„დამშვიდდით, საშიში მხოლოდ რისკჯგუფისთვის არის“ – კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ასეთი რიტორიკა მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთხელ შეგხვდებოდათ. „პუბლიკა“ რისკჯგუფში მყოფ ადამიანებსა და ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა, როგორ აღიქვამენ ისინი მსგავს არაეთიკურ რიტორიკას და რა გავლენას ახდენს ეს მათზე? რადგანაც რესპონდენტები პერსონალურ ინფორმაციაზე საუბრობენ, ჩვენ მათი გვარები დავფარეთ.
კორონავირუსი რისკჯგუფისთვის, მართლაც, განსაკუთრებით საფრთხილოა. რისკჯგუფში შედიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები, გულსისხლძარღვთა, რესპირატორული დაავადებებისა და დიაბეტის მქონე პირები. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 60 წელს გადაცილებული 740 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ აკრძალულია 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ ვალდებულია, დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
„პუბლიკის“ ერთ-ერთი რესპონდენტი, მარინა 74 წლისაა. ამბობს, რომ რჩევებს ითვალისწინებს, თუმცა რისკჯგუფებზე საუბრისას მოსმენილი არაეთიკური რიტორიკა მის ჯანმრთელობაზე მაინც აისახება.
„მაქვს ჩიყვი, დიაბეტი… რასაც აცხადებენ, ყველაფერს ვითვალისწინებ, მაგრამ დღეში 3-ჯერ ვიზომავ წნევას, ისე ვღელავ. თუ ცოტა სხვა ფორმით იტყვიან, უკეთესი იქნება… ცოტა მეტი ყურადღება უნდა მოგვაქციონ ასაკოვან ხალხს, მოხუცებსაც გვინდა სიცოცხლე“, – ამბობს ის.
კიდევ ერთი რესპონდენტი, ნანა, 1989 წლის 9 აპრილს პარლამენტთან გაურკვეველი ნივთიერებით მოიწამლა და მას შემდეგ იმუნოდეფიციტურია.
„ნებისმიერი ვირუსი მე მემართება. პნევმონია ბევრჯერ გადამიტანია. ერთი მხრივ, კარგია, რომ ფრთხილად ვარ და ყოველ წამს ხელს ვიბან და მეორე მხრივ, ჩემი სხეული და ტვინიც ისეა განწყობილი, რომ, ვიცი ვერ გადავიტან-მეთქი, ვფიქრობ.
როცა გეძახიან, სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები ვერ გადაიტანთ, ვერ გადაიტანთ, განწყობილი გავხდი ამისთვის. ვისაც ჯანმრთელი სხეული აქვს, შეიძლება, ისეთი გამხნევება არ სჭირდებოდეს, რადგან მას განწყობას თავისი ჯანმრთელობაც უქმნის. გამხნევება განსაკუთრებით სჭირდებათ ჩემნაირ ადამიანებს, ყველა დაავადება რომ აქვს გადატანილი და ქრონიკულიც რომ აქვს. მე რომ საერთოდ არ მითვალისწინებ გამხნევებისას, ეს ძალიან მთრგუნავს. ჯანმრთელი ადამიანი ისედაც განწყობილია, რომ ამას დაძლევს. შენ მე უნდა გამამხნევო, მე ყველაზე მეტად მჭირდება ახლა თანადგომა. მე რომ დამემართოს, შეიძლება, შიშმა ვერ გადამატანინოს. ნერვიულობის გამო, ერთი კვირა სუნთქვის უკმარისობა მქონდა“, – ამბობს ნანა.
მისივე თქმით, შინაარსის გარდა მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით მიაწოდებენ ინფორმაციას.
„ახლა ეს გამხნევებაა? – „ძირითადად, იტალიაში იღუპებიან ისინი, ვისაც ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები, ნუ გეშინიათ“. „დაიღუპნენ ისინი, ვისაც გულის ან ფილტვის დაავადებები ჰქონდათ…“
კიდევ ერთი ადამიანი რისკჯგუფიდან ამბობს, რომ მისი ჩათვლით ოჯახში 3 ქრონიკულად დაავადებული ადამიანი ცხოვრობს, შემოსავალი კი 290 ლარი აქვს და ღელავს, რადგან ვერ ახერხებს წამლების სრულფასოვნად შეძენას.
„ალერგიულ-ინფექციური ბრონხიალური ასთმა მაქვს. არ ვფიქრობ კორონაზე, რადგან ნერვიულობა არაფერს მომიტანს კარგს. თან მე ძალიან რთული ცხოვრება მაქვს, თუნდაც ის საფიქრელი და სანერვიულო – რითი გამოვკვებო შვილები და როგორ ვიყიდო ყოველდღიური წამლები. რაც არ უნდა არარეალური მოგეჩვენოთ, მე ჯოჯოხეთს უკვე შევეჩვიე აქ, დედამიწაზე. მხოლოდ შვილებზე გამკრავს შიში, რადგან ერთ-ერთი შვილი ქრონიკული ავადმყოფი მყავს. ჯერჯერობით, ვუმკლავდები ლოცვითა და საკუთარი აზრების კონტროლით“, – ამბობს თეონა.
89 წლის ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე ამბობს, რომ კორონავირუსი თანაბრადაა საშიში თითოეული ადამიანისათვის.
„რისკჯგუფში შევდივარ მეც, 89 წლის ქალი. ამიტომ ვარ სახლში. გარედან შემოსულებიც იცავენ ყველა წესს, დისტანციასაც. ასე თუ მოიქცევა ყველა, საშიში აღარ იქნება და ვირუსსაც ადვილად დავამარცხებთ“, – ამბობს ის.
„ეს მხოლოდ მათთვის არის საშიში“ – ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში ხსნის, თუ რატომ იყენებენ ადამიანები ამგვარ რიტორიკას.
„მგონია, რომ ეს არის მაღალი შფოთვის გამო თავდაცვითი, ცოტა არაადეკვატური, არაკონსტრუქციული ქცევა. არაადეკვატურია, რადგან დაცვის მექანიზმი მუშაობს იმისთვის, რომ შენ დაგიქვეითდეს შფოთვა და ამიტომ, რამდენადაც შენ მაღალი შფოთვა გაქვს, სხვის პოზიციას ვეღად ითვალისწინებ, სხვის ფეხსაცმელში ფეხს ვეღარ დგამ. ემპათია აღარ გაქვს და, ფაქტობრივად, შენ შენი თავდაცვით სხვას უმიზნებ და ურტყამ სხვის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, რადგან იმ ადამიანისთვის არა მარტო სიტუაციის მუქარაა, რომელიც რისკჯგუფებისთვის არის, არამედ კიდევ განურჩევლობა, რომლითაც თითქოს იმეტებს მათ მავანი და მავანი, რომელიც ამბობს: „არ არის საშიში მარტო რისკჯგუფებს ემუქრება“ – ეს განურჩევლობა კიდევ ერთი სტრესია – „როგორ, მე ზედმეტი ვარ საზოგადოებისთვის? ტვირთი ვარ?“ – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
ჯანა ჯავახიშვილის თქმით, რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს, ერთი მხრივ, მომატებული საფრთხის განცდა აზიანებს, მეორე მხრივ კი, საზოგადოების იმ წევრთა „განურჩევლობა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იმას მოხვდება დამიზნებული ვირუსი, მე არ მომხვდება ან, მე თუ მომხვდება, მე კარგად ვიქნები, ის იქნება ცუდად“.
„ანუ შფოთვას იქვეითებს, როდესაც სხვაზე გადააქვს. ამავე დროს რამდენადაც მაღალი შფოთვა აქვს, დაწეული აქვს ემპათის, სხვისი ინტერესის, სხვისი ემოციის გათვალისწინების უნარი და ვნებს ამით. ამიტომ ერთმანეთს უნდა შევუძახოთ, რომ ასეთი რიტორიკა შეწყდეს, მით უმეტეს, რომ, ჯერ ერთი, თავდაცვისთვისაც კი არ ვარგა ეს, რადგან იტალიის მაგალითიც ამბობს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაშია – ესეც შეიძლება ითქვას, როგორც რაციონალური არგუმენტი, მაგრამ, მეორე მხრივ, არ არის ეთიკური, რაც ხდება ახლა – ეს ძალიან არაეთიკური არგუმენტია, რომელიც მთლიანად საზოგადოებას აზიანებს“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.
ფსიქოლოგი დისკრიმინაციულს უწოდებს ამგვარ დამოკიდებულებას და მისივე თქმით, რისკჯგუფიც სწორედ იმას განიცდის, რასაც განიცდის დისკრიმინირებული ადამიანი, „რომელსაც ეუბნებიან, რომ შენ ისეთი ფასეული არ ხარ, როგორიც მე“.
„თუ ადამიანმა იცის, რომ რისკჯგუფშია, ის უფრო გაუფრთხილდება თავს, მაგრამ, თუ ვიღაცა იტყვის, რა მოხდა, რისკჯგუფში ვინც არის მას დაემართება, მე კი არა – აი, ეს არის დისკრიმინაცია. თორემ ეს ინფორმაცია, ცხადია, უნდა იცოდეს. ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, კი არ უნდა დავუმალოთ, პირიქით, ეს უნდა იცოდეს. სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს ამაზე და თვითონაც“, – ამბობს ჯანა ჯავახიშვილი