გინახავთ პოპულარული სერიალი – „რატომ კლავენ ქალები“? შესაძლოა, გახსოვდეთ ეპიზოდი, სადაც მისი გმირები კლუბში მიდიან და მოდურად ჩაცმულ, ლაღ წყვილს ხვდებიან. საუბრის დროს ერთ-ერთი მათგანი მხიარულ ახალგაზრდებს ეკითხება, სად მუშაობთო. ისინიც სხარტად პასუხობენ, ინფლუენსერები ვართ და თეთრეულის ბრენდები ინსტაგრამზე ფოტოების გამოქვეყნებაში გიჟურ თანხებს გვიხდიანო.
ბევრ ადამიანს ინფლუენსერობა სწორედ ასეთ საქმედ წარმოუდგენია: თან გლამურული რომ არის, თან – გასართობი და თან – მარტივად შემოსავლის მომტანი, მაგრამ სინამდვილეში, ამ პროფესიის მიღმა დიდი შრომაც დგას და სირთულეებიც.
გიორგი შაკია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფლუენსერების მარკეტინგს ასწავლის, ამბობს, რომ ეს მიმართულება არნახულად პროგრესირებს, განსაკუთრებით, სილამაზისა და ტექნოლოგიის სფეროებში. „მარკეტერები ამ ინსტრუმენტით ნდობისა და უშუალობის იმ ნაპრალების ამოვსებას ახერხებენ, რომლებსაც ტრადიციული რეკლამა უნებურად აჩენს. ინფლუენსერები თანდათან სამომხმარებლო ბაზარს იპყრობენ“, – აღნიშნავს გიორგი.
თუ ეს ადამიანები სამომხმარებლო ბაზარს იპყრობენ და თუ მათი პერსპექტიული პროფესიის დაუფლება ნებისმიერს შეუძლია, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს გზა – გახდეთ ინფლუენსერი. სასარგებლო და საჭირო რეკომენდაციებს ამ სტატიაში ინფლუენსერი წყვილის, თეონა ჩაჩუასა და გიორგი დანელიას დახმარებით გაგიზიარებთ. თეონა ინსტაგრამერია და კონტენტს სილამაზესა და თავის მოვლაზე ქმნის, გიორგი კი საკუთარ არხს Youtube-ზე უძღვება. მისი მთავარი თემები ტექნოლოგიები, ოჯახი და სპორტია.
მაშ ასე: ყველაფერი იმაზე, როგორ გახდეთ ინფლუენსერი.
პირველი ნაბიჯი
პირველი ნაბიჯი გადაწყვეტილების მიღებაა. როგორც თეონა ამბობს, მთავარია, ინფლუენსერობა გადაწყვიტოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ ეს საქმე გიყვართ. არც გამოცდილება, არც ფინანსები არ გჭირდებათ ისე, როგორც ეს ორი რამ. შემდეგ კი გაჰყვეთ გზას მისი შესრულებისკენ და ახალ პროფესიას სათანადო დროც დაუთმოთ.
ინფლუენსერობა მხოლოდ გართობა არ არის. ის ხშირად სრული სამუშაო განაკვეთის ტოლფასია, ზოგჯერ კი ეს განაკვეთი არც არასდროს სრულდება. „ინფლუენსერობა ცხოვრების სტილს ნიშნავს, რომელსაც ჩვეულებრივი სამსახურივით საღამოს 7 საათზე ვერ მორჩები. ბევრი იწყებს ხოლმე, როგორც პარალელურ საქმეს, შემდეგ აღმოაჩენს, რომ დიდი დრო მიაქვს და თავს ანებებს, ამიტომ ეს ფაქტორი თავიდანვე რეალურად უნდა შეაფასოთ. თუ მაქსიმუმზე გაქვთ პრეტენზია და ხარისხი გინდათ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ამით ხართ დაკავებული“, – აღნიშნავს გიორგი.
იპოვეთ თქვენი ნიშა
ინფლუენსერობა სტრატეგიის შემუშავების გარეშე არ გამოვა: უნდა აირჩიოთ საკომუნიკაციო არხი, თავად კომუნიკაციის ფორმატი და ნიშა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ნიშას აქვს, იმიტომ, რომ თუ მას იპოვით, თქვენი ინტერესის ადამიანებთან კავშირის დამყარებაც გაგიმარტივდებათ და შემდეგ კონტენტის მონეტიზაციაც.
შერჩეულ სფეროში კი უნდა ერკვეოდეთ, მაგრამ ექსპერტობა საჭირო არ არის. მთავარია, აუდიტორიამ დაინახოს, რომ კონტენტი, რომელსაც ქმნით, თქვენთვისაც ღირებულია. ამას გამომწერები აუცილებლად დააფასებენ. რა თქმა უნდა, ნიშური თემა მოგვიანებით სხვა საკითხის შემოტანას არ გამორიცხავს, მაგრამ დაწყება ყოველთვის ერთი კონკრეტულით და თქვენთვის საყვარელით სჯობს.
როდის მოდის წარმატება
არც ისე სწრაფად და არც ისე მარტივად, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. სინამდვილეში წარმატებამდე დიდი შრომაა. გიორგის შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა ხედავდა, რომ მისი აუდიტორია თანდათან იზრდებოდა, უკუკავშირიც კარგი ჰქონდა და ისიც მუშაობას აგრძელებდა. როგორც თავად ამბობს, ინფლუენსერობის საწყის ეტაპზე, როცა ხელშესახები შედეგი რამდენიმე თვის განმავლობაში არ გაქვს, აუცილებელია, მოტივაცია არ დაკარგო და არ გაჩერდე. თუ ფარ-ხმალს არ დაჰყრი, წარმატებაც მოვა.
უნდა შეეგუოთ იმასაც, რომ ინფლუენსერობით ფულს, მით უმეტეს მარტივად, მაშინვე ვერ იშოვით. ისე კი, საქართველოში ამ პროფესიის წარმომადგენლების შემოსავალი ინდივიდუალურია და ძირითადად მათი გავლენის მასშტაბებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ერთი სთორის დადებისთვის 200 ლარი გადაგიხადონ, შესაძლოა – 500, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს თანხები სტაბილური არ არის. ზოგჯერ ერთ თვეში ბევრს გამოიმუშავებთ, ზოგჯერ კი – ნაკლებს და ამისთვისაც მზად უნდა იყოთ.
დასაწყისისთვის ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკა არ გესაჭიროებათ. მთავარი მაინც შინაარსია, რომელიც აუდიტორიისკენ მიმავალი ძირითადი გზაა. „ტექნიკაც კარგია, მაგრამ მერე, როცა რაღაც დონემდე მიხვალთ“, – გირჩევთ თეონა და კიდევ ერთ სირთულეზე ამახვილებს ყურადღებას: „ინფლუენსერის მიმართ ყველა კარგად განწყობილი ვერ იქნება, მით უმეტეს, როცა მას სააშკარაოზე საკუთარი ცხოვრება გამოაქვს. კრიტიკული კომენტარებიც იქნება, ნეგატიურიც და ზოგჯერ ბულინგიც, მაგრამ ამ ყველაფერს ემოციურად მომზადებული უნდა დახვდეთ“, – ამბობს ის.
პროფესიული ეთიკა
წარმატებული ინფლუენსერები გავლენის მასშტაბსაც უნდა აცნობიერებდნენ და მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასაც. მაგალითად, გიორგი დანელია გემბლინგის სფეროსა და თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობაზე ყოველთვის უარს ამბობს. ფრთხილობს თეონაც და არასდროს უწევს პოპულარიზაციას იმ პროდუქციას, რომელიც თავად არ დაუტესტავს.
„რა თქმა უნდა, ამ წესებს ჩვენვე ვარეგულირებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ინფლუენსერებმა აუცილებლად უნდა გავიაზროთ ერთი რამ: გავლენა არა მარტო პოზიტიური, ნეგატიურიც შეიძლება იყოს, ამიტომ პასუხისმგებლობაც გვეკისრება“, – აღნიშნავს გიორგი დანელია.
რამდენიმე რჩევა წარმატებისთვის
წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ინფლუენსერის რეგულარული აქტიურობაა, გარკვეული წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი, რომელიც აუდიტორიას კონტენტის დაპირებას მისცემს და შემდეგ მას აუცილებლად შეუსრულებს.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს აქტიური ინტერაქცია და მარტივი ენა. უშუალობა და გულწრფელობა კი ის თვისებებია, რომლებიც გამომწერებს ძალიან მოსწონთ და მათ რაოდენობაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახება.
ინფლუენსერი წყვილი საკუთარი წარმატების მეთოდებზეც საუბრობს. „უნდა გქონდეთ კოლაბორაციები, ინტენსიურად ქმნიდეთ ხარისხიან კონტენტს, გამოიყენოთ გათამაშებები, დაჯილდოებები და „ჩელენჯები“, – ამბობენ გიორგი და თეონა.
ინფლუენსერებო, თქვენ რას ურჩევდით ახალბედებს?