COVID-2019 დაარქვეს კორონავირუსის შტამს, რომელიც პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა და კორონავირუსული ინფექციის ახალი ეპიდემია გამოიწვია.
კორონავირუსების ბევრი ტიპი არსებობს, რომელთა უმრავლესობა ყოველწლიურად სასუნთქი გზების მსუბუქად მიმდინარე ინფექციებს იწვევს. ეს ინფექციები ხშირად ვლინდება, მაგალითად, მხოლოდ სურდოს სახით.
თუმცა, პერიოდულად, ვრცელდება ამ ჯგუფის ვირუსული ინფექციების განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარე ვარიანტები, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ამჟამად მიმდინარე COVID-2019 ინფექციაა.
დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 80,000-ს აღემატება, რომელთა უმრავლესობა ჩინეთზე მოდის და შემთხვევათა დიდი ნაწილი ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანშია დაფიქსირებული. ჩინეთის გარეთ უმრავლეობა კვლავ აზიის ქვეყნებზე მოდის და კონცენტრირებულია სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, სინგაპურსა და ირანში, თუმცა ერთეული შემთხვევები მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ფიქსირდება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სწრაფი გავრცელება შეინიშნება ევროპაშიც, კერძოდ, იტალიაში.
კორონავირუსული ინფექციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 2.5%-ია, თუმცა ქვეყნების მიხედვით იგი მკვეთრად განსხვავდება. მაგალითად, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში სიკვდილიანობა არ აღემატება 0.6-0.9%-ს, ხოლო ირანში ბევრად უფრო მაღალია.
კორონავირუსული ინფექციის ამჟამინდელი მიმდინარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინამორბედი ეპიდემიებისგან. მაგალითად, 2003 წლის კორონავირუსული ინფექციის (რომელსაც უწოდებდნენ SARS-ს – მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი) დროს ინფიცირდა 9000-მდე ადამიანი, ანუ ბევრად ნაკლები, ვიდრე ამჟამად მიმდინარე ეპიდემიის დროს, თუმცა ლეტალობა მაშინ ბევრად მაღალი იყო (10-11%). მაღალი ლეტალობით გამოირჩეოდა ასევე 2012 წლის კორონავირუსული ეპიდაფეთქება, რომლის ლეტალობის მაჩვენებელი 30%-ს აღემატებოდა. ამჟამინდელი ეპიდემია შედარებით დაბალი სიკვდილიანობისა და მაღალი გავრცელების ტენდენციას ავლენს.
ამჟამინდელი ეპიდემიის ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ იშვიათია ბავშვთა ასაკში. დღემდე გამოვლენილი შემთხვევების დეტალური ეპიდემიოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ოც წლამდე ასაკზე შემთხვევათა მხოლოდ 2% მოდის და ლეტალობის მაჩვენებელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში ძალიან დაბალია. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ხანდაზმულები. ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (14%) აღინიშნება 80 წელს გადაცილებულებში, თუმცა მაღალია ასევე 70-79 წლის ასაკობრივ ჯგუფში.
საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 1 შემთხვევა, რომელიც, მართალია, საქართველოს მოქალაქეში გამოვლინდა, მაგრამ ინფიცირება მოხდა ირანში, ანუ წარმოადგენს იმპორტირებულ შემთხვევას, რომელიც საზღვარზევე იქნა აღმოჩენილი და ქვეყანაში შემოსვლამდე მოხდა მისი იზოლირება. შესაბამისად, ამ პაციენტთან კონტაქტები ქვეყნის შიგნით არ ყოფილა. იდენტიფიცირებულია მასთან მგზავრობის დროს მყოფი კონტაქტები და ასევე საბაჟოს თანამშრომლები, რომლებთანაც, შესაბამისად, მუშაობენ ეპიდემიოლოგები.
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საზღვრის კონტროლი მნიშვნელოვანია და ამცირებს ინფექციის შემთხვევათა შემოტანის რისკებს, თუმცა ასევე გამოავლინა, რომ საჰაერო სივრცის შეზღუდვა ვერ უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელებისგან დაცვას, რადგან იმავე წარმატებით ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ სახმელეთო საზღვრით შემოვიდნენ ქვეყანაში.
რამდენად მზად არის მსოფლიო და საქართველო პანდემიასთან საბრძოლველად?
ეს კითხვა ამჟამად ყველაზე აქტუალურია. უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ამ ეპიდემიას ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა, ვიდრე მის წინამორბედებს. მაგალითად, ძალიან სწრაფად დაიწყო თერმოსკრინინგი აეროპორტებში. მართალია, ეს ღონისძიება აბსოლუტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან ყოველთვის რჩება რისკი იმისა, რომ ვერ გამოვლინდეს ინკუბაციურ პერიოდში მყოფი პირები, თუმცა, მაინც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. საზღვარზე თერმოსკრინინგი საკმაოდ სწრაფად დაიწყო საქართველომაც, რაც, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა და ჩვენს მოსახლეობაში სკეპტიციზმს იწვევდა, მაინც მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო და არის კორონავირუსთან საბრძოლველად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც თანამედროვე მედიცინამ კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგა, იყო ახალი ვირუსის გენეტიკური მასალის სწრაფი გაშიფვრა. ეს მოხდა ეპიდემიის დაწყებიდან მოკლე ვადებში, იანვარში. ის მნიშვნელოვანი იყო, რადგან რაც უფრო კარგად იცნობ „მტერს“, მით უფრო ადვილი ხდება მისი დამარცხება. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ძალიან სწრაფად უზრუნველყო მოლეკულური მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით) სადიაგნოსტიკო რეაქტივების მიწოდება სხვადასხვა ქვეყნისათვის. ამან შესაძლებელი გახადა შემთხვევათა დროული აღმოჩენა. ძალიან ოპერატიულად მოხდა დიაგნოსტიკის დაწყება საქართველოშიც. ლუგარის ცენტრში უკვე შესაძლებელია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ინფიცირებულთა გამოვლენა, იზოლაცია და სიმპტომური მკურნალობა.
როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, საქართველოშიც გარკვეულ პრობლემად გვევლინება სტაციონარების მზადყოფნა პაციენტთა დიდი ნაკადის მისაღებად. ჰოსპიტლების უმრავლესობას არ აქვს იზოლირებული პალატები ინფექციური პაციენტების მისაღებად. კორონავირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელების შემთხვევაში მხოლოდ ინფექციური პროფილის კლინიკები არ იქნება საკმარისი პაციენტთა სამკურნალოდ. ამიტომ, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, სადაც, როგორც წესი, საერთოდ არ არსებობს სპეციალიზებული ინფექციური საავადმყოფოები, მულტიპროფილურ დიდ ჰოსპიტლებს უნდა ჰქონდეს ინფექციური განყოფილებები.
აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ გვაქვს და ჩვენი ქვეყანა საკმაო მზადყოფნაშია ეპიდემიასთან საბრძოლველად.
მსოფლიომ ამაზე ბევრად უფრო სერიოზული ეპიდემიები გადაიტანა და ამჯერადაც, დიდი ალბათობით, ეს ეპიდემიაც მინიმალური დანაკარგებით დასრულდება.