ერთი თვეც არ გასულა ლევან აკინის ფილმის პრემიერიდან და „ამირანის“ შესასვლელთან ისევ პოლიცია დგას. ამჯერად ოციოდე კაცი ქართველი ქალის ღირსებას „იცავს“ და აპროტესტებს კინოფესტივალზე თამარ შავგულიძის „კომეტების“ ჩვენებას.
პრემიერამდე რეჟისორი საკმაოდ მწვავე, პოლიტიკური სიტყვით გამოდის და ჩნდება მოლოდინი, რომ ფილმიც ასეთივე იქნება.
„მე არ ვცხოვრობ სახელმწიფოში, მე ვცხოვრობ დასახლებულ პუნქტში“, – რეჟისორის მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვებს რამდენიმე წუთში თავისივე პერსონაჟიც გაიმეორებს – „მინდა, სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც არ ეგუება დასახლებულ პუნქტში ცხოვრებას“, – მიმართა შავგულიძემ პუბლიკას.
„კომეტების“ დასაწყისში მაყურებელი ქართული ფილმისთვის ერთ უჩვეულოდ თამამ მიზანსცენას ხედავს: რამდენიმე წუთის განმავლობაში კამერა უცვლელი კადრით, მონტაჟური ჭრის გარეშე აკვირდება დედა-შვილის ყოფით დიალოგს – ამ ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ სინმადვილეში რთულ ამოცანას მსახიობები კატო კალატოზიშვილი (ირინა) და ქეთევან გეგეშიძე (ნანა) თავს წარმატებით ართმევენ.
80-იან წლებში დაწყებული ორი ქალის დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია ნანას სააგარაკო სახლში, თანამედროვე საქართველოში გრძელდება. თუმცა აქ თითქმის არსად იკითხება დროის ნიშნები. ავტორი დროისა და სივრცის შესახებ ტექსტებით გვიყვება და არა კადრებით. გადასაღები მოედანი თითქოს განზრახ არის გაცხრილული და „დასუფთავებული“ იმ ატრიბუტებისგან, რომლებიც იმაზე მეტს მოგვიყვებოდნენ გარემოს შესახებ, ვიდრე პერსონაჟები თავიანთი რეპლიკებით. აქ ჭიქებიც კი უფერული და გამჭვირვალეა. ტანსაცმელი – მონოქრომული. სტერილურობაში გადაზრდილი მინიმალიზმი ფილმის ნაკლად იქცა.
თუ თამარ შავგულიძემ წინა ფილმში, „დაბადებულები საქართველოში“ თავი გაართვა, რომ გადაეღო ფილმი ომსა და კრიზისზე ისე, რომ ომი არ ეჩვენებინა, ამჯერად „კომეტებიდან“ კონფლიქტის გაქრობა, უფრო სწორად „ნაგულისხმევმა“ კონფლიქტმა, მასზე გაკვრით საუბარმა ფილმს თავისი კვალი დაატყო და შედეგად ქალების ემოციური დინამიკის არასრული სურათი მოგვცა.
ირინასა (ნინო კასრაძე) და ნანას ხელახალი შეხვედრისას რეჟისორი მათ საერთო მოგონებებს ეკრანზე აცოცხლებს, რამაც წესით, უნდა დაგვანახოს, თუ როგორ ან რატომ გაუძლო ქალების სიყვარულმა ამდენ დროსა და მანძილს. ან რამ განაპირობა მათი განშორება. მოგონებები არათუ ამ მიზეზშედეგობრიობას არ ასახავს, არამედ თითქმის შეუძლებელია დროის ამოცნობაც, ვერც რაიმე განსაკუთრებულ ქიმიას, სექსუალურ მიზიდულობას დაინახავთ პერსონაჟებს შორის. თუ არ ჩავთვლით „ნახევარკოცნებსა“ და „ნახევარშეხებებს“. მოგონებები აქ არ ემსახურება სიუჟეტის განვითარებას, არამედ ის ნოსტალგიური ატმოსფეროს შესაქმნელად გამოყენებული ორნამენტია.
სწორედ იქ, სადაც შვილი ირინა, შეყვარებული ირინა და დედა (ნანა) ერთმანეთთან იკვეთებიან, სადაც დაძაბულობა და ინტერესი კულმინაციას აღწევს, ამბის თხრობა წყდება. იწყება საბჭოთა სამეცნიერო-ფანტასტიკის სტილში გადაღებული, ენიგმატური ჩანახატი. თხრობა სიმბოლოების განზომილებაში ინაცვლებს. ავტორის თქმით, დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ კომეტებმა მოიტანეს. თითოეული შეყვარებული ადამიანი კი კომეტაა. თამარ შავგულიძე დაკარგული კომეტების დრამატულ პერსპექტივას გვიჩვენებს, ვისი ხმაც რეალობაში თითქმის გამქრალია, ვისაც ისტორიამ იდენტობა ჩაუნაცვლა და სხვისი ცხოვრებით აცხოვრა. ვინც დღეს იმაზე ნაკლებად ანათებს, ვიდრე უნდა ანათებდეს.