მედიაცია -  დიალოგისა და შეთანხმების გზა

მედიაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დავის გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმია. ეს არის მექანიზმი, რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დიალოგის გზით კონფლიქტიდან თავად მოძებნონ გამოსავალი. . საქართველოში მედიაცია თანდათან ვითარდება, თუმცა საზოგადოების ინფორმირებულობა დავის მოგვარების ამ მეთოდის შესახებ ჯერ კიდევ არასაკმარისია

ტრადიციულად, დავის შემთხვევაში მხარეები სასამართლოს მიმართავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. მედიაცია კი განსხვავებულ პრინციპზეა დაფუძნებული: მედიატორის მონაწილეობით მხარეები თავად მუშაობენ შეთანხმების მიღწევაზე და თავადვე განსაზღვრავენ დავის გადაწყვეტის პირობებს. ეს ნიშნავს, რომ პროცესის მიზანი არაგამარჯვებულისადადამარცხებულისგანსაზღვრაა, არამედ ისეთი გამოსავლის პოვნა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.

UNDP | Giorgi Shengelia

როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროექტის ხელმძღვანელი ლევან ასათიანი აღნიშნავს, მედიაციის ერთერთი მთავარი უპირატესობა სწორედ გადაწყვეტილებაზე კონტროლია:

მედიაციისას მხარეებს თავად აქვთ კონტროლი გადაწყვეტილებაზე, რადგან შეთანხმებას ურთიერთშეჯერების საფუძველზე აღწევენ. სასამართლო პროცესში კი საბოლოო სიტყვა მოსამართლეს ეკუთვნის, ერთმა მხარემ შეიძლება მიიღოს ყველაფერი, მეორემ კი არაფერი,“ – ამბობს ლევან ასათიანი.

მისი თქმით, პრაქტიკაში ხშირად სწორედ ეს განსხვავებაა გადამწყვეტი. სასამართლო პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ფინანსური და ემოციური რესურსი ამოწუროს და ურთიერთობები საბოლოოდ დააზიანოს. მედიაცია კი, როგორც წესი, უფრო სწრაფი და ნაკლებ ხარჯიანი პროცესია

მედიაციის გამოყენება ისეთ დავებში შეიძლება, რომელშიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, მემკვიდრეობის საკითხები, განქორწინება, ბიზნეს დავები, სამეზობლო საკითხები. ამგვარი  დავები ხშირად დროში იწელება და კონფლიქტსაც ამძაფრებს. ამიტომ, მედიაციის გზით დავის დროული გადაწყვეტა ხშირად ორივე მხარისთვის უფრო მისაღები და პრაქტიკული გამოსავალი შეიძლება იყოს.

მედიაციის ინსტიტუციური განვითარება საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა 2019 წელს, როდესაც მრავალწლიანი მომზადების შემდეგ მიიღეს საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“. ამ ნაბიჯმა შექმნა მედიაციის განვითარების სამართლებრივი საფუძველი და საქართველო ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა. კანონის მიღებასა და შესაბამისი მექანიზმების დანერგვას მხარს უჭერდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). სწორედ ამ მხარდაჭერის ფონზე დაფუძნდა საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, რომლის მიზანია მედიატორის პროფესიის განვითარება, სერტიფიცირების პროცესის მხარდაჭერა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბება და მედიაციის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა.

UNDP | Gela Bedianashvili

მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, გამოწვევად რჩება მედიაციის პოპულარიზაცია. ცნობიერების ამაღლება საჭიროა როგორც მოქალაქეებში, ისე იურისტებში, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დავის გადაწყვეტის გზის არჩევაში. როგორც ლევან ასათიანი გვეუბნება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად მუშაობს ადვოკატებთან, რათა მათ მეტი იცოდნენ ამ მექანიზმის სარგებლიანობის შესახე: „როდესაც ადვოკატები მედიაციას აღიქვამენ მოქნილ და ეფექტიან ინსტრუმენტად, მოქალაქეებსაც მეტი შანსი აქვთ, დავა უფრო სწრაფად და კონსტრუქციული გზით დაასრულონ,“ – ამბობს ლევან ასათიანი.  

2023 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მედიაციის განვითარებას ორი სტრატეგიული მიმართულებით უჭერს მხარს. პირველი პრიორიტეტია ადვოკატების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგებისა და სასწავლო რესურსების საშუალებით, რათა მათ მედიაცია პრაქტიკაში უფრო აქტიურად გამოიყენონ. ამავე მიმართულებით მხარდაჭერა მოიცავს პროფესიული კონფერენციების ორგანიზებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ასევე სამართლებრივი კომენტარებისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოების შემუშავებას, რაც ერთგვაროვან სტანდარტებსა და ხარისხიან პრაქტიკას უწყობს ხელს.

მეორე მიმართულება ორიენტირებულია მედიაციის ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და ინკლუზიურობაზე. პროექტის ფარგლებში მედიატორის პროფესიაში ნაკლებად წარმოდგენილმა თემებმა: რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა და ეთნიკურმა უმცირესობებმა გადამზადება გაიარეს და შესაბამისი ეტაპების წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული მედიატორები გახდნენ. ეს ნაბიჯი  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთ-ერთ მთავარ პრინციპს „არავინ დარჩეს განვითარების მიღმა ემსახურება. პარალელურად, ყურადღება ეთმობა უნივერსიტეტებთან და ბიზნეს წრეებთან თანამშრომლობას, რათა მედიაციის შესახებ ცნობიერება გაძლიერდეს როგორც აკადემიურ სივრცეში, ისე კერძო სექტორში.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

მედიაცია საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატივა, პროცესი, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც სასამართლო დავის ფარგლებში (სასამართლო მედიაცია), ისე სასამართლოს გარეთ, კერძო ფორმატში (კერძო მედიაცია).  ეს ცვლილება არის  გადასვლა დაპირისპირების ენიდან თანამშრომლობასა და დიალოგზე, რომელიც საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას, დავები არა მხოლოდ მოაგვაროს, არამედ მათგან ნაკლები ემოციური და ფინანსური დანაკარგით გამოვიდეს. 

მედიაციისა და მედიატორების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდს. ეწვიოთ.