გვაქვს უთვალავი ფერითა?

პუბლიკა

ირაკლი აბსანძე

აგიტ მირზოევი, თბილისელი იეზიდი ორჭოფობს: 

ჩვენ გვაქვს პოზიტიური და ასევე ნეგატიური გამოცდილება. უფრო ნეგატიურირადგან ხელისუფლებას არ ესმის ჩვენი ხმა. მათთან საერთაშორისო ინსტრუმენტებით კომუნიკაცია გვიწევს“.

(აგიტ მირზოევი არის ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი).

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები, მეტწილად სამართლიანად, ვამაყობთ ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობის საუკუნოვანი კულტურით, ისტორიული ტრადიციის თანამედროვე უფლებადაცვით ენაზე თარგმნა ჭირს.

საბჭოთა ტოტალიტარიზმი მრავალფეროვნებას, სიჭრელეს ვერ ჰგუობდა. მოკავშირე რესპუბლიკების  ეროვნულ სამოსში გამოწყობილ წარმომადგენელთა პლაკატებს მიღმა მუშაობდა ადამიანების ერთ ყალიბზე მოჭრის სასტიკი სახელმწიფო მანქანა.

თუ ეთნიკურ იდენტობას საჩვენებლად მაინც იცავდნენ (საბჭოთა კავშირი ოფიციალურად სუვერენულ სოციალისტურ რესპუბლიკათა ნებაყოფლობითი ერთობა იყო), რელიგიურობა ჩამორჩენილობად, ანტიპროგრესულობად მიიჩნეოდა, არატრადიციული სექსუალობა კი კანონით იყო აკრძალული.

პოსტსაბჭოთა საქართველოში საბჭოთა იდეოლოგია დომინანტმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩაანაცვლა. გაძლიერდა ეთნო-ნაციონალისტური ტენდენციები. ამას, ცხადია, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე დადებითად არ უმოქმედია. საზოგადოებაში არატრადიციული სექსუალური იდენტობების აღქმა კი საბჭოთა სტერეოტიპების დონეზე დარჩა. 

ვითარება გაამძაფრა სსრკ-ს დაშლის შემდეგ განვითარებულმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა.

სეპარატისტულ და სამოქალაქო ომებს, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ კრახსა და ეკონომიკურ-ენერგეტიკულ კოლაფსს საშუალო სტატისტიკური ქართველი თვითგადარჩენის რეჟიმში გადაჰყავს.

ასეთ ყოფაში უმცირესობების პრობლემების შესასწავლად და დასაცავად ვერც სახელმწიფო იცლის და ვერც მოქალაქე.

ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ქართულ დღის წესრიგში ქვეყნის დასავლური კურსის გამოკვეთის კვალდაკვალ დაბრუნდა.

ქვეყნის ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი ახალ სიმაღლეზე აიყვანა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელმოწერილმა ასოცირების შეთანხმებამ.

დოკუმენტი ევროკავშირსა და მის კანონმდებლობასთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს.

ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმებაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი. აღნიშნულია, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს.  

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესიც ახალ, არაპროგნოზირებად სიბრტყეში გადაიტანა. 

სავსებით რეალური გახადა ის, რაც აქამდე განჭვრეტად მომავალში წარმოუდგენელი ჩანდა – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა.

თუ აქამდე, წლების განმავლობაში, ტრიოს ყველაზე წარმატებულ წევრად მივიჩნეოდით, შესაძლო გაწევრიანების პროცესში მაჩანჩალა აღმოვჩნდით. უკრაინასაც და მოლდოვასაც ევროპის საბჭომ უკვე ოფიციალურად დაუდასტურა წევრობის სტატუსი. ჩვენს შემთხვევაში ჯერჯერობით მხოლოდ პერსპექტივაზეა საუბარი, რომელიც წლის ბოლომდე შესასრულებელ საშინაო დავალებად შეკრულ 12 რეკომენდაციაში გამოიხატება.

მერვე რეკომენდაცია – რას ელის ჩვენგან ევროკავშირი

 ეს რეკომენდაცია ერთადერთია თორმეტიდან, რომელიც იწყება სიტყვით „სასწრაფოდ“.

სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით“.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბოლო შეფასებით, სრულად მხოლოდ ერთი პირობაა შესრულებული, ნაწილობრივ – შვიდი, ხოლო საერთოდ შეუსრულებელია ორი პირობა.

მერვე რეკომენდაციის შესრულების პროცესს, არასამთავრობოთა ჯგუფის სახელით აკვირდება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. 

 ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი, გვეუბნება, რომ „ევროკავშირი, ზოგადად, ძალიან ფრთხილია თავის შეფასებებში. ტერმინი „სასწრაფოდ“ სერიოზულად უნდა განვიხილოთ. სამართლებრივ ენაში „სასწრაფოდ“ ნიშნავს გადაუდებელ ღონისძიებებს, რომელიც ყოველ მიზეზგარეშე უნდა გატარდეს. ვერ დაელოდება, მაგალითად, დროში გაწერილ, რამდენიმე თვით გახანგრძლივებულ გეგმას – სასწრაფოობა აუცილებელია მოწყვლადი ჯგუფების უფლებების უზრუნველსაყოფად დღეს და ახლა. 

იურისტები ასეთი პრინციპით ვხელმძღვანელობთ: თუ საფრთხე მიმდინარეა – დაცვა ამ წუთშივე უნდა უზრუნველყოთ“.

პრაიდ-ფესტივალი 2023: სამართლებრივი სახელმწიფოს ფიასკოს ქრონიკა

ანა სუბელიანი,  Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, 2021 წლის 5 ივლისს ოფისში იყო, როცა ექსტრემისტებიპრაიდისარაფრით გამორჩეულ, ძველთბილისურ აივანზე აძვრნენ და ოფისი დაარბიეს. პოლიციამ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იცოდა.

ამ ცუდი გამოცდილების მიუხედავად, თემი სახელმწიფოს ენდო და წელსაც ეთანამშრომლა.

ანას სჯერა, რომ პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა ფესტივალის ჩატარება.

„მით უმეტეს, როცა საუბარია დახურულ ტერიტორიებზე ღონისძიებების დაცვაზე. თუკი ამის დაცვის საშუალებაც კი არა აქვს ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ არის უფუნქციო, რომ მას არ შეუძლია თავისი ყველაზე მთავარი დანიშნულების შესრულება: არ შეუძლია კერძო საკუთრების, ადამიანების შეკრების თავისუფლების დაცვა. მე ამის არ მჯერა”, – გვითხრა მან. 

სანამ პრაიდის კვირეული დაიწყებოდა, ორგანიზატორები თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, შეხვედრებს შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან. შეხვედრებს ყოველთვის ესწრებოდნენ საერთაშორისო  პარტნიორები, პროცესს ფასილიტაციას UNDP უწევდა.

სუბელიანი იხსენებს, რომ შეხვედრები საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.  „ბუნებრივია, მწვავე დისკუსიებიც იყოხშირად გვიწევდა 2021 წლის გამოცდილებასთან დაბრუნება. 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზატორების დასჯასაც ვითხოვდით, ჩემთვის სრულიად აბსურდული და გაუგებარი არგუმენტით ვიღებდით უარსრომ ეს თითქოს სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებდა”.

ანასთვის არანაირი დაშვება არ არსებობს, რომ ეს პროცესი პოლიციამ ვერ მართა. მას სჯერა, რომ ეს აბსოლუტურად წინასწარ დაგეგმილი იყო –  „სხვა შემთხვევაში, მათ რაიმეზე უნდა შემჩნეოდათ, რომ სიტუაცია კონტროლიდან გადის. წინასწარ გაფრთხილება უნდა მოეცათ, რომ რადიკალებს ვეღარ აკავებდნენ”.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, რომელიც რეკომენდაციების შესრულების პროცესს აკვირდება, მე-8 პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია. ანა ფიქრობს, რომ ამის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს პუნქტი მოიცავს როგორც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მხრივ უმცირესობებს, ასევე – ეთნიკურ უმცირესობებს და მათთან დაკავშირებულ საკითხებს. „ამ კუთხით, გარკვეული ნაბიჯები, რამდენადაც მე ვიცი, გადადგმულია. სულ მცირე – ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში არის საკმაოდ მსუყე ბლოკი, რომელიც ამ თემებს ეძღვნება“.  

მე-8 რეკომენდაცია მოიცავს, ერთი მხრივ, ლგბტ საკითხებს, მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს და მათ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობას. ანა გვეუბნება, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფერო: „რა თქმა უნდა, ბევრი საერთო გამოწვევით, ბევრი მსგავსი პრობლემით, მაგრამ, თავის მხრივ, სრულიად სპეციფიკური საჭიროებები აქვს თითოეულ ამ ჯგუფს”.

ის ფიქრობს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, საბედნიეროდ, არ არის პოლიტიზებული და შესაბამისად იკვეთება ნება, რაღაც ნაბიჯები მაინც გადაიდგას, „თუმცა, ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის ის, რაც ამ თემის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს“.

და, მათ შემთხვევაში კი „ძალიან თვალსაჩინოა სამოქალაქო პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის ძალიან დიდი სირთულე, ფიზიკური საფრთხე, რომლის წინაშეც ყოველდღიურად დგას თემი“.

ანასთან ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ქვიარ-თემის ძალიან დიდი ნაწილი მიდის ემიგრაციაში ყოველდღიურად. და რომ  ეს ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია, ვინაიდან ამ ადამიანებს შეუძლიათ მუშაობა,  ამ საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა. 

არსებობს მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური საკითხებისა, რომლებიც მწვავედ უდგას თემს დღის წესრიგში. ეს არის უსახლკარობა, ეს არის დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა; უამრავი დისკრიმინაცია, ბარიერი, რომელიც მათ ამ გზაზე აწყდებათ. 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღების მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან დაიწყო და უპრეცედენტოდ გაძლიერდა LGBTQI+ ჯგუფების საწინააღმდეგო რიტორიკა. 

2023 წლის 4 მაისს, უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოვლისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ „არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია“. 

მან თბილისში ღირსების მარშის ჩატარება „მეტად პროვოკაციულ ღონისძიებად“ შეაფასა. ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „LGBT პროპაგანდა“ „არასახელმწიფოებრივ საქმიანობებს“ შორის მოიხსენია. მან აგრეთვე მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტები შეაფასა შემდეგნაირად – „მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მე მგონი, ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე – საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია პოლიტიკურიდან დაწყებული უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, მათ შორის ახალგაზრდების გადასარჩენად“. 

მმართველი გუნდის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს სარწმუნოდ მიაჩნია მოსაზრება, რომ „ლგბტ-პროპაგანდამ” შესაძლოა „დრამატულად გაზარდოს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა”. 

პარლამენტში „ქართული ოცნების” სატელიტური ოპოზიციური პარტიის „სოციალ-დემოკრატების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ პარლამენტს „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვის შესახებ კანონპროექტით მიმართავენ და აღნიშნავს, რომ იწონებს და უერთდება ამ ინიციატივას.

ანა არგანაშვილს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, ვკითხეთ – ვისი პასუხისმგებლობაა, რაც წელს პრაიდფესტზე მოხდა.

მისი აზრით შსს-ს მიერ  ადამიანის უფლებების დარღვევა იწყება მაშინ, როცა მთელი წლის განმავლობაში ძალადობის წაქეზება ხდება და შემდეგ ველოდებით, შეასრულებენ თუ არა შესაბამისი სტრუქტურები კანონით დაკისრებულ მოვალეობას – დაიცვან ეს ღონისძიება. 

„მიუხედავად იმისა, მოგვანიჭებს ევროპის საბჭო კანდიდატის სტატუსს თუ არა, უკვე ძალაშია და მოქმედებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. რა არის ის, რაც, ამ დოკუმენტის თანახმად, ფორმალურად უკვე ევალება სახელმწიფოს ლგბტ კონტექსტში და არ ასრულებს?

ასოცირების ხელშეკრულება ზუსტად იმას გვეუბნება, რომ ჩვენ არა მხოლოდ ცალკეული ღონისძიებების გამართვის საშუალება უნდა გვქონდეს, არამედ – სიძულვილის ენა, სიძულვილი, დისკრიმინაცია უნდა აღმოფხვრილიყო – როგორც საზოგადოების სტერეოტიპებში, ისე განათლების, ჯანდაცვის სისტემაში”.

ანა არგანაშვილი საუბრობს, სინამდვილეში რას ნიშნავს შეთანხმების იმპლემენტაცია. ხსნის, რომ არცერთი ხელშეკრულება ჩვენ რაღაცების ფორმალურად გაკეთებას არ გვთხოვს და რომ თუ გვინდა, განვითარებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ, ჩვენ გვევალება ეს უფლებები მთელი წლის განმავლობაში დავიცვათ ყველა ჩვენი სისტემის, ყოველდღიური ქცევის ფარგლებში. 

„თუ ლგბტ თემის წარმომადგენელს ქუჩაში გასვლა ეშინია, ან იდენტობის გამო სამსახურს ვერ შოულობს, მისი უფლება ვერ ჩაითვლება დაცულად, თუნდაც რაღაც ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღოს. 

ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები იყო გათვალისწინებული, როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით. 

ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ დისკრიმინაცია აღმოიფხვრება, თუ ჩვენ რაიმე ერთ დოკუმენტს შევიმუშავებთ, ლაპარაკი იმაზეა, რომ დისკრიმინაცია აღმოიფხვრას მიმღებლობის გაზრდით, უფლებების ყოველდღიურად, ყველა ფეხის ნაბიჯზე დაცვით”, – გვეუბნება ანა.

ეთნიკური უმცირესობები და სახელმწიფო – წარმატების ისტორია?

ერთი შეხედვით, აქ საქმე უკეთაა, ვიდრე სექსუალური უმცირესობების შემთხვევაში. საჯარო სივრცეში ადრინდელზე ხშირად ვხედავთ მოტივირებულ, საკუთარი საქმის პროფესიონალ, სახელმწიფო ენაზე გამართულად მოლაპარაკე ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარმა ქამრან მამადლიმ განგვიმარტა, რატომ არის ეს შეხედულება მცდარი:

„მე პირიქით ვიდავებდი, რომ ეთნიკური უმცირესობების თემა სახელმწიფოს დღის წესრიგში არ არის. ჩვენ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პლატფორმა „სალამ“ და აქტივისტები სწორედ ამას ვამტკიცებთ – ეთნიკური უმცირესობების თემა სახელმწიფოს ფოკუსში არასათანადოდ ხვდება. 

ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ხშირია, როცა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული რომელიმე რეფორმის გატარებისას, სახელმწიფო წინასწარ არ სწავლობს თემის საჭიროებებს და ცდილობს უკვე დაგეგმილ, განსახორციელებლად მზა  რეფორმას მოარგოს უმცირესობების საჭიროებები“.

ქამრანის ნათქვამს ადასტურებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევა, რომელშიც ვკითხულობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციურ დონეზე მდგრადობისკენ და ეფექტურობისკენ მიმართული დადებითი ტენდენციები ვლინდება, ეთნიკურ უმცირესობათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტიზაცია საბიუჯეტო დონეზე ფინანსურ უზრუნველყოფაში არ აისახება.  სამთავრობო ვალდებულების შესრულება ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული”. 

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები და არც კვოტირების პრაქტიკა, რომელიც წაახალისებს პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას. რესპონდენტთა დაახლოებით 70%–ს ან არ გაუგია, ან უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას რაიმე მიმართულებით. ზოგადად, კვლევის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა დაბალია, რესპონდენტთა მხოლოდ  12.6% აცხადებს, რომ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების კუთხით – იმ რვა მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა), რომლებიც ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილითაა დასახლებული, საშუალოდ 779 ეთნიკურად ქართველს ჰყავს ერთი წარმომადგენელი საკრებულოში, მაშინ როდესაც 1,116 სომხურ და 2,945 აზერბაიჯანულ მოსახლეობას თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავს ამ ორგანოში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2 წლის განმავლობაში რესპონდენტთა მხოლოდ 14.4%-ს მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად. რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (83.6%-ს) თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა და ა.შ.) არ მიუღია მონაწილეობა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 70%-ს საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად თვითმმართველობისთვის არასოდეს მიუმართავს.

დაბალია საჯარო სამსახურში დასაქმებულობის მაჩვენებელი. ასე მაგალითად, უმეტესად ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ბოლნისის მერიის 200-მდე თანამშრომლიდან მხოლოდ ოთხია ეთნიკურად არაქართველი.

ეთნიკური უმცირესობის შემოსავალი მთელი ქვეყნის მასშტაბით 15%-ით ნაკლებია;  2-ჯერ ნაკლებად ამთავრებენ სკოლას, უმაღლესი განათლება 2-ჯერ, სკოლამდელი კი – 3-ჯერ ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.

რელიგიური უმცირესობები – ფოკუსს მიღმა?!

აგიტ მირზოევი – ორგანიზაცია „ ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ ევროპა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ერთ კონტექსტში განიხილავს, რადგან სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების თანასწორობის უზრუნველყოფას ვერ მოახდენს რელიგიური სეგმენტის გარეშე.

„ევროპულ განზომილებაში ეს ორი საკითხი ერთმანეთის გარეშე არ განიხილება. რელიგიურ ნაწილში არსებობს სივრცეები, მექანიზმები, რომლის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, თუმცა ეს სივრცე არსებობს.  თუ ამ სივრცეებს რელიგიური უმცირესობები სათავისოდ ვერ იყენებენ, პირველ რიგში ამ თემებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოეთხოვება“.

თუმცა, ქართულ რეალობაში გვაქვს ერთი განსაკუთრებული ასპექტი, რომლის შესახებაც რუსუდან გოცირიძე – საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი გვესაუბრა:

„ჩვენს საზოგადოებაში აგრესია ეთნიკურად ქართველი მუსლიმების მიმართ მეტია, ვიდრე ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ. ამას ჩვენი ქსენოფობიურობის თავისებურებას მივაწერ. ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფებს საზოგადოება იმდენად მეორეხარისხოვნად მიიჩნევს, რომ რელიგიურ იდენტობასაც პატიობს, რადგან მაინცდამაინც მნიშვნელოვნად არ აღიქვამს. 

მაგრამ, თუ ეთნიკურად ქართველი ხარ და არ ხარ მეინსტრიმ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, გამორჩეული აგრესიის ობიექტი ხდები. კათოლიკეები, მუსლიმები, ბაპტისტები ქართული იდენტობის მოღალატეებად აღიქმებიან”.

ეპისკოპოსი რუსუდანი გვიყვება, რომ ქართველი მუსლიმების მიმართ კიდევ უფრო სხვა – თან გააზრებული და თან გაუაზრებელი სიძულვილი არსებობს, რადგან ისტორიის სახელმძღვანელოები დღემდე არ არის გადახედილი ამ თვალსაზრისით და ჩვენ ჯერჯერობით ვერ გამოვაცალკევეთ რელიგია ისტორიული რეალობიდან. შესაბამისად, ქართველი მუსლიმები დამპყრობელ მაჰმადიანურ ქვეყნებთან ასოცირდებიან.

„2013 წლის 17 მაისის მოვლენებმა ლგბტ საკითხები იმდენად წინ წამოსწია, რომ რაღაცნაირად ჩრდილქვეშ მოექცა რელიგიური ნიშნით სიძულვილი. არადა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფად ვითვლებოდით. ბაპტისტური ეკლესია 2000-ანებში ხშირად გამხდარა ფიზიკური თავდასხმების ობიექტი. 

დღეს  რელიგიური უმცირესობების საკითხით სულ ორი-სამი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ინტერესდება“.


იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვების წლევანდელი მცდელობა, ევროპა ჩვენი ბედისწერაა და ამას ჩვენი თაობა, საბედნიეროდ, ვერ შეცვლის.

ერთი შეხედვით ემოციურად ფატალური გამოთქმა – „ყველაფერი ან არაფერი“, დღევანდელ კონტექსტში და ქართულად, პრაგმატულადაც კი ჟღერს: ყველა ფერის ურთიერთპატივისცემის გარეშე დაგვრჩება არა ფერი.

არადა, ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი უკვე კარგა ხანია შეთანხმებულია, რომ „გვაქვს უთვალავი ფერითა“.