2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარება სთხოვა. პროკურატურის განმარტებით, ამის მიზეზია თამარ თორაძის მიმართვა საქართველოს პორკურატურისადმი, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობა გამოიძიონ. თამარ თორაძე აშშ-ის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს.
თამარ თორაძე თავისი ძმების მკვლელობაში „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მფლობელს, გიორგი რურუას ადანაშაულებს. 14 მაისს მან სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილიც გაუგზავნა, რომელშიც რურუას პოლიტპატიმრად მოხსენიებას აპროტესტებს.
მოგვიანებით, 4 ივნისს, თამარ თორაძემ თავისი ძმების მკვლელობაში ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილიც დაადანაშაულა, რომელსაც მეტსახელით – „ზარალა“ მოიხსენიებენ.
თორაძეების ოჯახის 5 წევრი – ზაურ თორაძე, იზოლდა ქურხული-თორაძე და სამი შვილი – კახა, ლაშა და იმედო თორაძეები 28 წლის წინ, 1992 წლის 3 მარტს მოკლეს. მკვლელობიდან ცოტა ხანში დაიკარგა კიდევ ერთი ძმა – ზაზა თორაძე, 2 წლის შემდეგ კი უმცროსი ვაჟი – პაატა თორაძე.
თორაძეების ოჯახის 5 წევრის მკვლელობა და 2-ის გაუჩინარება დღემდე გამოუძიებელია.
საქმის გამოძიების საკითხის გააქტუალურება ოპოზიციისა და თავად ბრალდების ადრესატის მიერ მისკენ მიმართულ ანტიკამპანიად შეფასდა. იურისტებს მიაჩნიათ, რომ საქმის გამოძიება მისი ხანდაზმულობისა და სხვა ფაქტორების გამო რთული იქნება. თავად თამარ თორაძე კი ამბობს, რომ 28 წლის შემდეგ პირველად მიეცა ამ საქმის გახსნის იმედი.
შესაძლებელია თუ არა დღეს 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიება?
იურისტი და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მართალია, მკვლელობის საქმეზე ახლა 30-წლიანი ხანდაზმულობის ვადაა, თუმცა 2018 წლამდე ხანდაზმულობის ვადა 25 წელი იყო. თორაძეების მკვლელობიდან 25 წელი კი 2017 წელს გავიდა. შესაბამისად, კანონმდებლობის ცვლილებისას თორაძეების საქმე უკვე ხანდაზმული იყო.
„კანონისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი ორი ტიპის უკუძალა – ნამდვილი უკუძალა და არანამდვილი უკუძალა. ნამდვილი უკუძალა გვაქვს მაშინ, როცა ხანდაზმულობა გადის, მერე იცვლება კანონი და საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ხელახლა ვრცელდება. არანამდვილია, როცა საქმე ჯერ არ არის ხანდაზმული, გრძელდება ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, გამოძიებისთვის განკუთვნილი დროც. აი, მაგალითად, გამსახურდიას საქმეზე გააკეთეს ასე – გასდიოდა ხანდაზმულობის ვადა და გააგრძელეს.
მე ორივე არასწორად მიმაჩნია, მაგრამ პირველი რომ არასწორია, ამაზე კონსენსუსი არსებობს. თორაძეების საქმეს 2017 წლის მარტში გაუვიდა 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა“, – ამბობს მშვენიერაძე „პუბლიკასთან“.
იურისტის თქმით, ხანდაზმულობის გამო ამ საქმის გამოძიება ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია, მაშინაც კი თუ თავად მკვლელი გამოჩნდება და ბრალს აღიარებს. კანონმდებლობით, გამოძიება უნდა შეწყდეს და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, თუკი ხანდაზმულობის ვადა გასულია.
„წესით, ამ საქმეზე გამოძიებაც არ უნდა გაგრძელდეს და ბრალსაც ვერავის წაუყენებენ, გამორიცხულია. ის მუხლები, რომლითაც მკვლელობის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს ხოლმე, უკვე ხანდაზმულია. არც ახალი გარემოებების გამოჩენას შეუძლია გამოძიების ხელახლა წარმართვა, თავად მკვლელმაც რომ მოჰყვეს, მე გავაკეთეო, საქმე შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ბრალს ვერ წაუყენებენ“, – დასძენს გიორგი მშვენიერაძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ აჭარაძე კი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის გავლის გამო რთული სათქმელია, შეუძლებელი გახდება თუ არა გამოძიების ჩატარება. თუმცა, საჭიროა გამოძიების „გონივრულ ვადაში წარმართვა“.
„გონივრული ვადა ხშირად განიმარტება, როგორც ხანდაზმულობის ვადა. თუმცა, ზოგ დანაშაულზე 15 წელია, ზოგზე, ბოლო ცვლილებით, 30 წელიც არის. ამიტომ, ასე თქმა, რომ 10 წლის მერე საქმე ვეღარ იქნება გამოძიებული, არ იქნება ზუსტი“, – ამბობს რევაზ აჭარაძე „პუბლიკასთან“.
ხანდაზმულობის გარდა, კიდევ ერთი საკითხია – რეალურია თუ არა, ახლა, 28 წლის შემდეგ ამ საქმის გამოძიება? რევაზ აჭარაძე „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ ბრალის წარსადგენად არსებობს მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი. საჭიროა, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, რომელიც პირის ბრალეულობას დაადასტურებს.
„მაგალითად, შეიძლება იყოს ორი მოწმე, ან ერთი მოწმე და რაიმე სახის ვიდეომასალა, ან ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბრალს პირდაპირ დაადასტურებს. შეიძლება იყოს ჩხრეკის, ამოღების ოქმი. გააჩნია საქმეს და მტკიცებულებებს“, – ამბობს აჭარაძე „პუბლიკასთან“.
რაც შეეხება დამატებით მტკიცებულებებს, რევაზ აჭარაძის თქმით, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ახლა ვეღარ მოხდება. თუმცა, რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შანსი.
„შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი, მაგალითად, იმ ქუჩაზე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ტყვია მოხვდებოდა თუ არა, ეს შეიძლება დღესაც ჩატარდეს, თუ იმ ადგილას ახალი შენობა არ აშენდა ან რამე ძველი შენობა არ იდგა ამ ადგილას.
ახლა, ადგილის დათვალიერება იმისთვის, რომ რაღაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, ვეღარ მოხდება. შეიძლება ჩატარდეს ექსპერიმენტი, ოღონდ მხედველობაში უნდა მივიღოთ, რა შეიცვალა იმ ადგილას, რა აშენდა და რა დაინგრა“, – დასძენს აჭარაძე.
„ძალიან ბევრი ხელმოსაჭიდია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული“, – რატომ ფიქრობს თამარ თორაძე, რომ ახლა საქმის გამოძიება შესაძლებელია?
თავად თამარ თორაძე ამბობს, რომ მკვლელობას არაერთი მოწმე ჰყავდა, მოწმეა თთვითონაც და მეზობელიც, რომელმაც მის სახლში დამალულ თორაძეებთან მისულ პირებს კარი გაუღო.
„ძალიან ბევრი ფაქტი, ძალიან ბევრი ხელმოსაჭიდია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია გასული, 28 წელი ვიღაცისთვის ეს ძალიან ბევრია და გამოძიება ეზარება, ჩემთვის პირადად იმდენად ტანჯული 28 წელია, რომ ჩემთვის ცხოვრება ახლა იწყება, ამ გამოძიებით. ძალიან ბევრი ხალხია და თუ ვინმეს რამის შეეშინდება, ისევ გამოძიების ბრალი იქნება“, – ამბობს თამარ თორაძე „პუბლიკასთან“.
თორაძის თქმით, მეზობელი, რომლის სახლშიც მკვლელობა მოხდა, ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ამბობდა, რომ მასთან ნიღბიანები შევიდნენ და ამოცნობა ვერ შეძლო. თუმცა თამარ თორაძე მიიჩნევს, რომ მეზობელი, რომელიც მთავარი მოწმეა, გამოძიებასთან ითანამშრომლებს და დამნაშავეებსაც ამოიცნობს, ტელევიზიასთან კი შესაძლოა, უბრალოდ თავი შეიკავა.
მკვლელობას შეესწრნენ თამარ თორაძის უმცროსი დებიც. რომლებთანაც, თორაძის თქმით, მას წლებია ურთიერთობა აღარ აქვს და არ იცის, რა ახსოვთ იმ დღეზე.
„[ჩემი ოჯახის წევრებთან] რაღაც პერიოდია, ურთიერთობა არ მაქვს. ესეც, მე ვფიქრობ, ფსიქოლოგიური მუშაობა იყო, ჩვენი ერთად ყოფნა საშიშროებას უქმნიდათ.
თუმცა, მკვლელობის თემაზე არასდროს ვსაუბრობდით. არ ვიცი, რა ახსოვთ, მაგრამ ჩემი ყველაზე უმცროსი და წლების განმავლობაში დგებოდა ღამით და თვალდახუჭული ტიროდა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი ტრავმა და უბედურება ახსოვთ.
დაზღვეული არაფრისგან ვართ, ვინ რას შეცვლის, არ ვიცით. მაგრამ დღეს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი ივაჟკაცებს და არ შეცვლის თავის სიმართლეს შიშის ან თანხის გამო. მჯერა, რომ ყველა თავის სათქმელს იტყვის – რა დაინახა. ეს კი იმდენმა ადამიანმა დაინახა – სულ ცოტა 10 პიროვნება მყავს [მოწმედ]“, – ჰყვება თამარ თორაძე.
თამარ თორაძე ასევე ჰყვება, რომ მას საქმის გამოძიება 2015 წელსაც სურდა, მაშინ, როცა თორაძეებზე წიგნი გამოსცა. თუმცა, წიგნში რურუა არ უხსენებია, რადგან მისი ეშინოდა.
„გიორგი რამიშვილი დავასახელე პირველად, მაგრამ გიორგი რურუას ვასახელებ უკვე დიდი ხანია, 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც წიგნი გამოვიდა. წიგნშიც არ ვასახელებ, არ ვამბობ ბოლომდე, რომ გიორგი რურუა იყო, რადგან წიგნის დაწერას არ დამაცლიდნენ. ჩემ გარშემო ყოველთვის არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც მაგათ ინფორმაციას აწვდის.
თამარ თორაძე მუქარასა და დაშინებაში ადანაშაულებს გიორგი რამიშვილსაც. „დამირეკა მამაკაცის ხმამ და მითხრა – ხომ იცი 100 000 ღირს „ლუბოი“ ადამიანის სიცოცხლე და 100 000 „ზარალასთვის“ არაფერი არ არის. გაგაქრობთ, თუ ახსენებ „ზარალას“ – ასეთი მუქარა იყო“, – ამბობს თორაძე. მისი თქმით, ზარი დაფარული ნომრიდან შევიდა, მაგრამ აშშ-ში მისი გამოკვლევა დაიწყეს.
თამარ თორაძემ საქმეზე ზედამხედველობისა და მოწმეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახალხო დამცველსაც მიმართა. როგორც „პუბლიკას“ ომბუდსმენის პრესსამსახურში განუცხადეს, სახალხო დამცველმა ამ საქმეზე პროკურატურისგან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
თორაძე ამბობს, რომ შიშობს, გიორგი რამიშვილი შეიძლება არც დაისაჯოს. მისი თქმით, „ზარალა“ გავლენიანი პირია და მის წინააღმდეგ ბრძოლა რთული იქნება. როგორც თავად ჰყვება, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მის მონაწილეობაზე აქამდე არ უსაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ მათ სახეზე ამ შემთხვევამდეც სცნობდა.
„ძალიან ძნელი იყო [ზარალას დასახელება]. წარმოიდგინეთ, როცა ეს ამბები დავიწყე, გიორგისა და ნიკა რურუასთან, ორივესთან ვომობდი. მათთან ერთად კიდევ „ზარალა“, ეს უკვე ძალიან დიდი ძალაა და ძნელი იყო ჩემთვის.
ვამბობდი, რომ ორი იყო ნიღბით და ორი – უნიღბოდ. სახელებს არ ვასახელებდი უბრალოდ, მაგრამ მე ამას ვამბობ თავიდანვე – ორი იყო ნიღბით და ორი უნიღბოდ“, – ამბობს თორაძე „პუბლიკასთან“.
„ეს არის ხელისუფლების მიერ მართული პროცესი… მე მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი“ – გიორგი რურუას პოზიცია
პროკურატურა ჯერჯერობით არც გიორგი რურუას დაჰკავშირებია და არც მის ადვოკატს. დიმიტრი საძაგლიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ამის გამო საქმის მასალებს არ იცნობს. არ იცის, ჩაატარა თუ არა წარსულში გამოძიება პროკურატურამ და შეაგროვა თუ არა მტკიცებულებები. თუმცა, საძაგლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისთვის გამოძიება რეალური არ არის.
„მე რომ საქმის მასალებს ვიცნობდე, გეტყოდით, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ან შეუძლია თუ არა საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება ბრალდების მხარეს.
რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, მათ ჩვენებაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ბრალის წარდგენა. მაგრამ ეს უნდა იყოს პირდაპირი და არა ირიბი მოწმე. ასევე გასათვალისწინებელია კიდევ ბევრი რამ, მაგალითად, რამდენად სანდოა მოწმის ჩვენება.
რადგანაც ამბავი საჯაროდ გავრცელებულია, ვიცი, რომ თორაძეების და ამბობს, თითქოს გიორგი რურუა იყო შემთხვევის ადგილზე და მან ჩაიდინა ეს დანაშაული. მაგრამ ვიცით, რომ მას რამდენიმე წლის წინ გამოცემული აქვს წიგნი და იქ საერთოდ არ ახსენებს გიორგი რურუას, როგორც ამ ქმედებაში მონაწილე პირს.
ასევე, Youtube-ზე გავრცელდა თავად თორაძეების ჩანაწერები, რომლებიც 92 წელს იყო გაკეთებული და იქაც არავინ ახსენებს გიორგი რურუას“, – ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი „პუბლიკასთან“.
გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი თამარ თორაძის ბრალდებას გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად აფასებს. საძაგლიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ გიორგი რურუას თორაძეების საქმესთან შეხება საერთოდ არ ჰქონია და თუ მის მიმართ კითხვები გაჩნდება, მათზე პასუხისთვის მზადაა.
„რატომღაც ეს ამბავი მაშინ „გაახსენდა“ თამუნა თორაძეს, როცა გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ასეთად იქნა შეფასებული, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
ჩემთვის, ბუნებრივია, რომ ეს არ არის შემთხვევითობა და ეს არის ხელისუფლების მიერ მართული პროცესი, რომლის მიზანიც არის ბინძური, შავი კამპანიის აგორება გიორგი რურუას წინააღმდეგ. ამას ცდილობს ხელისუფლება და წარმატებით იყენებს პროსახელისუფლებო მედიაგამოცემებს, სხვადასხვა პირს, პროკურატურას, რომელიც უშინაარსო განცხადებებს აკეთებს და იყენებს ტროლებს“, – ამბობს საძაგლიშვილი „პუბლიკასთან“.
თავად გიორგი რურუამ კი Faceebook-ზე მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება რუსულ ხელწერად შეაფასა. „რუსეთის ხელისუფლებაც ამავე მეთოდებით ებრძვის და ებრძოდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მაგალითად, კასიანოვს, ნემცოვს, კარამურზას, მაგნიცკის, ესტემიროვასა და პოლიტკოვსკაიას.
მინდა, შეგახსენოთ, რომ მსგავსი ბრალდებებით გამოირჩეოდა საქართველოს ხელისუფლება, ტროლების ქარხანა თუ მედია 2012-ში, 2016-ში და 2020 წელსაც, არჩევნების წინ. ამით ხელისუფლება ცდილობს ჩვენში დაბნეულობის შემოტანას.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და არ ემსახურება სიმართლის დადგენას. მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი!“ – წერს გიორგი რურუა Facebook-ზე.
თამარ თორაძის ბრალდებას გამოეხმაურა გიორგი რამიშვილის პრესსამსახურიც, რომელმაც თორაძეების მკვლელობაში მისი მონაწილეობა ცილისწამებად შეაფასა.
„ამა წლის 4 ივნისს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ქალბატონ თამარ თორაძის ინტერვიუ, რომელიც შეიცავს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ბატონ გიორგი რამიშვილზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ გიორგი რამიშვილი არ ყოფილა ინტერვიუში აღწერილი მოვლენების მონაწილე. ჩვენთვის უცნობია, ვის ან რატომ სჭირდება მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. იმედია, ეს მალე გაირკვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რას ამბობს შსს და პროკურატურა?
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.
როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, ისინი აშშ-ს მიმართავენ თამარ თორაძის დაკითხვისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საკითხზე. უწყებაში ამბობენ, რომ თამარ თორაძემ პროკურატურას ძმები თორაძეების საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა და შესაბამისად, მისი დაკითხვა უნდა მოხდეს.
2 ივნისს „პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან პროკურატურა აღნიშნავდა, რომ „საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“ და დეტალებისთვის შსს-სთვის უნდა მიგვემართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს მხოლოდ ის, რომ „ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება თამარ თორაძის ახალ განცხადებას, ის დაერთო საქმეზე და ამ გამოძიების ფარგლებში მოხდება თამარ თორაძის გამოკითხვა”.
„პუბლიკამ“ დამატებითი კითხვით მიმართა შსს-ს პრესსამსახურს, დაეკონკრეტებინათ, როდის დაიწყო ეს გამოძიება. ამ კითხვაზე მათ პასუხი ჩვენთვის აღარ გაუციათ.
იმავე დღესვე, 2 ივნისს „პუბლიკამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმით ამ გამოძიებისა და მისი დაწყების დროის შესახებ. ინფორმაციის გამოთხოვიდან მე-12 სამუშაო დღეს „პუბლიკას“ აღნიშნული ინფორმაცია არ მიუღია.
როგორც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, „ეს საკითხი გამოთხოვილია, შეთანხმდება შესაბამისს სამსახურთან და გამომგიგზავნით, სავარაუდოდ ამ კვირაში იქნება პასუხი.
ჩვენთან არ არის ეს ინფორმაცია დაცული, გამოთხოვილია სხვა უწყებიდან და შემდეგ უნდა შეთანხმდეს, ხელი რომ მოეწეროს… უკვე მომზადებულია პასუხი, ველოდებით თანხმობას“.
რა იცის საზოგადოებამ თორაძეების მკვლელობაზე
თორაძეები ვერაზე, სევასტოპოლის (ახლანდელი გურამ რჩეულიშვილის) ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ზაურ თორაძესა და იზოლდა ქურხულს 10 შვილი, 5 ბიჭი და 5 გოგო ჰყავდათ.
როგორც თავად თორაძეების გაკეთებულ 1992 წლით დათარიღებულ ჩანაწერში ისმის, ძმებ თორაძეებს უთანხმოება, ე.წ. ვერის საძმოსთან ჰქონდათ. ჩანაწერის მიხედვით, მათთან მოსალაპარაკებლად მისულ „კანონიერ ქურდს“ პაატა ჩლაიძეს („ჩლაო“) იმედო და კახა თორაძეები უყვებიან, რომ მათი უთანხმოება რამდენიმე თვით ადრე, 1991 წლის სექტემბერში დაიწყო. მოგვიანებით, კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“ შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე კი მათ შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, სცემეს, ხელები შეუკრეს და წყნეთში წაიყვანეს, სადაც დაჩოქება უბრძანეს და დაჭრეს იმედო და ზაზა თორაძეები, ასევე მათი მეგობარი – ზვიად გელოვანი.
წყნეთში მომხდარის აღწერისას ძმები ახსენებენ ვინმე „ზარალასაც“, რომელმაც მათი მანქანა ავტომატით დაცხრილა. თორაძეების აუდიოჩანაწერში პაატა ჩლაიძე თორაძეებს პატიებასა და დაპირისპირებულ მხარესთან შერიგებას სთხოვს, რაზეც ძმები უარს ეუბნებიან.
როგორც ცნობილია, 1992 წლის 3 მარტს ავტომობილით სახლისკენ მიმავალ ზაურ თორაძეს, მის ცოლსა და შვილს – ლაშა თორაძეს ვერის სასაფლაოსთან უცნობი პირები დაესხნენ თავს და სამივე მათგანი მოკლეს. იმავე დღეს თავს დაესხნენ თორაძეების ბინასაც. იმედო და კახა თორაძეებმა თავიანთ ძმასა და დებთან ერთად თავი მეზობლის ბინას შეაფარეს. თუმცა, თავდამსხმელებმა მიაგნეს და იმედო და კახა მოკლეს.
იმ დღის შემდეგ არ გამოჩენილა თორაძეების უფროსი ძმა – ზაზა თორაძე. თამარ თორაძე „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ ის ერთი თვის შემდეგ თავისი ცოლის სახლში ჩუმად დაბრუნდა, თუმცა იქ მიაგნეს და მას შემდეგ არავის უნახავს. ასევე დღემდე დაკარგულად ითვლება პაატა თორაძეც.
თამარ თორაძე ცოტა ხანში თბილისში ჩამოსვლას და მისი ძმების, მშობლების მკვლელობის გამოძიებისთვის ბრძოლას გეგმავს. ჯერჯერობით პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსი არ მიუღია, ამბობს, რომ ჯერ უნდა დაჰკითხონ. იმ შემთხვევიდან გასული წლების მიუხედავად კი, მიიჩნევს, რომ საბოლოოდ მაინც შეძლებს სამართლის აღსრულებას.
„არ მაინტერესებს, ვის რამდენი ფული აქვს და ვინ ვის იცავს. ეს უნდა დამთავრდეს. რა ინტერესი უნდა იყოს ჩემი, თუ არა სიმართლე?! რაში მაინტერესებს, მე რამე პირადი წყენა მაქვს ან „ზარალასგან“ ან რურუებისგან? არანაირი პირადი წყენა მე არ მაქვს. რა უნდა მომხდარიყო, რის გამო უნდა მძულდეს, რატომ უნდა ვახსენებდე წლებია? ამერიკაში ვცხოვრობ და არანაირი შეხება არ მაქვს საქართველოსთან. მხოლოდ ამას ვამბობ ამდენი წელია.
კი მე მესმის [რომ, რთულია 28 წლის მერე გამოძიება], მაგრამ უნდა გამოვიდეს. სხვა გზა არ აქვს. სამართალი ურმით დადის, მაგრამ კართან მაინც მოდის. ეს ამხელა უბედურება რომ დაატეხეს ამ ოჯახს, ახლა ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი. აუცილებლად უნდა აგოს ამაზე პასუხი იმ ხალხმა, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო“, – ამბობს თამარ თორაძე.
პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციების მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია, რა სახის მასალები ან მტკიცებულებები აქვთ საგამოძიებო უწყებებს წლების წინ ჩატარებული გამოძიებებიდან, ან არის თუ არა საერთოდ შემონახული თორაძეების საქმეზე რაიმე სახის საგამოძიებო ინფორმაცია. უცნობია ისიც, აპირებს თუ არა ახლა პროკურატურა ვინმესთვის ბრალის წაყენებას. საჯაროდ ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიებას თამარ თორაძის დაკითხვა სურს, რომელიც თბილისში ჩამოსვლას გეგმავს.