მარი თარპი - რევოლუციონერი ოკეანოლოგი „ქალური ლაყბობიდან“ საუკუნის აღმოჩენამდე

ნიკოლას გელოვანი

ეძღვნება ძვირფას მეგობარს, საბას, რომელიც ასე აღაფრთოვანა მარი თარპის ცხოვრებამ. მისი ჭეშმარიტი სტიქიაც წყალი, ზღვა და ოკეანეა 

Αφιερώνω αυτό το άρθρο στον αγαπητό μου φίλο, Σαββα, που μελετά τη ζωή της Μαρί Θαρπ με τέτοιο πάθος. Τα πραγματικά στοιχεία του είναι: νερό, θάλασσα και ωκεανός

 

მეოცე საუკუნის ოთხ ყველაზე დიდ ოკეანოლოგს შორის დასახელებული, პიონერ-კარტოგრაფად და რევოლუციონერ-გეოლოგად აღიარებული მარი თარპი 1920 წლის 30 ივლისს აშშ-ში, მიჩიგანის შტატის ერთ პატარა ქალაქში დაიბადა. მისი მამა მეცნიერი იყო. პატარა მარი თავიდანვე შეეჩვია „ჩემოდნებზე“ ცხოვრებას და ხშირად დაჰყვებოდა მშობელს ექსპედიციებში. გამუდმებულმა მოგზაურობამ და ცხოვრების „მომთაბარე“ წესმა გაუღვიძა ინტერესი გეოლოგიისადმი. მიუხედავად ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაბარება განიზრახა. როცა შეიტყო, რომ მისი არჩეული სასწავლებელი ქალებს არ იღებდა, აღაშფოთა ამ სექსისტურმა უსამართლობამ და ოჰაიოს მიაშურა. მერე კიდევ ერთი უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით. სამეცნიერო ხარისხის მოპოვებამდე ცოტა ხნით ადრე, შემთხვევით ჩაუვარდა ხელში მიჩიგანის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის ბროშურა. ადმინისტრაცია მოუწოდებდა ახალგაზრდა ქალებს, ჩაწერილიყვნენ კურსებზე, მიეღოთ განათლება და დასაქმებულიყვნენ ნავთობის ინდუსტრიაში. რაკი კაცების უმეტესობა ბრძოლის ველზე წაიყვანეს, სასწავლებლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, როგორმე შეევსო ცარიელი ადგილები. მხოლოდ მამრობითი სქესის ნაკლებობამ აიძულა მმართველობას ამ ნაბიჯის გადადგმა. იქამდე ერთხელაც კი არ მიუციათ ქალებისათვის ამ პროგრამაში ჩართვის უფლება. მსოფლიო ომმა რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა: რაკი ქვეყანას სჭირდებოდა უმაღლესი განათლების გამორჩეული კადრები, ქალებს აგულიანებდნენ, ძალა მოესინჯათ მრავალ ისეთ დისციპლინაში, მხოლოდ „კაცების სფეროდ“ რომ მიიჩნეოდა (მაგალითად, მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და ა.შ.). მარი მალევე შეუერთდა ენ-არბორის გეოლოგიის პროგრამას, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ ქალებს არ ჰქონდათ საველე სამუშაოებზე გასვლის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს განუყოფელი ნაწილი იყო კვლევა-ძიებისა. დილიდან საღამომდე გამომწყვდეული იყო ოფისში და რუტინულ საქმეს ასრულებდა. ირონიული მეტსახელი შეარქვეს ამ პროგრამაში ჩართულ ქალებს: „ნავთობის გეოლოგიის გოგონები“. თარპს მობეზრდა ეს სამსახური და გამუდმებული დისკრიმინაცია, მოიპოვა მეორე სამეცნიერო ხარისხი (ამჯერად, მათემატიკაში) და ლაბორატორიიდან წავიდა.

1948 წელს გადაბარგდა ნიუ-იორკში და მორის იუინგის ლაბორატორიაში დასაქმდა. იქ გაიცნო ბრიუს ჰიზენი, რომელსაც ჯერ კიდევ სტუდენტის სტატუსი ჰქონდა. ამ ტანდემს დაევალა მეორე მსოფლიო ომის დროს ოკეანეში ჩაცვენილი საბრძოლო თვითმფრინავების ზუსტი ლოკაციის დადგენა. თარპმა და ჰიზენმა მიაგნეს, სად და როგორ იყო დაწყვეტილი ტრანსატლანტიკური წყალქვეშა სადენები. ამ მისიის დასრულების შემდგომ ოკეანეთა ფსკერის რუკის შედგენა განიზრახეს. ისე გაილია მთელი 18 წელი, მარი თარპმა ვერ მოახერხა თავის გუნდთან ერთად ექსპედიციაში წასვლა – აკადემიურ სივრცეში გამეფებული სექსიზმისა და დისკრიმინაციის გამო, ქალებს ეკრძალებოდათ ლაბორატორიის საექსპედიციო-კვლევითი ხომალდით მოგზაურობა. მეცნიერებს ეგონათ, დიდ უბედურებას მოიტანდა ქალის გემზე ასვლა. ლაბორატორიის დირექტორს, მორის „დოკ“ იუინგს, სულაც არ აწუხებდა ეს პატრიარქალური პრაქტიკა – არაფერი უღონია მარის გასამხნევებლად. არც კი უცდია იმ ყოვლად აბსურდული და დამამცირებელი აკრძალვის მოხსნა, რომლის გამოც ქალს არ შეეძლო, საკუთარი თვალით, ადგილზევე დაჰკვირვებოდა იმას, რასაც იკვლევდა. ბრიუს ჰიზენი მხოლოდ აგროვებდა ბათიმეტრიულ (ასე ეწოდება წყლის სიღრმის გაზომვის მეთოდს) მონაცემებს, ანალიზისა და გამოთვლების გარეშე. მარი კი აანალიზებდა, ხელით ასრულებდა ურთულეს კალკულაციებს, რიცხობრივ მონაცემებს გარდაქმნიდა ფიზიოგრაფიკულ დიაგრამებად, აუარება ტექნიკური ინფორმაციის ვიზუალურად გამოსახვით იყო დაკავებული, რუკებს ადგენდა და გარდა ამისა, სეისმური აქტივობების ჩანაწერებსა და წყალქვეშა მიწისძვრების ამსახველ მონაცემებსაც იკვლევდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით იღებდა ზოგად სურათს. ტონობით მასალის დამუშავება, დახაზვა, გაზომვა, გამოთვლა და აღნუსხვა უწევდა. ისე მიიწურა მისი კარიერის თითქმის ორი ათეული წელიწადი, ერთხელაც კი არ დაუდგამს ფეხი გემზე; ერთხელაც კი არ გაჭრილა შუაგულ ოკეანეში, რათა ეხილა ის სამყარო, რომლის გამოწვლილვით შესწავლაც ევალებოდა. მართლაც რომ პარადოქსულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტრაგიკომიკურიც კია, რომ კვლევითი ცენტრის კუთვნილი საექსპედიციო ხომალდი გადასცეს ჰიზენს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი. სწორედ ის სარგებლობდა ამ დიდი პრივილეგიითა და პატივით (რაკი კაცი იყო). ხოლო თარპი, რომელმაც არა ერთი, არამედ ზედიზედ რამდენიმე სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა (მათ შორის, მათემატიკასა და გეოლოგიაში) და თავი ისახელა, ოფისში იყო გამოკეტილი და სტუდენტი ბიჭისაგან გადმოცემულ მონაცემებს ამუშავებდა. ჰიდროლოკატორებით (ასე უწოდებენ ჰიდროაკუსტიკურ ხელსაწყოს, რომელიც გამოიყენება წყალქვეშა ობიექტების მდგომარეობის გასარკვევად და მდებარეობის დასადგენად, ბგერითი სიგნალების დახმარებით) აღჭურვილი მისი კოლეგები სერავდნენ ოკეანეებს, კვლევა-ძიებით ტკბებოდნენ, მარის კი არ ხვდა წილად ეს ბედნიერება. მართალია, სული ეხუთებოდა ლაბორატორიაში, მაგრამ მაინც არ კარგავდა მხნეობასა და შემართებას.

„მთელი სამყარო გადაშლილიყო ჩემ თვალწინ. ხელთ მეპყრა თოვლივით თეთრი და სუფთა ტილო, რომელიც თავადვე უნდა შემევსო. გასაოცარ შესაძლებლობებს ვგრძნობდი. ასეთი რამ ერთხელ თუ გეღირსება ცხოვრებაში ადამიანს; ერთხელ ცხოვრებაში და ერთხელ სამყაროს ისტორიაში. ასეთი შანსი მართლაც ერთხელ თუ მიეცემოდა ადამიანს, განსაკუთრებით კი ორმოციან წლებში მოღვაწე ქალს“, – იხსენებს დოქტორი თარპი, რომელიც მხოლოდ სამოციანი წლების მიწურულს შეუერთდა საზღვაო ექსპედიციას და თვრამეტწლიანი აკრძალვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მოიპოვა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის განკუთვნილ ხომალდზე ასვლის უფლება. არ გამართლდა მისი კოლეგების შიში: ქალს არც უბედურება მოუტანია, არც შტორმი ამოვარდნილა, არც გემი ჩაძირულა, არც ექსპედიციის რომელიმე წევრი დაღუპულა.

იმ ეპოქაში, მეცნიერების დიდ ნაწილს ურყევად სწამდა, რომ ოკეანის ფსკერი ბინძური ქვიშისა და ლაფის გროვა იყო – ერთგვაროვანი, უსახური, სწორი, ბრტყელი და არაფრით გამორჩეული. მარიმ სრულიად საპირისპირო იდეა წამოჭრა და რევოლუციურ აღმოჩენამდე მივიდა. სამუდამოდ შეცვალა გეოლოგია და ოკეანოლოგია. დღეს უკვე ძნელად წარმოსადგენია ის შორეული დრო, როცა მეცნიერებს ესოდენ მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ ოკეანის ფსკერის აგებულებისა და წყალქვეშა ლანდშაფტის შესახებ. თარპმა საბოლოოდ დაამხო არსებული თეორიები. მართალია, მისი თანამშრომელი მამაკაცები შუაგულ ოკეანეში დაქროდნენ კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად, მაგრამ მაინც ვერ გაიაზრეს ის, რასაც მიხვდა მარი (რაც მთავარია, საკვლევი „ობიექტიდან“ ათასობით კილომეტრის მოშორებით): ფსკერი იმაზე ბევრად უფრო მრავალფეროვანი, არაერთგვაროვანი, უსწორმასწორო, რთული და არაჰომოგენური სტრუქტურისა იყო, ვიდრე სხვებს წარმოედგინათ. სანამ იგი არ გამოჩნდა ჰორიზონტზე, ვერავინ მიაგნო ამ იდეის უტყუარ მტკიცებულებას. ოდენ კალმით, ფანქრით, სახაზავითა და მელნით მუშაობდა. ათასობით ბგერითი მონაცემი პირდაპირი მნიშვნელობით გარდაქმნა წყალქვეშა სამყაროს რუკად – გრძედიდან განედამდე. მეცნიერი ოსტატურად ფლობდა ფიზიოგრაფიკულ მეთოდს. მისი შრომა მრავალი ასპექტით იყო რევოლუციური. დაასკვნა, რომ ოკეანის ფსკერი დაფარული იყო სხვადასხვაგვარი კანიონებით, ქედებით, ნაპრალებით და ა.შ.. კიდევ ერთი თვალსაზრისით აღმოჩნდა პიონერი: დაამტკიცა, რომ წყალქვეშ დამალული ეს გეოგრაფიული ობიექტები ბევრად უფრო დიდი, ფართო და ღრმა იყო, ვიდრე პლანეტის ზედაპირზე წამოჭიმული კანიონები, ქედები, ხეობები და მთები. მის თვალწინ დაიხატა ოკეანის ფსკერი, მთელი თავისი კომპლექსური აგებულებით, ნაირფერი კომპოზიციით, ჩახლართული რელიეფითა და უნატიფესი არქიტექტონიკით. მაშინ (მის გარდა) არავინ იცოდა, ეს მთები, ქედები და კანიონები ცალკეული „ანომალია“ იყო, თუ უფრო დიდი, ერთიანი გეოგრაფიული სისტემის ნაწილი. აი, ამ მთავარი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი. ახალგაზრდა მარიმ კარგად იცოდა, რომ თუკი მისი კალკულაციები სწორი იყო, სამუდამოდ, ძირფესვიანად შეცვლიდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებს, მთელ ოკეანოლოგიასა და კარტოგრაფიას. ასეც მოხდა.

1952 წელს, ეს 32 წლის ქალი გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ შუაატლანტიკურ ქედს მთელ სიგრძეზე გასდევდა ვეება ნაპრალი – რიფტი. ეს რიფტული ხეობა კონტინენტთა დრეიფის თეორიის უტყუარი მტკიცებულება გამოდგა. მისი რევოლუციური აღმოჩენა „ქალურ ლაყბობად“ შერაცხეს თანამშრომლებმა. ცხადია, მოღვაწეობდა იმ ეპოქაში, როცა ალმაცერად უყურებდნენ მეცნიერ ქალებს, არ ენდობოდნენ, აბუჩად იგდებდნენ მათ მიგნებებს და მხოლოდ მაშინ ჩამოიღებდნენ თაროდან მათ ნაშრომებს, როცა მასალა შემოაკლდებოდათ ხოლმე. თარპმა თავიდანვე კარგად იცოდა, რაკი ქალად დაიბადა, ძალიან გაუჭირდებოდა გეოლოგიისა და ოკეანოლოგიის დარგში თავის დამკვიდრება. იმ ეპოქაში დოქტორანტთა სულ რაღაც ოთხი პროცენტი იყო ქალი. ბრიუს ჰიზენმა არ დაუჯერა და დასცინა კიდეც. ისე გავიდა მთელი წელი, კაცი იმ მცდარ თეორიას ქადაგებდა, რომელიც შემდეგი სახელწოდებითაა ცნობილი: „Expanding Earth hypothesis“. მეტიც: მასხრად იგდებდა და სექსისტური ეპითეტებით ამკობდა. ერთი წელიწადი დასჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ თავად ცდებოდა, მარი კი თავიდანვე სიმართლეს ამბობდა. აღმოჩენიდან ერთი წლის შემდეგ, თარპის თავდაუზოგავმა შრომამ, მონაცემების უთვალავჯერ გადამოწმებამ და დადასტურებამ მიიყვანა ჰიზენი დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა დაეჯერებინა კოლეგისათვის და მიეღო ალტერნატიული თეორია: კონტინენტების დრეიფი და ფილების ტექტონიკა.

მარის ფიზიოგრაფიკულმა რუკამ აჩვენა ის, რასაც არავინ ელოდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: V ასოს მსგავსი ჭდე ქედის თხემის მახლობლად. უამრავჯერ გადაამოწმა და დააზუსტა თავისი აღმოჩენა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ შეუძლებელი შესაძლებელი იყო – თვალწინ ჰქონდა მტკიცებულება. „მეცნიერებს პირველად ჩაუვარდათ ხელში შედარებით რეალისტური სურათი პლანეტის მეტად ვრცელი ნაწილისა, რომელიც, შეიძლებოდა, ვერასოდეს ეხილათ“, – წერს თარპი. საქმე ისაა, რომ საკუთარი თვალით არ უნახავს პლანეტის ეს მეტად ვრცელი ნაწილი; თავად არ დაჰკვირვებია წყლის იდუმალებით მოცულ სიღრმეებს. თავისი აღმოჩენიდან ათეული წლის შემდეგ, პირველად იხილა ის, რასაც ათასობით კილომეტრის მოშორებით ხედავდა, გონების თვალით.

მეცნიერი ჟაკ კუსტო მაინც ეჭვის თვალით უყურებდა მარის და აცხადებდა, რომ ქალმა ვერ შეძლო მონაცემების სწორად განმარტება. ამიტომაც, მიზნად დაისახა მისი გამტყუნება, შეკრიბა თავისი გუნდი და მთელი ექსპედიცია დარაზმა მიზნის მისაღწევად. იმედი გაუცრუვდა, როცა აღმოაჩინა, რომ მარი სავსებით მართალი იყო. წყალქვეშა კამერების ჩანაწერებმა ცალსახად დაადასტურა მისი თეორიის სისწორე. გაწბილებულმა კუსტომ აღიარა მარცხი. მიხვდა, ვეღარ შეძლებდა „ქალური ლაყბობის“ შესახებ უკბილო ხუმრობის გაგრძელებას. შუაატლანტიკურ ქედს მართლაც შუაზე ჰყოფდა უზარმაზარი ნაპრალი, რიფტული ხეობა. რაც მთავრია, მარიმ ზუსტად დაასახელა მისი მდებარეობა და მკაფიოდ მონიშნა კიდეც რუკაზე. გუნდი ისე გაოგნებული დარჩა, ყველა წევრი კიდევ ერთხელ დაბრუნდა იმ ადგილას და ხელმეორედ გადაიღო კამერით ოკეანის ფსკერი. ამ ამბიდან კარგა ხნის შემდეგ, 1959 წელს, ოკეანოლოგთა საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. კუსტომ სწორედ ეს ვიდეოჩანაწერი აჩვენა მეცნიერთ. სწავლულთა ერთობამ მქუხარე ტაშით დააჯილდოვა მკვლევარი და ფირის ხელმეორედ გაშვება მოითხოვა. მაშინ, 1959 წელს, ჰიზენი ჯერ კიდევ სკეპტიკურად იყო განწყობილი თარპისადმი. საბოლოოდ მაინც ვერ შელეოდა ძველ, მცდარ თეორიას, რომელსაც „ხელი მოაწერა“ რამდენიმე წლით ადრე. ვიდეოჩანაწერის ჩვენების შემდეგ საბოლოოდ დადასტურდა, მარი თავიდანვე ჭეშმარიტებას რომ ღაღადებდა. ასე გადაურჩა ხელმეორედ სახელის შებღალვასა და „ქალური ლაყბობის“ წამოძახებას, თუმცა, ისიც ცხადზე უცხადესია, რომელიმე მეცნიერ მამაკაცს რომ გამოეთქვა ასეთი მოსაზრება, არავის მოუვიდოდა აზრად, „კაცური ლაყბობა“ ან „მამაკაცური რატრატი“ ეწოდებინა მისი ჰიპოთეზისათვის. ამის ნათელი მაგალითი: 1912 წელს, მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა წამოჭრა კონტინენტების დრეიფის თეორია. მისი მტკიცებით, გვიანდელ პალეოზურ ხანაში, მეზოზური ერის გარიჟრაჟამდე, კონტინენტები ქმნიდნენ ერთ უზარმაზარ ზეკონტინენტს, ანუ პანგეას. ეს უკანასკნელი დროთა განმავლობაში (ცენტრიდანული ძალების წყალობით) დაიშალა რამდენიმე ნაწილად. სწორედ ამ მოძრაობას უწოდა დრეიფი (სხვაგვარად, მობილიზმი). მეცნიერებმა უარყვეს მისი მოსაზრება და უდიდესი შეცდომაც უწოდეს, მაგრამ ირონიული ტონით არ უთქვამთ, „კაცური ლაყბობა“ და „მამაკაცური რატრატი“ გააბა ბატონმაო. მეტიც: „დიადი პოეტის ოცნებად“ შერაცხეს მისი ჰიპოთეზა, რომელიც, მათი რწმენით, უიმედოდ მცდარი იყო. „რატომღაც“, არავის გასჩენია იმის სურვილი, მისი სქესისათვის გადაებრალებინა „არასწორი“ თეორიის ჩამოყალიბება. სამაგიეროდ, როცა თარპმა გამოთქვა ზუსტად იგივე იდეა, ყველამ მის სქესს გაუსვა ხაზი და მოჰყვა უშნო ქირქილს ქალთა სიჩლუნგეზე, ვიწრო გონებაზე, მოკლე ჭკუაზე, დაუფიქრებლობასა და ქარაფშუტობაზე.

„მეოცე საუკუნის შუა ხანებში მოღვაწე მეცნიერები ბრაზობდნენ, როცა სხვა მეცნიერები ეტყოდნენ ხოლმე, ცდებითო. კიდევ უფრო დაუცხრომელი სიძულვილით ივსებოდნენ, თუკი ქალი დაამტკიცებდა, რომ მათი იდეები მცდარი იყო. მარი თარპს თავის დღეში არ ღირსებია საკადრისი აღიარება და თითქმის დაივიწყეს სიკვდილის შემდეგ. ორი თვალსაზრისით გაუცრუა იმედი თავის მამრ კოლეგებს: მუშაობდა იმ ეპოქაში, როცა მეცნიერი ქალები თითქმის გაუცნობიერებელ, ერთგვარ რეფლექსად ქცეულ სკეპტიციზმს აღუძრავდნენ სამეცნიერო წრეებს; შექმნა პირველი სრულყოფილი, ამომწურავი, ყოვლისმომცველი და ადვილად აღსაქმელი რუკა ოკეანის ფსკერისა. ამან კი მიგვიყვანა კონტინენტების დრეიფის თეორიის აღიარებამდე. ოდესღაც დასცინეს ამ ჰიპოთეზის ავტორს, დღეს კი ფუნდამენტურ თეორიადაა დამკვიდრებული. გვარიანად გაისარჯა ის ადამიანი, რომელიც თავიდან აბუჩად აიგდეს, მისი აღმოჩენები დააკნინეს და ქალური ლაყბობა უწოდეს“, – წერს მაიკლ უოშბერნი.

როგორც უკვე ითქვა, ჰიზენი მარის გადასცემდა ოკეანის სიღრმის გაზომვის შედეგად მიღებულ, გაუანალიზებელ მონაცემთა გროვას, რომელიც იმდენად დიდი იყო, ხომალდზე ძლივს ეტეოდა. ახალგაზრდა თარპმა დიდოსტატურად შეუხამა ერთმანეთს მონაცემთა ინტერპრეტაციის საოცარი უნარი, გეოლოგიისა და ოკეანოლოგიის ძირფესვიანი ცოდნა და ამგვარად, გონებაშივე მოხაზა ოკეანის ფსკერის კონტურები. აანალიზებდა დაუმუშავებელ მონაცემებს, ზღვა მასალას, რომელიც იმდენად დიდი გამოდგა, 5,000 ფუტზე გაჭიმულ გრაგნილზეც კი გაჭირვებით დაეტია. ჰიზენი ხარბად აგროვდა მონაცემებს, თუმცა, მათი განმარტებითა და კალკულაციებით არ იწუხებდა თავს. მარი კი თვეების განმავლობაში კალმითა და სახაზავით ასრულებდა გამოთვლებს, ხელშესახებ, ნათელ რუკად გარდაქმნიდა ბგერითი ზონდირების შედეგად მიღებულ ბუნდოვან ექოს.

თარპმა და ჰიზენმა 1957 წელს გამოაქვეყნეს ატლანტიკის ოკეანის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილის პირველი ფიზიოგრაფიკული რუკა. მარი ასე იხსენებს თავის აღმოჩენას: „უეცრად წარმოუდგენელი რამ გამოისახა ჩემს ტილოზე – უზარმაზარი რიფტული ხეობა თვალუწვდენელ ოკეანეში დანთქმული ქედის შუაგულში“. იმდენად ღრმა გამოდგა ეს ნაპრალი, უამრავჯერ გადაამოწმა თავისი კალკულაციები. თუკი ეს ნამდვილად ის იყო, რაც ეგონა, სულ მალე დაადასტურებდა თავის იდეას. თავის მხრივ, ეს აღმოჩენა საბოლოოდ დაამტკიცებდა, რომ მთათა და ქედთა ვეება ჯაჭვი, რომელსაც ხატავდა, იყო ის წერტილი, სადაც ოკეანის ქერქი შუაზე იყოფოდა, მკვეთრად განსხვავებული ტექტონიკური ფილა კი ემიჯნებოდა დედამიწის გარსის იმ ადგილს, საიდანაც გავარვარებული მაგმა ამოდიოდა, მაღლა-მაღლა მიიწევდა და ქერქში გავლისას ცივდებოდა.

„როცა ბრიუსს ვაჩვენე ჩემი აღმოჩენა, ჩაიბურდღუნა: „შეუძლებელია, სიმართლეს ამბობდე. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს კონტინენტების დრეიფს. თავდაპირველად ბრიუსი უარყოფდა ჩემს მიგნებას, ეჭვის თვალით უყურებდა პროფილთა ჩემებურ ინტერპრეტაციას და ქალურ ლაყბობას უწოდებდა“, – იხსენებს მეცნიერი. სასწორზე იდო როგორც მარის, ისე ლაბორატორიის რეპუტაცია. ჰიზენმა უბრძანა, კიდევ ერთხელ შეედგინა რუკა და გადაემოწმებინა შესრულებული გამოთვლები, რათა საბოლოოდ გამოერიცხა შეცდომა. მარი მიუბრუნდა მონაცემებს და ათვლის წერტილიდან დაიწყო მუშაობა. ბრიუსი და თარპი ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს, დიდი უთანხმოება ჰქონდათ და გაცხარებით კამათობდნენ. კოლეგამ დასცინა მარის და ამ უკანასკნელმა მიიღო გამოწვევა. შეგნებული ჰქონდა, რომ თუ ვერ დაამტკიცებდა საკუთარი თეორიის სისწორეს, ბრიუსი კიდევ ერთხელ აიგდებდა მასხრად და ქალურ ლაყბობას უწოდებდა მის მიგნებას. ამიტომაც, ძნელი მისახვედრი არაა, რა მდგომარეობაში იყო მეცნიერი, სანამ დაასაბუთებდა თავის აღმოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება ადასტურებდა მისი ჰიპოთეზის სისწორეს, ბრიუსი ყოყმანობდა და აიძულებდა, დაუსრულებლად გაემეორებინა გამოთვლები. ქალი დაუზარებლად აკეთებდა საქმეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შედეგს იღებდა. როგორც იქნა, ჰიზენმა ირწმუნა მისი. ამის შემდეგ ისე გამოაქვეყნა მარის იდეები, მისი სახელიც კი არ უხსენებია. საუკუნის ამ აღმოჩენის ერთადერთ ავტორად გაასაღა თავი. მიუხედავად მარის გადამწყვეტი როლისა, მისი გვარი არ აწერია 1959 წლიდან 1963-მდე დაწერილ არცერთ გარდამტეხ პიონერულ სტატიას. აი, ასე დაიწყო მარის უგულებელყოფა და მისი ღვაწლის დაკნინება.

მართალია, ჰიზენი ალმაცერად უყურებდა კოლეგას და ამასხარავებდა, თუმცა, რაწამს გაირკვა, რომ თავად იყო დაკავებული „კაცური ლაყბობით“, ხოლო ქალმა კვლევის დასაწყისშივე სწორი დასკვნა გამოიტანა, მთელი მისი შრომა მიითვისა. მარი გაანაწყენა თანამშრომლის უღირსმა საქციელმა და დაუფარავმა პლაგიატმა, თუმცა, არ დაუჩივლია. გადაიფიქრა საერთაშორისო სამეცნიერო სკანდალის ატეხა და განაგრძო გულმოდგინედ შრომა. მარის სახელის უხსენებლად გამოქვეყნებული სტატიები ნამდვილ მიწისძვრას ჰგავდა. გეოლოგები აღფრთოვანებით შეეგებნენ ამ „სეისმურ მოვლენას“, მაგრამ თარპი, პირველი მეცნიერი, რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა, ჩრდილში დარჩა სხვა მეცნიერი ქალების დარად. როცა ჰიზენმა გაასაჯაროვა მარის აღმოჩენა და აუდიტორიას წარუდგინა პიონერული დასკვნა, დიდი ტყუილი და უღირსობა იკადრა – კვლევის ერთადერთ ავტორად დაასახელა თავი. ერთმა გამოჩენილმა გეოლოგმა შეაქო: „ახალგაზრდა კაცო, თქვენ შეარყიეთ გეოლოგიის საფუძვლები!“ მაშინ არავინ იცოდა (თვით ბრიუსის, იუინგის, კუსტოსა და მათი თანამშრომლების გარდა), რა ბრძოლის გადატანა მოუხდა მარის იმისათვის, რათა ჰიზენს დაეჯერებინა მისთვის; რომ სინამდვილეში, „ახალგაზრდა კაცმა“ კი არა, ჩრდილში დარჩენილმა ახალგაზრდა ქალმა შეარყია გეოლოგიის საფუძვლები; რომ ამ შერყევის გამო „ქალური ლაყბობა“ უწოდეს საუკუნის აღმოჩენას და აბუჩად აიგდეს; რომ ამ ქალმა ძალა არ დაიშურა, რათა კაციც დაერწმუნებინა, მასაც რომ უნდა „შეერყია“ საფუძვლები და ტვინიც გაერყია. „არად ჩავაგდე ეს (მიგნება) და ქალური ლაყბობა ვუწოდე. ერთი წელი ისე გავიდა, არ დავიჯერე“, – თავადვე აღიარებს ჰიზენი. მართალია, სრულად ეყრდნობოდა თარპის აღმოჩენებს, თუმცა, არასოდეს მიუგია საკადრისი პატივი მისთვის და ჯეროვნად არ დაუფასებია მისი ღვაწლი.

აი, ასე იქცა მარი ოკეანოლოგიის კასანდრად, მეცნიერების ქურუმად და იმ ორაკულად, მითის თანახმად, მუდამ ჭეშმარიტებას რომ ღაღადებდა, თუმცა, აპოლონის წყევლა აწვა, არ უჯერებდნენ და გიჟად მიიჩნევდნენ. ხომალდზე არ უშვებდნენ, სულ ერთ ოთახში იყო გამომწყვდეული და მისი ეს სამყოფელი საოცრად დაემსგავსა იმ პირამიდულ ნაგებობას, იმ ციტადელს, სადაც წინასწარმეტყველი კასანდრა გამოამწყვდიეს მეფე პრიამეს ბრძანებით. ამ ხელმწიფის როლი, მარის ამბავში, ლაბორატორიის მმართველმა და მისმა კოლეგებმა შეასრულეს. მარის, ისევე, როგორც კასანდრას, ტკივილისა და იმედგაცრუების დაუშრეტელ წყაროდ ექცა ჭეშმარიტების ღაღადი. კასანდრას შეშლილი და მატყუარა უწოდეს ოჯახის წევრებმაც და ტროელებმაც, მარი კი მეცნიერებმა შეამკეს მსგავსი ეპითეტებით. ციტადელში გამოკეტილ კასანდრას გუშაგი მიუჩინეს, რადგან მეფე პრიამეს აწუხებდა თავისი ქალიშვილის „წინასწარმეტყველური ლაქლაქი“. ამ გუშაგივით ადგნენ თავს ოფისში გამომწყვდეულ მარის ბრიუსიც, კუსტოც და იუინგიც და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ მისი წინასწარმეტყველური „ქალური ლაყბობა“. კასანდრამ თავის ძმას გაანდო ჭეშმარიტება და ასწავლა, როგორ უნდა დაუფლებოდა წინასწარმეტყველების უდიდეს ხელოვნებას. როცა ამ ჭაბუკმაც მიჰყო ხელი წინასწარმეტყველებას, ყველამ დაუჯერა. თარპმაც ასე აუხილა თვალი თავის კოლეგას, ჭეშმარიტება გაანდო და უდიდეს სამეცნიერო საიდუმლოს აზიარა. ბრიუსს, ისევე, როგორც კასანდრას ძმას, ყველამ უმალ დაუჯერა, მეცნიერებმა კი „გეოლოგიის საფუძვლების შერყევა“ მიულოცეს, თუმცა, არავის გახსენებია, მარის სიტყვები რომ გაიმეორა და მისი აღმოჩენა მიითვისა. თარპი, ისევე, როგორც კასანდრა, განწირული იყო დუმილისა და აბუჩად აგდებისთვის. მის ნაცვლად სხვას უნდა გამოეთქვა მისი აზრი და  „მისი პირით“ ელაპარაკა, რათა ყველას ერწმუნა ჭეშმარიტება.

თარპი არ ჩარეულა მეცნიერთა შორის გაჩაღებულ კამათში, რომელიც მთელ ხუთ წელიწადს გაგრძელდა. ვერა და ვერ გაერკვიათ, რას ნიშნავდა მარის აღმოჩენა. ქალი მშვიდად განაგრძობდა მუშაობას, რადგან სავსებით იყო დარწმუნებული საკუთარი აღმოჩენის სისწორეში. აი, როგორ იხსენებს ცხოვრების ამ პერიოდს: „ისე ვიყავი გართული რუკების შედგენით, ნება მივეცი მათ, დაუსრულებლად ედავათ. წარმოვიდგინე, რომ მათ ვუჩვენებდი სურათს, რომელზეც მკაფიოდ იქნებოდა გამოსახული, სად მდებარეობდა ის ნაპრალი, ის რიფტული ხეობა და სად იყოფოდა შუაზე. ჩემი, როგორც მეცნიერის კარიერა, ლამის მთლიანად გაილია უჩინრად შრომაში, მაგრამ ბოღმის ნატამალიც კი არ შემომრჩენია. ვფიქრობდი, ბედმა გამიღიმა, ესოდენ საინტერესო სამუშაო რომ მაქვს-მეთქი. რიფტული ხეობის მდებარეობა დავადგინე; აღმოვაჩინე, რომ შუაოკეანური ქედების ერთობა ჰგავდა ჯაჭს, 40,000 მილზე რომ გადაჭიმულიყო – ეს რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ თუ შეძლებს ასეთი რამის გაკეთებას. ვერაფერს აღმოაჩენ ამაზე უფრო დიდს – ყოველ შემთხვევაში, ამ პლანეტაზე“. უდავოდ უდიდესი მიღწევაა 40,000 მილზე გადაშლილი იმ წყალქვეშა ქედის რუკაზე გადატანა, კიდით კიდემდე რომ სერავს გლობუსს.

მის თანამშრომლებს სრულ აბსურდად ეჩვენებოდათ რიფტული ხეობების, ნაპრალებისა და ქედების ვეება ჯაჭვის აღმოჩენა ოკეანის შუაგულში. ვერა და ვერ მიმხვდარიყვნენ, რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი რამ მაინცდამაინც შუა ოკეანეში. გამოხდა ხანი და დაუჯერეს; გააცნობიერეს, რომ ამგვარი ქედებისა და ნაპრალების არსებობა სავსებით ლოგიკური იყო. შუაოკეანური ქედი აღმოჩნდა სწორედ იმ ადგილას, სადაც ორი ფილა იყოფა და ოკეანის ახალი ქერქი წარმოიქმნება ერუფციის შედეგად.

როცა წყალქვეშა მიწისძვრების მონაცემებს შეისწავლიდა, ბიძგების ეპიცენტრებსა და ატლანტიკის ოკეანის სეისმურ აქტივობებზე დაკვირვებამ აუხილა თვალი: ყველა ეპიცენტრი ზედმიწევნით ზუსტად ემთხვეოდა იმ წერტილს, სადაც, მისი ღრმა რწმენით, რიფტული ხეობა იყო. აი, ასე აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი შუაოკეანურ ქედებსა და მიწისძვრის ეპიცენტრებს შორის. „მიწისძვრების შესახებ მოპოვებული მონაცემები ისე დამეხმარა ოკეანის ფსკერის რუკის შედგენისას, როგორც არაფერი სხვა“, – აღნიშნავს მეცნიერი. როგორც კი ატლანტიკის ოკეანეში აღმოჩენილი ნაპრალი და რიფტული ხეობა შეადარა აფრიკულ ანალოგს, დარწმუნდა, რომ არ შემცდარა.

აი, რას წერს გერი ნორთი მის შესახებ: „წარმოუდგენლად კარგი მეხსიერება აქვს. წამის გაელვებაში გაშიფრავს ყველა წერტილს, თუნდაც, ორიოდე კოორდინატი ჰქონდეს ხელთ. კოორდინატების გარეშე, მხოლოდ კონტურების მეშვეობით ამოიცნობს ყველაფერს. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გასაოცარი მეხსიერების დამსახურებაა. დიდი ცოდნა აქვს. საკადრისად არ იფასებს თავს. ძალიან მოკრძალებული და თავმდაბალი ადამანია“.

მარი თარპის გავლენა დღესაც თვალსაჩინოა. იმ მხრივაც გამორჩეული ფიგურაა, რომ ადგილი დაიმკვიდრა იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ, გადალახა სექსისტური ბარიერები და ქალთათვის დაწესებული შეზღუდვები. პიონერია არა მხოლოდ იმიტომ, რომ რევოლუციურ და გარდამტეხ აღმოჩენებამდე მივიდა, არამედ იმიტომაც, რომ სხვა ქალებსაც გაუკვალა გზა ოკეანოლოგიის დარგში. „მარი თარპი – ქალი, რომელმაც აღმოაჩინა დედამიწის ხერხემალი!“ – აღნიშნავენ მეცნიერები.

როცა „ტიტანიკის“ უკანასკნელ სამყოფლად ქცეული ოკეანის კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები შეადარეს სხვა ოკეანეთა ფსკერის დიაგრამებს, მათდა გასაოცრად, მსგავსი სურათი მიიღეს: რიფტული ხეობები და ნაპრალები მთათა მთელ რიგს აკავშირებდა და ერთმანეთისაგან ჰყოფდა კიდეც. „ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობდა ამ მონაცემებიდან: მთაგრეხილი და მის შუაგულში მოქცეული რიფტული ხეობა თითქმის უწყვეტი ნაწილი იყო ოკეანის რელიეფისა. შუაოკეანური ქედი 40,000 მილზეა გადაჭიმული წყალქვეშ და მთელ გლობუსს გასდევს“, – აღნიშნავს თარპი.

მან და ჰიზენმა 1977 წელს გამოაქვეყნეს მთელი ოკეანის ფსკერის დეტალური რუკა. ბრიუსმა მაშინ მაინც გამოიჩინა პროფესიული კეთილსინდისიერება და თანაავტორად (!) მიუთითა მარი. ეს ნამდვილად რევოლუციური პუბლიკაცია გამოდგა. ოკეანოლოგებს, გეოლოგებსა და კარტოგრაფებს არასოდეს ენახათ ასეთი მშვენიერი, ნათელი, ზუსტი, მკაფიო და ცხადი სურათი შუაოკეანური ქედისა, მსოფლიო ოკეანეების ფსკერზე რომ მიიკლაკნებოდა. უახლესმა ოკეანოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მარი თარპის რუკა სწორია. მეტიც: გასაოცარი აკურატულობითა და ზედმიწევნითი სიზუსტით გამოირჩევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თარპის დამსახურება კიდევ ერთი თვალსაზრისით: ისე შეადგინა მსოფლიო ოკეანეთა ფსკერის რუკის ცალკეული ნაწილები, არც კი ჰქონდა ხელთ სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად მოპოვებული მონაცემები.

„საოცრად თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი იყო“, – წერს მარი თარპის ბიოგრაფი, ჰალი ფელტი, წიგნში, რომელსაც ასეთ სათაური შეურჩია: „Soundings: The Story of the Remarkable Woman Who Mapped the Ocean Floor“. ნაშრომის ავტორი ვრცლად აღწერს თარპის პიონერულ მიღწევებსაც, სექსისტურ უსამართლობასაც და მეცნიერის დამსხვრეულ ოცნებებსაც: „მართლაც რომ უდიერად ეპყრობოდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტში. მიუხედავად დაუჯერებლად დიდი ცოდნისა და განსწავლულობისა, ერთხელაც კი არ მიუღია საკადრისი ანაზღაურება. არასოდეს ჰქონია შესაფერისი ტიტული და ღირსეული თანამდებობა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს საქმეს აკეთებდა და უთუოდ იმსახურებდა სათანადოდ დაფასებას. 2007 წელს პირველად წავიკითხე სტატია მის შესახებ. გაკვირვებული დავრჩი, როცა შევიტყვე, რომ დაწვრილებით არავის შეუსწავლია მისი ცხოვრება. აი, ამიტომ შევუდექი წერას. ეს ბიოგრაფია სიცოცხლეს შთაბერავს ამ გასაოცარ ქალს და ცხოვლად წარმოგვისახავს მის პიონერულ მიღწევებს. კონტინენტთა დრეიფის ჰიპოთეზის მხარდაჭერა ერთგვარ სამეცნიერო ერესად მიიჩნეოდა. მარი უმალ ყველას დაავიწყდა ამ საყოველთაო რევოლუციურ აღტყინებასა და მგზნებარებაში. ოკეანის ფსკერის იმ რუკებს, მან რომ შეადგინა, ერთ-ერთი ყველაზე ჩინებული მიღწევა უწოდეს თანამედროვე კარტოგრაფიის ისტორიაში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის მისი სახელი. ეს წიგნი მოგითხრობთ ამბავს იდუმალებით მოცული, უცნობი ქალის შესახებ, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო გარღვევის უკან რომ დგას. სანამ მარი თარპი გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე, მეცნიერთა ფართო წრე ფიქრობდა, რომ ოკეანის ფსკერი იყო ქვიშის გროვა, ბრტელი, უსახური, თვალუწვდენელი არარა, უკიდეგანო სიცარიელე. მარიმ, ღრმა მეცნიერული ცოდნის, განსწავლულობისა და მახვილი თვალის წყალობით, მალევე შენიშნა, რომ ფსკერი იყო არა უსახური გროვა ქვიშისა, არამედ მთებით, ვულკანებით, ქედებით, ნაპრალებით, მთაგრეხილებით, რიფტებითა და ხეობებით სავსე სამყარო, ერთგვარი წარსულის კარიბჭე, რომელიც საშუალებას მისცემდა მეცნიერებს, წარმოედგინათ, როგორ წარმოიქმნა ყველა კონტინენტი და როგორ იცვალა სახე დროთა განმავლობაში“, – წერს მარის ბიოგრაფი.

როგორც თავად თარპი იხსენებს, კონტინენტთა დრეიფის ჰიპოთეზის მხარდაჭერა დიდად სახიფათო იყო. ერეტიკოსობასა და სამეცნიერო მწვალებლობასაც კი სწამებდნენ ასეთ გაბედულ ადამიანებს. თარპის ყველა კოლეგა და თითქმის ყველა მეცნიერი ხელაღებით უარყოფდა ამ იდეას. „შეიძლებოდა, სამსახურიდანაც კი დაეთხოვეთ, თუკი კონტინენტების დრეიფს ირწმუნებდით!“ – იხსენებს თარპი. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლომდე ურყევად სწამდა იმის, რაც საკუთარი თვალით დაინახა, რადგან მისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ხილვა (დანახვა) რწმენის (დაჯერების) ტოლფასია.

თარპსა და ჰიზენს 1978 წელს მიანიჭეს პრესტიჟული ჯილდო, „National Geographic Society Hubbard Award“. ბრიუსი ამ მედლის მიღებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. 1996 წელს, „გეოგრაფ ქალთა საზოგადოებამ“, მარის უდიდესი პრემია უბოძა გასაოცარი მიღწევებისა და გარღვევებისათვის. ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი საპატიო წოდებით შეამკეს და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კარტოგრაფად დაასახელეს. „Woods Hole Oceanographic Institution”-მა პიონერ ოკეანოლოგ ქალთათვის განკუთვნილი პრიზი გადასცა 1999 წელს. კოლუმბიის უნივერსიტეტმა 2001 წელს გადასცა ჯილდო, „Lamont-Doherty Honors Award“. გარდა ამისა, ის მეოცე საუკუნის ოთხ ყველაზე დიდ ოკეანოლოგს შორის მოხვდა. როცა „Library of Congress“-მა ოთხ საუკეთესო კარტოგრაფს შორის დაასახელა და მისი ნაშრომები შეიტანა „Geography and Map Division“-ის დაარსების ასი წლისთავის აღსანიშნავ გამოფენაზე წარსადგენ ნამუშევრებს შორის, მეცნიერს ცრემლი მოადგა.

„მარი იყო დიადი ბანოვანი, რომელმაც ოკეანეები შეისწავლა“, – აღნიშნა ბილ რაიანმა და დასძინა: „ეს ძალზე ნაღვლიანი დღეა, თუმცა, შეგვიძლია, გავიხაროთ კიდეც, რამეთუ დიდებულად და საუცხოოდ აჰხადა ფარდა დაფარულ უფსკრულებს. მხოლოდ რუკები არ შეუდგენია, ჩინებულად ესმოდა დედამიწის საიდუმლოებანი“. მისტერ რაიანი თარპის კოლეგა და „Lamont–Doherty Earth Observatory“-ის საპატიო წარმომადგენელია. მარის სახელობისაა ამ დაწესებულებისაგან დაარსებული სასტიპენდიო ფონდი, რომელიც ოკეანოლოგ ქალთა დახმარებას ისახავს მიზნად.

2009 წელს, „Google Earth“-მა თავის ინტერფეისში შეიტანა თარპის ისტორიული რუკები. 2015 წელს, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა მისი სახელი უწოდა მთვარის ერთ კრატერს.

გეოლოგიის ემერიტუსი პროფესორი, პოლ ჯეფრი ფოქსი, აღნიშნავს: „მარი თარპი რომ არ ყოფილიყო, არ იარსებებდა ფიზიოგრაფიკული რუკები და ბრიუსის (ჰიზენის) რეპუტაციაც დაკნინდებოდა“. რაც მთავარია, თავად ჰიზენმა, 1976 წელს, არა საჯაროდ, არამედ მეგობრისათვის გაგზავნილ წერილში შეასხა ხოტბა მარის, აღიარა მისი გადამწყვეტი როლი, მისი უდიდესი დამსახურება და საუკუნის აღმოჩენა, რომელმაც მთელი პარადიგმის ცვლილება გამოიწვია.

„ეს რევოლუციაა. მართლაც რევოლუციაა. შეგვიძლია, კოპერნიკის რევოლუციას შევადაროთ. გალილეო მხოლოდ ეჭვობდა, რომ არა დედამიწა, არამედ მზე იყო სამყაროს ცენტრი. დიახ, მზე. კოპერნიკმა კი ტელესკოპის წყალობით დაამტკიცა მისი ჰიპოთეზა. რაწამს ეს დადასტურდა, დიდი რევოლუცია დაიწყო. ხომ გესმით, რასაც ვამბობ? ადამიანი აღარ იყო სამყაროს ღერძი. ეს მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდა. ჩვენც სწორედ ასეთი წვლილი შევიტანეთ გეოლოგიური აზროვნების რევოლუციაში“, – იხსენებს თარპი. იცოდა, თუკი ერთ მცირე შეცდომას მაინც დაუშვებდა დიაგრამების ხაზვისას, რუკა უმალ მთლიანად გაფუჭდებოდა, გადასაგდები გახდებოდა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდა. დაკვირვებით, საოცრად გულმოდგინედ და ფაქიზად უსვამდა ფანქარს ქაღალდზე. ეს პიონერი მეცნიერი იხსენებს, როგორ წამოიყვირა ერთხელ გაღიზიანებულმა ბრიუს ჰიზენმა, ეს რა სისულელე დაგიხაზავსო, მერე კი საშლელი აიღო და სამი კვირის ნამუშევარი წაუშალა მარი თარპს, იმ მეცნიერს, რომლის ნაშრომსაც ვერც საშლელი წაშლის და ვერც ჟამთასვლა წარხოცავს, რამეთუ საუკუნოდაა ამოტვიფრული მეცნიერების ისტორიის დიდ წიგნში.