მეორე ილია

საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რომ მთელ საქართველოში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, ყველანაირ რეიტინგებში რომ უპირობო ლიდერია, მისი სადღეგრძელო რომ თითქმის ყველა სუფრაზე ისმება და რაოდენ კორექტული ფორმითაც უნდა გააკრიტიკო, ლამის მთელ ერში მძაფრ და აღშფოთებულ რეაქციას რომ გამოიწვევ, მგონი, არავისთვის არაა სადავო.

საზოგადოების მცირე ნაწილს ეს არ მოსწონს, რადგან ფიქრობს, რომ პატრიარქს ცუდი მეტი გაუკეთებია ქვეყნისთვის ვიდრე კარგი, აბსოლუტური უმრავლესობა კი პატრიარქის ავტორიტეტს სრულიად ბუნებრივად მიიჩნევს.

ცხადია, ასეთი ხანგრძლივი და გაუხუნარი პოპულარობა შეუძლებელია იყოს შემთხვევითი, თუმცა, როგორც კი დავსვამთ ბუნებრივ კითხვას, კონკრეტულად რა განაპირობებს პატრიარქის სტაბილურად მაღალ რეიტინგს, ჩვენდა მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე იოლია. მეტიც, როგორც კი შევეცდებით საკითხის განხილვას, მაშინვე წავაწყდებით უცნაურობებს, შეიძლება ითქვას, პარადოქსებსაც.

სამი პარადოქსი უწმინდესისთვის, პლუს მეოთხე

როდესაც ადამიანი ხდება პოპულარული, რეიტინგული და . . და . . დაფასებული, ეს, როგორც წესი, გაპირობებულია არა მხოლოდ მისი პიროვნული ქარიზმით, არამედ მის მიერ ნაკეთები საქმეებით.

მართლაცდა, თითქოს წარმოუდგენელია მხოლოდ ქარიზმატულობის ხარჯზე იყო ათეულობით წლები სუპერპოპულარული პიროვნება, ყველანაირ რეიტინგლისტს უპირობოდ ლიდერობდე და გეუბნებოდნენ, თქვენ ილია მეორე კი არა, მეორე ილია ხართ საქართველოსთვისო. თითქოსდა გამორიცხულია ასეთი ავტორიტეტის მოხვეჭა კონკრეტული საქმეებისა და პრაქტიკული ღვაწლის გარეშე, მაგრამ პარადოქსულობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

პარადოქსი პირველი: თითქმის ვერავინ ამბობს, რა აქვს მას გაკეთებული, მაგრამ თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ აქვს.

მართლაც, თუ მოქმედი ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობისა და საპატრიარქოს გავლენის მკვეთრ ზრდას თავისთავად სიკეთედ არ ჩავთვლით, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ვინმემ გაიხსენოს არათუ რამე განსაკუთრებული, არამედ თუნდაც სრულიად რუტინული საქმე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლებოდა მამულიშვილურ ღვაწლად თუ არა საზოგადოებრივ სიქველედ მაინც მიგვეჩნია.

ქარიზმა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს ნამდვილად აქვს და საკმაოდ ძლიერიც, მაგრამ ჩვენ ვერ გავიხსენებთ საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ ვერც ერთ საზოგადოებრივ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ინიციატივას, რომელიც ხალხის მიერ იქნა ან მოწონებული ან გაზიარებული.

ცხადია, აქ არ ითვლება ის ინიციატივა, რომ შობის ღამეს ყველამ სანთელი დაანთოს ფანჯარასთან, რადგან ეს ცარიელი ესთეტიკაა და ამას სიკეთესა და სიქველესთან საერთო არაფერი აქვს.

ასევე არაფერ განსაკუთრებულად ფასეულს და ინტელექტუალურს ჩვენ ვერ ვიპოვით პატრიარქის ქადაგებებსა თუ მის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეებში. მიუხედავად ამისა, პატრიარქის მორალური და ინტელექტუალური რეპუტაცია მაინც უკიდურესად მაღალია.

პარადოქსი მეორე: მისი თითქმის ყველასჯერა, მაგრამ მას თითქმის არავინ უჯერებს.

ქვეყნის ყველაზე დიდი ინტელექტუალური და მორალური ავტორიტეტისთვის რა უნდა იყოს იმაზე პარადოქსული, თუ არა ის, რომ მის აზრებსა და მოწოდებებს მისივე თაყვანისმცემლების უმრავლესობა არ იზიარებდეს? არადა, ილია მეორის შემთხვევაში ზუსტად ასეა.

მაგალითად, სერიოზულად არავის აღუქვამს პატრიარქის ცნობილი მოწოდება, რომ ცოლებმა ქმრებს ფეხები უნდა დაჰბანონ; არც საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე უთქვამს ვინმეს უარი იმის გამო, რომ პატრიარქმა პირდაპირ მოუწოდა სამწყსოს, არ გაუშვათ ბავშვები უცხოეთშიო; არც შვიდგზის ლოცვას ატარებს მორწმუნეთა აბსოლუტური უმრავლესობა დღის განმავლობაში (მათ შორის, პირველს დილის ექვს საათზე, რასაც, პატრიარქის თქმით, განსაკუთრებული მადლი აქვს) და ეს მაშინ, როცა თავად ილია მეორე მიიჩნევდა შვიდგზის ლოცვის შემოღებას თავისი პატრიარქობის პერიოდში გაკეთებულ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ (იხ. საკვირაო ქადაგება 20 თებერვალი. 2005 .).

ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, უბრალოდ, ეს ძალიან დიდ ადგილს დაიჭერს და არა მგონია, ამის აუცილებლობა არსებობდეს. მით უმეტეს, რომ საპირისპირო მაგალითის მოყვანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია

პარადოქსი მესამე: მასზე ან კარგი ან არაფერი.

ეს ცნობილი სენტენცია ძალიან ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, მე ვიტყოდი უმრავლესობასაქვს საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მიმართ. ეს საზოგადოება არავის არ აძალებს პატრიარქის განდიდებას, მაგრამ ყოველთვის ნეგატიურად იღებს მის მიმართ კრიტიკას. კრიტიკის როგორც ფორმას, ისე შინაარსს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. მიუღებელია თავად პატრიარქის გაკრიტიკების ფაქტი. თუნდაც ასპროცენტიან სიმართლეს ამბობდე, პატრიარქზე აუგის თქმას მაინც არ მოგიწონებენ.


ამ მიდგომის პარადოქსულობა მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ ზემორე სენტენციას ძველი რომაელები მიცვალებულებზე ამბობდნენ და ჩვენთან ცოცხალი ადამიანის მიმართაა აქტუალური, არამედ იმაშიც, რომ ეს არ არის პრიმიტიული კულტი და ბელადისადმი მონური თაყვანისცემა. ბელადი ქებადიდების გარეშე არ არსებობს. პატრიარქის ქება კი, როგორც უკვე ვთქვით, სავალდებულო არ არისმხოლოდ მისი კრიტიკაა ტაბუდადებული.

სხვათა შორის ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, თავიანთ ეკლესიურობას გაუსვან ხაზი, საათობით დგანან სანთლით ხელში, მუხლმოყრილ მდგომარეობაში იღებენ პატრიარქთან ფოტოებს და .., ამით დიდ ვერაფერ დივიდენდს იხვეჭენ. მიზეზი მარტივია: მნიშვნელოვანია, პატრიარქს არ მტრობდე და არა პატრიარქთან სიახლოვე.

პატრიარქის მდივანი შორენა თეთრუაშვილი, რომელიც ილია მეორის, ალბათ, ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს, საერთოდ არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის. ზოგადად, ეკლესიურობა რომ რამე პოლიტიკური კაპიტალის მომტანი იყოს, ჯონდი ბაღათურია გაცილებით რეიტინგული პოლიტიკოსი იქნებოდა, ვიდრე ვთქვათ ზურაბ ჯაფარიძე.

მეოთხე პარადოქსი კი ერთგვარად წინა სამის შეჯამებაა. მართლაცდა, რანაირად შეიძლება პრინციპულად მიუღებელი იყოს ისეთი საყოველთაოდ ცნობილი პერსონის კრიტიკა, რომლის გაკეთებულ საქმეებზე ვერავინ ვერაფერს ამბობს და რომლის  რჩევებსა და რეკომენდაციებსაც არავინ ითვალისწინებს? ვინმეს რომ აბსტრაქტულად დაესვა ასეთი შეკითხვა, ალბათ, ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია. თუმცა, საქმეც ისაა, რომ შესაძლებელია

ნოსტალგია ანუ საბჭოური ყოფის ეროვნული თავისებურებანი

იმისთვის, რათა გავერკვეთ, თუ რანაირადაა ესა შესაძლებელი, უნდა დავბრუნდეთ ოცდაათიორმოცი წლით უკან, საბჭოთა საქართველოში, სადაც  კიდევ ერთი უცნაურობა გველოდება. ესაა ქართული საზოგადოების დიამეტრული ცვლილება რელიგიის მიმართ დამოკიდებულებაში. თუკი 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის ოთხმოც პროცენტზე მეტი ათეისტი იყო, სულ რაღაც ათი წლის შემდეგ, იგივე ოთხმოცი პროცენტი უკვე მორწმუნეა და ეს დღემდე ასეა ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით.

არც ერთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში მსგავსი რამ არ მომხდარა. რელიგიის მიმართ ინტერესი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნგრევის შედეგად ზოგადად კი გაიზარდა ყველგან, მაგრამ ტოტალური ათეისტობიდან ტოტალურ მორწმუნეობაზე ელვისებური გარდასახვა მხოლოდ საქართველოში მოხდა

და აქ მივადგებით იმ თემას, რასაც პოსტსაბჭოთა რეალობის მკვლევრები ტოტალიტარიზმის ნოსტალგიას უწოდებენ. ერთი შეხედვით, ქართული პოსტსაბჭოური საზოგადოების საყოველთაო გარელიგიურებას კომუნისტური ეპოქის ნოსტალგიასთან რა კავშირი უნდა ჰქონდეს. როდესაც ის ეპოქა არსებითად ათეისტური იყო. მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის

სიტყვა ნოსტალგია, მოგეხსენებათ, შინ დაბრუნების შეუძლებლობით გამოწვეულ ტკივილსა და დარდს ნიშნავს. საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაც  კომუნისტური ტოტალიტარიზმის ცხოვრების წესის, იმდროინდელი ურთიერთობების ნორმებისა და დამოკიდებულებების  მონატრებაა. ბუნებრივია, საბჭოეთში ნაცხოვრებ ადამიანს, თუ ის უმუშევრად დარჩენილი ჯალათი არაა, არ ენატრება რეპრესიები და დახვრეტები, არამედსულ სხვა რამ. კერძოდ, ის ტკბილად და საამოდ მოსაგონარი, რაც აქ და ახლა არა აქვს, იქ და მაშინ კი ჰქონდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი გამდიდრდა, ხოლო უმრავლესობა გაღარიბდა, ბუნებრივია, რომ ბევრისთვის საბჭოთა წარსული უკეთეს მატერიალურ ყოფასთანაა ასოცირებული, თუმცა ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, საბჭოურობის ნოსტალგიის საერთო მახასიათებელია, ჩვენს შემთხვევაში კი განსხვავებული შინაარსები და ასოციაციები უფრო საინტერესოა, ანუ ყველას თავისი აქვს სახსოვარი.  

ვიღაცისთვის ეს სახსოვარი არსებული წესრიგის ურყევობისა და სტაბილურობის განცდაა, ვიღაცისთვის მარტივი იდეოლოგიური ორიენტირი, როცა მხოლოდ ერთი იდეოლოგიაა ჭეშმარიტი და ყველა დანარჩენი მცდარი, ვიღაცისთვის მსოფლიო ბატონობის პრეტენზიის მქონე იმპერიისადმი კუთვნილება, ვიღაცისთვის კი საბჭოურობა მისი ახალგაზრდობისგანაა განუყოფელი და ამ ყველაფერს ერთად ჰქვია სწორედ ნოსტალგიაამ მრავალპლასტიან, მაგრამ ერთიან განცდას, სადაც პლასტები სხვადასხვა სივრცეში გაბნეული ემოციებია, რომელთაც ერთი დრო და ეპოქა კრავს ერთიან განცდად.

ამ მხრივ, საქართველოს შემთხვევა, ვფიქრობ, მაინც განსაკუთრებულია, რადგან არც ერთი მოკავშირე რესპუბლიკა არ მორგებია ისე კარგად საბჭოურ სისტემას, როგორც ჩვენი ქვეყანა. საერთოდ, ქართველებს ყოველთვის ახასიათებდათ დამპყრობლებსა და ძალადობრივ რეჟიმებთან   შემგუებლობის განსაკუთრებული უნარჩვევები. კონსტანტინე გამსახურდია წერდა თავის დროზე, რომ ქართველობა მისმა რეზინასავით დრეკადმა და მოქნილმა ხასიათმა გადაარჩინა საუკუნეების ქარტეხილებს, რადგან რეზინას ვერ გატეხავ და ვერ დაფშვნი, მისი მხოლოდ მოდრეკა შეიძლება, რომელსაც როგორც კი ხელს გაუშვებ, გასწორდება და თავდაპირველ ფორმას მიიღებს.

მაინც რაში გამოიხატებოდა საბჭოურ სისტემაზე კარგად მორგება? იმაში, რომ უკვე 60-იანი წლებიდან ქართული საზოგადოების ცნობიერებაში მოხდა მკაფიო ზღვრის გავლება საჯარო და პრივატულ სივრცეებს შორის. საჯარო სივრცე იყო პრინციპულად ამორალური, ანუ ისეთი კატეგორიები, როგორიცაა, სიმართლე, პატიოსნება, კეთილსინდისიერება და .. აქ არ მოქმედებდა. საშუალო სტატისტიკური ქართველი საბჭოთა მოქალაქე სახელმწიფოს მიმართ არ გრძნობდა არანაირ მორალურ ვალდებულებას და აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის ქურდობა და კორუმპირებულობა არც იყო დიდი ცოდვა, უფრო ზუსტად, საერთოდ არ იყო

სახელმწიფო განიხილებოდა, როგორც მეწველი ძროხა, რომელსაც რაც უფრო კარგად მოწველი, ანუ რაც უფრო მეტ ფულსა და პრივილეგიებს დასცინცლავ, მით უკეთესი. ანალოგიურად ფასდებოდა საჯარო გამოსვლებიც, სადაც, ვთქვათ, სკკპ ოცდამორიგ ყრილობაზე ან ცეკას რომელიმე პლენუმზე შეგეძლო ნებისმიერი სისულელე დაგებრეხვებინა და კაციშვილი არ შეიმჩნევდა. საბჭოური იდეოლოგიისთვის ხარკის გადახდა გახლდათ ნორმა, დადგენილი თამაშის წესების უცილობელი შემადგენელი, როდესაც ბაცბურწოვურში ჭრ ნაწილაკის შესახებ ნაშრომშიც მარქსისა და ლენინის მითითება იყო სავალდებულო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულსაბჭოური საჯარო სივრცე მთლიანად გაჟღენთილი იყო სიყალბით. კომუნიზმის ნათელი იდეალების, პრაქტიკულად, აღარავისჯეროდა. ეს იდეოლოგია, უბრალოდ, იყო ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც გიწევდა ცხოვრება. კი ბატონო, შეგეძლო არ შეჰგუებოდი ამ სიყალბეს და გეთქვა ის, რასაც ფიქრობდი, გაგეკრიტიკებინა არსებული წესრიგი, მაგრამ მაშინ იმისთვისაც მზად უნდა ყოფილიყავი, რომ რეპრესიები არ აგცდებოდა

თუმცა სიყალბის მიღება და კონფორმიზმი მხოლოდ მედლის ერთი მხარე იყო. ყველაფერ ამის საპირწონე და ერთგვარი კომპენსაციაც კი გახლდათ პირადი და პრივატული ურთიერთობები. საჯარო სივრცის ამორალურობის ფონზე მეგობრობას, ნათესაობასა და ახლობლებთან ურთიერთობას განსაკუთრებული ფასი ედო. სტალინის სიკვდილის შემდეგ კერძო ცხოვრებაში სახელმწიფო უკვე ნაკლებად ერეოდა. თუკი ოცდაათიან წლებში სახლში ანეკდოტის მოყოლაც კი სახიფათო იყო, 60-იანი წლებიდან მოყოლებული რამდენიც გნებავთ, შეგეძლოთ, გეგინებინათ საბჭოთა წყობა შინაურულ გარემოში. აქ სუფევდა თავისუფლება, სილაღე და უდარდელობა. აქ შეგეძლო ყოფილიყავი ისეთი, როგორიც ხარშეგეძლო არ მოგეტყუებინა, არ გეთვალთმაქცა და სულაც მასხრად აგეგდო ის იდეოლოგიური კლიშეები, რომლის მიმართაც ლოიალობის გამოხატვა გიწევდა საჯარო სივრცეში

ასეთი ორმაგი ცხოვრება ბუნებრივად გულისხმობდა ორმაგ მორალს. უფრო სწორად მორალი როგორც ასეთი, არსებობდა მხოლოდ კერძო სივრცეში. ადამიანის მორალურობა განისაზღვრებოდა იმით, თუ როგორ იქცეოდა იგი პირად ურთიერთობებში, როგორი იყო მეგობრების, ნათესავებისა თუ მეზობლების მიმართ, რამდენად ეხმარებოდა მათ, რამდენად ედგა გვერდში და . . საჯარო სივრცე კი იყო საშოვარი, სადაც უნდა მოგეპოვებინა მატერიალური სახსრები ან/და სოციალური პრივილეგიები კერძო სივრცის მოწყობისთვის. სხვა დანიშნულება საჯარო სივრცეს, მორალური თვალსაზრისით, არც ჰქონდა

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პირადი ურთიერთობების ამგვარი პრიორიტეტულობა და, შეიძლება ითქვას, საკრალიზაციაც, ძალიან ბევრ ადამიანს უქმნიდა თვითრეალიზების განცდას. საბჭოთა საქართველოში ძალიან ცოტა ვინმე თუ გრძნობდა თავს ლუზერად და აუტსაიდერად. საჯარო სივრცეში წარმატება, კარიერა, სახელი და .., კი ითვლებოდა პლუსად და არა მინუსად, მაგრამ ეს არ იყო მთავარიგაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ, ყოფილიყავი კარგი მეგობარი და გეზრუნა ახლობლებზე. რეალიზებულობისა და სოციუმის სრულფასოვანი წევრობის განცდისთვის ეს სრულიად საკმარისი გახლდათ

რა თქმა უნდა, ამ სისტემაში იყვნენ გამონაკლისებიც, ისეთებიც, პრინციპულად რომ არ ერთვებოდნენ კორუფციულ ურთიერთობებში და ისეთებიც, ვინც იდეოლოგიურ კომპრომისზე უარს ამბობდა. სისტემა ამ ხალხის არსებობასაც უშვებდა, თუმცა ღია  დაპირისპირებას რეჟიმთან არც მათპატიობდა. ცნობილი გამოთქმა, „სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“, სწორედ იმ დროის გამოძახილია. . დისიდენტებიც, რომლებიც აშკარად ილაშქრებდნენ სისტემის წინააღმდეგზოგადი წესიდან გამონაკლისს წარმოადგენდნენ. და საერთოდ, დისიდენტობა უფრო მორალური პოზიცია იყო, რომელიც გარკვეული დოზით თავგანწირვას და თავის გადადებასაც გულისხმობდა. დისიდენტები არ იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის, მათთვის პრიორიტეტული იყო სიმართლის თქმა და რწმენა იმისა, რომ მათი განწირული ბრძოლა, ოდესღაც, სადღაც, ახლო თუ შორეულ მომავალში რაღაც შედეგს გამოიღებდა. საზოგადოების უმრავლესობა კი განაგრძობდა იმ ორმაგი მორალით ცხოვრებას, როდესაც საჯარო სივრცეში ამორალურობა კერძო სივრცეში მეგობარახლობლებზე ზრუნვით გახლდათ, როგორც ახლა იტყოდნენ, გაპრავებული.

  • ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეკლესია და პატრიარქი რა შუაშიაო, იკითხავს ვინმე. მოგახსენებთ.

შეხვედრა წარსულთან, ანუ სახედ და ხატად

საბჭოთა კავშირის დაშლა სისტემას შეგუებულმორგებული ქართული საზოგადოებისთვის წმინდა მენტალურ ამბავში იმაზე გაცილებით  მძიმე და დამანგრეველი აღმოჩნდა, ვიდრე ეს თუნდაც ყველაზე შავ პროგნოზში წარმოედგინა ვინმეს.

საქმე ის გახლავთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებამ არსებითად გამოაცალა საფუძველი საბჭოურქართული ორმაგი მორალის პრინციპს. დამოუკიდებელი საქართველო, როგორც სახელმწიფო, პრინციპულად შეუძლებელია, ყოფილიყო მეწველი ძროხა. ქართული სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოპარვა უკვე ვეღარ მიიჩნეოდა კაიტიპობად, თუნდაც ორას მეგობარახლობელს დახმარებოდი და თვით ეს მეგობრობაახლობლობაც საბაზრო ურთიერთობებსა და ბიზნესში მაინცდამაინც კარგი ორიენტირი ვერ გამოდგა. ძალიან მალე გამოჩნდა, რომ, თუ საქმის ინტერესებიდან ამოდიხარ, ძმაკაცობა, დაქალობა და დედმამიშვილობა ვერანაირად ვერ იქნება დასაქმების მთავარი კრიტერიუმი.

ყოველივე ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული მენტალური ძვრები ქართულ საზოგადოებაში, რომელიც, ფაქტობრივად, მორალური ორიენტირის გარეშე დარჩა. ძველი ნორმები აღარ მუშაობდასხვაგვარი საზოგადოებრივი მორალი კი ამ საზოგადოებას უბრალოდ არ გააჩნდაამას დაემატა სამხედრო გადატრიალება, ომები, ბანდიტიზმი, ძარცვაგლეჯა, განუკითხაობა და გაღატაკება, რამაც ქვეყანაში გააჩინა არარეალიზებულ და გამწარებულ მოქალაქეთა დიდი მასა, რომელსაც სახელმწიფო და პოლიტიკური ელიტა ვერაფერსთავაზობდა, ვერც ძველის აღდგენას და ვერც რამე ახალს

და სწორედ ეს მორალური სიცარიელე შეავსო  ეკლესიამ.

საზოგადოებრივი და სოციალური  სტრუქტურის ცვლილება, ელიტების გადახალისება და ტრანსფორმაცია ნებისმიერი საზოგადოებისთვის რთული პროცესია და წარსულის ნოსტალგიაც ასეთ ცვლილებებს მუდამ თან ახლავს. ოღონდ საქართველოში ეს ნოსტალგია არ ასოცირდება კომუნისტურ პარტიასთან, რომელიც არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობდა. საქართველოში წარსულის ნოსტალგიის ობიექტი წმინდა მატერიალური შეძლების გარდა ძველი ადამიანური ურთიერთობები, მეგობარახლობლებთან კომუნიკაციის საშუალებით თვითრეალიზაციის მონატრებაა. ეს განცდა კი საერთოდ არ გახლდათ დაკავშირებული პოლიტიკურ ელიტასთან. ამ ვითარებაში სწორედ რელიგია, ეკლესია და  სამღვდელოება აღმოჩნდა ის ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც, ღირებულებათა კრიზისში გადავარდნილმა ქართულმა საზოგადოებამ რაღაც დოზით მაინც შეინარჩუნა მონატრებულ წარსულთან ბმა

ზოგადად, ნებისმიერი რელიგიური ინსტიტუცია ტრადიციულობისა და კონსერვატიული ღირებულებების მატარებელია და, ამ მხრივ, არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა გამონაკლისი. ეკლესიაში ყველაზე დიდხანს ინახება ის კულტურული ნორმები, ორიენტირები და საკომუნიკაციო ენაც კი, რაც საერო ცხოვრებაში შესაძლოა მოძველებულად და დრომოჭმულად აღიქმებოდეს. მეორე მხრივ, ეკლესია არის ის ინსტიტუცია, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებს ეხება  და თავის დროზე ათეისტურ სახელმწიფოსა და კომუნისტური იდეოლოგიის დაახლოებით ისეთივე საპირწონედ მიიჩნეოდა, როგორც მეგობარახლობლებზე ზრუნვის პრიორიტეტი საჯარო აქტივობებზე. ამიტომაც, ძველი ურთიერთობების ასოცირება ეკლესიასთან მარტივად და ბუნებრივად მოხდა და აქ პირადად პატრიარქის როლიც დიდი იყო.

როდესაც ილია მეორის კათოლიკოსპატრიარქად აღსაყდრება მოხდა, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად იდგა კომუნისტური რეჟიმი და ეკლესიის გავლენა საზოგადოებრივ პროცესებზე, პრაქტიკულად, ნულის ტოლი იყო. ვერ ვიტყვი, რომ პოსტსაბჭოურ პერიოდში ეკლესიის გაძლიერება მთლიანად პატრიარქის დამსახურებაა. ბევრი რამ ძველი სისტემის ნგრევამ და ახალმა კონიუნქტურამ თავისით მოიტანა, მაგრამ მისი როლი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

ილია მეორე ყველა ხელისუფლებასთან ახერხებდა არა მარტო ლოიალური ურთიერთობის დამყარებას, არამედ სრულიად კონკრეტული და არცთუ უმნიშვნელო შეღავათებისა და ბენეფიტების  მოპოვებას საპატრიაქოსთვის. მისი ხელმძღვანელობის დროს ეკლესია ორჯერ იდგა სერიოზული განხეთქილების ზღვარზე, მაგრამ პატრიარქმა მოახერხა ბალანსის დაცვა და ერთიანობის შენარჩუნება. მოკლედ, როგორადაც არ უნდა შევხედოთ, ფაქტია, რომ ილია მეორე საკმაოდ ძლიერი მმართველი აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არნახულად გაძლიერდა და ქვეყნის ყველაზე გავლენიან ინსტიტუციად იქცა.

ეკლესიის ასეთ გაძლიერებაში წარსულის ნოსტალგიის ფაქტორი ერთადერთი არა, მაგრამ ერთერთი განმსაზღვრელი, ვფიქრობ, ნამდვილად იყო პატრიარქის პერსონასთან ერთად. ილია მეორე დღეს, პრაქტიკულად, ერთადერთი ადამიანია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობამდეც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ახლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძველი დროებისა და თანამედროვეობის შემაერთებელია რგოლია. ის არის ადამიანი, რომელიც თან ჩვენს გვერდითაა, დღევანდელი პროცესების აქტიური მონაწილეა და თან მუდამ გვახსენებს წარსულს. ის წარსულისა და აწმყოს უწყვეტობის სიმბოლოა და გარდასულ დროთა მონატრების ცოცხალი ხატი.

სიმბოლოს და ხატის რაციონალური განსჯა კი პრინციპულად შეუძლებელია. მით უმეტეს შეუძლებელია მისი კრიტიკა, რადგან სიმბოლოსთან ნებისმიერი შეხება მისი ხელყოფა და, აქედან გამომდინარე, შეურაცხყოფაა. ასევე, თუ რაიმე თვალსაჩინო საშინელება არ ჩაიდინა, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას ილაპარაკებს და რას გააკეთებს ეს სიმბოლო, რადგან ის მისი გამონათქვამებისა და ნაკეთები საქმეების გამო კი არაა სიმბოლოდ ქცეული, არამედ იმის გამო, რომ დროთა კავშირს განასახიერებს და სანამ ეს წარსულსა და აწმყოს შორის გაბმული უხილავი ჯაჭვი არსებობს მისი სახით, პატრიარქის რეიტინგს, სახელსა და დიდებას, პრაქტიკულად, არაფერი არ ემუქრება.

ამიტომაც რა სკანდალებშიც არ უნდა გაეხვიოს საქართველოს საპატრიარქო და სხვადასხვა მღვდელმთავარი, რამდენი 17 მაისის დარბევაც არ უნდა მოაწყონ, რამდენი რეტროგრადული და რეაქციული განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, პატრიარქს ეს ყველაფერი უბრალოდ არ შეეხება, რამდენადაც ის ჯერ სიმბოლოა და მხოლოდ ამის მერე – კონკრეტული პერსონა, პატრიარქის რეიტინგი კი ავტომატურად ვრცელდება მთელ ეკლესიაზე. შესაბამისად, ეკლესიის გავლენა და რეიტინგიც დიდად არ იკლებს.

ეს სიმბოლიკა კი აქტუალურია მანამ, სანამ არსებობს ტოტალიტარული წარსულის ნოსტალგია, იქნება ეს ცნობიერი, თუ უკვე არაცნობიერში გადასულიდავსვათ მარტივი კითხვა: რა ტრადიციული კულტურულმორალური ნორმები და ორიენტირები შეიძლება ჰქონოდა საქართველოს მოსახლეობას, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ? ცხადია ის ნორმები და ორიენტირები, რაც საბჭოთა დროს იყო დამკვიდრებული, ანუ კონფორმიზმი, ნეპოტიზმი, პროტექციონიზმი, პატრონკლიენტისტური ურთიერთობები და ორმაგი მორალი. ძმაკაცის ცოლისდისა თუ დაქალის ბიძაშვილის სამსახურში მოწყობა რომ კაიტიპობად მიიჩნევა, იმას სხვა რამე არ ჰქვია და არანაირი სხვა მორალი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საბჭოთა საქართველოში არ არსებობდა. ამიტომ, სანამ ეს ყველაფერი აქტუალურია. წარსულის ნოსტალგიაც ასე ადვილად არ მოკვდება და შესაბამისად, ამ ნოსტალგიის სიმბოლიკაც დარჩება

ეს ყველაფერი კი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყნის განვითარებისთვის. საბჭოთა წარსულის ნოსტალგია მთელი მისი სიმბოლოებითა და დაფარული პლასტებით მხოლოდ ხელს თუ შეგვიშლის, თორემ არანაირად არ დაგვეხმარება თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში. ამიტომ, რაც მალე გავთავისუფლდებით ამ ნოსტალგიიდან და მისი ირაციონალური სიმბოლოების თაყვანისცემისგან, მით უკეთესი. სხვათა შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც ასე აჯობებს.

მაგრამ თუკი სიმბოლოს განსჯას აზრი არა აქვს, ნიშნავს კი ეს იმას, რომ ჩვენ ყველამ უბრალოდ ხმაც არ უნდა ამოვიღოთ იმაზე, რაც ხდება ეკლესიაში; არ ვაკრიტიკოთ არც პატრიარქი და არც სამღვდელოება და მხოლოდ დროჟამის მდინარებას დაველოდოთ? არამც და არამც არ ნიშნავს. უბრალოდ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც თაობათა ცვლის ამბავია. ადრე თუ გვიან ყველა ვარიანტში მოვა ის თაობა, რომელსაც არანაირი სანტიმენტალური ბმა არ ექნება საბჭოთა წარსულთან და შესაბამისად, არც მისი სიმბოლიკა მოხიბლავს. როგორც ძველი მარქსისტები იტყოდნენ, ჩვენ არ შეგვიძლია ისტორიის პროცესის შეცვლა, მაგრამ შეგვიძლია ან დავაჩქაროთ, ან შევანელოთ ის. რაც უფრო მეტს იმსჯელებს და იკამათებს დღევანდელი საზოგადოება ამ თემებზე, მით უფრო მომზადებული დახვდება ნიადაგი მომავალ თაობებს და მათ არ მოუწევთ ყველაფრის ნულიდან დაწყება. რა, რა და ეს ნამდვილად არის ჩვენზე დამოკიდებული.