კანალიზაცია მტკვარში

პუბლიკა
ავტორები: ანა აბაშიძე, ნინო აფაქიძე, ნინო წვერავა

„Რამდენი წელია, აქ ვცხოვრობ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა არასდროს ყოფილა. თევზი წყდება, ისეთი ჯიშები წყდება, წითელ წიგნში რომ იყო შეტანილი. დაბინძურება ყველაფერზე აისახება, წყლის სისუფთავეზე, გარემოზე, ვის სიამოვნებს აქ ყოფნა – სუნი დგას ხოლმე ისეთი… რა არ მინახავს, ამ წყალს არ წამოეღოს…

ავიღოთ გლდანულა, გინდაც სოფელი, გინდაც მდინარე. თუ გავყვებით მაღლა, ცხვარიჭამიამდე, სადაც მდინარე იწყება, ახალი გაშენებული სოფლებია, ყველას კანალიზაცია თვითნებურად შეერთებულია გლდანულაზე. Რა თქმა უნდა, გლდანულა უერთდება მტკვარს. ამაზე ყველა თვალს ხუჭავს.

დიღმის ტერიტორიაზე, მდინარე დიღმულა რომ ჩამოდის, იგივე ხდება. გამოდის, რომ მტკვარი ისევ კანალიზაციითაა სავსე”, – გვითხრა მეთევზემ, რომელსაც ანონიმურობის დაცვის გარანტიით დიღმის ტერიტორიაზე, მტკვრის პირას ვესაუბრეთ.