ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი კობახიძის სიძე და დედა, „ბანკი ქართუ“, კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, 11 მუნიციპალიტეტის მერი – ეს არის მათი არასრული ჩამონათვალი, ვინც მედიას ცილისწამების საბაბით სასამართლოში უჩივის.
ამგვარ, ე.წ. SLAPP (strategic lawsuit against public participation) დავებს უწოდებენ გავლენიანი პირების ან ჯგუფების მიერ ცილისწამების მოტივით სასამართლოში შეტანილ სარჩელებს, რომლის რეალური მიზანი არა მათი ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნაა. ასეთი სარჩელების ადრესატი, ძირითადად, მედია და სამოქალაქო სექტორია.
საქართველოში „SLAPP-სარჩელების“ ავტორები ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები არიან. ისინი ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით აქტიურად მიმართავენ სასამართლოს მედიის წინააღმდეგ. ცილისწამების საფუძვლით მედიის წინააღმდეგ წარმოებული დავების მზარდ ტენდენციაზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ დროისათვის დაახლოებით 30-ზე მეტი ასეთი დავაა წამოწყებული.
ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად იცავს მედიის ინტერესებს ამგვარ სამართლებრივ დავებში.
GDI-ის შეფასებით, ბოროტად ხდება სასარჩელო მექანიზმის გამოყენება და ე.წ. SLAPP სარჩელები წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებებს კრიტიკული მედიის მიმართ. ასეთი სარჩელები მიზნად ისახავს ჟურნალისტების გაჩუმებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ხოლო შედეგად კი იწვევს სამართალწარმოების გზით მედიისთვის ცენზურის დაწესებას.
„უსაფუძვლო სარჩელები“ – რამდენიმე საქმე
იურისტების შეფასებით, გარდა იმისა, რომ ასეთი სარჩელები მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად, საგულისხმოა, სასამართლოს პრაქტიკის ცვლილებაც. მიუხედავად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტისა, რაც კანონით არის უზრუნველყოფილი, სასამართლოზე მტკიცების ტვირთი მედიაზე/ჟურნალისტზე გადადის.
მაშინ, როდესაც პროფესიული თუ ეთიკური სტანდარტის დაცვის თვალსაზრისით მედიის საქმიანობის შეფასება თვითრეგულირების ფარგლებშიცაა შესაძლებელი, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები ამ მექანიზმის გამოყენების ნაცვლად სასამართლოს მიმართავენ. ასევე, არის ისეთი შემთხვევაც, როცა მომჩივანი უშუალოდ კონკრეტულ ჟურნალისტს ან ჟურნალისტებს უჩივის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, მათი პირადი ანგარიშებისა და ქონების დაყადაღებას მოითხოვს.
ეკატერინე სუბელიანი GDI-ის იურისტია. ის უშუალოდ ჩართულია რამდენიმე ასეთ სამართლებრივ დავაში, სადაც მედიის ინტერესებს იცავს. მან „პუბლიკასთან“ აღნიშნა, რომ ე.წ. SLAPP-სარჩელებს უკვე კამპანიური და კოორდინირებული ხასიათი აქვს, რამაც განაპირობა კიდეც მათი დაინტერესება ამ საკითხით, შესწავლა და კონკრეტულ საქმეებში ჩართვა.
ის ხაზს უსვამს, რომ მათი დაკვირვებით, სასამართლოს მიერ გაცხადებული გადატვირთულობის პრობლემის მიუხედავად, ცილისწამების საბაბით დაწყებული დავების განხილვა, სადაც მომჩივანი ხელისუფლება ან მასთან აფილირებული პირია, მოპასუხე კი მედია, დაჩქარებულად ხდება.
„ბანკი ქართუ“ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ – მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბანკი თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ დავობს. „ბანკი ქართუ” მოითხოვს ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და შესაბამისი განცხადებების უარყოფას.
იურისტი ამბობს, რომ სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა უჩვეულოდ სწრაფი ტემპით დაიწყო. პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 19 მაისს, სარჩელის შეტანიდან 2 თვეში გაიმართა (სხდომის თარიღი შესაგებლის წარდგენიდან 4 დღეში ჩაინიშნა). მომდევნო სხდომა სექტემბერში უნდა გაიმართოს.
„ჩვენ გვქონია საქმეები, როდესაც კერძო პირები დავობდნენ ცილისწამებაზე და 4 წლამდეც კი გაგრძელებულა პირველ ინსტანციაში პროცესი. თუმცა, ეს არ ეხება ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს. მათ მიმართ სასამართლო ყოველთვის უფრო მეტად იჩენს რატომღაც ინტერესს და უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობს პროცესები“, – ამბობს ეკატერინე სუბელიანი.
სადავოა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომლის ავტორი ჟურნალისტი მაკა ანდრონიკაშვილია. მეორე სადავო სიუჟეტია „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასული მასალა.
პირველ სიუჟეტში თავიანთ ისტორიას ჰყვებიან ადამიანები, რომლებმაც „ბანკი ქართუდან“ სესხი აიღეს, ხოლო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მათმა ნაწილმა ქონება დაკარგა ან გაკოტრების პირას მივიდა. მეორე სიუჟეტში კი საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე „ბანკი ქართუს“ დაჯარიმების შესახებ და იმ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევაში ჟურნალისტი მსესხებლების მოყოლილ ისტორიებს ეყრდნობა, მეორეში კი ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას, „ქართუ ბანკში“ ამბობენ, რომ ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაცია ცილისწამებაა და მათ საქმიან რეპუტაციას ლახავს. ამიტომ სასამართლოს გზით ამ ინფორმაციის უარყოფას მოითხოვენ.
GDI-ის შეფასებით, არც სიუჟეტებიდან და არც საქმეში არსებული მასალებიდან არ იკვეთება განცხადებების ცილისწამებად დაკვალიფიცირების რომელიმე საფუძველი.
„ითხოვენ ისეთი განცხადებების უარყოფას, რაც ცალსახაა, რომ არის მოსაზრება, ფაქტი, ან შეფასება. მათი განცხადებების შინაარსი ჩვენთვის იმის მანიშნებელია, რომ ყოვლად უსაფუძვლო სარჩელთან გვაქვს საქმე და რეალურად მიზანი არის ის, რომ ასეთი სიუჟეტები აღარ გაკეთდეს ისეთ ინსტიტუტებზე, რომლებიც დაკავშირებულია უშუალოდ ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილთან“, – გვეუბნება ეკატერინე სუბელიანი.
ირაკლი კობახიძის სიძე „TV პირველის“ წინააღმდეგ – 2023 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის თავმჯდომარის სიძისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, დავით ფაცაციას სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ. მოსამართლემ ტელეკომპანიას გავრცელებული ცნობების უარყოფასთან ერთად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.
დავით ფაცაცია სადავოდ ხდიდა 2022 წლის 17 იანვარს „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოებისას.
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გვეუბნება, რომ რეპორტაჟი დაეყრდნო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას, ჟურნალისტი მისული იყო აფხაზეთის მთავრობაში გასარკვევად და პასუხების მისაღებად, ვისი ბრალეულობით მოხდა ანგარიშში ასახული დარღვევები, თუმცა არავინ უპასუხა.
„დავით ფაცაცია დავობდა იმას, რომ იმ პერიოდში აფხაზეთის მთავრობაში კი ვმუშაობდი, მაგრამ სხვა უწყებაში ვმუშაობდი და ჩემი მეზობელი უწყების ქმედებებზე მე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებოდიო. სწორედ ამიტომ იყო მისული მასთან დასალაპარაკებლად ჟურნალისტი და ეს ჩანს სიუჟეტში, მაგრამ არანაირი პასუხი. არის კიდევ ერთი საკითხი, არსებობს შესწორების სტანდარტი, მას რომ მოემართა მაგალითად ჩვენთვის, ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭო განიხილავდა. მაგრამ არა, ისინი წავიდნენ პირდაპირ სასამართლოში, რადგან ეს იყო მათი მიზანი. სასამართლო პროცესზე პირდაპირ თქვა, რომ სურდა ჟურნალისტების დასჯა“, – ამბობს ნოდარ მელაძე.
დავით ფაცაცია, თავდაპირველად კომპენსაციის სახით მოპასუხე მედიისგან 1 ლარს მოითხოვდა, შემდეგ კი მოთხოვნა 30 000 ლარამდე გაზარდა. GDI-ის ცნობით, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.
GDI მიუთითებს, რომ დავით ფაცაციას მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა დაემთხვა ერთი კვირით ადრე კახა კალაძის სარჩელის დაკმაყოფილებასა და საქმეში მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობა, რომელიც არაგონივრულად მაღალ ოდენობად უნდა შეფასდეს იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც შესაძლოა მინისტრს განეცადა.
„მსგავსი ცილისწამების საქმეზე მედიისათვის 15 000 ლარის დაკისრება, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, იგი მეტად უწყობს ხელს „მსუსხავი ეფექტის“ და შესაბამისად შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას“, – ამბობენ GDI-ში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაშია გასაჩივრებული და საქმე სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
კახა კალაძე „TV პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ – 2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი „TV პირველისა“ და ამ არხის გადაცემა „დღის ამბების“ წამყვან მაია მამულაშვილის წინააღმდეგ. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მათ კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა და ინფორმაციის უარყოფა დაევალათ.
თბილისის მერი სადავოდ ხდიდა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება თბილისის მერიის მიერ ძვირად შეძენილ ავტობუსებს და ძვირადღირებულ ტენდერებთან თბილისის მერის შესაძლო კავშირს. მოსარჩელის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ჟურნალისტის განცხადება იყო ცილისმწამებლური. ამიტომ სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან მოითხოვდა გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100 000 ლარის ოდენობით.
თავად მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ მის მიმართ ცილისწამებას ჰქონდა ადგილი და თუ სასამართლოს გზით თანხას მიიღებდა, ამას ქველმოქმედებას მოახმარდა.
GDI მიუთითებს, რომ ჟურნალისტის მოსაზრება ეყრდნობოდა მათ შორის საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და ოფიციალურ წყაროებს, რომლითაც დგინდებოდა, რომ თბილისის მერიამ დაახლოებით 60 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადა ავტობუსებში, რამაც საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვები.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ საქმეში სასამართლოში დავის მიმდინარეობისას დამატებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა.
მაგალითად, მოსამართლემ თბილისის მერის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და განსხვავებით სასამართლოში არსებული ზოგადი, ხანგრძლივი განხილვის პრაქტიკისა, საქმე არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან 5 თვეში განიხილა.
„ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამების საფუძვლით სარჩელის შეტანის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, მხარის მიერ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განცხადებების ცილისწამებლურ ხასიათს.
მოსამართლემ საკმარისი დრო არ დაუთმო მტკიცებულებათა გამოკვლევას. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა არაერთი მტკიცებულება, რომელთა გამოკვლევას მხარე სასამართლოში ითხოვდა, სასამართლო მათი გამოკვლევის გარეშე, დაჩქარებულად გადავიდა შემდეგ ეტაპზე“, – ამბობენ GDI-ში.
იურისტი ეკატერინე სუბელიანი აღნიშნავს, რომ მოსამართლეს ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილი იყო თბილისის მერის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება აქვს.
როგორც ის გვეუბნება, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებებზე, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა, რომ სარჩელის რეალური მიზანი არათუ მოსარჩელის პატივისა და ღირსების დაცვა, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების რეპუტაციის დაცვა იყო. იურისტი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია ცილისწამების დავა ეხებოდეს სახელმწიფოს ან ადმინისტრაციული ორგანოს არაქონებრივი უფლებების დაცვას.
ამ საქმეს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობას და არაპროპორციულად აფასებენ, რადგან მეორე მხარეს მაღალი თანამდებობის პირია და მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მალევე განიხილა და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. საქმე GDI-ის უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
გრიგოლ ლილუაშვილი „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი ცილისწამებაზე ტელეკომპანიების „ფორმულასა“ და „მთავარის“ წინააღმდეგ სამივე ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.
მაღალი თანამდებობის პირმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სადავოდ გახადა ტელეკომპანიების ეთერში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო მონაწილეობას შეეხებოდა.
2022 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ ამ საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ ცილისწამების ფაქტი დაადგინა, რაც მომდევნო ინსტანციის სასამართლოებმაც ძალაში დატოვეს. სასამართლომ არცერთ ეტაპზე არ გაიზიარა მოპასუხე მედიის პოზიციები.
მაგალითად, ის, რომ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა დასკვნებს, რასაც ფაქტობრივ გარემოებებს აყრდნობდნენ და რის გამოც დაუშვებელი იყო მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ.
ამ საქმეშიც ისევე როგორც კახა კალაძის საქმეში GDI მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ სუს-ის ხელმძღვანელის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვის პრაქტიკისგან განსხვავებით, არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან ორ თვე-ნახევარში განიხილა;
მათივე შეფასებით, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ სარჩელი შეტანილია სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება აქვს და ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები.
„ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებებით სასამართლო საგამოძიებო ჟურნალისტიკას საფრთხის ქვეშ აყენებს და ამბობს, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკა ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ამ საქმეშიც სასამართლომ თქვა, რომ ასეთი სიუჟეტები არ უნდა მომზადდეს. „ფორმულას“ შემთხვევაში არათუ სიუჟეტი, არამედ ლაივში გაკეთებული განცხადებები იყო, რაც კიდევ სხვა სტანდარტებს ითვალისწინებს, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია არც ამ საკითხზე“, – გვეუბნება ეკატერინე სუბელიანი.
ის ამბობს, რომ ამ საქმეზე გრიგოლ ლილუაშვილი 1 ლარს მოითხოვდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მთავარი მოთხოვნა კი ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული განცხადებების უარყოფაა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. იურისტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს საქმე სტრასბურგში წაიღონ და ამაზე მუშაობენ.
„ასეთ საქმეებში სასამართლომ სრულიად ამოატრიალა სტანდარტი“
გარდა ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა, ხელისუფლებისა და მასთან აფილირებული სხვა გავლენიანი პირების მიმართ მედიაში გასული კრიტიკული განცხადებები თუ გადაცემები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. მაგალითად, ცილისწამებაზე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ თერთმეტმა მერმა (წყალტუბოს, ქუთაისის, ქარელის, ასპინძის, ადიგენის, ჭიათურის, ფოთის, ყვარლის, ნინოწმინდის, ბორჯომისა და მარნეულის) ერთმანეთის მიყოლებით შეიტანა სარჩელი და თითოეულმა მათგანმა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ერთი და იგივე თანხა – 55 555 ათასი ლარი მოითხოვა.
ე.წ. SLAPP სარჩელები შეფასებულია, როგორც ზეწოლა და შიშის გაძლიერება მედიასა და სამოქალაქო სექტორში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას, თან ასეთი არაპროპორციული ოდენობით. ასევე, ჰქონდეს „მსუსხავი ეფექტი“, რომ საზოგადოებამ, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისგან.
იურისტი ეკატერინე სუბელიანი გვიყვება, რომ ბოლო ორ წელში განსაკუთრებით იმატა ასეთმა საქმეებმა და არათუ ყოველთვე შედიოდა ახალ-ახალი სარჩელები სასამართლოში, არამედ ძველი საქმეებიც იღვიძებდა და სასამართლო აახლებდა მათ განხილვას. მისი თქმით, იმდენად მსგავსი იყო სარჩელების შინაარსი, მოთხოვნილი თანხაც კი, რომ ცალსახად მიანიშნებდა კამპანიურობაზე.
„რა თქმა უნდა, „SLAPP-სარჩელები“ არ არის ერთადერთი გზა, რომ მედია გააჩუმონ, არამედ ერთ-ერთი, რადგან ცილისწამების დავების გარდა, არსებობს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ასევე, მადისკრედიტირებელი განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და არაერთი სხვა გარემოებაა, რომლებიც ერთობლივად მიმართულია იქითკენ, რომ საბოლოოდ შეასუსტონ კრიტიკული მედია“, – ამბობს ის.
იურისტი აღნიშნავს, რომ სასამართლო არ ითვალისწინებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს, არც საერთო სასამართლოების პრაქტიკას, არც კანონმდებლობას, არც ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. პირიქით, როგორც ის ამბობს, სასამართლო ასეთ დავებში სრულიად სხვა სტანდარტს აწესებს და იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელზეც აქვს პოლიტიკური დაკვეთა.
„მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ სწორედ იმიტომ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია და იცნობს საზოგადოება, უფრო მეტი ზიანი მიადგა მას, ვიდრე მიადგებოდა კერძო პირსო. ფაქტობრივად, შემოატრიალა მთლიანად სტანდარტი და ამდენად აბსურდული განმარტება გააკეთა სასამართლომ თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ასე რომ სრული უგულებელყოფა ხდება ყველანაირი სტანდარტის“, – ამბობს ეკატერინე სუბელიანი.
ის ხაზს უსვამს, რომ ევროპული სასამართლო, როცა ცილისწამების სარჩელებს ეხება საქმე, არაერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით იმაზე, თუ ვინ არის მოსარჩელე მხარე, არის თუ არა ის საჯარო პირი, პოლიტიკოსი, რადგან პოლიტიკოსს უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვს.
„ეს არის ჟურნალისტების დაშინებისა და მუქარის კამპანია“
როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ცილისწამების საქმეებში გამოიკვეთა ისეთი შემთხვევაც, როდესაც მოსარჩელემ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კონკრეტული ჟურნალისტების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაყადაღებას მოითხოვა.
სწორედ ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორის ნუგზარ ალუღაშვილის სარჩელი. მან ტელეკომპანია „პირველს“ და ჟურნალისტებს ნოდარ მელაძესა და მაკა ანდრონიკაშვილს სასამართლოში უჩივლა ტელევიზიით გასული სიუჟეტის გამო. ის მორალური და რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად 20 ათას ლარს მოითხოვს სამივე მოპასუხისგან. ამასთან მას სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ნოდარ მელაძისა და მაკა ანდრონიკაშვილის პირადი ანგარიშების დაყადაღება სურს.
„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გვეუბნება, რომ ეს საქმე აჩვენებს, როგორ გაზარდეს პერსონალურად ჟურნალისტებზე ზეწოლისა და დაშინების მასშტაბი.
როგორც ჟურნალისტი გვიყვება, მოსარჩელის ეს მოთხოვნა მოსამართლე ია ლაბაძემ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ მოსამართლე ია ლაბაძე მოულოდნელად მცხეთის სასამართლოში გადაიყვანეს, საქმე კი მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილს დაეწერა. ვინ არის მოსამართლე გზირიშვილი და რა საეჭვო გარემოებებს ხედავენ ამ საქმეში თავად ჟურნალისტები, ამის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „შაბათის ეთერში“ გავიდა. სასამართლო დავა კი გრძელდება და მომდევნო სხდომა სავარაუდოდ სექტემბერში გაიმართება.
„მათი მიზანია, რომ ეს გადაცემა დაიხუროს. მანამდე ტელევიზიას აკისრებდნენ ამ ფინანსურ ჯარიმას. შესაბამისად, ტელევიზიას ადევს ინკასო ფინანსური დავალების გამო და ვერ ხდება ტელევიზიიდან ამ თანხის ამოღება, ახლა მოპასუხეებად უკვე გვაცხადებენ ჟურნალისტებს, ჟურნალისტებმა უნდა გადაიხადონ ეს თანხაო. ანუ რამდენი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვაგროვოთ ის 15 000 ლარი, რომელიც მათ უნდა გადავუხადოთ. ანუ გამოდის, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში მივიღებთ შედეგს, რომ ჩვენ ხელფასს აღარ ავიღებთ, რაც ჩაგვერიცხება, მოიჭრება და წავა მათ ანგარიშებზე. კობახიძის და ღარიბაშვილის ანგარიშებზე“, – ამბობს ნოდარ მელაძე.
ის ამ პროცესებს ჟურნალისტების დაშინებისა და მუქარის კამპანიად აფასებს. როგორც ამბობს, „მელაძის შაბათი“ არის ძალიან ბევრი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი და მათზე სხვა ტიპის წნეხმა რომ ვერ გაჭრა, სასამართლოს გზით ცდილობენ საქმიანობის შეზღუდვას.
„TV პირველი“ ე.წ. SLAPP-სარჩელების ერთ-ერთ ყველაზე ხშირი მსხვერპლია.
„სასამართლოს გზით მიმდინარე შტურმი მედიაზე უფრო და უფრო დიდ მასშტაბებზე გადის. აქ ლაპარაკი არ არის ერთ-ორ შემთხვევაზე, არამედ ხშირ შემთხვევაში არის აბსურდული მოთხოვნები. მათი მიზანია, რომ მედიამ აღარაფერი აღარ გამოიძიოს, აღარაფერი მოიკვლიოს. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამ სიტუაციაში შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მაინც ბოლომდე ვიდავებთ, არ დავემონებით ამ ამბავს. მათი სურვილი რაც არის, გასაგებია. ჩვენი პროფესია ჩვენგან მოითხოვს უდიდეს ბრძოლას გადარჩენისთვის, სხვა გზა არ გვაქვს“, – ამბობს ნოდარ მელაძე.
„ამის მიზანი ერთადერთია – ზეგავლენა მედიაზე“
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ სხვა ბევრ საკითხთან ერთად ე.წ. SLAPP-სარჩელები ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს დღეს მედიისთვის. როგორც ის აღნიშნავს, კარგია, რომ უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა თავის დროზე სწრაფად მიაქციეს ამას ყურადღება, როგორც კი ტენდენციები გამოიკვეთა. ასეთი სარჩელების მთავარი მიზანი კი არის, მოახდინოს ზეგავლენა მედიაზე და ხელი შეუშალოს მას საქმიანობაში.
„როგორ უშლის ხელს? – პირველ რიგში, ეს არის ე.წ. დაბომბვა სარჩელებით, ასევე ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხი. მოითხოვს ადამიანურ რესურსს, უნდა დაუთმო შესაბამისი დრო, თანხაც უნდა გამოყო, ადვოკატი უნდა გყავდეს და ა.შ. ანუ პრაქტიკულად, შეფარულად, ლეგალურად ხდება შენზე ზეგავლენა. ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა, უკვე ჩანს, რომ ეს ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას, არა მხოლოდ იმ მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე, რომელთა წინააღმდეგაცაა შესული სარჩელი, არამედ სხვაზეც, რადგან ამას ე.წ. ჩილინგ ეფექტი, იგივე გამყინვარების ეფექტი აქვს სხვა მედიასაშუალებისთვის“, – ამბობს ის.
როგორც მამუკა ანდღულაძე ამბობს, სწორედ ამიტომ ევროკავშირი, ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს ამ თემაზე და უკვე პირდაპირ წინადადებებია, მაგალითად, ევროკავშირის დირექტივასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი სამართლებრივი დაცვის მექანიზმი იყოს ჩადებული, რადგან ის ზიანი, რომელიც ამგვარმა დავებმა შეიძლება მიაყენოს მედიას, სამოქალაქო სექტორს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ან გამორიცხული.
ის აღნიშნავს, რომ ამგვარი დავები ასევე სერიოზული პრობლემაა კლანური სასამართლოს პირობებში. მაშინ, როდესაც კანონმდებლობის ინტერპრეტირება ხდება ისე, რომ მტკიცების ტვირთს და თმენის ვალდებულების სტანდარტს სრულიად ცვლიან.
მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ ახლა როდესაც პრობლემა იდენტიფიცირებულია და ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, მნიშვნელოვანია მეტი ჩართულობა და ინფორმირებულობა სხვა მედიების, ორგანიზაციების. ის ხაზს უსვამს, რომ მედიას ისედაც მწირი რესურსი აქვს და სამოქალაქო სექტორმა თუ დონორმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოხატონ.
„თუ შეწინააღმდეგება არ მოხდება, ამაში ვგულისხმობ ეფექტურ დაპირისპირებას – ინფორმირებას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მძიმე შედეგებს, იმიტომ, რომ თვითცენზურის გამო სერიოზული თემების გაშუქებას მედია თავს აარიდებს. რადგან ძირითადი მოსარჩელეები მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები არიან, ეს ნიშნავს, რომ თემატურად განისაზღვრება საკითხები, რა უნდა გააშუქო, რომ აირიდო თავიდან ნეგატიური სამართლებრივი შედეგები. საბოლოო ჯამში, ამით საზოგადოება დარჩება დაზარალებული“, – ამბობს ის.
2022 წლის 8 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებზე. მეორე დღეს კი კენჭი უყარეს რეზოლუციას, სადაც სხვა ბევრ პრობლემურ საკითხთან ერთად მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების ცილისწამების საქმეების მზარდ ტენდენციაზეც არის საუბარი.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, შეზღუდოს ე.წ SLAPP-სარჩელები (სტრატეგიული სამართალწარმოების გამოყენება საზოგადოების ჩართულობის წინააღმდეგ), რომლებიც აფერხებს უფლებადამცველებისა და მედიის საქმიანობას.