სიკეთისა და ბოროტების არაპოლიტიკური გეოგრაფიისთვის
სიკეთისა და ბოროტების დადგენის ბიბლიური დავალება დღემდე აქტუალურია და, სავარაუდოდ, ასე იქნება, ვიდრე ეს ცა და ქვეყანა არსებობს. გახსოვთ, არა ვაშლის არამედ სიკეთისა და ბოროტების ვერ დადგენის გამო დაკარგა კაცობრიობამ ღმერთთან კავშირი. ვაშლის ხე და ბოროტება ლათინურ ენაში ომონიმია, malum, ეს უზუსტობაც აქედან იღებს სათავეს.
დღეს ჩვენ საზოგადოებაში ხშირად შევხდებით სხვადასხვა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დასავლური კულტურა სიმშვიდის, კეთილდღეობის, ადამიანის ღირსების, ან პირიქით ტრადიციული ეთიკისადმი მტრულად განწყობილი, სიამოვნების და დაუსჯელობის, ნაციონალიზმის, რაციონალიზმის გაღმერთების, ათეიზმის პროპაგანდის და ა. შ. სივრცეა. ჩვენთან, საქართველოში ახლა გავრცელებულია ისეთი კულტურული ტენდენცია, რომელშიც (სხვა დროს ასე არ ყოფილა) ბევრი – ნიშნავს მართალს, ერთობა – ვალდებულებას, შეცდომა – სისუსტეს/სიკვდილის განაჩენს და საბოლოო ჯამში ტყუილში ცხოვრებას, რომლის მამაც როგორც სახარებაში ვკითხულობთ, არის ეშმაკი.
მინდა ღიად გამოვთქვა რამდენიმე მოსაზრება დასავლური კულტურის, დასავლური ტიპის ინტეგრაციისა და ქრისტიანული მოძღვრების, სამღვდელო მსახურების ხასიათს შორის მსგავსებაზე-განსხვავებაზე.
თავიდანვე მინდა, ყურადღება მივაქციო ერთ განსხვავებას: დასავლეთთან ინტეგრაცია და დასავლური ტიპის ინტეგრაცია ორი განსხვავებული რამ არის. ცხადია, დასავლეთთან ინტეგრაცია, დასავლურ კულტურაში არსებული პრინციპებით გაერთიანებას გულისხმობს. მაგრამ თუ მკაფიოდ არ ვიტყვით, როგორი ხასიათისა და შინაარსისაა დასავლური ინტეგრაცია, მაშინ გაჩნდება შიში, რომ ავთენტური, საკუთარი „მეს“ დაკარგვის ხარჯზე ვერთიანდები სხვასთან. თავისუფლება-თავისთავადობისა და ამავე დროს საზოგადო-უნივერსალურის ერთობა რომელიმეს ინტერესების შეზღუდვის გარეშე ძნელად წარმოუდგენია ადამიანს და ეს სავსებით გასაგებია.
მით უმეტეს როცა ავთენტური შემოქმედებითი პროცესის შედეგად კი არ მიიღწევა, არამედ ძველის არდაკარგვისა და შენარჩუნების პრიმიტიული გზით. სწორედ ამიტომ ჩნდება ნაყოფიერი ნიადაგი საკუთარი იდენტობისთვის მნიშვნელოვანი თვისებებისა და მახასიათებლების დაკარგვის, წართმევის ან შეზღუდვის შიშისათვის.
არადა, ზუსტად თუ გვეცოდინება, რომ დასავლური ტიპის ერთობა და მისკენ მისწრაფება სწორედ ინდივიდუალურის, ეროვნულის, დაუნაწევრებელ/ატომისტურის დაცვის პრინციპითა და სულისკვეთებითაა გამსჭვალული, მაშინ პირიქით, შემოქმედებითად ჩავებმებით ამ პროცესში.
სივრცე, სადაც ჩვენი პიროვნულობისა და უნიკალურობის საშუალება საფრთხის ქვეშ დგას, ნამდვილად არ არის დასავლური კულტურა, არამედ, სამწუხაროდ, ეს სწორედ ის სივრცეა, რომლის ნაწილიც უკვე 200 წელზე მეტია ვართ.
არახალი ნათქვამია, რომ ჩვენეული არსებობის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა თავი დავაღწიოთ მას და შევითვისოთ იმ კულტურისთვის შესაფერისი უნარები, რომელშიც შესაძლებელი იქნება სიცოცხლე და განვითარება.
მოკლე ბიოგრაფიული ჩანართი დამეხმარება ზუსტად განვსაზღვრო სათქმელის სულისკვეთება. მე მოვესწარი კომუნისტური პარტიის მმართველობასა და საბჭოთა კავშირს, თავად ვიყავი აქტიური კომკავშირელი. კარგად მახსოვს როგორ დაგვატარებდნენ დიდ პარტიულ შეკრებებზე სოხუმის ფილარმონიაში, როგორ ვიდექით აივნებზე და სცენაზე გამომსვლელების საზეიმო მიმართვებს „ვამშვენებდით“ ხმამაღალი და ანტოფონური ვაშას ძახილით.
ვაქებდით, კომუნისტურ პარტიას, ლენინს, შრომასა და ათას სისულელეს. ძალიან არ მინდა, რომ დასავლური კულტურის სიკეთეებსა და განვითარების პერსპექტივებზე ჩემი საუბარიც მსგავსი „ვაშას“ ძახილს ჰგავდეს. დასავლური კულტურა და დასავლური ტიპის ინტეგრაცია სულაც არ არის ჩემი მრწამსის ადამიანისთვის საბოლოო და უცვლელი სიკეთე, თუმცა ეს ნამდვილად ის სივრცეა, რომელიც უმაღლეს ფასეულობად ცნობს იმას, რაც ასე ენათესავება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას თავისუფლების, სიკეთეთა საყოველთაოობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის იდეები.
იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ დასავლური ტიპის ინტეგრაციისა და ქრისტიანული მსახურების ურთიერთმიმართებაზე, აუცილებელია ზოგადად მაინც განვმარტოთ, როგორ მესმის დასავლური კულტურა, ინტეგრაციის ცნება, მღვდლობა და მსახურება ქრისტიანობაში (ლათინურად ministre, minister). რა სახის თავისებურებები შეიძლება გამოვყოთ დასავლურ კულტურაში, გავიხსენოთ როგორმა ისტორიულმა პროცესებმა და გარემოებებმა იქონიეს გავლენა ამ კულტურის ჩამოყალიბებაზე? რა „სიდიდეებისა“ და განსხვავებულთა შემოკრებაზე, გაერთიანებაზეა საუბარი, (ინტეგრაცია, ინტეგრალი, გაერთიანება, შეკრება მონათესავე ცნებები და ტერმინებია) რა არის სამღვდელო მოწოდების ცენტრალური საქმე და რამდენად შეიძლება ქრისტიანი სასულიერო პირები დასავლური ტიპის ინტეგრაციაზე დადებით კონტექსტში ლაპარაკობდნენ. აქვე ვიტყვი, რომ ანაფორა და პიროვნული იდენტობა ქრისტიანული მოძღვრებისთვის ცენტრალური საკითხებია.
თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია ყალიბდებოდა ძველი ბერძნული და რომაული კულტურის საფუძველზე, მისი გავლენა ფილოსოფიურ, პოლიტიკურ, ეთიკურ, რელიგიურ წარმოდგენებზე განუზომლად დიდია. დასავლური ცივილიზაცია ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული ქრისტიანულ კულტურასთან, რომელიც, თავის მხრივ, ვითარდებოდა არა მხოლოდ ელინისტური ფილოსოფიისა და რომაული კულტურის წიაღში, არამედ აღმოსავლეთის გავლენითაც.
თანამედროვე დროში დასავლურ კულტურაზე ასევე დიდი გავლენა მოახდინეს აღორძინებისა და განმანათლებლობის ეპოქებმა, ასევე დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, საწარმოო და სამეცნიერო რევოლუციებმა.
რაც შეეხება თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიას, აქ ეგზისტენციალიზმის შემდეგ ყურადღების ცენტრში პერსონალიზმი ექცევა. სწორედ პიროვნულობის ფილოსოფიაში არსებულ გადაუჭრელ საკითხებზე საუკეთესო პასუხები მართლმდიდებლობაში წმინდა მამებად წოდებულ ისეთ ავტორებთან მოიძიება, როგორებიც იყვნენ – გრიოგოლ ნოსელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, მაქსიმე აღმსარებელი და სხვები და ეს პასუხები ჯერ კიდევ ელიან შესაფერის გადააზრებას.
დასავლური კულტურისთვის ესოდენ ფასეული თავისუფლების იდეა ვერ პოულობს სრულყოფილ გადაწყვეტას თუ თავისუფლებას დავიყვანთ ნების თავისუფლებამდე (არჩევანის თავისუფლებამდე) ნაცვლად იმ თავისუფლებისა, რომ ვიყო „სხვა” აბსოლუტურად ონტოლოგიური მნიშვნელობით (). ინდივიდუალიზმის ესოდენ გაბატონებული პოზიციები საგანთა და მოვლენათა დადგენაში მათი არსისა და ბუნებისათვის უპირატესობის მონიჭებიდან მოდის, მაშინ, როცა პიროვნულობის თეოლოგიის მიხედვით რელაციურობასა და მიმართებითობას ენიჭება უპირატესობა.
საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში პიროვნულობიდან დანახული თეოლოგიის ამ უძვირფასესი მარგალიტის პიროვნულობის იდეის „გამოზრდაში“ ჩვენს ერსაც აქვს მცირედი მონაწილეობა მიღებული, დიდ მთარგმნელობით და საგანმანათლებლო ცენტრებში მოღვაწე პირთა სახით. იქნებოდა ეს არეოპაგეტიკული კორპუსი, თუ იოანე პეტრიწისეული ნეოპლატონური თარგმანები.
ეთიკური თვალსაზრისითაც დასავლური კულტურისთვის დამახასიათებელია ისეთივე ფასეულობებისთვის უპირატესობის მინიჭება, რომლებიც ქრისტიანობის საფუძველთა საფუძველია. უცხოს, ჩაგრულის, გარიყულისა და უარყოფილის სიცოცხლეში შემოყვანა და მათთვის სასიცოცხლო გარემოს გარანტირება ზედმიწევნით თანხვედრაშია იმასთან, თუ როგორ გახდა სხვადასხვა ქრისტიანული ერი ჩართული საღმრთო ცხოვრებაში.
წარმართობა და მრავალღმერთიანობა სრულიად მიუღებელია და არათავსებად მოცემულობად ითვლება ბიბლიური ღმერთის კონცეფციისთვის. თუმცა ვხედავთ, რომ ამის გამო წარმართი ერები და ხალხები საბოლოოდ უარყოფილი და გაძევებული კი არ გახდნენ, არამედ ქრისტეს მოსვლის შემდეგ სრულფასოვანი და უპირატესი ადგილიც კი მიენიჭათ ეკლესიაში. „სხვა აქ „სხვისა“ და „მეორეს“ ინტერესი პირადსა და ინდივიდუალისტურზე უპირატესადაა მიჩნეული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ქრისტიანობაში ასეთი ხედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩემი არსებობის განმსაზღვრელი „სხვა“ და „მეორეა“.
ჩემს წარმოდგენაში დასავლური ინტეგრაციის არსის გარკვევაში დაგვეხმარება ინტეგრაციის ლექსიკონური მნიშვნელობის გახსენება. Integration გულისხმობს სხვადასხვა ნაწილის, სიდიდეების, ერთობისკენ, დაკავშირებისკენ მისწრაფებას. მართლაც, ჩვენთვის, როგორც ფაქტი და რეალობა მოცემულია სხვადასხვა ადამიანის, ფასეულობის, კულტურის ერთ, საერთო სიცოცხლის სივრცეში არსებობა. ასევე ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა, წარმოდგენებმა, ფასეულობებმა ერთობლივად, ერთმანეთთან კავშირში, შეხებაში უნდა განახორციელონ თავიანთი ცხოვრება და განვითარება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტეგრაცია (ერთობლივი სვლა, ურთიერთკავშირი) ჩვენი ბიოლოგიური მოცემულობაა.
თუ ინტეგრაციის ცნების ეს მცირედი მიმოხილვა საკმარისია იმისთვის, რომ იგი უკვე რაიმე პოლიტიკური თუ კულტურული შინაარსისაგან გავათავისუფლოთ, შეგვიძლია გადავიდეთ განსახილველი საკითხის მეორე ცნებაზე – დასავლეთზე, დასავლურ კულტურასა და დასავლური ტიპის ინტეგრაციის მნიშვნელობის აქტუალიზებაზე.
რა დამახასიათებელი ნიშნებით ხასიათდება დასავლური ტიპის კულტურა და მისგან ნაწარმოები ინტეგრაციის მოდელი. დასავლეთის გეოგრაფიული ფარგლებით დადგენა საჭირო არ არის, რადგან ამ ნიშნით, ავტსრალიაცა და განვითარებული აზიური თუ ჩრდილოამერიკული სახელმწიფოები თუ კულტურები იმავე ფასეულობებს იზიარებენ. ასევე, არამართებული და არაზუსტი იქნებოდა დასავლური კულტურა ერთგვაროვან და მკაცრად დადგენილი კანონებისა და ნორმების ერთობლიობად წარმოგვედგინა.
ჩვენთვის განსახილველი საკითხის ფარგლებში საკმარისია სხვა აქცენტის გაკეთება. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ დასავლური კულტურა ცდილობს ყველა ადამიანის ერთად ცხოვრებისათვის სასიკეთო და სამართლიანი გარემო დაამკვიდროს. ერთნი (ლიბერალური ფრთა) ფიქრობენ, რომ ეს მიიღწევა ინდივიდის უფლებების მაქსიმალური დაცვითა და გაზრდის გზით. მეორენი (კონსერვატორული ფრთა) საზოგადო სიკეთის სახელით ზოგადი პრინციპებისადმი ინდივიდთა დაქვემდებარების, მათი უფლებების შეზღუდვის გზას ირჩევენ. შეგვიძლია გამოვყოთ საშუალო და ყველაზე გავრცელებული ხაზი, რომელიც ადამიანის უფლებების, სამართლიანობის, სოლიდარობის პრინციპის დაცვას გულისხმობს.
დასავლური კულტურა პირველ რიგში არის ადამიანის ღირსებისა და სამართლიანობის, ანუ ძალაუფლების სამართლიანად გადანაწილების სივრცე. მახსენდება მშვენიერი ვიდეოსიუჟეტი, დათო ტურაშვილის ტელემოთხრობა „თემურ ბაბლუანის პარიზი“, რომელშიც დასავლური კულტურისთვის ფასეული რამდენიმე იდეა ცოცხალი მაგალითებითაა მოთხრობილი. ერთ მაგალითში ადამიანის ღირსება დაცული და პატივდებულია, მისი სოციალური სტატუსის მიუხედავად.
როგორ გინდა აქ არ გაგახსენდეს თუნდაც ერთი პასაჟი ქრისტიანობისთვის უძირითადესი წიგნიდან, მოციქულთა წერილებიდან, სადაც იაკობ მოციქული წერს ზუსტად მსგავსი სულისკვეთებით (იაკ. 2;1-6). მეორე მაგალითის მიხედვით მიუღებელი აღმოჩნდა ძალადობა თუნდაც სამართლიანობის აღსადგენად. პიროვნულობის ფილოსოფიის ყველაზე დიდი წარმომადგენელი, ემანუელ ლევინასი ერთგან ამბობს, რომ როგორც კი ვხედავთ ადამიანის სახეს, ეს უკვე უპირობოდ გვიკრძალავს მის განადგურებას. ხოლო საფრანგეთში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი ემანუელ კარერი ამბობს, რომ უპოვარი ადამიანის ფეხებიც კი გვავალდებულებს მის მსახურებას და ქრისტეს მსგავსად ფეხების დაბანას. (სახეზე შეხედვაც აღარ არის საჭირო) საინტერესოა მღვდლის ქართული ლექსიკონური განმარტება. მღვდლობა სულხან-საბასეული ლექსიკონის განმარტებით ნიშნავს ისეთი სახის მსახურებას, რომელიც პირველ პლანზე წამოწევს მთავარს, ყველაზე მნიშვნელოვანს, არსებითს.
მღვდელი – რომელი განსწმენდს სულხან-საბას ლექსიკონი. სიწმინდეში გთავაზობთ ვიგულისხმოთ არა საკრალური, მეტაფიზიკურთა შორის ყველაზე მიუწვდომელი, საშიში და მიუახლებელი, არამედ ცენტრალური, ყველაზე მთავარი, ყველაფრის განმსაზღვრელი, ის რაც აუცილებლად და დიდი წილით უნდა იყოს წარმოდგენილი ყველაფერში. წმინდა ანუ ის რაც ცენტრალურია.
ამას გარდა, სამღვდელო მსახურებაში უპირატესად ვხედავთ გაერთიანების, შემოკრების პრინციპებს. ლიტურგია და ლიტურგიაზე ანაფორა (ლოცვის სახეა), არის მთელი სამყაროს შემოკრება, გაერთიანება ღმერთისაგან კურთხევის მისაღებად. ეს შემოკრების, ინტეგრაციის, რაღაცაში ჩართვის იდეა სამღვდელო მსახურებისთვის უპირატესი და უმნიშვნელოვანესია. სამღვდელო მსახურების უმაღლესი ფორმა ლიტურგიაა, თავის მხრივ ლიტურგიის ძირითადი დანიშნულებაა, შეძლოს ყველასა და ყველაფრის (სამადლობელოდ) შემოკრება, ანაფორა. ის, რაც აერთიანებს დასავლური ტიპის ინტეგრაციასა და სამღვდელო მსახურებას არის სწორედ შემოკრების (ანაფორის), ერთად წარმოდგენის, ყველაფრისთვის სიცოცხლის ჩუქების, ყველასათვის სასიცოცხლო სივრცის გაჩენის პრინციპი და ამ საქმეში მონაწილეობა.
დასავლური ინტეგრაცია გულისხმობს რაღაც საერთო იდეების, პრინციპების, ფასეულობების გარშემო შემოკრებას, გაერთიანებას. ამ პრინციპებისა და ფასეულობებისათვის საბოლოო და შეუცვლელი მნიშვნელობის მინიჭებას. მაგალითად, მიიჩნევა, რომ ადამიანის სიცოცხლე არის უმაღლესი ფასეულობა, უბრალოდ იმიტომ, რომ მისი ღირსება დადგენილია ამ სახეობისადმი მიკუთვნობილებით. დასავლური კულტურა შეთანხმდა, რომ ადამიანად ვინმეს შერაცხვის ყველაზე პირველადი, ყველაზე საბოლოო კრიტერიუმი არის ცოცხალი არსების ამ სახეობისადმი მიკუთვნებულობა. იმისთვის, რომ ნებისმიერი homo-სახეობის წარმომადგენელი ჩაითვალოს ადამიანად, საკმარისია მხოლოდ ამ სახეობისადმი ბიოლოგიური მიკუთვნებულობა. ყველა სხვა განმსაზღვრელი, იქნება ეს კულტურული, სოციალური, რასობრივი თუ ეთნიკური – გავლენას ვერ იქონიებს.
ანაფორის ცნება მეტ შესაძლებლობას აძლევს ინტეგრაციას და ახლებურ შინაარსს ანიჭებს ადამიანის ღირსების საკითხს. ანაფორაში ყოველი ადამიანი არა მარტო სახეობის წარმომადგენელია, არამედ ის შეუცვლელია სხვა და მეორე ადამიანის არსებობისათვის და შესაბამისად, მისი არსებობა სიყვარულით განისაზღვრება და არა მარტო სახეობისადმი მიკუთვნებულობით. ანაფორა ერთობას სძენს გარკვეულ ხასიათს, აცოცხლებს ინტეგრაციულობის მექანიკურობას და მას სიცოცხლისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი თავისუფლებისა და სიყვარულის იდეებით ამდიდრებს.
იგივე შეიძლება ითქვას მთელ წმ მამებისეულ მსოფლმხედველობაზეც. ის სიცოცხლისა და განვითარების უკიდეგანო ჰორიზონტებით აიმედებს არამარტო დასავლურ კულტურას, არამედ მთელ კაცობრიობასაც.