ხუთი სიახლე, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ახასიათებს

დავით ზურაბიშვილი

რატომ ხუთი, ეგ ხომ ნაცების რიცხვიაო, შეიძლება იკითხოს ვინმემ და ამ სათაურში ერთგვარი ირონია დაინახოს, მაგრამ ღმერთია მოწამე, სპეციალურად არ მიქნია. ორმოცდაერთ სიახლესაც ჩამოვთვლიდი, მაგრამ ხუთზე მეტი ვერ დავთვალე.

„ქართული ოცნების“ მმართველობა, მართლაც, გამოირჩევა გარკვეული ნოვაციებით და ისეთი რაღაცები ახასიათებს, რაც არცერთი წინა ხელისუფლებისთვის არ იყო დამახასიათებელი. საერთოდ, საქართველოში ყველა ხელისუფლებას ჰქონდა რაღაც თავისი და განუმეორებელი, თუმცა ამაში არაფერი კარგი არ არის, რადგან ეს თავისებურებები და უნიკალურობები მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი ნიშნითაა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სახელმწიფოს სიკეთეები (ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, მატერიალური კეთილდღეობა და ..) უნივერსალურია, ხოლო ნაკლოვანებები შეიძლება, ფრიად ორიგინალურიც იყოს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აქ ლაპარაკია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრენდულ მახასიათებლებზე, არსებული ხელისუფლების მმართველობის მთავარ ტენდენციებზე. ასევე, შევეცადე, რომ ყურადღება გამემახვილებინა ისეთ მახასიათებლებზე, რომლებიც ნაკლებად იქნებოდა სადავო და რომელსაც, პრინციპში, დაეთანხმებოდა ყველა, ამ ხელისუფლების ფანკლუბის წევრის გარდა

და კიდევ ერთი: ეს ჩამონათვალი უფრო აღწერითია, ვიდრე ანალიტიკური, თუმცა მთლად მშრალი აღწერით შემოფარგვლაც არ გამოდის, თითოეული მახასიათებლის ანალიზი კიდევ ძალიან დიდ ადგილს დაიჭერდა. ასე რომ, შევეცადე, ზედაპირული აღწერილობის სქილასა და ანალიტიკური ჩაღრმავების ქარიბდას შორის გამევლო. რა გამოვიდა აქედან, თავად განსაჯეთ.

არაფორმალური მმართველობა

ესააქართული ოცნების“ ხელისუფლების ყველაზე მთავარი მახასიათებელი, რომელიც, გარკვეულწილად, განსაზღვრავს და განაპირობებს სხვა ორიგინალურ მახასიათებლებსაც.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საქართველოს ხელისუფლებაში ყოველთვის იყვნენ ისეთი ფიგურები, რომელთა გავლენა ბევრად მეტი იყო, ვიდრე მათი ფორმალური თანამდებობა გულისხმობდა. მაგალითად, ჯაბა იოსელიანი ოთხმოცდაათიანების პირველ ნახევარში ან ცოტა მოგვიანებით – ნუგზარ საჯაია. სააკაშვილის ხელისუფლებაშიც იყო დრო,როდესაც, მაგალითად, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რეალურად ბევრად მეტ ძალაუფლებას ფლობდა, ვიდრე არა მარტო იმავე კომიტეტის, არამედ თვით პარლამენტის თავმჯდომარეც, მაგრამ ივანიშვილამდე ქვეყნის პირველი პირი მაინც ყოველთვის ფორმალურადაც პირველი პირი იყო. პრინციპში, თავიდან ბიძინა ივანიშვილმაც ასე დაიწყო, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრემიერმინისტრი გახდა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ის მალე წავიდა ხელისუფლებიდან, თუმცა არ წასულა ძალაუფლებიდან. ახლაც ასეა: ბიძინა ივანიშვილს არა აქვს არანაირი საჯარო თუ პარტიული თანამდებობა, მაგრამ, რეალურად, ქვეყნის პირველი პირი და გადაწყვეტილებათა მიღებაში საბოლოო ინსტანცია სწორედ ის არის. ისაა ძალაუფლების წყარო და ნებისმიერი თანამდებობის პირი ანგარიშვალდებულია უპირველეს ყოვლისა პირადად მასთან და არა ფორმალურ ხელმძღვანელთან.

ასეთი ტიპის მმართველობა, როდესაც ძალაუფლებას ფლობს არა უბრალოდ არაუფლებამოსილი პირი, არამედ ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ უკავია არანაირი პარტიული თუ ადმინისტრაციული თანამდებობა, საქართველოში ხომ ნამდვილად პირველადაა და რამდენადაც ვიცი, მსოფლიოშიც არ არსებობს რაიმე ანალოგი. ვიღაცას შეიძლება დენ სიაოპინი გაახსენდეს, მაგრამ დენმა რომ ყველანაირი თანამდებობა დატოვა უკვე 85 წლის გახლდათ და, გარდა ამისა, ის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი არ იყო ერთპიროვნული მმართველი. მეტიც, თავად ჩინეთის მმართველ ელიტაში ჰყავდა მოწინააღმდეგეების საკმაოდ გავლენიანი ჯგუფი

ბიძინა ივანიშვილი კი ფლობს, პრაქტიკულად, შეუზღუდავ ძალაუფლებას. ის არ არის ჩარეული სახელმწიფო უწყებების ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია, ჩაერიოს; ის ართხოვს თანამდებობის პირებს ყველაფრის მასთან შეთანხმებას, მაგრამ შეუძლია, ნებისმიერ თანამდებობის პირს მოსთხოვოს პასუხი მასთან შეუთანხმებელი ქმედების გამო; ის არ არის არც პარტიის ლიდერი და არც კლანის ბელადი, ის, ფაქტობრივად, მონარქია, ღვთისგან ცხებული უგვირგვინო მეფე, რომელიც კანონიც თავადაა და სამართალიც.

საინტერესოა, რომ ივანიშვილის ეს აბსოლუტური ძალაუფლება არ ეფუძნება მის პირად დაქვემდებარებაში მყოფ შეიარაღებულ ფორმირებებს, როგორც ეს მხედრიონის შემთხვევაში იყო. მისი ავტორიტეტი გამაგრებულია მხოლოდ და მხოლოდ ფულით. მე არ ვიცი, უხდის თუ არა ის საკუთარი ჯიბიდან ფულს, ვთქვათ, პრემიერმინისტრს ან უშიშროებისა და სასამართლოს ხელმძღვანელობას. უფრო მგონია, რომ არა, მაგრამ თავისთავად ივანიშვილის სიმდიდრე და მისი სიმდიდრიდან მცირედი წილის მიღების პერსპექტივა საკმაოდ დიდი სტიმულია იმისთვის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები მისი სრული მონამორჩილები იყვნენ. ბუნებრივია, ასეთ პირებს სპეციალური შერჩევა უნდათ, რადგან ყველა შეიძლება არ იყოს თანახმა მონამორჩილებაზე და აქ უკვე მივადგებით სახელისუფლებო სისტემის სხვა უნიკალურ მახასიათებლებსაც.

პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია: თუ რაიმე არ შეიმჩნევაქართული ოცნების“ პოლიტიკაში, ეს არის თავად პოლიტიკა. თავი დავანებოთ იმას, რომ 2016 წლიდან სახელისუფლებო გუნდში მოწინავე პოზიციებზე, პრაქტიკულად, აღარ არის პოლიტიკოსი, ანუ მეტნაკლებად რაიმე პოლიტიკური გამოცდილების მქონე პერსონა. საქმე ისაა, რომ არც პოლიტიკა არ არის, ანუ არ არის პოლიტიკური ხედვა, პოლიტიკური იდეოლოგია, პოლიტიკური მიზნები, პოლიტიკური თამაშის წესების მიხედვით მოქმედება. მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, ისევე, როგორც მთელი მმართველი პარტია წარმოადგენს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მომსახურე პერსონალს, რომლის მთავარი დანიშნულებაა, უზრუნველყოს ბატონპატრონის უსაფრთხოება და მისი სურვილების დაუყოვნებლივ აღსრულება, ამის პარალელურად კი მართონ ქვეყანა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ესეც თავისებური პოლიტიკაა, მაგრამ რასაც საზოგადოდ პოლიტიკას ეძახიან, ის ნამდვილად არ არის.

სხვანაირად რომ ვთქვა, სახელისუფლებო სტრუქტურებისა და უწყებებისთვის პრიორიტეტია ერთი კაცის მსახურება, რომლის ექსკლუზიური პრეროგატივაა ქვეყნის მართვის თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება. მეორე მხრივ, მთავრობა, პარლამენტი და სხვა სახელისუფლებო ინსტიტუციებიცფიზიკურადვერ გაემიჯნებიან ქვეყნის მართვის პროცესს და იძულებულნი არიან, ოპერატიული მართვის ფუნქციები თავიანთ თავზე აიღონ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლების გარეშე. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მთელი სახელისუფლებო საქმიანობა გადართულია რუტინაზე, სადაც პოლიტიკის ადგილი არ არის და არც შეიძლება იყოს.

მმართველი პოლიტიკური სტრუქტურების ერთგვარი დაცლილობა პოლიტიკური შემადგენლისგან საერთოდ დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, ოღონდ ავტორიტარულ მმართველობაში ეს იმიტომ ხდება, რომ ავტორიტარი მმართველი, როგორც წესი, ან პრეზიდენტია, ან პრემიერი, ან მონარქი და სახელმწიფო თანამდებობის პირები ატარებენ სახელმწიფოს პირველი პირის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას. ასე იყო საქართველოშიც შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის დროს, თუმცა ერთსაც და მეორესაც ჰყავდა გარემოცვაში პოლიტიკოსები და რაც მთავარია, ორივეს ეკავა პოლიტიკური თანამდებობა. ამ ხელისუფლების ნოვაცია კი ისაა, რომ ფორმალურად პირველი პირი ვინცაა ქვეყანაში, ისიც აპოლიტიკურია, რადგან მასზე მაღლა კიდევ სხვა დგას, რომელიც თავისი ცნობიერებით უფრო 90-იანების დასაწყისის პოსტსაბჭოთა ოლიგარქი ბიზნესმენია და არა პოლიტიკოსი

გუნდი, რომელიც მის მომხრეებსაც არ მოსწონთ

ეს, მართლაც, სერიოზული ნოვაციაა, რადგან, თუ ჩამოყალიბებულ დიქტატურასთან არა გვაქვს საქმე, ნებისმიერი ხელისუფლება  ცდილობს, ჰყავდეს ერთგვარი ელექტორალური დასაყრდენი თავისი ამომრჩევლის სახით. ასეთი ამომრჩეველიქართულ ოცნებასაც“ ჰყავს, მაგრამ თავისებურება ისაა, რომქართული ოცნების“ ამომრჩეველს სულაც არ მოსწონსქართული ოცნება“.

საგულისხმო დეტალი: ხელისუფლებას ჰყავს პროპაგანდისტი ტროლებისა და ბოტების მთელი არმია, რომელთაც აკლებული აქვთ სოციალური ქსელები. ფეისბუქის ადმინისტრაცია კი ავლებს ხოლმე მუსრს დროგამოშვებით მათ პროფილებს, მაგრამ რამდენადაც ამ ტროლბოტების უკან სახელმწიფო დგას, ისინი კვლავ იზრდებიან ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით. ტროლბოტ არმიის დანიშნულება, როგორც ზემოთ ვთქვი, ხელისუფლების პროპაგანდაა, მაგრამ ეს პროპაგანდაც გამოიხატება, ძირითადად, მისი მოწინააღმდეგეებისა და კონკურენტების ლანძღვაში და არა ხელისუფლების ქებაში. ხელისუფლება პრაქტიკულად არ პოზიციონირებს პოზიტიური რაკურსით. გავიხსენოთ თუნდაც ისეთი ყოვლად ამორალური და სამარცხვინო კამპანია, როგორც იყოგარეჯი საქართველოა“. ამ კამპანიაშიც მთავარი აქცენტი იმაზე კი არ იყო, რომ ხელისუფლებამ მოიპოვა რუკა, რომელიც ქართულაზერბაიჯანულ სასაზღვრო დავაში ქართული მხარის სასარგებლო არგუმენტად გამოდგებოდა, არამედ იმაზე, რომ წინა ხელისუფლებამ ეს რუკა სპეციალურად დამალა ქართული მიწის გაყიდვის მიზნით. ანუ პროპაგანდა იმაზე კი არ იყო აწყობილი, რომ რა მაგარია ეს ხელისუფლება, რომელმაც რუკა მოიპოვა, არამედ იმაზე, თუ რა ცუდია წინა ხელისუფლება, რომელიც რუკას მალავდა.

ასეთი მიდგომა ტიპურიაქართული ოცნებისთვის“, რამდენადაც ხელისუფლება თავისივე მხარდამჭერებშიც არ სარგებლობს დიდად პოზიტიური იმიჯით. ხელისუფლების მხარდაჭერა არაა გაპირობებული მის მიმართ სიმპატიით. აქ უფრო ნაკლები ბოროტების პრინციპი მოქმედებს. მეტ ბოროტებად კი მიჩნეულია წინა ხელისუფლება, რომელიც იმავდროულად მიჩნეულია არსებული ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად, თუმცა – ამაზე ქვემოთ. აქ, უბრალოდ, კიდევ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

პოლიტიკური სისტემა, სადაც ერთპიროვნული მმართველია ადამიანი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია და არც შეიარაღებულისიკვდილის ესკადრონებიჰყავს, ავტომატურად გულისხმობს, რომ მაღალი თანამდებობის პირები უნდა იყვნენ არაფორმალური მმართველის მარიონეტები. სხვანაირად მართვა წარმოუდგენელია. ადამიანი კი, რომელიც თანხმდება მარიონეტობას, ცხადია, ვერანაირად ვერ იქნება ვერც ჭკუაგონებით გამორჩეული და ვერც დიდი მორალურზნეობრივი თვისებებით დაჯილდოებული, შესაძლოა ასეთიც გამოერიოს შემთხვევით, მაგრამ მას სისტემა აუცილებლად მალევე გარიყავს და განაგდებს

აქედან გამომდინარე, ამ ტიპის ხელისუფლებაში, უბრალოდ, შეუძლებელია, იყოს წესიერი და კვალიფიციური ხალხი წამყვან პოზიციებზე. შესაბამისად, შეუძლებელია, ამომრჩეველს მოსწონდეს პოლიტიკური გუნდი, სადაც წესიერი და კვალიფიციური ადამიანი სანთლით საძებარია. აქ უცნაური არც ისაა, რომქართული ოცნება“ არაკომპეტენტური და კორუმპირებული თაღლითებითაა სავსე და არც ის, რომ ეს პარტია არავის მოსწონს. აქ უცნაური და უნიკალური მხოლოდ ისაა, რომ ასეთი პარტია ყველაზე მეტ ხმას აგროვებს არჩევნებზე. არაფერი მსგავსი მე პირადად არ მაგონდება არც საქართველოს და არც მსოფლიო ისტორიაში.

წინა ხელისუფლება, როგორც ახლანდლის ინდულგენცია

საქართველოში მომდევნო ხელისუფლება არასდროს ყოფილა წინა ხელისუფლების პოლიტიკური მემკვიდრე. პირიქით, ხელისუფლებათა ცვლა მთლიანად დაფუძნებული იყო ხოლმე წინა ხელისუფლების, როგორც ბოროტების უარყოფაზე. ასე შეცვალა გამსახურდიამ კომუნისტები, ამ ეგიდით მოხდა გამსახურდიას დამხობაც და შემდგომ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა ვარდების რევოლუციით. ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციაც დიდწილად სააკაშვილის მმართველობის მიუღებლობის გამო მოხდა.

ეს კი ასეა, მაგრამქართული ოცნების“ მმართველობამდე არცერთი ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო არ ყოფილა წინა ხელისუფლების მობრუნების შიში. უფრო მეტიც, ეს შიში არის არა მხოლოდ ხელისუფლების ლეგიტიმაციის მთავარი საფუძველი, არამედ ესაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთგვარი ინდულგენციაცხელისუფლებას შეუძლია, პრაქტიკულად, ნებისმიერი სისაძაგლე გაამართლოსაბა ნაცები გინდათ?“ არგუმენტით და, რაც მთავარია, ეს არგუმენტი ფრიად ქმედითიც კია საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის.

ეს თემა თავისთავად საინტერესოა და, ალბათ, ცალკე განხილვას იმსახურებს. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ასეთი რამ ნამდვილად პირველადაა ქართულ პოლიტიკაში. გარკვეულწილად, ეს იმის შედეგიცაა, რომ ყოფილი ხელისუფლება ასევე პირველადაა წარმოდგენილი, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. აქამდე ყველა ყოფილი ხელისუფლება პარტიისა და გუნდის დონეზე უბრალოდ წყვეტდა არსებობას, ნაცმოძრაობა კი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში დარჩა და ასეულ ათასობით მომხრეც ჰყავს. პრობლემა ისაა, რომ ასევე ასეულ ათასებს ითვლის მათი რიცხვი, ვისთვისაც ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მობრუნება კატეგორიულად მიუღებელია დაქართული ოცნების“ ხელისუფლებაც ყველანაირი ხერხებით ცდილობს ამ ნეგატიური განწყობის შენარჩუნება-გაღრმავებას. ნებისმიერი ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ ინტერპრეტირებულია, როგორცნაცმოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა და რაკი ნაცმოძრაობა წარმოჩენილია როგორც აბსოლუტური ბოროტება დაოცნება“ როგორც მისი ერთადერთი საპირწონე, ნაცების საწინააღმდეგო პოზიცია უკვე თავისთავად პოზიციონირდება თვითკმარ სიკეთედ. რა უნდა ეშველოს ამას, მე არ ვიცი. ორპოლუსიანობის პირობებში, ალბათ, არც არაფერი, სანამ მათ შორის ვიღაც მესამე არ ჩადგება

მეორადობა

არცთუ თვალშისაცემი სიახლე, თუმცა ფრიად ნიშანდობლივი და საყურადღებო.

როდესაც ქვეყნის სათავეში დგას სრულიად უიდეო პარტია, მთელი სახელისუფლებო სტრუქტურების მთავარი ამოცანა ერთი ადამიანის მომსახურებაა და პოლიტიკა, როგორც ასეთი, დაყვანილია რუტინამდე, მოქმედებს ძველი საბჭოურბიუროკრატიული წესი: ინიციატივა დასჯადია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ყველაფრის შეთანხმება არაფორმალურ მმართველთან შეუძლებელია, ხოლო თუ შეუთანხმებლად მიიღებ რამე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ხომ შეიძლება არ მოეწონოს იმას და მერე სად მიდიხარ? ამიტომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში თავადაც ერიდებიან ინიციატივებს და ქვემოდან წამოსულ იდეებსაც ბლოკავენ ყოველ შემთხვევისთვის.

მეორე მხრივ, პოლიტიკური პროცესი ცოცხალი პროცესია: სულ რაღაც ხდება, მოდის ახალახალი გამოწვევები და .. პოლიტიკურ ოპოზიციასაც თავისი დღის წესრიგი აქვს. ამ ვითარებაში ხელისუფლებაც შეუძლებელია, იყოს მხოლოდ რუტინით დაკავებული. მას უწევს სხვადასხვა საკითხზე რეაგირება, მაგრამ რამდენადაც რეაგირება ყოველთვის არის პასუხი და არა პირველადი ინიციატივა, ეს განაპირობებს ხელისუფლების საქმიანობის საკმაოდ სპეციფიკურ რეჟიმს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისი არსით არის მეორედი, ანუ ის მხოლოდ რეაქციაა სხვის ქმედებაზე, მხოლოდ საპასუხო ზომა, დათანხმება ან უარყოფა

პრაქტიკულად,ქართული ოცნების“ ნებისმიერი ნაბიჯი, თუ მისი მმართველობის პირველ წლებს არ ჩავთვლით, როცა პარტიულპოლიტიკური შემადგენელი ამ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ იყო, არის „„ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგზე აგებული. „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლა არის ერთადერთი იდეა, რაც კრავს ხელისუფლებას და იწვევს მის გარშემო საზოგადოების გარკვეული ნაწილის კონსოლიდაციას, თუმცა, რამდენადაც ხელისუფლების ინტერესშია არანაცმოძრაობის“ გაქრობა, არამედ მისი დატოვება მარადიულ საფრთხობელად, აქაც არჩეულია რეაგირების რეჟიმი, ანუქართული ოცნების“ ნებისმიერი ქმედება ან ინიციატივა (რომელიც, რასაკვირველია, თანხმდება არაფორმალურ მმართველთან) არის პასუხინაცმოძრაობის“ რაიმე ინიციატივაზე ან ქმედებაზე.

თვით შევარდნაძის ხელისუფლებაც კი, რომელიც  საკმაოდ ფრთხილ და ბალანსირებულ პოლიტიკას ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, გაცილებით პროაქტიული იყო ამჟამინდელთან შედარებით, გამსახურდიასა და სააკაშვილზე რომ არაფერი ვთქვა. ახლა ჩვენ პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფულისა და კორუფციული სქემების აწყობის გარდა არაფერს აკეთებს, სანამ ოპოზიციიდან რაიმე ჩხვლეტას მაინც არ იგრძნობს. რომ ვთქვა მერე აკეთებს რამე კარგს და ჭკვიანურს მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ თუ რამეს აკეთებს, მხოლოდ ამის შემდეგ.

მეექვსე სიახლე?

პრინციპში, სულ ეს არის, მაგრამ ერთგვარი შეჯამების სახით მაინც უნდა ვთქვა, რომ როდესაც ხელისუფლება:

  • არაფორმალური მმართველობაა და ქვეყნის პირველი პირი არის მილიარდერი, რომელსაც არ უკავია არანაირი პარტიული და სახელმწიფო თანამდებობა;
  • მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან;
  • არ მოსწონს თავისსავე მომხრეებს;
  • თავის ყველა ქმედებას ამართლებს წინა ხელისუფლების მობრუნების საფრთხით;
  • არის უიდეო, უინიციატივო და მუდამ მეორადი რეაგირების რეჟიმში;


დიახ, როცა ასეთი ხელისუფლებაა ქვეყანაში, ეს თავისთავადაა სიახლე და პარადოქსი, რადგან, წესით, ასეთმა ხელისუფლებამ ერთი კვირაც ვერ უნდა გაძლოს, არათუ ცხრა წელი, მაგრამ ფაქტია, ძლებს,

და თუ რატომ და რანაირად ძლებს ეს კიდევ ცალკე თემაა, სადაც იმდენად ხელისუფლებაა არაა განხილვის ობიექტი, რამდენადაც მისი ოპოზიცია. თუმცა, ამაზე სხვა დროს იყოს