წელს, 9 მაისს, ევროპის დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს.
პროექტი რეჟისორ გიორგი ქველიძესთან თანამშრომლობით ხორციელდება. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა–ლეჩხუმი) ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ხედვას, სულს, ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა 9 მაისს 21:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაიმართება:
სამი ფილმის თრეილერი იხილეთ აქ:
„ევროპის დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია. ეს არის ევროკავშირის ისტორიისა და ჩვენი ღირებულებების აღნიშვნა – საიდან მოვდივართ და რას ვუჭერთ მხარს“, განმარტავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.
„მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ღირებულებები მართლაც ერთსა და იმავე პრინციპებზეა დაფუძნებული. თითქმის ოთხი წელია, რაც საქართველოში ვარ და ვხედავ, რომ ეს ღირებულებები საერთოა ევროკავშირსა და საქართველოში. ყოველთვის ვიყურები წარსულისკენ და ვიხსენებ საქართველოს კონსტიტუციას. თუ ამ კონსტიტუციას ევროკავშირის ქვეყნების კონსტიტუციებს და საკანონმდებლო ჩარჩოებს შევადარებთ, დავინახავთ, რამდენად პროგრესული იყო საქართველო, როგორ იზიარებდა ქვეყანა დემოკრატიის, უმცირესობების დაცვისა და ქალთა უფლებების პრინციპებს. ღირებულებები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ერთი საერთო წყაროდან იღებს სათავეს და მინდა, რომ ეს ფილმი ამას ასახავდეს“, – ამბობს ელჩი ჰარცელი.
მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა და ადამიანის უფლებები – ამ ღირებულებებს წარმოაჩენს კახეთში, სოფელ უდაბნოში განვითარებული ისტორია. ფილმში აღმოვაჩენთ, თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა წარმომავლობის, რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანები საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას და მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
სულ სხვა თემაზე – თავისუფლებისკენ სწრაფვაზე გვიყვებიან რაჭიდან, სადაც ფილმის მთავარი გმირი, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რადიოებს აგროვებს, სხვადასხვა სიგნალს პოულობს და, ამ გზით, საქართველოს პატარა სოფლიდან, კავშირს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამყარებს.
მესამე ისტორია გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთში არსებულ ქალთა საფეხბურთო კლუბს უკავშირდება – გუნდის წევრებმა, საერთო წარმატების მიღწევის მიზნით, სტერეოტიპების მსხვრევაც შეძლეს და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდნენ.
ემოციურია მეოთხე ისტორიაც, რომელიც ქართველ აქტივისტ აკაკისა და ორი წლის წინ, პორტუგალიიდან საქართველოში, ქუთაისში საცხოვრებლად გადმოსულ ლეონორზე გვიყვება, რომელმაც ქართული ენა ისწავლა, ნაციონალურ ცეკვებსაც მარტივად აუღო ალღო და აქ შეძენილ მეგობრებთან ერთად, გარემოს დაცვის მიზნით, სამოქალაქო აქტივისტიც გახდა.
„ეს პროექტი ევროპის დღეს ეძღვნება და ოთხ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს მოიცავს, რომლებიც ერთ ფილმად ერთიანდება. ფილმის მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამ გზით, ჩვენ საქართველოს რეგიონებში არსებულ რეალობას და ღირებულებებს წარმოვაჩენთ“, – განმარტავს ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე.
დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება – ეს იმ ღირებულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას აერთიანებს. ეს ღირებულებები ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ ისტორიასა და კულტურაშიც. საქართველო და ევროპა ერთსა და იმავე სულისკვეთებას, მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებენ. ეს არის ერის მისწრაფებები, გამოცდილება და ტრადიციები, რომლებიც, საბოლოოდ, საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.
ევროკავშირს საფუძველი სამოცდათორმეტი წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს ჩაეყარა. სწორედ ამ დღეს წარადგინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა დეკლარაცია, რომელიც დღევანდელი ევროკავშირის საწყისად მიიჩნევა. ამიტომ, ევროპაში მშვიდობის და ერთიანობის აღსანიშნავად, სწორედ 9 მაისს ზეიმობენ ევროპის დღეს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველწლიურად უერთდება.