ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2018 წელს, როდესაც პოლიტიკური დიქტატურის კონტურები ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს მკრთალი ან პასტელური ეჩვენებოდათ, ახალ დროსთან შეჯვარებულმა საბჭოთა ინტელიგენციამ (უფრო ზუსტად, მისმა რამდენიმე წარმომადგენელმა), საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართა.
ამ წერილის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ საქართველოს პროდასავლურმა პოლიტიკამ და მიზანმა – გახდეს ის ნატო-ს წევრი, რუსეთთან დიდი პრობლემები შეუქმნა; რომ საბჭოთა სინამდვილეში საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკას წარმოადგენდა, მისი ხალხი მდიდარი იყო და მოსახლეობის რაოდენობა 5,5 მილიონს შეადგენდა. ხოლო პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისაკენ „გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა; შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება. ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა“.
შემდგომი პასაჟი და ქვეყნის ბედით „შეშფოთება“ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებს ეხებოდა: „მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არის დიდი იმედგაცრუება, რომ გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც, ხოლო ასეთ შემთხვევაში როგორ დახმარებას შეიძლება ველოდოთ, ჩვენ უკვე გვაქვს 2008 წლის ომის გამოცდილება. სამხედრო ალიანსის წევრობა, პირველ რიგში, სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, მაშინ საინტერესოა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს“.
უცნაურია, მაგრამ 2025 წელს, წერილისა თუ განცხადების დაწერიდან რვა წლის შემდეგაც, რობიკო-დოლიძე-ჯაველიძე-მიშველაძის და სხვათა ხელმომწერთა ინტონაციები (ისინი ხელმომწერთა მთავარ „დამრტყმელ ძალას“ წარმოადგენდნენ), გაცილებით მწარედ, დამცინავად და წინასწარმეტყველურად აღიქმება დღევანდელი პოლიტიკური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით. სინამდვილეში, მთელი ამ წლების განმავლობაში ანტიდასავლური პროპაგანდა და სკეფსისი, სწორედ საბჭოეთიდან გადმოყოლილ არტისტულ ელიტას და სახელებს ეყრდნობოდა. შეიძლება ითქვას, რომ „ჩაურეცხავი“ თავისუფლება ამ ელიტამ სრულად აღიდგინა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მასთან სინქრონული და ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებით. რისთვისაც ცხადია, პერიოდულად, სოლოლაკის „შუშის სასახლიდან“ სათანადოდ იღებდა ჯილდოსაც და ინსტრუქციებსაც.
განვლილი დროის ქრონოლოგია კარგად წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პირველ ეტაპზე, ოპოზიციასთან და ინტელიგენციასთან დროებითი თამაშები მხოლოდ სიმულაკრი იყო. შემდგომში, ფსევდოპატრიოტული მოწოდებების პარალელურად, იწყება პოლიტიკის „დალაგება“ რუსეთთან, რაშიც რეანიმირებული ინტელიგენცია მას საჭირო პარტნიორობას უწევდა, ხოლო ისეთი „წვრილმანები“, როგორიცაა საყდრისის აფეთქება, დავით გარეჯის კომპლექსის ირგვლის ისტერია, ან გელათის სარესტავრაციო სამუშაოების სრული კატასტროფა, ბოლომდე ვერ ახდენს გავლენას საზოგადოების ცნობიერებასა და პრიორიტეტებზე.
ფაქტობრივად, „ოცნებამ“ თავისი მოსვლა-დამკვიდრებით გააცოცხლა შევარდნაძის ეპოქის ინტელიგენცია, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს თავს „შეურაცხყოფილად და დამცირებულად“ გრძნობდა. კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, რეანიმირებულ ინტელიგენციას ივანიშვილმა დიფერენცირებული „კარმუშკებით“ კიდევ ერთხელ მისცა შანსი. გავიხსენოთ გურანდა გაბუნიას საკრალური ფრაზა – „და ამ დროს, ღმერთმა გადმოგვიგდო ბიძინა“!
მიუხედავად იმისა, რომ უკვე აშკარად ჭარმაგი და ხშირად დეკორაციული ფუნქციის მქონე ინტელიგენცია ყოველთვის იმას ასრულებდა, რაც „მამას სურდა“, მისი ჩანაცვლება ახალი თაობის კულტმუშაკებით, ხელისუფლებისათვის აუცილებელი გახდა. და აი, კულტურას მოევლინა გვიანი ქოცობის ეპოქის ახალი მინისტრი – თეა წულუკიანი, იუსტიციის სამინისტროდან წამოყოლილი სუსის კადრებით, რომლებიც შემდგომ მოადგილეებად აქცია.
თუ რამე ინსტიტუცია ჯერ კიდევ კრიტიკულ, მაგრამ ქმედით ფაზაში არსებობდა, წულუკიანმა ყველაფერი შთამბეჭდავ ნანგრევებად აქცია – დაწყებული კინოცენტრის განადგურებით, დამთავრებული ეროვნულ გალერეასა თუ მუზეუმებში პროფესიონალების გათავისუფლებით. ცალკე მსჯელობის საგანია გელათის რესტავრაცია, თუმცა ეს იმდენად სამარცხვინო და დრამატული ამბავია, რომ ცალკე კვლევას იმსახურებს.
წულუკიანის დიდი მცდელობის მიუხედავად, ინტელექტუალთა და არტისტთა ახალი თაობა მაინც ვერ იქცა ქოცგავლენის სუბიექტად, რადგან ის მაინც ცალკე დარჩა – მოუხელთებელი, განდგომილი და ხშირად იდეოლოგიურად დანაწევრებული. არტისტების ახალი თაობა, რომელმაც დასავლეთში მიიღო განათლება, ისედაც კრიტიკულად დაპირისპირებული აღმოჩნდა ქოცხელისუფლებასთან. ახალგაზრდა ხელოვანებსა და კულტურის არქაულ სტრატეგიას (უფრო ზუსტად, ქოცურ „ატკატებს“) შორის გაუცხოება იმდენად დრამატული აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების გეგმა არტის „მოთვინიერებაზე“ ფაქტობრივად ჩავარდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კულტურის პოლიტიკის გადაფასება და რეფლექსია ვერც წულუკიანის შემდგომ „გადასხმული სისხლით“ მოახერხა, რადგან კულტურის პოლიტიკა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სფერო) პირველ რიგში, გულისხმობს სტრატეგიის შექმნას, სააზროვნო სივრცის გაჩენას, განსხვავებული სააზროვნო ველების დაახლოებას, დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკას…. ეს ყველაფერი ახლანდელ მინისტრს – მუსიკისა და დრამის თეატრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ყოფილ დირექტორს, თიკა რუხაძეს, კლანური სახელისუფლებო გავლენების მქონე ჯგუფების ხელში, ისედაც აღკვეთილი აქვს. ერთადერთი და ხმაურიანი რაც მან პრეზენტაციებზე, პრემიერებსა თუ გამოფენებზე აქტიური სიარულის გარდა მოახერხა, მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის გათავისუფლება იყო.
ცალკე არსებობენ მოთვინიერებული, ან რეჟიმის მიერ პირდაპირ წახალისებული ხელოვანთა ჯგუფებიც, რომლებიც საკუთარი ავტონომიური რეჟიმით ცხოვრობს. ისინი პირდაპირ მიბმულნი არიან ბიუჯეტსა და პრემიებზე და ცხადია, ვერც კულტურის პოლიტიკას გააპროტესტებენ და ვერც „აგენტების კანონს“. დამჯერი და თვინიერი ინტელიგენციის ნაწილი ჯერ კიდევ საკუთარი წყნარი ცხოვრებითაა დაკავებული, „მშვიდი ცურვით“, რომელსაც გარანტად მილიარდერის ფული მოსდევს და შემდეგ უკვე წულუკიანის დანატოვარი კულტურის სამინისტროს შეუვალი ჯებირები. ასე ვთქვათ არარობიკოებისთვის, უცხოებისათვის თუ ახალგაზრდებისთვის, ეს სივრცე დიდი ხანია ჩაკეტილია. ის კიდევ უფრო მიუღწეველი გახდა „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ, რადგან ამ გადაწყვეტილებით უკვე „კანონიერად“ გამოავლენენ მტრებსა და აგენტებს. მითუმეტეს, ამის მაგალითები უხვად გვაქვს ისტორიაში: დახვრეტილი, გადასახლებული, გაძევებული, „მტრების შვილებად“ შერაცხილი მწერლები, რეჟისორები, მხატვრები, დირიჟორები, მსახიობები…
ქართული საზოგადოების არამხოლოდ კულტურული და ინტელექტუალური ნაწილი, არამედ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად, „ქართული ოცნების” სიშლეგესთან პირისპირ აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ ის ფაზაა, როცა ხელისუფლება კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებასთან დაპირისპირებულია, მაგრამ არა ბოლომდე საბედისწეროდ. თუმცა ხელისუფლება საკუთარ თავსა და ქვეყანასაც გეოპოლიტიკურად პოსტსაბჭოთა და რუსული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს.
წესიერი და გამართული კულტურული ინსტიტუციები რომ გვქონდეს, იმისთვის საჭიროა ლეგიტიმური ხელისუფლება, ნორმალური საკანონმდებლო ბაზა და დამოუკიდებელი სასამართლო. ხომ გახსოვთ მითი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს „ახალი ქართველის ჯიში“ გამოჰყავდა? ჰოდა, სწორედ დღეს, ივანიშვილის ხელისუფლება ტოტალური კრიზისის ჟამს, „ქოცური სელექციის“ დახმარებით, ახალი სოსო პავლიაშვილებისა და ქეთა თოფურიების ჯიშის გამოყვანითაა დაკავებული.