იაპონური Shokuiku ქართული სასკოლო კვების დასაცავად

ნუცა კობახიძე

ნუცა კობახიძე

განათლების მკვლევარი

იაპონიაში სასკოლო კვების სამთავრობო პროგრამას Shokuiku ჰქვია (სიტყვებიდან: Shoku საჭმელი/ჭამა და iku განათლება/სწავლა). მისი მთავარი კონცეპტუალური საფუძველი ის გახლავთ, რომ კვება განხილულია განათლების პროცესის ინტეგრალურ ნაწილად.

Oxford Review of Education-ში ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ჩემი კოლეგები დაწვრილებით აღწერენ Shokuiku-ს პროგრამას, რომელიც სასკოლო კვების დასავლური დისკურსისაგან განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს: მეცნიერული და ნუტრიციოლოგიური ფოკუსიდან ყურადღება გადატანილია იაპონიის კულტურის ტრადიციებზე, ბუნების მიმართ მადლიერებაზე; პროდუქციას, მოხმარებასა და მდგრადობას შორის კავშირის გაცნობიერებაზე.

სტატიის ავტორები აკრიტიკებენ  სასკოლო კვების საკითხში ანგლოამერიკულ მიდგომას, რომლის თანახმად განათლების სისტემის მთავარი ფოკუსი არის კოგნიცია, ცოდნის გადაცემა და ნაკლებად სხეულის მოვლა და კვება. დასავლური მიდგომები შეიძლება აიხსნას პლატონური ტრადიციით და შემდგომ უკვე დეკარტისეული სხეულისა და გონების დუალიზმით, რომლის მიხედვითაც გონება და სხეული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოცემულობაა. აღსანიშნავია, რომ თუ, მაგალითად, ამერიკაში სასკოლო კვების პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, იაპონიაში სასკოლო კვება განათლების სამინისტროს ეხება.

თუ დასავლეთში კვების შესახებ გაიდლაინები ფოკუსირებულია ტექნიკურ მხარეზე, გათვლებზე – რა უნდა ვჭამოთ, რამდენი კალორია, რა შემადგენლობის და როდის, იაპონური Shokuiku ეფუძნება განსხვავებულ ფილოსოფიას ცხოვრების ჯანსაღი, ბალანსირებული და მდგრადი წესის შესახებ. Hara hachi bun me (腹八分目) იაპონიაში გავრცელებული მიდგომის მიხედვით, რომელიც ეფუძნება კონფუცის პრინციპს, ადამიანმა უნდა ჭამოს ისე, რომ მისი მუცელი მხოლოდ 80%-ით იყოს სავსე. ჩინურ მედიცინაში გვხვდება მსგავსი ფრაზა „ჭამე ისე, რომ მხოლოდ 70% იყოს სავსე, 30% კი – მშიერი“ (吃飯七分飽、三分寒). ცნობილია, რომ იაპონური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და დაბალანსებული სამზარეულოა მსოფლიოში. ჭარბწონიანობის პრობლემა იქ თითქმის არ არსებობს და სიცოცხლის ხანგრძლივობა არის დიდი.

Shokuiku- ისტორია

იაპონიაში Shokuiku-ს ტრადიცია ბუდისტურ ტაძრებს უკავშირდება, სადაც საუკუნეების განმავლობაში ბუდისტი ბერები ყოველდღიურად არიგებდნენ უფასო საჭმელს. 1920 წელს მსგავსი პროგრამები ქვეყნის მასშტაბითაც დაიწყო. 1923 წელს კი განათლების სამინისტრომ დააფინანსა სასკოლო კვების ეროვნული პროგრამა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უფასო კვების პროგრამა შეწყდა, მაგრამ ომის დამთავრებისთანავე ეს პროგრამა ისევ აღდგა.

2005 წელს იაპონიაში კანონის სახით ოფიციალურად მიიღეს Shokuiku-ს ძირითად პრინციპები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ არის ჩამოყალიბებული, და სადაც ვკითხულობთ, რომ პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვევების დანერგვას. ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ბუნების მიმართ მადლიერების გრძნობა; გაიაზრონ რეგიონული სამზარეულოს ნაირსახეობები; გააცნობიერონ ის კავშირები, რომლებიც არსებობს საკვების, კულტურის გადაცემასა და სტუმარ-მასპინძლობასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს შორის.

Shokuiku მოიცავს სოციალური და კულტურული ასპექტების სწავლებასა და პრაქტიკას. მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე, იაპონიაში  დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ჭამენ. იაპონიაში მნიშვნელოვანია საკვების სხვასთან ერთად მიღება და მისი გაზიარება. ერთად ჭამა ხელს უწყობს ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარებას. სკოლაში საკვების მიღების დროს მოსწავლეები ერთმანეთს ემსახურებიან, ალაგებენ და ნარჩენებს ახარისხებენ. გაკვეთილებზე კვების შესახებ იღებენ ინფორმაციას არა მხოლოდ საჭმლის შესახებ, არამედ სწავლობენ მანერებს, ტრადიციებს, ჰიგიენის დაცვასა და, რაც მთავარია, ურთიერთპატივისცემას. ამასთან, ბევრ სკოლაში კვებისთვის გამოყოფილ დროს მასწავლებლები უჩვენებენ 3-4 წუთიან პრეზენტაციას ჯანსაღი კვების მნიშვნელობასა და კვების ტრადიციების შესახებ.

საქართველო

ბოლო პერიოდში საქართველოში წინა პლანზე გადმოვიდა სასკოლო კვების საჭიროების საკითხი, რომელსაც ადვოკატირება გაუწიეს ჩემმა კოლეგებმა „განათლების კოალიციიდან“, „მშობლები განათლებისთვის“, მოძრაობა „ხმამ“ და სხვებმა. ეს ორგანიზაციები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სასკოლო კვების პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და რომელიც სკოლის მოსწავლეებს უფასო და ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სასკოლო საათების განმავლობაში ყოველდღიურად იკვებება ბავშვების მხოლოდ 27% და საერთოდ არ იკვებება მოსწავლეების 35%.

მშობელთა დიდმა ნაწილმა ასევე ხელი მოაწერა  პეტიციას, რომელიც ითხოვდა არაჯანსაღი პროდუქტების სკოლის ბუფეტებიდან ამოღებას. განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის 19 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს „პოლიტიკური ნება“ და რომ ამ საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს, თუმცა არსებობს ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული ბარიერები.

კარგად მახსოვს რამდენიმე მასწავლებლის ნათქვამი ფრაზა 2013-2014 წლებში, როცა აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ჩემი სადოქტორო დისერტაციისთვის მონაცემებს ვაგროვებდი – საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ განათლების სისტემაში, როცა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი სკოლაში მშიერი დადის, რადგან სახლში საჭმელი არ აქვსო. მახსოვს, შემძრა ერთ-ერთი მასწავლებლის ნათქვამმა – „მშიერი ბავშვი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, ვერ ისწავლის“.

2023 წლის სექტემბერში დავესწარი „განათლების კოალიციის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც კონფერენციის მონაწილეებმა დააგემოვნეს ერთ-ერთი კერძო სკოლის შეფ-მზარეულის მიერ წარმოდგენილი ჯანსაღი სასკოლო ხემსი.

ფოტო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) სკოლა-ლაბის და განათლების კოალიციის ინიციატივით ჩატარებული სასკოლო განათლების ყოველწლიური კონფერენციიდან.

კარგი იქნება, თუ მსგავს კამპანიაში ჩაერთვებიან ცნობილი შეფ-მზარეულები და, რაც მთავარია, მედია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 2000-იან წლებში სელებრითი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი გამოვიდა სასკოლო სადილის კრიტიკოსად და 2005 წელს მონაწილეობა მიიღო დოკუმენტურ ფილმში „ჯეიმის სასკოლო სადილები“ (Jamie’s School Dinners). ფილმში ის შეეცადა, ეჩვენებინა, როგორ არის შესაძლებელი სასკოლო კვების გაუმჯობესება ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვით. ამ ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა ბრიტანეთში და მთავრობაზეც კი მოახდინა ზეწოლა, რათა გაეუმჯობესებინათ სასკოლო კვების ხარისხი.

დასკვნა

იაპონური Shokuiku-ს პროგრამა და მის ირგვლივ არსებული პოლიტიკა, ფილოსოფია და პრაქტიკა გვთავაზობს უნიკალურ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება განვიხილოთ სასკოლო განათლება ერთდროულად გონებისა და სხეულის განათლებად. ეს არის მაგალითი იმისა, რომ კრიტიკულად გავიაზროთ ჩვენში არსებული წარმოდგენები სასკოლო კვებაზე, სანამ მის პრაქტიკაში დანერგვას დავიწყებდეთ.  კარგი იქნება მოსწავლეებს გავაცნოთ ინფორმაცია არა მხოლოდ ჯანსაღი საკვების შესახებ, არამედ  ქართული სამზარეულოსა და მისი რეგიონული მრავალფეროვნების შესახებაც; ვესაუბროთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე, ბუნების გაფრთხილების მნიშვნელობაზე.

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთავრობა განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უფასო სასკოლო კვების დანერგვას მიიჩნევს და დიდი ხნით არ დააყოვნებს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. სასურველი იქნება, თუ სასკოლო კვების პოლიტიკის შემუშავების პროცესში საქართველო გაიზიარებს და გაითვალისწინებს აზიის, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იაპონიის მაგალითსაც.