ხახაბოს დიასახლისი

თინათინ მოსიაშვილი

ანუ ამბავი იმისა, დანგრეული სიყვარულს რომ  უშენებია

ეს ამბავი ზღაპარს ჰგავს, ჰოდა მეც ასე დავიწყებ:

უხსოვარ კი არა და, ჩვენს დროში, თუმცა თითქმის ცხრა მთასა და ცხრა მდინარის იქით, ხევსურეთის ერთ სოფელში ერთი მშრომელი ბიჭი ცხოვრობდა. მას პაატა ერქვა, თუმცა ხეობაში ყველა ივანეს ეძახდა.

საქართველოში ორი ხახაბოა, ერთი თუშეთში, მეორე – ხევსურეთში.

„გამიგონია, რომ თუშეთიდან გადმოვსულვართ“, – ამბობს პაატა.

თუშეთში სხვა ვერსიაც მსმენია: ხახაბო გათუშებული ხევსურების სოფელიაო, მაგრამ  მიგრაციული პროცესების კვლევა სხვა დროს იყოს.

ახლა ხევსურეთზე გიამბობთ.

ხახაბო ხევსურეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, 2135 მეტრ სიმაღლეზე, დათვიჯვრიდან მარჯვნივ, წუგროვანისა და ჭანჭახის უღელტეხილის მხარეს, 12 კილომეტრში მდებარეობს. გასული საუკუნის შუახანებში აქ 60-მდე კომლს უცხოვრია. 80-90-იანი წლებისთვის კი 5-6 ოჯახი იყო შემორჩენილი.

დღეს აქაურობა დაცლილია, შუა საუკუნეების კოშკები და ციხე-სახლები – დანგრეული.

როდესაც ამბავი იწყება, პაატა-ივანე, პაატა ხახიაური თავისი სოფლის,  ხახაბოს ერთადერთი მკვიდრია. უახლოესი მეზობელი, მარუსა ბებო, მარუსა მინდიკაური ორ-სამ კილომეტრში, ხახაბოს ჭალაში ან, როგორც ახლა ეძახიან, ქვემო ხახაბოში ჰყავს. ათიოდ კილომეტრში  ანდაქია, სადაც პაატას და ცხოვრობს, უფრო ქვემოთ – არდოტი.

ამ სოფლებს ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ. ტურისტულ კომპანიებს ხევსურეთის მარშრუტებში, ძირითადად, შატილი და მუცო შეაქვთ. იქ ახლა კარგი გზაც მიდის.

შატილი. კოშკებთან სელფის გადაღება, მერე მუცო და ბევრისთვის აქ მთავრდება ხევსურეთი.

მიღმახევის სოფლებში ზაფხულშიც ცოტა ხალხია, ზამთარში კი მთელ ხეობაში სულ რამდენიმე ოჯახი რჩება.

უწინ, სულ ოცდაათიოდე წლის წინაც მეტი ადამიანი ცხოვრობდა ამ სოფლებში. მოზამთრეებიც მრავლად იყვნენ.

პაატა 11 წლის იყო, როდესაც ზამთრის ერთ დღეს მის სოფელში ზვავი ჩამოწვა. დედა და უმცროსი და-ძმა სტიქიას ემსხვერპლნენ. პაატა და მამამისი ზვავმა კოშკიდან გარეთ გადააგდო… გადარჩა, თუმცა მთელი ცხოვრება მოჰყვება მაშინდელი ტკივილი.

ბიჭი გაიზარდა, სკოლა დაამთავრა, ჯარი მოიარა.

მესაქონლეობას მიჰყო ხელი – ზაფხულობით თავის სოფელში იყო, შემოდგომაზე საქონელი ბარისკენ მოჰყავდა და ანანურის სიახლოვეს იზამთრებდა, გაზაფხულზე კი ისევ მთას მიაშურებდა ხოლმე… მარტომყოფს სოფელში ხანდახან თუშეთიდან გადმოსული ტურისტები თუ შეუვლიდნენ, უფრო იშვიათად – ხახაბოს ნახვის მსურველები.

ზაფხულში მხოლოდ სამი დღე ცოცხლდებოდა სოფელი, როცა ხახაბოდან წასული ხახიაურ-ხოსიაურ-მამიაურ-მინდიკაურები და მათი ახლობლები ათენგენობას ხატში ადიოდნენ. ნებსით თუ უნებლიეთ ყველა ხატობის მასპინძელი პაატა იყო.

საგვარეულო ადგილას, ნასახლარში  ორი ოთახი თავისი ხელით გააკეთა, ერთში თავად რჩებოდა, მეორეში – სტუმრებს ტოვებდა.

პაატამ საქონლის გარდა, ცხენების მოშენებასაც მიჰყო ხელი. ხანდახან საცხენოსნო ტურსაც აწყობდა და ტურისტები დაჰყავდა.

ხახაბოში მცხოვრებ მარტოკაცზე ზოგჯერ ჟურნალისტებიც წერდნენ ან სიუჟეტებს აკეთებდნენ.

***

ერთხელ ერთმა გოგომ ნახა ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტი და ხახაბოში ჩასვლა გადაწყვიტა. რადგან არც ხახაბოში და არც მიღმახევში ტელეფონი არ იჭერდა, უსადენო ინტერნეტი კი უკვე იყო, პაატა ფეისბუკში იპოვა და მისწერა.

„არ გინდა, ხევსურეთში საცხენოსნო ტური გავაკეთოთ“, – მეც მომწერა ერთ დღეს ნინომ. ნინო ბარნაბიშვილი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში ტუროპერატორად და იტალიურენოვან გიდად მუშაობდა. ოქტომბრის პირველ რიცხვებში ტურების ჯგუფში ხევსურეთის ტური მედო.

„მშვენიერი აზრია.  შევითანხმებ ვინმეს, ვისაც ცხენები ჰყავს“.

„არა, ცხენები და გამყოლი უკვე მყავს შეპირებული, უბრალოდ, რამდენიმე  ადამიანს მივწერე, მაგრამ ჯგუფი არ შედგა“, – მომწერა ნინომ.

შარშან, ოქტომბრის პირველ შაბათს მამა დავითის მრევლთან ერთად წავედით ხევსურეთისკენ. ოღონდ ჯგუფი არდოტის, შატილისა და მუცოს მოვლის შემდეგ დაბრუნდა გორშეღმის ხეობისკენ, ჩვენ კი შატილში დავრჩით.

მეორე დღეს, 2 საათზე, არდოტის ჭალაში პაატა ცხენებით უნდა დაგვლოდებოდა.

ოქტომბერი იყო და უკვე ციოდა მთაში. ღამით იწვიმა კიდეც.

„ახლა ცხენებით უღელტეხილზე გადასვლა არ არის კარგი აზრი“, – გვითხრა დათო ჯალაბაურმა.

„ამ დროს არ გირჩევთ მაგ მარშრუტის გავლას“, –  გვირჩია გაგა ჭინჭარაულმაც.

მოვუსმინეთ ხევსურ ბიჭებს, თუმცა…

„რა ვქნათ, ნინ, წავიდეთ?“, – ვკითხე ნინოს.

„წავიდეთ“.

და ორმა გოგომ მარშრუტის გაგრძელება გადავწყვიტეთ.

მანქანა აღარ გვყავდა და ფეხით დავადექით გზას. შატილიდან პირველ საათზე გავედით.

„მგონი გვაგვიანდება“, – მითხრა ნინომ.

„იმედი მაქვს, მალე რაიმე მანქანა გამოჩნდება და აუცილებლად მივასწრებთ“.

მუცოს მხრიდან შატილისკენ მომავალმა ლევან ზვიადაურმა მგზავრები შატილში დატოვა. დაგვინახა გზად მიმავალნი, მანქანა მოაბრუნა და არდოტამდე აგვიყვანა.

7 წუთი დაგვაგვიანდა. სამის შვიდი წუთი იყო, არდოტში რომ ავედით. ლევანს მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ.

წვიმდა, საწვიმრები ჩავიცვით. ცხენებზე შევსხედით და ჯერ ანდაქისკენ წავედით. ანდაქი არდოტიდან დაახლოებით 5 კილომეტრშია.

ლევანის ძმა, სოსო ზვიადაური  ჩემი ძველი რესპონდენტია. ის სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ანდაქშია, თავის  ციხე-სახლს პატრონობს. მისი მეუღლე, მაიკოც, ანდაქში დაგვხვდა. ზურა ქიქოძე ჰყავდათ სტუმრად.

ღუმელთან გავშრით. ზვიადაურებმა ცხელი ჩაი დაგვალევინეს.

„თუ დღესვე აპირებთ ზემოთ წამოსვლას, უნდა ვიჩქაროთ“, – გვითხრა პაატამ.

წავედით.  მე მივლია ცხენით.

„ცხენზე პირველად ვიჯექი, არ მინდოდა, შეგემჩნია, რომ მეშინოდა“, – გამოუტყდება მერე ნინო პაატას.

ავიარეთ ხახაბოს ჭალა, ანუ ქვემო ხახაბო. მარუსა დეიდა მოვიკითხე, ჩემი ძველი მასპინძელი.

„ორი კვირის წინ ბარში წავიდაო“, – პაატამ.

აქედან ერთი კარგი აღმართი, მერე – დაღმართი და ხახაბოში ვართ.

წლების წინ ფეხით ამოვედით აქამდე.

„იქით წასვლა აღარ შეიძლება“, – მითხრა მაშინ დათომ.

გავიხედე და სალოცავი დავინახე. ხევსურეთის ბილიკების ამბავი უკვე ვიცოდი.

„ჩემი წასვლა არ შეიძლება თუ შენიც?“

„შენი“, – ხმადაბლა მითხრა.

რა გაეწყობოდა, სადიაცო ბილიკის ძებნის დრო აღარ იყო, მარუსა დეიდასთან გველოდა ჯგუფი. მე იქვე, იმ ბილიკთან დავრჩი და დათო წავიდა ფოტოების გადასაღებად.

ეს დიდი ხნის წინ იყო, პირველად რომ ვიყავი ხახაბოსკენ.

ამჯერად ცხენებით სალოცავის ქვემოთ გავიარეთ და კოშკებისკენ დავეშვით.

პაატამ ღუმელი დაანთო. ჩვენი საწვიმრები და სველი ტანსაცმელი მივაფინეთ. დავპურდით.  ცოტა ოჯახის არაყიც მქონდა. პაატა არ სვამდა. გოგოებმა დავლოცეთ ხახაბო და მისი მკვიდრნი.

მე და ნინო სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში მოვთავსდით.

დილას ცოტა გვიან გამეღვიძა. ნინო და პაატა ღუმელთან ისხდნენ და საუბრობდნენ.

პაატა ამბობდა, რომ ნასახლარის აღდგენას აპირებდა.

რადგან უღელტეხილი გვქონდა გადასავლელი, უნდა ავჩქარებულიყავით. მთაში შემოდგომით კი არა, ზაფხულშიც ვერ ენდობი ამინდს.

პაატამ ისევ შეკაზმა ცხენები და ამხედრებაშიც მოგვეხმარა. მე ისევ ცქვიტო შემხვდა.

შევუდექით უღელტეხილისკენ აღმართს.

ჩვენ და სამანქანო გზა თითქმის ერთად მივედით ხახაბოში. ჩვენი სტუმრობისას უკვე სოფლის ცოტა ზემოთ იყვნენ ტრაქტორისტები მისულები. გზას, როგორც ბევრგან ხდება, აქაც უპროექტოდ, ალალბედზე ჭრიდნენ, რომელ ფერდზეც როგორ გამოვიდოდა. მერე სამ-ოთხ დღეში ჩავიდნენ სოფლამდე.

ჭანჭახის უღელტეხილზე, რომელიც დათვისჯვარზე ცოტა მაღალია, საკმაოდ ციოდა. მახსოვს, პაატას ცხენები გავაჩერებინე და თბილი ტანსაცმელი დავიმატე.

დათვისჯვრის ასახვევში დავემშვიდობეთ ცხენებს და მასპინძელს. მე და ნინო მეგზევეებს გავყევით ბისომდე, იქიდან – მეორე მანქანას, თვალივიდან კიდევ სხვას და ბოლოს ყაზბეგის სარეისოთი ჩავაღწიეთ თბილისამდე.

***

მერე პერიოდულად ვეხმიანებოდით ერთმანეთს, ვკითხულობდით ამბებს.

ოქტომბრის ბოლოს ცხენებით და საქონლით წამოვიდა პაატაც მთიდან.

ფეისბუკზე ვხედავდი, რომ ის და ნინო სულ უფრო ხშირად აზიარებდნენ ერთმანეთის ფოტოებს, იწონებდნენ, კომენტარს უწერდნენ.

თებერვალში პაატა თბილისში ჩამოვიდა და ნინოს მანქანით ბეთანიაში წავედით. კი გაუჭირდა ერთხიდიან მანქანას, მაგრამ… ვიარეთ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, მივხვდი, ორმა ადამიანმა იპოვა ერთმანეთი.

მერე პაატა გაზაფხულზე ისევ ადრიანად გადავიდა ხახაბოში.

ციხე-სახლის მშენებლობაც დაიწყო.

„მეგობრები დამიდგნენ გვერდზე. გზა რომ გაიხსნა, საბარგოთი მასალაც ამოვიტანეთ. მე პატარა საცხოვრებელი ოთახის აშენება-აღდგენას ვაპირებდი, მაგრამ ნინოს „ბრალია“ ამხელა მშენებლობა რომ წამოვიწყე, – მეუბნება პაატა – ეს სახლი რომ შენდებოდა, მთისკენ გავდიოდი ხოლმე და ვუყურებდი, ვფიქრობდი, როგორ მოეწონებოდა ნინოს. ეს სასტუმრო ნინოსი იქნება. მე საქონელსა და ცხენებს მივხედავ“.

ივლისის დასაწყისში ნინოც ავიდა თავისი მანქანით.

ავიდა სწორედ იმ გზით, ჩვენი ასვლისას რომ გაჰყავდათ. ხახაბოს გზას კარგი არც ახლა  ეთქმის, ამიტომ ნინოს მანქანას წინ პაატა მიჰყვებოდა და გზას წმენდდა.  საათები დასჭირდა თორმეტიიოდე კილომეტრის გავლას.

სახლი აშენდა: ფიქალი, ძირითადად, ადგილზე იყო,  სხვა მასალა პაატას დანაზოგით შეიძინეს.

ზუსტად ამ პერიოდში პაატამ „აწარმოვე საქართველოს“ კონკურსშიც გაიმარჯვა. პროექტის დაწერაში მეგობრები დაეხმარნენ. გრანტის თანხით ინვენტარი შეიძინეს.

ჯერ სამშენებლო მასალა და მერე ინვენტარი ორჯერ დიდი საბარგოთი გადაიტანეს.  შიშობდნენ, არ დაზიანებულიყო ავეჯი და ტექნიკა.

ნინომ კი თავისი მანქანით ჭურჭელი აიტანა.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული ფოტოებით ვხედავდი, როგორ ამოდიოდა ციხე-სახლის კედლები და როგორ შენდებოდა სოფელი.

***

მინდოდა,  ათენგენობას ავსულიყავი ხახაბოში და სასტუმროს ერთ-ერთი პირველი სტუმარი ვყოფილიყავი, მაგრამ კოვიდმა შემიშალა ხელი. ხატობისას იზოლაციაში მყოფი შინ ვიჯექი. სამი კვირით დავაგვიანე, თუმცა აგვისტოში მაინც ავედი ხევსურეთში.

შატილამდე ჩავედი, ისევ ვესტუმრე შატილიონებს და მეორე დღეს მარტო დავადექი არდოტის გზას. ისევ ნაცნობი შემხვდა და ისევ არდოტამდე ამიყვანა.

ამჯერად ნინო და პაატა უკვე ერთად მელოდნენ. ოღონდ ჭალაში არა, ზემოთ, ნიკო არდოტელის ოჯახში.

„თუ მოგვასწრო, ნიკოსთან და მარინასთან აუცილებლად ავიდოდაო“, – ნინოს ეთქვა.

არდოტში ხომ დღესაც არ იჭერს ტელეფონი, რომ დაგვეზუსტებინა, ზუსტად რომელზე და სად ვიქნებოდით.

მე ისევ ჩემი ცქვიტო ჩამომიყვანეს. ნინო და პაატა ერთი ცხენით იყვნენ. მათ ცხენს უკან კვიცი მიჰყვებოდა.

„ეს კვიცი ნინოსია, მართა დაარქვა“, – მითხრა პაატამ.

ამჯერად  ანდაქისკენ არ წავსულვართ.

ქვემო ხახაბოში კი შევიარეთ.

„ვეღარც გიცანი“, – მითხრა მარუსა დეიდამ და გავახსენე, 18 წლის წინათ რომ ვესტუმრე. მაშინ მითხრეს, „ჩვენს სოფელში ცოცხალი ჟურნალისტი არც მოსულაო“.

მოვიკითხეთ ერთმანეთი,  ბუბა (მარუსა დეიდას ქალიშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია, უცხოეთშია და ჯერ ვერ ჩამოდის), მისი ბიჭები. მოვიგონე ილო პაპა.

„ჩემს ქმარსაც გამორჩეულად უყვარდა  ივანე, შვილებიდან არ არჩევდა. მიხარია ამათი ამბავი. იმ დღეს ვლოცავ, ეს გოგო ჩვენს სოფელში რომ მოვიდა“, – წამოსვლისას კიდევ ერთხელ დალოცა მარუსა დეიდამ პაატა (ივანე) და ნინო.

***

ვჩქარობთ. ნინოს სტუმრად და ჰყავს ოჯახით და რომ დავაგვიანოთ, ინერვიულებენ. მარუსა დეიდასთან ინტერნეტიც გათიშულია, რომ მივწეროთ.

მივუყვებით ხახაბოს აღმართს და ზემოდანვე ვხედავ, იქ, სადაც შარშან დანგრეული სახლი იყო, ახლა ციხე-სახლია წამოჭიმული.

ვფიქრობ, რამხელა ძალა აქვს, რამდენი შეუძლია სიყვარულს.

სახლის წინ ბოსტანია.

მეორე დღეს პაატა კარტოფილსა და ჭარხალს იღებს. სასტუმროში მოსულ სტუმრებს საკუთარი ბოსტნეულით გაუმასპინძლდებიან.

„პაატას, ჯერჯერობით, საქმეში ვერც ვეწევი. ძალიან მშრომელია. ეს სახლი, ფაქტობრივად, აშენებული დამახვედრა.

ძალიან მინდა, გაუმართლოს. საცხენოსნო ტურიზმი ააწყოს.  მე ყველანაირად შევეშველები და შევუწყობ ხელს“, – მეუბნება ნინო.

„ნინ, შენ, ალბათ, ზამთრამდე დარჩები?“,  – ვეკითხები.

„ზამთარში ყველაფერი ასე რომ დავტოვოთ, გაფუჭდება, თაგვებიც შეჭამენ… პაატა დარჩენას აპირებს და სადაც პაატა იქნება, მეც იქ ვიქნები. მეც დავრჩები ზამთარში“, – მპასუხობს.

პაატა ღიმილიანია.

„ერთი მაშინ ვიტირე, დედა რომ გარდაიცვალა და მეორედ, ახლა მადგება ხოლმე თვალზე ცრემლი. მაშინ ტკივილის იყო, ახლა სიხარულის ცრემლი მადგას. ნინომ ჩემი სამყარო სრულიად შეცვალა“, – მეუბნება.

მინდა, სიყვარულისა და სოფლის შენების ეს ამბავი ისე დასრულდეს, როგორც ნამდვილ ზღაპარშია: ლამაზ ხევსურულ სოფელში ნინო და პაატა დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

იმედი მაქვს, ხახაბო აღდგება და ერთ-ერთი საინტერესო სოფელი იქნება ხევსურეთსა და  მთელ საქართველოში.

ჩვენ კი ხშირად ვივლით ამ ხევსურულ სოფელში. ციხე-სახლ „ხახაბოში“ ღიმილიანი დიასახლისი გვიმასპინძლებს, პაატა კი ცხენით შემოგვატარებს ხახაბოს გარშემო მთებს.