გიორგი გიგაშვილის დებიუტი „კარნეგი ჰოლში“

დავით ბუხრიკიძე

მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, 23 წლის ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი 31 ოქტომბერს ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში დაუკრავს.

პროგრამაშია დომენიკო სკარლატის, რობერტ შუმანის, ფრედერიკ შოპენისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებები.

სულ ახლახან, ოქტომბერში, გიორგი გიგაშვილმა ამსტერდამში გამართული მუსიკალური დაჯილდოების – Edisons Awards-ის ნომინაციაში Newcomer („ახალმოსული“) გაიმარჯვა. ეს ნიდერლანდების ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 1960 წლიდან იმართება და რომელსაც ხშირად „გრემის“ პრემიასაც ადარებენ.

Edisons Awards-ზე თავის დროზე ბევრი დიდი მუსიკოსი იყო წარდგენილი. ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოვებს ხელოვანებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებულ  წარმატებას მიაღწიეს. Meeting My Shadow  – „შეხვედრა საკუთარ ჩრდილთან“, ასე ჰქვია პიანისტ გიორგი გიგაშვილის პირველ ალბომს, რომლითაც წარდგენილი იყო სწორედ ამ ჯილდოზე.

31 ოქტომბერს კი ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილ დარბაზში, „კარნეგი ჰოლში“ გიორგი გიგაშვილის საკონცერტო დებიუტი გაიმართება. ამ კონცერტისადმი მუსიკის კრიტიკოსთა და მსმენელთა ინტერესი ძალიან დიდია და ბილეთებიც ცხადია, დიდი ხნით ადრე გაიყიდა.
პროგრამაშია დომენიკო სკარლატის სამი  საფორტეპიანო სონატა, რობერტ შუმანის საფორტეპიანო სონატა N1 (op.11), რომელიც მან უკვე შეასრულა 2023 წელს, წინანდალში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, შოპენის ბალადა N4 (op. 52, F მინორი) და სერგეი პროკოფიევის სონატა N7 (სი ბემოლ–მაჟორი).

პროკოფიევის ამ ურთულესი სონატის ინტერპრეტაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მას თავის დროზე სახელოვან პიანისტთა მთელი არმია ასრულებდა – ვლადიმირ ჰოროვიცი, გლენ გულდი, სვიატოსლავ რიხტერი, მარტა არგერიხი, მაურიციო პოლინი… ასე, რომ გიორგი გიგაშვილი ფართო მასშტაბის მუსიკალური პროგრამით პირველად წარდგება ამერიკელი მსმენელის წინაშე.

2019 წლის აპრილში გიორგი გიგაშვილმა მოიპოვა პირველი პრიზი ვიგოს საფორტეპიანო კონკურსზე, სადაც ჟიურის თავმჯდომარე სახელოვანი მარტა არგერიხი იყო. 2021 წელს მონაწილეობდა გეზა ანდას სახელობის პიანისტთა მეთხუთმეტე საერთაშორისო კონკურში, სადაც სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

2023 წლის აპრილში პიანისტმა უდიდეს წარმატებას მიღწია არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მეორე პრიზი და ასევე, აუდიტორიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები მიიღო.

2024/2025 წლების სეზონში გიორგი გიგაშვილი დაუკრავს მიუხენის სიმფონიურ ორკესტრთან, BBC-ის შოტლანდიის სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე ბერლინის Konzerthausorchesteს-თან.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ასევე კონცერტები ჰამბურგისElbphilharmonie-ში, ლაიპციგის Gewandhaus-ში, ვენის Konzerthaus-ში და ლონდონის Wigmore Hall-ში.