მაგრები, ქიზიყიდან

პუბლიკა
  • „ამ სტატიას რომ დაწერ, მერე რა იქნება?“ – მკითხა გიორგიმ, სათვალე მოიხსნა და შუშების წმენდა დაიწყო. „მაგრების“ 14 წლის წევრი, რომელიც ანაგის ცნობილი სკვერის გადასაღებად გამომყვა, პასუხს ელოდა.

***

„მაგრები“ სამოქალაქო კლუბია. ის USAID-ის მხარდაჭერით,  2018 წელს, ქიზიყში, სიღნაღის რაიონში, სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში, 9-10 კლასის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა, ისტორიკოსმა, მუსიკოსმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, ლეილა ვარამაშვილმა დააფუძნეს.

ახლა სწორედ ანაგაში ვართ, კლუბის მიერ გახსნილ „უფასო მაღაზიაში“. „მაღაზია“ სოფლის გამგეობის შენობაშია განთავსებული. „უფასო მაღაზიის“ იდეა კლუბის წევრებსა და მათ მასწავლებელს მას შემდეგ დაებადათ, რაც კორონავირუსის პანდემიამ სოფლელების გასაჭირი, სიღარიბე და სიდუხჭირე გააშიშვლა, უფრო ხელშესახები გახადა.

„უფასო მაღაზიაში“, მერხებზე, ტანსაცმელი გროვებად აწყვია – აქ ნახავთ, მაისურებს,  ჯინსის შარვლებს, ფეხსაცმელებს, თბილ ქურთუკებს.

„უფასო მაღაზია“
„უფასო მაღაზია“

სოფლის მცხოვრებთა ნაწილი, ვისაც სახლიდან ახალი თუ მეორადი ტანისამოსის გაღება შეუძლია, „მაგრებს“ უკავშირდება, კლუბის წევრებიც სიხარულით აგროვებენ  და „მაღაზიაში“ მიაქვთ. სოფლელთა ის ნაწილი, რომელსაც ზამთრის სიცივეების გადატანაში დახმარება სჭირდება, მოდის და საჭირო ტანისამოსს უსასყიდლოდ არჩევს.

„ადრეც ბევრს უჭირდა – მიყვება ლევანი, 15 წლის, „მაგრების“ წევრი – მაგრამ ახლა განსაკუთრებით“. ის ამბობს, რომ გლეხებს თავიანთი მოსავლის ნაწილი მარშრუტკებით ახლომდებარე ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, ანდაც თბილისში მიჰქონდათ და ყიდდნენ. ახლა ეს შეუძლებელი გახდა, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, საკუთარი მანქანა კი ბევრს არ ჰყავს და არც ტაქსის დაქირავება შეუძლია. ლევანს მისი მეგობარი, კლუბის კიდევ ერთი წევრი, გიორგიც ეთანხმება და ამბობს, რომ სოფელს წელს განსაკუთრებით რთული ზამთარი ელის.

გამგეობის შელახულ შენობაში, კლუბის კედლებდაბრეცილ და იატაკმორყეულ  ოთახში ვზივარ და ლევანს, გიორგის, ნინოს და მარიამს ვესაუბრები,  ისინი თანასოფლელებს ტანსაცმლის არჩევაში ეხმარებიან და ინიციატივის შესახებ მომითხრობენ.

„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ადამიანებს ვეხმარებით – მეუბნება ნინო, ასეთ მომენტებში ბედნიერი ვარ“,  – და ინტერვიუს გამო მოგვრილი უხერხულობისა და მორცხვობის დამალვას კისკისით ცდილობს. ნინო ადგილობრივი მღვდლის, მამა დავითის მეექვსე შვილია.

მარიამს სურს, სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, ეზოში სკამები დამონტაჟდეს, რათა „პატარების წასაყვანად მოსულმა მშობლებმა ჩამოსხდომა და მოცდა შეძლონ“, თუმცა ახლა პრიორიტეტული სკოლის ეზოში მინი-სტადიონის გაკეთებაა. ეზოში ადგილი არის, მხოლოდ მწვანე საფარით გაწყობა, შემოღობვა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. „ბავშვები გაგიჟდებიან სიხარულით“ – მეუბნება მარიამი და მწვანე მინი-სტადიონის წარმოდგენაზეც კი  თვალები თავადაც სიხარულით უცინის.

მათთან საუბრიდან ვიგებ, რომ „უფასო მაღაზია“ მხოლოდ ერთი იდეაა მრავალს შორის, რომელიც „მაგრებმა“ სკოლისთვის, სოფლისთვის, თემისთვის გააკეთეს.

„მაგრების“ აქტივობებს თუ უწყვეტ ამბად წარმოიდგენთ, თვალნათლად დაინახავთ ქართული სოფლის ყოფას:

რამდენიმე კვირის წინ მათ სოფლის ამბულატორიაში „წყლის მიზიდვის აქცია“ მოაწყვეს. დიახ, მსოფლიო პანდემიის დროს, როდესაც თავდაცვის ლამის ერთადერთი საშუალება ჰიგიენის დაცვაა, სოფლის ერთადერთ სამედიცინო დაწესებულებას წყალი არ მიეწოდება. (ასევე, არ აქვს გათბობა) ეს პანდემიამდეც ასე იყო. წლებია, გრძელდება. ამბულატორიის ექიმს – რომელიც „მაგრების“ ხელმძღვანელის, ლეილა ვარამაშვილის დაა – და მის თანამშრომლებს, ხელების დასაბანი, დასალევი თუ სამედიცინო მანიპულაციებისთვის საჭირო წყალი ბოთლებით სახლებიდან დააქვთ.

„მაგრებს“ წყლის ინფრასტრუქტურის გამართვა არ შეუძლიათ, მაგრამ წყაროდან წყლის მიტანა – კი. დროდადრო ისინი ამბულატორიისთვის პლასტმასის ბოთლებით, დოქებით თუ ბოცებით წყალს ეზიდებიან. გარდა იმისა, რომ ამით თვითთმართველობის ყურადღების მიპყრობა სურთ, ამბულატორიას მართლაც ეხმარებიან. „ჩვენთვის ეს დიდი შეღავათია“, – გვითხრა ელენა ექიმმა.

„წყლის ზიდვის აქციამდე“ იყო „წიგნების დალაგება“: რამდენიმე წლის წინ სოფლის ბიბლიოთეკა დაინგრა, წიგნები ჯერ სკოლის ორ ოთახში გადაიტანეს, შემდეგ კი ასევე შელახულ და დანგრევის პირას მყოფ საკრებულოს შენობაში, სადაც ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, იატაკზე, პარკებში თუ პარკების გარეშე ეწყო. მაგრებმა წიგნებისთვისაც მოიცალეს. მათ დაასუფთავეს ბიბლიოთეკად გადაკეთებული ოთახი, წიგნები გადაარჩიეს, დაალაგეს და შეძლებისდაგვარად მოაწესრიგეს.

იმ „აქტივობებს“, რომლებსაც დაფინანსება არ სჭირდება, არ უშინდებიან, თუმცა, რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ იდეა, სკოლაში  ღვაწლმოსილი პედაგოგები მიეწვიათ, მათთვის საპატიო საღამო გაემართათ და პატივისცემა გამოეხატათ. მაგრამ ცერემონიისთვის საჭირო ელემენტარული თანხა კლუბს არ გააჩნდა. მაშინ ლეილა ვარამაშვილმა საკუთარ ბაღჩაში მწვანილი მოკრიფა და სკოლაში წაიღო. „მაგრებმა“ მწვანილი პატარა კონებად შეკრეს და მთელი დღის განმავლობაში ყიდდნენ საკუთარ მასწავლებლებზე თუ სოფლის მცხოვრებლებზე.

ბავშვების უჩვეულო საქმიანობით გაოცებული უფროსები ინტერესით ყიდულობდნენ მწვანილის კონებს. მათი გაოცება აღტაცებაში გადაიზარდა, როდესაც „მაგრებმა“ მოგროვილი თანხით მოხუც, პენსიაზე გასულ მასწავლებლებს დასამახსოვრებელი საღამო მოუწყვეს.

სამოქალაქო კლუბი ატარებს ლექციებს, ღია გაკვეთილებს, კინოჩვენებებს. ძირითადი თემატიკა სამოქალაქო უფლებები და ღირებულებებია. ლეილა ვარამაშვილი გვიყება, რომ როგორც თეორიულმა ლექციებმა, უფრო კი საკუთარმა აქტივობებმა კლუბის წევრებს პასუხისმგებლობა და თავდაჯერება შეჰმატა – „ისინი უფრო მეტად უფრთხილდებიან გარემოს, რომელსაც თავად უვლიან და ასუფთავებენ, მეტი სითამამით ითხოვენ უფლებების დაცვას, რომლებსაც სწავლობენ; მეტი პატივისცემით ეპყრობიან მოხუცებს, რომლებზეც თავად ზრუნავენ; რაც მთავარია, მათ გაიაზრეს, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, სიტყვა მათაც ეთქმით“, – გვეუბნება ლეილა ვარამაშვილი.

ამის მაგალითად სოფელ ანაგის პოპულარული სკვერის ამბავიც გამოდგება. ამ სკვერის აშენებას სწორედ სამოქალაქო კლუბი „მაგრები“ ლობირებდა, ისინი სოფლის გამგეობისგან ითხოვდნენ სარეკრეაციო სივრცეს სოფლისთვის. საბოლოოდ მათ თვითმართველობისგან მიიღეს სკვერი, რომელმაც ეროვნული მასშტაბით მალევე გაითქვა სახელი, გააშუქეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა, დაინტერსდა „ფლანგვის დეტექტორი“. ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუების გამო ლეილა ვარამაშვილს რამდენჯერმე მსუბუქად უსაყვედურეს კიდეც. მაგრამ მას არც უფიქრია თავის შეკავება – „ბავშვები მიყურებენ, რომ ვთქვა არაჩვეულებრივი სკვერია და დანახარჯს შეესაბამება-მეთქი, ხომ იტყვიან, გაგიჟდა ლეილა მასწავლებელიო? მათი აზრი ჩემთვის მთავარია“, – ამბობს ის.

ფოტოს ნახვის შემდეგ მიხვდებით, რაშია საქმე: სკვერი, რომელშიც სიღნაღის გამგეობის ინფორმაციით 20 000 ლარი დაიხარჯა, ასე გამოიყურება:

სოფელ ანაგის სკვერი
სოფელ ანაგის სკვერი

კლუბის წევრები ამბობენ, რომ ისინი ითხოვდნენ სკვერს და არა სკვერის მოწყობაში ჩინოვნიკების მიერ ხელის მოთბობას, მაგრამ ამ შემთხვევას მათი მოტივაცია არ გაუნელებია, ახლა მათ სკოლის ეზოში მინი-სტადიონის მოწყობა სურთ და ამუშავებენ იდეებს, თუ როგორ შეიძლება დაფინანსების მოპოვება. თვითმმართველი ორგანოებისთვის მიმართვაზე, მწარე გამოცდილების გამო აღარ ფიქრობენ.

პანდემიამ მათი გეგმები დროებით შეცვალა, ახლა ამათი მიზანი რაც შეიძლება მეტი გაჭირვებულის, მოხუცის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარებაა, რადგან ხედავენ, რომ ვირუსმა პრობლემები გააათმაგა და დაამძიმა.

———————-

  • ჰა? რა იქნება მერე? – გამიმეორა კითხვა გიორგიმ.
  • არ ვიცი – ვაღიარე მე – შესაძლოა, თქვენი კლუბის იდეებს, თქვენს გეგმებს მეტი მხარდამჭერი გამოუჩნდეს, ისიც შეიძლება, რომ არც არავინ დაინტერესდეს.
  • ეგ არ მიგულისხმია – თქვა გიორგიმ და სათვალე ისევ ცხვირზე მოირგო – შესაძლებელია, რომ სხვა თანატოლებს, ან სულაც უფროსებს მაგალითი მივცეთ? მაგარი იქნება!