ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა ემოციურ ატრაქციონს ჰგავს: პოლიტიკიდან სამზარეულომდე თუ არქიტექტურიდან სოციალურ კატასტროფამდე მხოლოდ მყიფე კედლებია აღმართული. მთავარი შეკითხვა მაინც ისაა, რა როლს თამაშობს საკონკურსო ფილმების შერჩევაში დროის აღქმა, მოვლენები, ესთეტიკა, ლოგიკა, გემოვნება…
ან იქნებ, ფილმები, რომლებსაც „ბერლინალე პალასტის“ უზარმაზარ დარბაზში ვუყურებთ, კინოფესტივალის დირექციის ახირებაა და თანამედროვე ჰაიტ–ტეკის მიღმა, ჯერ ისევ გაერთიანებული გერმანიის შეღებილი კედლების ნაპრალები მოჩანს? ყოველ შემთხვევაში, ბერლინის კინოფესტივალის ახალი დირექტორი ტრიშა ტატლი (ლონდონის კინოფესტივალის ყოფილი დირექტორი ოცი წლის განმავლობაში) ბევრად რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა, რადგან 2023 წლის დეკემბერში მოულოდნელად შეცვალა წინა სამხატვრო ხელმძღვანელობა – მარიეტ რისენბეკი და კარლო ჩატრიანი. ასე რომ, 74-ე ფესტივალზე ნაჩვენები ფილმები განსაზღვრულ სტრატეგიაზე კი არა, უფრო სტრატეგიის შეუძლებლობაზე მიუთითებს.
ფესტივალზე უკვე ნაჩვენები ფილმების მესამედის შემდეგ, ჩემი ორი ფავორიტი ფილმი – მექსიკელი რეჟისორის, ალონსო რუისპალასიოს „სამზარეულო“ და ირანული დუეტის, მარიამ მოგჰადამისა და ბეთას სანეჰას „ჩემი საყვარელი ნამცხვარი“, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი ნიუ–იორკში, თაიმს სკვერზე მდებარე რესტორნის სამზარეულოს, უფრო სწორად „მიწისქვედა“, სოციალურ ამბებს აღწერს; ხოლო მეორე, თეირანში მცხოვრები ასაკოვანი ქალის ეგზისტენციალურ მარტოობას.
უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს ნიუ–იორკში და ცხადია, ისინი კბილებით იბრძვიან, რომ სამუშაო შეინარჩუნონ. ამ ფონზე ერთობ უცნაურად იქცევა მექსიკელი ახალგაზრდა პედრო (რაულ ბრიონესი), რომელსაც საქმესთან ერთად, ცალმხრივი სასიყვარულო ვნება აკავშირებს სიმპათიურ მიმტან ჯულიასთან (ამ როლს რუნი მარა ისეთი გატაცებითა, პროფესიული ვნებით თამაშობს, იფიქრებთ, რომ მიმტანის სპეციალური კურსები გაიარა).
შავ–თეთრი, ასე ვთქვათ, „სოციალური“ გამოსახულება, ავტომატიზმამდე მიყვანილი ტექსტი, საინტერესო და გამოკვეთილი პერსონაჟები, უდავოდ მომგებიანია ამ ფილმისთვის. თუმცა, ორი საათი და 25 წუთი აშკარად ბევრია, ხოლო მძაფრი სოციალური და რასისტული კონფლიქტები ზოგჯერ ზედმეტად გროტესკული. ყველაფრის მიუხედავად, „სამზარეულო“ ჩემს ფავორიტ ფილმად რჩება, Screen-ის კრიტიკოსთა დაბალი შეფასების მიუხედავად.
სამაგიეროდ, ირანული ფილმის შეფასებისას ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა. ჯერჯერობით, „ჩემი საყვარელი ნამცხვარი“ Screen-ის შეფასებით საუკეთესოა ფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის. ფაქიზი პოეზია და რაღაცნაირი თანამდევი მელანქოლია თან სდევს ფილმს, რომელშიც თეირანში მცხოვრები, 70 წლის მაჰინის ყოველდღიურობას ვხედავთ. მას ქმარი გარდაეცვალა, ხოლო ქალიშვილი ევროპაში გაემგზავრა. მარტოობის განსაქარვებლად, ის შუადღისას, მეგობრებს ჩაისა და ნამცხვარზე ეპატიჟება და არ კარგავს იმედს, რომ სიყვარული მის ცხოვრებაში ჯერ არ დასრულებულა.
ამერიკელი რეჟისორის, აარონ შიმბერგის „განსხვავებული კაცი“ ნიუ–იორკელი მსახიობის, ედვარდის (სებასტიან სტანი) ცხოვრებას რადიკალურ მომენტში გვიჩვენებს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, მის გარეგნობასა და ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, მაგრამ მას არ შეუძლია ახალი ცხოვრების დაწყება: მაინც საკუთარი წარსული გარეგნობის ტყვეა. შიმბერგის ტრილერი დღევანდელი მსახიობებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეხება – როგორია შეცვლილი საკუთარი თავის აღქმა სხვების აღქმიდან გამომდინარე.
იტალიელი რეჟისორის, პიერო მესინას „სხვა დასასრული“ უკვე გაჭაღარავებული „სტარის“, გაელ გარსია ბერნალისა და რენატა რეინსვეეს მონაწილეობით, უფრო პრეტენზიული და ორიგინალური გამოსახულებით დახუნძლულ, „ფენტეზის“ ჟანრს ჰგავს (სხეულის „გამოცვლა“ გარდაცვალების შემდეგ, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით). რისი სერიოზულად აღქმა ფილმის მეორე ნახევარში, უკვე საკმაოდ ძნელია. ამავე დროს, „სხვა დასასრულს“ ძალიან კარგი საუნდტრეკი აქვს.
ფესტივალზე წარმოდგენილ დოკუმენტურ ფილმში „არქიტექტონიკა“ (უცნაურია, საერთოდ როგორ მოხვდა ის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში), არქიტექტურა განხილულია, როგორც დედამიწის ეპიკური, ინტიმური და პოეტური მედიტაცია. ხოლო ის, თუ როგორ ვანადგურებთ შენობებსა და უნიკალურ დიზაინს, შესაბამისად, ვანადგურებთ წარსულის ბიოგრაფიას. ფილმი გერმანიაში მცხოვრებმა და წარმოშობით რუსმა რეჟისორმა, ვიქტორ კოსაკოვსკიმ გადაიღო, რომელსაც თავის დროზე მოსკოვის კინოსკოლა აქვს დამთავრებული.
რეჟისორი აღბეჭდავს გამაოგნებელ ლანდშაფტსა და არქიტექტურას ლიბანში მდებარე, ბაალბეკის ტაძრის ნანგრევებიდან (რომელიც თარიღდება ჩვენი დროის პირველი საუკუნით) თურქეთში 2023 წლის დასაწყისში მომხდარი მიწისძვრით დანგრეული შენობების ჩათვლით.
და კიდევ ერთი დეტალი: ფილმში რამდენჯერმე გამოჩნდება ერთგვარად სიმბოლური თუ მისტიკური პერსონაჟი – ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მიქელე დე ლუკი, რომლის სახელსაც უკავშირდება უამრავი ორიგინალური პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის არის ვენეციისა და მილანის დიზაინის სკოლების საპატიო პროფესორი და არაერთი პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოს მფლობელი. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიქელე დე ლუკიმ რამდენიმე პროექტი განახორციელა საქართველოშიც. მათ შორის არის, მშვიდობის ხიდი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბერლინის 74-ე საერთაშორისო ფესტივალის უცნაური საკონკურსო პროგრამა კიდევ მრავალ სიურპრიზს გვპირდება. მათ შორის, გერმანელი რეჟისორის, ანდრეას დრეზენის ფილმს „სიყვარულით ჰილდასგან“, დანიელი რეჟისორის, გუსტავ მიოლერის „ხმებს“, ფრანგი ოლივიე ასაიასის „შეჩერებულ დროს“… მანამდე კი 20 თებერვალს საპატიო „ოქროს დათვი“ მთელი შემოქმედებისთვის კინოკლასიკოსს, მარტინ სკორსეზეს გადაეცემა.