კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების შემდეგ, მრავალ ქვეყანაში აქტიურად დაიწყეს განსხვავებულ მედიკამენტებზე კლინიკური ცდების ჩატარება. ოფიციალური ცნობების მიუხედავად, უხვად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა მედიკამენტის ეფექტიანობის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაცია მედიკამენტ იბუპროფენს შეეხება. მედიით გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, მკვლევრები აცხადებენ, რომ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა, შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები გააუარესოს და გაამწვავოს.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. საფრანგეთი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში არ იმკურნალონ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით, მათ შორის, იბუპროფენით, რადგან, შესაძლოა, მედიკამენტის მიღებამ ინფიცირებულთა მდგომარეობა გააუარესოს.
გახშირებული დეზინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში მართლაც მიმდინარეობს მედიკამენტების კვლევა კორონავირუსის სამკურნალოდ.
გთავაზობთ უახლეს ინფორმაციას იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა გამოყენებაც კვლევების დასრულების შემდეგ შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ მასშტაბურად დაიწყოს.
1. რამდესივირი
კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების დაწყების დროიდან მკვლევრები კორონავირუსის მკურნალობისთვის მთავარ პოტენციურ მედიკამენტად ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტს – რამდესივირს მიიჩნევენ. მრავალი მკვლევრის აზრით, ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის ყველაზე დიდი შანსები სწორედ ამ მედიკამენტს აქვს.
რამდესივირი ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს, ხოლო ცხოველებზე ჩატარებულ გამოკვლევებში მედიკამენტმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა Sars და Mers ტიპის კორონავირუსული ინფექციების წინააღმდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მედიკამენტი ორგანიზმში სიმპტომების გამოჩენისთანავე შეჰყავდათ. რამდესივირი ეფექტური აღმოჩნდა ასევე იმ ტიპის კორონავირუსული ინფექციების წინააღმდეგ, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ ცხოველებშია აღმოჩენილი.
„თერაპიისთვის, მედიკამენტს პოტენციურად შეუძლია ვირუსის კრიტიკული ფორმების შესუსტება, საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების სიცოცხლის ხსნა, ხოლო პროფილაკტიკური მიზნით მედიკამენტის მიღება შეუძლია სამედიცინო პერსონალს და მოსახლეობის არაინფიცირებულ ნაწილსაც, ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის“, – აცხადებს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ტიმოთი შიჰანი, რომელიც მედიკამენტს რამდენიმე კვირაა იკვლევს. მისი თქმით, მედიკამენტის მასშტაბურად გამოყენება-არგამოყენების საკითხი კლინიკური ტესტირებების დასრულების შემდეგ გადაწყდება.
კვლევების შედეგების გამოქვეყნებამდე, იტალიაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში მედიკამენტს განსაკუთრებულად კრიტიკულ კონდიციაში მქონე ინფიცირებული პაციენტების საკმურნალოდ უკვე იყენებენ.
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი დევიდ ჰო ვარაუდობს, რომ შესაძლოა რამდესივირი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი აღმოჩნდეს.
მედიკამენტის შემოწმება მრავალი კვლევის ფარგლებში მიმდინარეობს. თავდაპირველი კვლევა ჩინეთმა თებერვლის დასაწყისში დაიწყო. კვლევა მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უკვე დაწყებულია მოხალისე პაციენტების რეკრუტირება. ორი ახალი კვლევა დაიწყო აზიასა და სხვადასხვა მაღალინფიცირებულ ქვეყნებში. სავარაუდოდ, კვლევის საბოლოო შედეგები მაისის თვეში გახდება ცნობილი.
მედიკამენტების საკვლევმა და მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ – Gildea რამდესივირის წარმოების გაზრდა უკვე დაიწყო, იმ შემთხვევისთვის, თუკი კვლევები კორონავირუსის მკურნალობისთვის მედიკამენტის ვარგისიანობას დაადასტურებენ.
2. ფავიპირავირი
რამდენიმე დღის წინ ჩინეთის სამედიცინო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ იაპონური მედიკამენტი, რომელიც ახალი შტამის გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდაც საკმაოდ ეფექტურია. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, ფავიპირავირმა, რომელიც ანტივირუსული მედიკამენტის სახით „Fujifilm“-ის ერთ-ერთმა ფილიალმა შეიმუშავა, უჰანში ჩატარებული კლინიკური ცდების ფარგლებში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.
„მედიკამენტი საკმაოდ უსაფრთხოა და მკურნალობის დროსაც საკმაოდ ეფექტიან შედეგს იძლევა“, – განაცხადა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს წარმომადგენელმა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც ქალაქ შენჯენში ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ ვირუსი აღარ დაუდასტურდათ, ხოლო იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობდნენ, ვირუსის ორგანიზმიდან გაქრობას 11 დღე დასჭირდა.
დამატებით, იმ პაციენტებზე ჩატარებულმა რენტგენულმა ანალიზმა, რომლებსაც ფავიპირავირით მკურნალობდნენ, აჩვენა, რომ პაციენტების 91%-ს ფილტვების მდგომარეობა მკვეთრად გაუუმჯობესდათ. სხვა მედიკამენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო – 61%.
იაპონელი ექიმები კლინიკურ კვლევებში იმავე მედიკამენტს სუსტი და საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტებში იყენებენ.
თუმცა, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტებში, მედიკამენტი ამავე ეფექტიანობით არ გამოირჩევა.
„მედიკამენტი, როგორც ჩანს, არ მუშაობს მაშინ, როცა პაციენტის მთელ ორგანიზმში ჭარბად მოდებულია ვირუსი“, – ამბობს სამინისტროს თანამშრომელი.
2016 წელს იაპონიის ხელისუფლება ფავიპირავირს ებოლას ეპიდაფეთქების დროს, გვინეაში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, დამხმარე მედიკამენტის სახით იყენებდა.
ვინაიდან მედიკამენტი თავდაპირველად გრიპის სამკურნალოდ შემუშავდა, იმისთვის, რომ მედიკამენტის გამოყენება კორონავირუსის სამკურნალოდ მასშტაბურად დაიწყოს, ხელისუფლების ნებართვაა საჭირო. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ცნობით, კლინიკური ტესტირების შედეგები, სავარაუდოდ, მაისში გვეცოდინება.
3. კალეტრა
კვლევები ასევე მიმდინარეობს აივ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტ კალეტრაზე, ისევე, როგორც რამდენიმე მედიკამენტზე, რომელიც ტრადიციულად ჰეპატიტისა და მალარიის მკურნალობისთვის გამოიყენება.
კალეტრა კომბინირებული მედიკამენტია, რომელიც აივ ინფექციის გასაკონტროლებლად გამოიყენება. მედიკამენტი ლოპინავირსა და რიტონავირს შეიცავს.
„ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა კალეტრა, ნაკლებად ეფექტური იქნება. სკეპტიკური ვარ იმ ვარაუდის მიმართ, რომ სპეციფიკურად აივ ინფექციის გასაკონტროლებელი მედიკამენტი, კორონავირუსის მკურნალობისთვის შედეგიანი იქნება. ჩვენ მრავალი ცდა ჩავატარეთ თაგვებზე და აღმოჩნდა, რომ ლოპინავირმა და რიტონავირმა, (ნივთიერებები, რომლებსაც კალეტრა შეიცავს) არ იმუშავა“, – განაცხადა ტიმოთი შიჰანმა.
პროფესორი დევიდ ჰო აცხადებს, რომ კალეტრას გამოცდა კორონავირუსის მკურნალობისთვის მაინც ღირს, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტით კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა განკურნების შანსები საგრძნობლად დაბალია. კალეტრას კვლევა რამდენიმე ლაბორატორიაში ერთდროულად მიმდინარეობს. ტესტირების შედეგები, სავარაუდოდ, მაისისთვის გახდება ცნობილი.
4. ქლოროქინი
შემდეგი მედიკამენტი, რომლის ეფექტურობაზეც ჩინეთის პროვინციის გუანდგონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მკვლევრებში კონსესუსი უკვე არსებობს, არის ქლოროქინი. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტს ანტივირუსული მოქმედება აქვს, მათ შორის კორონავირუსის წინააღმდეგაც. ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანმდევი პნევმონიით ინფიცირებული პაციენტების ქლოროქინით მკურნალობა მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ამცირებს პაციენტების საავადმყოფოში ყოფნის აუცილებლობის ხანგრძლივობას.
გუანდგონგის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ ქლოროქინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის მიხედვით, სუსტი, საშუალო და მძიმე სიმპტომების პაციენტებს ქლოროქინის 500-მილიგრამიანი ტაბლეტი დღეში 12-ჯერ, 10 დღის განმავლობაში უნდა მისცენ.
ჩამოთვლილთაგან, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ საქართველოში საცდელი პრეპარატებიდან რამდენიმე უკვე გამოიყენება. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, უკვე დაწყებულია რეკომენდებული მედიკამენტების გამოყენება, მათ შორის: ლოპინავი-რიტონავინის (აივ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტი, მაგ: კალეტრა) ; ქლოროქინის და C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტ რიბავინის.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს არ მიმართონ თვითმკურნალობას კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენისას!