. გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა მოიცავს მოქალაქის უფლებას, მიიღოს ინფორმაცია გარემოს შესახებ, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზება სწორედ ამ პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული.