გურამ ფანჯიკიძის ფიქრები ფეხბურთზე

პუბლიკა

გამომცემლობა „არტანუჯმა” გამოსცა ცნობილი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის წიგნი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა დროს დასტამბული პუბლიკაციები ქართულ და საერთაშორისო ფეხბურთზე. 22 აპრილს ბატონ გურამს 90 წელი შეუსრულდებოდა.

გთავაზობთ დავით კაკაბაძის წინასიტყვაობას:

 

წინათქმის მაგიერ

დავით კაკაბაძე

წიგნი, ახლა ხელში რომ გიჭირავთ, ნამდვილი საჩუქარია ფეხბურთის იმ ქომაგებისთვის, ვისთვისაც სპორტის ეს სახეობა მხოლოდ გატანილი და გაშვებული ბურთებით, მოგებული და წაგებული მატჩებით, კუთხურებისა და ჯარიმების რაოდენობით არ შემოიფარგლება; ანუ მათთვის, ვისთვისაც ფეხბურთი სპორტთან ერთად შემოქმედებაცაა და შორს სცდება „უსულო“ სტატისტიკის საზღვრებს.

თავად გურამ ფანჯიკიძისთვის ფეხბურთი სწორედ ასეთი ფენომენი იყო – ხელოვნებასთან ნაზიარები სპორტის სახეობა. „ხოლო სადაც ხელოვნებაა, იქ ყოველთვის იმარჯვებს აღმაფრენა, რომანტიზმი, სქემებიდან ამოვარდნილი იდეები… იმარჯვებენ პიროვნებები, ვარსკვლავები, შემოქმედებითი იმპულსებით დამუხტული ადამიანები.“

ეს სიტყვები გურამ ფანჯიკიძეს ეკუთვნის. ამის თქმის უფლება კი ცნობილ მწერალს ნამდვილად ჰქონდა: მას ხომ „ცოცხლად“, უშუალოდ სტადიონის ტრიბუნებიდან ჰყავდა ნანახი 50-იანი, 60-იანი, 70-იანი და 80-იანი წლების მსოფლიო ფეხბურთის კორიფეები: პელე და გარინჩა, პუშკაში და ბობი ჩარლტონი, კრუიფი და ბეკენბაუერი, ზიკო და მარადონა… რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული ფეხბურთის დიდოსტატებზე.

ბატონ გურამთან ფეხბურთზე ლაპარაკი ერთი სიამოვნება გახლდათ: არა მარტო იმიტომ, რომ გატაცებით, ემოციურად ჰყვებოდა სხვადასხვა ქვეყნის სტადიონებზე ნანახი მატჩების პერიპეტიებს (იმხანად ფეხბურთის ქომაგები, დღევანდლისგან განსხვავებით, განებივრებული არ ვიყავით საფეხბურთო ტელერეპორტაჟების სიმრავლით), არამედ იმიტომაც, რომ იშვიათი მეხსიერების წყალობით ზედმიწევნით ზუსტად „დაგიხატავდათ“ მინდორზე შექმნილ ამა თუ იმ სიტუაციას.

გურამ ფანჯიკიძეს (რომელიც, სხვათა შორის, თავადაც შესანიშნავად თამაშობდა და 60-70-იანი წლების სამოყვარულო გუნდ „ჟურნალისტის“ ერთ-ერთი ლიდერიც იყო) არაერთი საკლუბო თუ ნაკრები გუნდი მოსწონებია, ბევრი მოთამაშითაც აღფრთოვანებულა, მაგრამ მისი სიყვარული და, შეიძლება ითქვას, უპირობო აღტაცება, ერთ ქვეყანას, ერთ ეროვნულ ნაკრებს ეკუთვნოდა. ეს ქვეყანა ბრაზილია იყო.

„ერთადერთი ქვეყანა, რომლის ფეხბურთიც მკვეთრად განსხვავდება სხვა ქვეყნების ფეხბურთისაგან, არის ბრაზილია. აქ მარტო ვირტუოზულ ტექნიკას როდი ვგულისხმობთ, ასე მომადლებული რომ აქვთ ბრაზილიელ ფეხბურთელებს. განსხვავებულია თვით მათი ტექნიკაც, ბურთის ფლობის მანერაც, პასიც, დარტყმაც. განსხვავებულია მათი მოძრაობა და სირბილი მოედანზე. ისინი თითქოს დასიცხული პანთერებივით დაიზლაზნებიან, მაგრამ როგორი გაფიცხება, აფეთქება და კამარის შეკვრა იციან, როცა ‘მსხვერპლი’ ნიშანში ჰყავთ ამოღებული.“

ან კიდევ:

„ბრაზილიის გუნდი ჰგავდა რამდენიმესიჩქარიან მანქანას; თამაშის დროს იმ სიჩქარეს რთავდა, რომელიც მატჩის მოსაგებად იყო საკმარისი. მე პირადად  შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბრაზილიამ ისე მოიპოვა ჩემპიონობა, ბოლო სიჩქარის გამოყენება არც კი დასჭირვებია.“

ერთი ციტატაც:

„ბრაზილიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არანაკლებ ყურადღებას უთმობენ ფეხბურთის სანახაობით, ემოციურ მხარეს, ვიდრე გამარჯვებისადმი სწრაფვას. სწორედ ამიტომაცაა, რომ მატჩი ყოველთვის დაძაბული, წარმტაცი და მიმზიდველია, როცა მოედანზე ბრაზილიელები არიან.“

დაბოლოს:

„არასოდეს არაფერი არ არის ხოლმე საკამათო და თავსამტვრევი, როცა ჩემპიონები ბრაზილიელები ხდებიან.“

როცა ბრაზილიისა და ბრაზილიელი ფეხბურთელების მიმართ გურამ ფანჯიკიძის უპირობო სიყვარულზე ვლაპარაკობთ, ცხადია, არ ვგულისხმობთ საქართველოს, თბილისის „დინამოსა“ და მის „ვარსკვლავებს“: ისინი იმ კატეგორიას ეკუთვნიან, რომელსაც სხვადასხვა სახის ფესტივალებსა თუ შეჯიბრებებზე „კონკურსგარეშეს“ უწოდებენ ხოლმე.

მართლაც, განა შეიძლება რაიმე შეედაროს იმ სიხარულს, რომელიც თბილისის „დინამოს“ სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებმა (1964 წლის „ოქროს ბიჭებმა“ თუ 1981 წლის თასების თასის მფლობელებმა) განაცდევინეს წიგნის ავტორს? მას ხომ ვერავითარი პელე, ვერავითარი მარადონა ვერ აგრძნობინებდა იმ ბედნიერებას, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, დავით ყიფიანისა თუ ვლადიმერ გუცაევის ბრწყინვალე თამაშით რომ განუცდია!

ფეხბურთის ქართველი მოყვარულისთვის გურამ ფანჯიკიძის წიგნი კიდევ იმიტომ არის საჩუქარი, რომ რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებთან ერთად მასში საქმის ცოდნით და, ამავე დროს, ამაღელვებლად არის მოთხრობილი ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებების ამბები, გადმოცემულია თბილისის „დინამოსა“ და მისი საუკეთესო წევრების „საფეხბურთო ფილოსოფია“, აღწერილია უმნიშვნელოვანესი, დღეს ლამის უკვე დავიწყებული მატჩების ცალკეული ეპიზოდები.

ამ თვალსაზრისით ეს წიგნი, ვფიქრობ, განსაკუთრებით დააინტერესებს ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებს – მათ, ვისაც ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვებების შესახებ მხოლოდ მამებისა და ბაბუებისგან სმენია ან, უკეთეს შემთხვევაში, ინტერნეტით უნახავს შემორჩენილი მწირი ვიდეომასალა.

არადა, ამჟამად არსებული სურათის შესაფასებლად წარსულის ცოდნა აუცილებელია. აუცილებელია გვესმოდეს, რომ დღეს არ გვეყოლებოდა ხვიჩა კვარაცხელია, თავის დროზე რომ არ ყოფილიყვნენ ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე და მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი, გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე…

თუმცა, ვინ იცის… „ფეხბურთს უყვარს პარადოქსები. ამიტომაც არის იგი მომხიბვლელი, საკამათო სპორტი, სადაც არასდროს არაფერი არ არის საბოლოოდ გარკვეული და დაკანონებული.“ ესეც გურამ ფანჯიკიძის სიტყვებია.