ირაკლი ხვადაგიანი: სამოქალაქო თვითორგანიზება საქართველოსა და ევროპის საერთო ტრადიციაა

პუბლიკა

ირაკლი ხვადაგიანი


„ეს ის დღეა, რომელიც საქართველომ ნამდვილად უნდა იზეიმოს. როგორც წესი, როცა ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ამა თუ იმ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვამბობთ, რომ ჯერაც არის საკითხები, რომლებიც უნდა გაკეთდეს, საშინაო დავალება უნდა შესრულდეს. თუმცა, კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია საქართველოსთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ასევე არის იმის აღიარება, რომ ქართველი ხალხის შთამბეჭდავ, აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაერთიანება”.

ეს სიტყვები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა 8 ნოემბერს სპეციალური მიმართვის დროს თქვა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაციას უწევს.

რეკომენდაციასთან ერთად ევროკომისია მიგვითითებს 9 შესასრულებელ მიმართულებაზე – ერთ-ერთია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ახლა ჩვენ უნდა ვუთხრათ ევროპასა და შევახსენოთ ჩვენ თავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითორგანიზების კულტურა საქართველოს ტრადიციის ნაწილია, რომელსაც ევროპასთან ვიზიარებთ და რომელსაც წლობით, მიზანმიმართულად ანადგურებდა როგორც იმპერიული, ისე საბჭოთა რუსეთი.

გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი:

1880-იანი წლებიდან საქართველოში დიდ პრობლემად იქცა რუსეთის იმპერიის მიერ დამყარებული რუსიფიკაციის პოლიტიკა. რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული გახდა სახელმწიფო სკოლებში, საიდანაც განიდევნა მშობლიურ ენაზე სწავლება.

საზოგადოებას პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად, კერძო ინიციატივის საფუძველზე შექმნილი სამეურნეო სკოლების მოწყობა მიაჩნდა. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე წარმატებული სკოლა ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წელს გახსნილი სამეურნეო სკოლა იყო სოფელ წინამძღვრიანთკარში, რომელმაც თავისი არსებობით და მაგალითით არაერთი მსგავსი ინიციატივის განვითარება გამოიწვია.

ანალოგიური, თუმცა უფრო ფართო პროფილის და უაღრესად წარმატებული ინიციატივა გურიის სახალხო ბიბლიოთეკის მოქმედებას უკავშირდება, რომელმაც ძირეული ცვლილებები გამოიწვია მხარეში და შეუქცევადი პროგრესის საწყისი გახდა.

მსგავსი, კომბინირებული ინიციატივები 1890-იანი წლებიდან უკვე საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილი და ერთგვარი მოდაც კი გახდა, რასაც პრესის აქტიური მხარდაჭერა და სისტემატური პროპაგანდა უმაგრებდა ზურგს; ქართულენოვანი გამოცემების განვითარება და გავრცელება ნელ-ნელა შესაძლებელს ხდიდა, სხვადასხვა რეგიონები ერთმანეთთან დაეკავშირებინა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისათვის შეეწყო ხელი; ამ პერიოდიდან იქმნებოდა და აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ფორმის საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კავშირები, ასოციაციები. პროცესებში მეტად და მეტად აქტიურად ერთვებოდა სოფლის მოსახლეობაც; ხშირად სოფლის თემი თავად იწყებდა კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებს (სამკითხველოს, სკოლის დაარსება, თეატრის მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივის მხარდაჭერა) და მართავდა კამპანიას მატერიალურ-ფინანსური რესურსების მობილიზების მიზნით.

საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ასეთი გამოცოცხლების კარგი მაგალითი გახდა ქიზიყი. მე-19 საუკუნის მიწურულს სამკითხველოს გახსნის იდეა წარმოიშვა სიღნაღის მაზრის სოფელ ქვემო მაჩხაანშიც, სადაც ქვემო მაჩხაანის ახალგაზრდობამ საქველმოქმედო წარმოდგენების გამართვის გზით ქართული სამკითხველოს დაარსება მოახერხა. ამავე სოფელში, ადგილობრივი ინიციატივით და დიდი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მოსახლეობამ იმ დროისათვის მეტად თანამედროვე და მასშტაბური სახალხო თეატრის აშენება და ამოქმედება შეძლო.

ასევე აღსანიშნავია წარმატებული კოოპერატივის ნათელი მაგალითი ქუთაისის გუბერნიის პირველ მეაბრეშუმეთა ამხანაგობა და მის ინიციატორი – ნესტორ წერეთელი და სოფელ კუხისა და გუბის განვითარება.

ნესტორ წერეთელმა ლამის ოცწლიანი თავდაუზოგავი მუშაობით მოახერხა ხონის მიმდებარე სასოფლო თემების – კუხის და გუბის გამოცოცხლება და პოზიტიური საზოგადოებრივი ცვლილებების ორგანიზება სოფლის დონეზე. აღნიშნულმა მრავალპროფილიანმა მუშაობამ რეგიონში საკმაოდ დიდი ეკონომიკური და სოციალური ძვრები გამოიწვია. ნესტორ წერეთელი თავად სოფელ გუბში დაიბადა და განათლების მიღების შემდეგ საკუთარი სოფლის განვითარებისათვის ბრძოლა დაიწყო

მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ზემოთ მოყვანილი მაგალითები კარგად აჩვენებს, თუ რამდენად მრავალმხრივი და კომპლექსური სამუშაოს გაწევა უხდებოდათ იმ ადამიანებსა და ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც სოფლისა და თემის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ცდილობდნენ; სწორედ ეს კომპლექსურობა და დარგობრივი გადაკვეთა წარმოადგენდა ერთგვარ ნიშანს იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები და რამდენად ხელსაყრელ ნიადაგს იპოვიდა იგი, რომ იმპერიის ცენტრალურ ხელისუფლებას, თუნდაც შეზღუდული სახით, დაეშვა კავკასიასა და საქართველოში.

ახლა როდესაც საქართველო ევროკავშირის სახელმწიფოების გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც ჩვენთვის ისტორიული მნიშვნელობას იძენს მნიშვნელოვანია კარგად გვახსოვდეს რომ ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი –  სამოქალაქო თვითორგანიზება საქართველოსა და ევროპის საერთო ტრადიციაა. მეტიც, რომ არა სამოქალაქო თვითორგანიზების შედეგად გამოვლენილი ქართველი ხალხის ნება, რომელიც გამოხატავს ევროპისკენ სწრაფვას, კანდიდატობის სტატუსის საკითხი, შესაძლოა, ახლაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მდგარიყო. Სწორედ ახლაა დრო, ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომელიც წლების წინ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწყეს. 

ირაკლი ხვადაგიანის ორიგინალი მასალის სანახავად ეწვიეთ ბმულს.