ირმა ხუბუა და ლამზირა მალიჩავა ერთმანეთს ყოველ დილით, შვიდ საათზე, ძროხების მოწველისას ხვდებიან. მათი ქმრები ძმები არიან, ამიტომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ქალების სახლებს მხოლოდ ერთი ღობე ყოფს. ნათესაობისა და მეგობრობის გარდა, ირმასა და ლამზირას საქმეც აკავშირებთ: ორივე რძის პროდუქტებს აწარმოებს და ჭყინტ ყველს, სულგუნს, მაწონსა და ნადუღს ადგილობრივებზე ჰყიდის.
დილაობით, ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ჯერ საქონელს ბანენ, მერე კი მოწველას იწყებენ. ირმას 3 ძროხა ჰყავს, ლამზირას – 6, ამიტომ მთლიანი პროცესი დაახლოებით ერთ საათს გრძელდება. მერე მოწველილი რძე სახლებში მიაქვთ, გადაწურავენ და ცოტა ხანს აჩერებენ. ამასობაში ყავის დროც დგება. ეს ქალების ურყევი ტრადიციაა: პირველი ყავა აუცილებლად ერთად უნდა დალიონ და ამბები გაცვალონ. მერე ჭყინტი ყველის ამოყვანის ჯერია. ახალ ყველს რომ დააბინავებენ, სამსახურებისთვის მზადებას იწყებენ.
51 წლის, პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგი ირმა კოკის საბავშვო ბაღის გამგეა. მას 2 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს. 47 წლის, პროფესიით ფარმაცევტი ლამზირა კი სოფლის სკოლაში მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა უზრუნველყოფის კოორდინატორად მუშაობს და სამ შვილს ზრდის. ორივე სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული: ჯერ კიდევ 2010 წელს, როცა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „ფონდმა ტასომ“ კოკში სათემო მობილიზაცია დაიწყო, ირმა და ლამზირა იმ პირველ ქალებს შორის იყვნენ, რომლებმაც თვითდახმარების ჯგუფი ჩამოაყალიბეს და თემში პოზიტიური ცვლილებები შეიტანეს. 2021 წლიდან კი ისინი სასწავლო პლატფორმის, ფერმერთა საველე სკოლის მონაწილეებიც არიან და ყველის ახალი სახეობების მომზადებასთან ერთად, მეწარმეობასაც ეუფლებიან.
ფერმერთა საველე სკოლა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს და ფერმერ ქალთა ქსელის ჩამოყალიბებას, მათთვის ტრენინგების ჩატარებას, შესაბამისი უნარების გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება.
პლატფორმის დახმარებით, ფერმერი ქალები, რომელთა შორის ირმა და ლამზირაც არიან, კვების უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, ყველის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს – იტალიურ კაჩოტასა და გრილზე შესაწვავი ყველის დამზადებას სწავლობენ. ისინი ბიზნესის დაწყების შესახებ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კურსსაც გადიან და მეწარმეობის, ლიდერობისა და მართვის უნარებს იღრმავებენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტი მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის კუთხითაც ითვალისწინებს.
ირმა და ლამზირა ფერმერთა სკოლის იდეით თავიდანვე მოიხიბლნენ. ლიდერობა საკუთარ თავზე ლამზირამ აიღო, სხვა მონაწილეებიც შეაგროვა და ადგილობრივი ქალები ამჯერად ახალი ცოდნის მისაღებად გააერთიანა. „ყველის სახეობების გარდა, ფერმერთა სკოლამ ბიზნესის წარმოებაზეც ბევრი გვასწავლა. განსაკუთრებით ბაზრის წინასწარი მოკვლევისა და სამიზნე ჯგუფების შესახებ მიღებულ ინფორმაციას გამოვყოფდი“, – აღნიშნავს ლამზირა.
„კაჩოტას მომზადებისას იმდენი დეტალი იყო, ვიფიქრე, თურმე რამდენი რამ სჭირდება-მეთქი. გრილზე შესაწვავი ყველი გამორჩეულად მომეწონა. მართალია, სულგუნზე მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ძალიან საინტერესოა“, – დასძენს ირმა.
წლებია, ქალების გააქტიურებასა და მათ გაძლიერებაზე მუშაობენ, ამიტომ მეწარმეობას ამ პერსპექტივიდანაც აფასებენ: „შენი საქმის ქონა მხოლოდ ფინანსური შემოსავლის წყაროს არ ნიშნავს, უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხდები, ამიტომ ქალებისთვის მეწარმეობას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ლამზირა.
ქალებს ფერმერთა სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უნდათ, ამიტომ ახლა დილაობით ფერმერობის მომავალსაც სხვაგვარად განიხილავენ: მსჯელობენ, როგორ განვითარდნენ, რომ ასორტიმენტში ყველის ახალი ტექნოლოგიით წარმოებული სახეობებიც შეიტანონ და უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონდეთ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მათ პროდუქციის ბაზარზე გატანასა და დისტრიბუტორებთან დაკავშირებაშიც შეუწყობს ხელს.
ირმასა და ლამზირას გარდა, სოფელ კოკში ფერმერთა საველე სკოლაში 9 ქალია გაერთიანებული. სულ კი პროექტის ფარგლებში, 8 მუნიციპალიტეტში 20 საველე სკოლა შეიქმნება და 1000 ფერმერი გადამზადდება. პროექტი „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.