„გვინდა, რომ ძალიან მდგრადი კვალი დატოვოს ამ პროექტმა საქართველოსთვის“ | ინტერვიუ ჯანა ჯავახიშვილთან

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ნარკოსტრატეგიისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშესაწყობად საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტი მონაწილეობითია და მის ფარგლებში მთელი რიგი სათემო ინიციატივების წახალისება-განხორციელებაა დაგეგმილი. თემის გაძლიერებისა და უსაფრთხოებისთვის აქტივობები კონცენტრირებული იქნება ნარკოტიკების ავადმოხმარების თავიდან აცილებაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, გარემოში უსაფრთხოების დაცვის შედეგიანი მექანიზმების დანერგვაზე.

პროექტის განმახორციელებელია ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი (გიფ-თბილისი), პარტნიორები კი არიან: საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), დემოკრატიის ინსტიტუტი, მედიაგამოცემა „პუბლიკა“, ჰამბურგის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა და ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტი.

„სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის“ ასეთია პროექტის სახელწოდება. გიფ-თბილისის წარმომადგენელ, ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილთან საუბარს სწორედ სახელწოდების განმარტებით ვიწყებთ.

ორი საკვანძო სიტყვა, რომელიც პროექტის სათაურში ფიგურირებს, არის აღდგენისუნარიანობა და უსაფრთხოება. რა იგულისხმება აღდგენისუნარიანობასა და უსაფრთხოებაში ჩვენი პროექტის კონტექსტში? – სიტყვა აღდგენისუნარიანობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, ოჯახი, თემი თუ საზოგადოება როდესაც გადის ცვლილებების პროცესს და ეს ცვლილებები მტკივნეულია, მასთან შეგუებაა საჭირო იმგვარად, რომ შეცვლილ პირობებში შეძლო, გამოავლინო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და გქონდეს ცხოვრების ნორმალური ხარისხი. აი, სწორედ ამას ეხება აღდგენისუნარიანობა – resilience, რომელიც ამბობს, რომ, თუ რაღაც ცუდი მოხდა შენს ცხოვრებაში, შენ თუ გაქვს ეს რესურსი – resilience, ამ საკითხებთან გამკლავება გიმარტივდება. და ეს არ არის ინდივიდუალური მახასიათებელი, აღდგენისუნარიანობა ახასიათებს ინდივიდისა და ოჯახის, ინდივიდისა და თემის ურთიერთობებს, ვინაიდან ეს ეხება იმას, თუ რამდენად მზად არის თემი, რომ ერთმანეთს დაეხმარონ; რამდენად აქვს ზრუნვის ეთიკა განვითარებული; რამდენად შეუძლია თემს, შექმნას შესაძლებლობები, რომ ინდივიდი შეეგუოს თავის ცხოვრებაში გარკვეულ სირთულეებს და გაუმკლავდეს მათ. ეს ყველაფერი არის ინტერაქციული ფენომენი, რასაც აღდგენისუნარიანობას ვუწოდებთ.

ქართულ კონტექსტში რა ფაქტორებიდან გამომდინარე დგას საჭიროება, რომ დავეხმაროთ საზოგადოებას აღდგენისუნარიანობის გამომუშავებაში?

მოგეხსენებათ, რომ საქართველო გადის ძალიან რთულ პერიოდს, მე ვიტყოდი უკვე, რამდენიმე ათწლეულია. დამოუკიდებლობა ხელახლა რაც მოვიპოვეთ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ვცდილობთ, დემოკრატიული, ინკლუზიური საზოგადოება ავაშენოთ; ვცდილობთ, ამ საზოგადოებაში არ იყვნენ გარიყული, სტიგმატიზებული ჯგუფები; ვცდილობთ, რომ ჩვენი რესურსები იყოს გამოყენებული და არ ვიყოთ ვიღაც აბსტრაქტული გადამრჩენელის იმედად. მოკლედ, ვცდილობთ განვითარებას და ბევრი რამ გვამუხრუჭებს, რთულ პირობებში გვიწევს ეს.

ვიცით, რომ ეს გარდამავალი პერიოდია საქართველოს ცხოვრებაში, რასაც ახლავს ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური, პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ და ძალიან ხშირად განვითარება ჩანაცვლდება ხოლმე თვითგადარჩენის მოტივაციით. ამ შემთხვევაში კი ძალიან ბევრ კომპრომისზე მიდის საზოგადოება, იმის ნაცვლად, რომ კვლავ დაბრუნდეს განვითარების ტრაექტორიაზე. განვითარება გადაგვარჩენს, თვითგადარჩენის რეჟიმში ცხოვრება კი იწვევს რეგრესს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, რას გულისხმობს ეს ტერმინი ამ პროექტის კონტექსტში?

ეს პროექტი მიმართულია იმაზე, რომ საზოგადოების პოტენციალი გამოვაღვიძოთ, ავამოქმედოთ, დავეხმაროთ თემს სხვადასხვა ქალაქში (6 გეოგრაფიული არეალია ჩართული პროექტში), რომ უფრო აქტიური იყოს ცხოვრების რთულ პირობებთან გამკლავებაში.

სწორედ ეს საკითხები მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან. ჩვენ ხომ ვიცით, თუ თემი ღატაკია, თუ თემში არ არის ურთიერთგატანისა და ურთიერთზრუნვის ატმოსფერო, თუ არ არის ურთიერთმხარდაჭერა, თუ გაბატონებულია სიძულვილის, გარიყვის, სტიგმატიზების კულტურა და ძალადობა, მაშინ უსაფრთხოებაზე საუბარი ზედმეტია.

ამიტომ საუბარია სათემო ცხოვრების გააქტიურებაში ამ ორი რესურსის აქტუალიზებასა და ამ გზით საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანაზე.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, რა იქნება ის საკითხები, რომლებზეც პროექტს სწორება აქვს აღებული? რა საკითხებს შეეხებით?

პროექტში ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე, ვინაიდან მთელი რიგი რისკფაქტორები, რომელთაც ღატაკი ცხოვრება და სირთულეთა გამკლავებაში თემის პასიურობა მოიცავს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ძალიან სერიოზული სოციალური განმაპირობებელია. კვლევა ადასტურებს, რომ სიღატაკისა და ცხოვრების დაბალი ხარისხის არსებობისას თემებში უფრო მაღალია ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გავრცელება, კანონთან კონფლიქტი, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში.

ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები – პროექტში განსაკუთრებული ყურადღება მათ ეთმობა და მიმართულია საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენციის ეროვნული სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობისკენ.

ახსენეთ 6 გეოგრაფიული ერთეული, საქართველოს რომელ ქალაქებს გულისხმობთ და კონკრეტულად რა სერვისებზეა საუბარი?

საქართველოს 6 გეოგრაფიულ არეალში – მარნეული, ახალციხე, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი – მოხდება სათემო ცხოვრების მობილიზება და პლუს 4 ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის განვითარების ხელშეწყობა. ქუთაისში, გორში, თბილისსა და ბათუმში უკვე არსებობს ეს სერვისები და განვითარებას ვცდილობთ. ის ემსახურება ქცევითი, ემოციური და ნივთიერების ავადმოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს.

ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვართ, რომ ვაწყობთ სემინარებს ამ 6 ქალაქში, დაინტერესებულ სუბიექტებთან, იმისთვის, რომ დავაინტერესოთ, ჩავრთოთ და ვითანამშრომლოთ.

პროექტი ასევე გულისხმობს მცირე გრანტების პროგრამასაც, რათა განხორციელდეს მცირე ინიციატივები აღდგენისუნარიანობასა და უსაფრთხოებისთვის.

სხვადასხვა სერვისის შეფასებისას დარგის სპეციალისტების მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი პროგრამა საჭიროა, მტკიცებულებაზე  იყოს დაფუძნებული. როგორ მოხდება ეს ამ შემთხვევაში?

იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ სერვისების მიერ უკეთესად იყოს დაკმაყოფილებული არასრულწლოვანების ფსიქიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის საჭიროებები, რასაკვირველია, ეს უნდა ეფუძნებოდეს კვლევას. რომ ვიცოდეთ, რა საკითხებია პრიორიტეტული, აქტუალური, ჩვენ ეს უნდა გავზომოთ. კვლევის გარეშე კი ეს შეუძლებელია.

ამავე დროს დაგეგმილია პროექტით გათვალისწინებული ყველა ინტერვენციის/ჩარევის გაზომვა, რათა ჩვენ შემდგომ ვინც გადაწყვეტს მუშაობას თემის უსაფრთხოებასა და აღდგენისუნარიანობის ამაღლებაზე, გავუზიაროთ მზა ტექნოლოგიები, მეთოდოლოგიები, ისეთი მეთოდოლოგიები, რომელთაც ჩვენ დავაპილოტებთ, რომელიც იქნება მტკიცებულებითი – რომ მუშაობს.

შედარებით მასშტაბური კვლევა, რომელიც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი, ეხება არასრულწლოვანთა საჭიროებებს. ანუ დაგეგმილია ისეთი კვლევები, რომლებიც ნათელს მოჰფენს საკითხებს, ჯერ ნაკვლევი რომ არ არის. მაგალითად, GCRT არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კომპონენტზე იქნება ფოკუსირებული.

ის, რომ შედეგის გაზომვაა ჩადებული ჩვენს პროექტში, საწინდარია იმისა, რომ, ფაქტობრივად, პროექტის ბოლოს ჩვენ უკვე სხვადასხვა ინტერვენციის დახვეწილ მეთოდოლოგიას მივიღებთ. ჩვენ არ გვინდა, ბრმად ვიმოქმედოთ, ჩვენ გვინდა, რომ ძალიან მდგრადი კვალი დატოვოს ამ პროექტმა საქართველოსთვის.

პროექტი ძალიან სერიოზულ მეთოდოლოგიურ ჯგუფს აერთიანებს, რომელშიც არა მარტო ჩვენი ადგილობრივი სპეციალისტები შედიან, არამედ ჰამბურგისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტები.

თქვენ ახსენეთ სერვისები, რომლებიც უკვე მოქმედებს და ამ პროექტის ფარგლებში დაიხვეწება. რა სერვისებია ეს, სად ფუნქციონირებს და ვინ არის მისი მოსარგებლე?

თბილისსა და ბათუმში არის სერვისები, რომელსაც კლუბი „სინერგია“ ჰქვია. ეს არის მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, ადიქტოლოგებს, ადიქციის სპეციალისტებს, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გადის ფსიქიატრთანაც. სერვისები მუშაობს შემთხვევის მენეჯმენტის პრინციპით, რომელიც არის ყველაზე თანამედროვე მეთოდი და პასუხობენ ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა ქცევითი, ემოციური, ასევე, ადიქციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ორივე ეს სერვისი სრულიად თანამედროვე მიდგომით მუშაობს. ემსახურება ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს. სერვისი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ამოქმედდა 2018 წელს, ახლა კი ახალი მეთოდოლოგიებით აღვჭურავთ, რომ უფრო ეფექტიანად იმუშაოს ადიქციებზე.

შემდეგი ორი სერვისი – ქუთაისსა და გორში, მეტ ყურადღებას უთმობს კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციასა და მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვას. ეს ორი სერვისიც მულტიდისციპლინურია, შემთხვევის მენეჯმენტის მეთოდით მუშაობს და ამ ჩვენი პროექტის ფარგლებში აღიჭურვება მუშაობის უახლესი, თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებით.

როგორია თქვენი მოლოდინი ამ სამუშაოს გაწევის შემდეგ? სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ახსენეთ, როგორ აპირებთ მათთან კომუნიკაციას?

სერიოზული საადვოკაციო ღონისძიებებიც არის დაგეგმილი პროექტში, რომ სერვისები ინტეგრირებულ იქნას სახელმწიფო ან ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტში.

შესაბამისად, პროექტი კომპლექსური და მრავალგანზომილებიანია, რაც გულისხმობს ცენტრალურ, ადგილობრივ და სათემო სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის 4 სერვისი, რომელიც მუშაობს არასრულწლოვანებისთვის, ინტეგრირებული იქნება სახელმწიფო სერვისებში. ამ თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული ღიობი გვაქვს ქვეყანაში. ჩვენი პროექტი კი იძლევა საშუალებას, ეს სერვისები მაქსიმალური შედეგიანობით დავქოქოთ და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით აღჭურვილი სერვისები სახელმწიფომ შეინარჩუნოს.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, კონკრეტულად ამ მიმართულებით რას უნდა ველოდოთ?  

როგორც აღვნიშნეთ, GCRT – პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, ფოკუსირებული იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის გამტარებელ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე. ორგანიზაცია ითანამშრომლებს მათთან კადრების გადამზადებაზე, ახალი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის დანერგვასა და ა.შ. დაგეგმილია სახელმძღვანელოს შექმნაც ამ მიმართულებით – როგორ ვიმუშაოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში დანაშაულის პრევენციაზე, დანაშაულის გაცნობიერებასა და ა.შ.


პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.