გაუპატიურება –  უხილავი დანაშაული

პუბლიკა

ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი


ისტორიულად, გაუპატიურება და მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულები, ყოველთვის ამორალურ ქმედებად მიიჩნეოდა, თუმცა ძალადობის ცნება და სოციალური კონტექსტი   მკვეთრად  განსხვავდებოდა  დღეს არსებული ცნებისაგან.   მაგალითად,  შუა საუკუნეებში გაუპატიურება კლასიფიცირებული იყო, როგორც ქონებრივი დანაშაული და  ძირითად შემთხვევაში ითვალისწინებდა ისეთი სახის სასჯელს, როგორიცაა კასტრაცია, დაბრმავება ან ჩამოხრჩობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალთა უფლებები და მათი როლი სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელო იყო, შუა საუკუნეებში გაუპატიურებისთვის გათვალისწინებული სასჯელი იშვიათად თუ შეეფარდებოდა დამნაშავეს, რადგან მსაჯულებს არ სურდათ, დაესაჯათ თანამემამულეები ასეთი მკაცრი სასჯელით, ქალის პრეტენზიის საფუძველზე, შესაბამისად  ეს სასჯელი იშვიათად აღსრულდებოდა. 

წარსული და დღევანდელი  სამართლებრივი სისტემაც  გაუპატიურებას აკვალიფიცირებს როგორც დანაშაულებრივ ქმედებას, თუმცა, როგორც მაშინ, დღესაც არსებობს უამრავი ხარვეზი, რომელთა გამოც მსგავსი სახის დანაშაული შესაძლოა, გამოუძიებელი დარჩეს, ხოლო დამნაშავე – დაუსჯელი.  

აღნიშნული ხასიათის დანაშაული განსაკუთრებით მომეტებული საფრთხის შემცველი რომ არის, ამას ისიც ცხადყოფს, რომ იგი შესაძლებელია, არ დასრულდეს მხოლოდ ერთი დანაშაულებრივი ქმედებით. კონსერვატიული შეხედულებების მქონე  ქვეყნებში, როგორსაც, გარკვეულწილად, საქართველოც განეკუთვნება, მსგავსი სახის დანაშაული შესაძლოა გახდეს სხვა დანაშაულის  მაპროვოცირებელი ფაქტორი, როგორიც არის, მაგალითად, ეგრეთ წოდებული ღირსების მკვლელობები და მკვლელობები შურისძიების მოტივით. სწორედ ამიტომ,  წარსული გამოცდილებისა და ისტორიული  მოცემულობის გათვალისწინებით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დახვეწილი და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზის  ჩამოყალიბება. 

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციამ,  ე.წ-მა სტამბოლის კონვენციამ, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა დეფინიციაში. „სტამბოლის კონვენციის“ რატიფიცირების შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა არაერთი ცვლილება განიცადა, მოცემული კუთხით. ამოქმედებულია, ასევე, საქართველოს კანონი  „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, თუმცა  სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ეს ზომები საკმარისი არ არის და აღრიცხულ და მედიაში გაშუქებულ შემთხვევებს მიღმა, რეალური სურათი და მსგავსი ტიპის დანაშაულის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია. საჭიროა დამატებითი ცვლილებები  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში,  რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს საზოგადოების დაინტერესებას, აზრთა სხვადასხვაობასა და კამათს.

ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ გაუპატიურების მსხვერპლს ბრალი არ მიუძღვის მის მიმართ გამოვლენილ ძალადობაში. არ შეიძლება მოძალადის გამართლება, მსხვერპლის პროვოკაციულ ქცევასა თუ ჩაცმულობაზე მითითებით, რასაც ზოგიერთი ტიპის  საზოგადოებაში ხშირად ვხვდებით, განსაკუთრებით მსხვერპლი ქალების შემთხვევაში.  ქალები განცდილი ძალადობის შემდეგ ისედაც მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესის მდგომარეობაში იმყოფებიან, ამას კი საზოგადოების მხრიდან ემატება  დამუნათება, გამომწვევი ჩაცმულობისა თუ ქცევის გამო.  ასეთი, მოსაზრებები და ნარატივი არა მხოლოდ  ყოფით ცხოვრებაში, არამედ ხშირ შემთხვევაში უფრო მაღალი ტრიბუნებიდანაც ისმის, რაც ყოვლად დაუშვებელია და  სამომავლოდ  მსგავსი ტიპის დანაშაულების რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს. 

დანაშაულის პრევენციის მიზნით, კანონმდებლობის  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ  მსხვერპლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გაუპატიურება შეიძლება ეგრეთ წოდებული „უხილავი“ დანაშაულების  კატეგორიასაც მივაკუთვნოთ, რადგან მსხვერპლს ხშირ შემთხვევაში, რცხვენია მის მიმართ განხორციელებული ძალადობის და  უჭირს ამაზე საუბარი.  მომხდარმა შეიძლება საფუძვლიანად დააზიანოს  მსხვერპლის თვითშეფასება. ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ საკმარისად მკაფიოდ არ თქვა „არა“ და, შესაბამისად, თავს ადანაშაულებს ძალადობაში. თუ ასეთი გრძნობა გაჩნდა, ეს არ ნიშნავს რომ ასეა, რადგან მსგავსი დანაშაულის დროს,  დამნაშავე ერთმნიშვნელოვნად ყოველთვის მოძალადეა. 

იმ ფაქტს, რომ  გარდა  სისხლის სამართლის კანონმდებლობის დახვეწისა, მსგავსი სახის დანაშაულების პრევენციის მიზნით, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, მათ შორის,  საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით, ნათლად აჩვენებს ის შემზარავი ამბები, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მუდმივად შუქდება. 

ინფორმაციის უქონლობის, კომპეტენციის ნაკლებობისა და შესაბამისი ცოდნის არარსებობაზე მეტყველებს, გასულ წელს ქობულეთში მომხდარი შემთხვევა, როდესაც  ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა, სავარაუდო მოძალადე კი მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. აქ იკვეთება როგორც სამართალდამცავი ორგანოებისა და სოციალური სამსახურის არასაკმარისი კომპეტენტურობა, ასევე საზოგადოებაში გაბატონებული მცდარი სტერეოტიპები, რასაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გახმაურებული ინფორმაციაც ცხადყოფს – რომ  მოზარდი „იმ დღეს, როდესაც მასზე სექსუალურად იძალადეს, ის ბიძებმა ისე სცემეს, რომ მეორე დღეს მოზარდს ბალიშზე თავის დადება უჭირდა“, მოზარდის ბაბუის განცხადებით კი –  „თავის მოკვლით დანაშაული გამოისყიდა, დანაშაული, რომ გაუპატიურებული იყო“.

სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მიმართულ საკითხებზე მსჯელობისას, საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დანაშაულის დეფინიციაში თანხმობის ელემენტის შემოტანამ შესაძლოა, გაზარდოს  ცრუ ბრალდებათა რაოდენობა, რომელიც დაანგრევს ადამიანების საქმიან რეპუტაციას, პირად ცხოვრებას, კარიერას და სხვა.  #METOO-სა და „Cancel culture“-ს ეპოქაში ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ცნობილ მსახიობებსა და პიროვნებებს საზოგადოებამ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამოუტანა განაჩენი. 

თუმცა მსგავსი შიში საფუძველს მოკლებული იქნება, თუ ამ კატეგორიის დანაშაულის მარეგულირებელი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის პარალელურად, დავხვეწთ და  აღსრულებადს გავხდით კანონმდებლობის იმ მუხლებს, რომლებიც  განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებას ცრუ ბრალდებისთვის. აღნიშნული შიშის უსაფუძვლობაზე მეტყველებს, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაც, რომლის თანახმად, გაუპატიურების შესახებ შეტყობინების ძალიან მცირე პროცენტი წარმოადგენს ცრუ ბრალდებას.

განხილული ტიპის დანაშაულები სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული  დანაშაულების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის პრევენცია და რომლისგან მომდინარე საფრთხის აღმოფხვრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისაკენ და „სტამბოლის კონვენციით“ დადგენილ სტანდარტებს მიუახლოვდეს,  თუმცა, მეორეს მხრივ,  საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი დამატებითი ინსტიტუტების, მათ შორის,  სპეციალური გადამზადების მქონე სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების  გაძლიერების გარეშე მიზანი ვერ მიიღწევა.

გაუპატიურებასა და მსგავსი ხასიათის ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით მართლმსაჯულების აღსრულების პროცესმა  დიდი გზა განვლო შუა საუკუნეებიდან Me  Too კამპანიამდე. ამ გზაზე მუდმივად  პრობლემური იყო მსხვერპლის უფლებების სათანადოდ  დაცვის საკითხი. ეს პრობლემა კვლავაც აქტუალური და ერთნაირად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებისა თუ სახელმწიფოსათვის, რათა დღემდე უხილავი დანაშაული,  კვლავ უხილავად არ დარჩეს.