მოუსმინე მოხუცებს

84 წლის ნიკოლოზი ყურადღებით უსმენს ნინას გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ნინა სტუდენტია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზს მოხუცთა თავშესაფარში ყოფნის რუტინა დაურღვია და კვირაში ერთხელ ერთ საათს მასთან ატარებდა ხოლმე, უყვებოდა სხვადასხვა ამბავს, ართობდა ან უსმენდა ნიკოლოზს. მაგრამ პანდემიამ მოულოდნელად, მოხუცებულების ცხოვრებაში ახალი რუტინა შემოიტანა. ვირუსის გადადების მაღალი რისკჯგუფის გამო მათთან ვიზიტები შეუძლებელი გახდა. ამიტომ, ახლა, ნინას წერილსაც ასე, დისტანციურად უკითხავენ: „ბატონო ნიკოლოზ, იმედია კარგად გრძნობთ თავს. მე არა მიშავს, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, უნივერსიტეტშიც ვეღარ დავდივარ ლექციებზე, ყველაფერმა კომპიუტერში გადმოინაცვლა…“.

„მესტუმრე“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საქართველოს რამდენიმე მოხუცთა თავშესაფარში არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიამ“ ორი წლის წინ დაიწყო. იდეა თავიდან ორგანიზაციის ბრიტანელმა თანამშრომელმა შესთავაზა და მოუყვა, მოხუცებულთა თავშესაფრებში ასევე მოხალისეობრივად სიარული. რა აქტიურად არიან ჩართული მასში სტუდენტები და, ზოგადად, ახალგაზრდები.

დაიწყეს ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ამ იდეის საქართველოში დანერგვა და 2019 წელს, ერთ კერძო და ერთ სახელმწიფო მოხუცებულთა თავშესაფარში შევიდნენ. თუმცა, მანამდე ადმინისტრაციასთან, მომსახურე პერსონალთან და თავად მოხუცებულებთან მუშაობა და სიახლის შინაარსის კარგად გაცნობა იყო საჭირო.

აუხსნეს, რა იქნებოდა მათი ვიზიტების მიზანი – რომ კვირაში, ერთი დღე ერთი მოხალისე ერთ მოხუცებულს ერთი საათით სტუმრებოდა და ამ დროს ისე გაატარებდნენ, როგორც თავად თავშესაფარში მყოფ ადამიანებს სურდათ.

თავდაპირველად მოხუცებულების ნაწილმა ამაზე უარი თქვა. იდეას სკეპტიციზმით შეხვდნენ: „მაგრამ, როდესაც დაინახეს სხვების მომკითხავი სტუდენტები, ეს პროცესი მოეწონათ. 2-3 კვირაში თავად გვთხოვეს, მათთვისაც მოგვეძებნა ადამიანები, რომლებიც მათ ესტუმრებოდა“, – ელენე ბერაძე ამ პროექტის კოორდინატორია და სწორედ მისი მოვალეობაა, მოხალისეების შერჩევაცა და ვიზიტების დაგეგმვაც.

მოხალისეების არჩევის პროცესი სხვადასხვა ეტაპის გავლას გულისხმობს. ერთ-ერთი ფსიქოლოგთან გასაუბრებაა. უშუალოდ თავშესაფარში შესვლამდე კი 2-დღიან ტრენინგს ასევე ფსიქოლოგთან და ოკუპაციურ თერაპევტთან გადიან, რადგან, როგორც ელენე ამბობს, გარკვეული ცოდნისა და უნარების გარეშე ერიდებიან მოხალისეების მოხუცებულებთან გაშვებას: „არ გვინდა, შიშველი ხელებით მივიდეთ ხოლმე და აუცილებელია, ყველასთან ინდივიდუალური სწორი გეგმა გვქონდეს“.

ელენე ბერაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაახლოებით 30-მდე მოხალისე აქტიურობს. თუმცა, მოხუცებულებთან ინდივიდუალური ვიზიტების გარდა, ჯგუფური ვიზიტებიც აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში საერთო განწყობების შეთავსების შედეგად იგეგმება და უფრო მეტად ჯგუფურ სახალისო საათებს მოიცავს. მოხალისეების ასაკი კი 15 წლიდან განუსაზღვრელია. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობით, ძირითადად, სტუდენტები, თან მხოლოდ გოგონები ინტერესდებიან.

ვიზიტი ყველა მოხუცებულთან სხვადასხვაგვარია – მნიშვნელოვანია, რომ კვირაში მათთან გატარებული ერთი საათი თავად ბენეფიციარების ინტერესებზე იყოს მორგებული: „მათ უმრავლესობას ისედაც არ ჰქონია მარტივი ცხოვრება. პირველი, რაც ახარებთ, ისაა, რომ მათთან ვიღაც მიდის, ვიღაც უსმენს. ნელ-ნელა იხსნებიან და მეტად კომუნიკაბელური ხდებიან. ამიტომ, ეს აქტივობები სხვადასხვა შინაარსისაა და გართობას, გახალისებასაც გულისხმობს. თუმცა, როგორ წესი, ყველაზე მეტად უყვართ, როცა უსმენენ, როცა ვიღაცასთან თავის მოგონებებზე საუბრობენ, წასრულის ისტორიებს ჰყვებიან“, – ამბობს ელენე.

რატომ კვირაში ერთხელ, ერთი საათი? – პროექტის კოორდინატორი ამბობს, რომ მოხუცებულების ნაწილი ძალიან სენსიტიურია. ამიტომ ყველაფრის მიღმა ბევრი ისეთი დეტალია გასათვალისწინებელი. ამ ვიზიტებმა შემდეგ მიჯაჭვულობა და ღრმა ემოციური კავშირები არ უნდა გააჩინოს. პროექტი თავდაპირველად, მოხუცთა თავშესაფარში სამი თვის განმავლობაში ყოფნას გულისხმობდა, მაგრამ თავად ბენეფიციარებისა და თავშესაფრების ადმინისტრაციის თხოვნით ეს დრო ექვს თვემდე გაზარდეს. ამიტომ იდეის ავტორებს ისიც უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ მათი მოხალისეობრივი აქტივობის შემდეგ, თავშესაფრიდან უმტკივნეულოდ წამოსულიყვნენ: „სწორედ ამიტომაა, რომ კვირაში ერთ საათზე მეტს მათთან არ ვატარებთ. მაგრამ, ისეც არაა, რომ პროექტი სრულდება და მათთან კომუნიკაციას ვწყვეტთ. არა. უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც ვეკონტაქტებით. მოსანახულებლად ერთჯერადად მივდივართ“.

თუმცა COVID-19-ის შედეგად გამოცხადებული პანდემიის დროს, პირველი, რაც გააკეთდა, ვიზიტების გაუქმება იყო. მოხუცებულებისთვის ვირუსის გადადების მაღალმა რისკმა ხელმძღვანელობა აიძულა, სხვა გზებზე ეფიქრა. ამიტომ, მოხალისეობრივმა აქტივობამ ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა, თუმცა ეს აქტივობები ჯგუფური გახდა: „მივხვდით, რომ ინდივიდუალურად რთული იქნებოდა ამ იდეით მათი მოხიბვლა და ტექნიკური შესაძლებლობებიც არ გვაძლევდა ამის საშუალებას. ამიტომ პანდემიის დროს, როგორც წესი, 4-მდე მოხალისე ერთვება ონლაინ და თავშესაფარშიც ამ შეხვედრისთვის რამდენიმე მოხუცებული იყრის ერთად თავს. ამ ახალმა რეჟიმმა მეტი მხიარულებაც კი შემოიტანა. მოხალისეებს საშუალება აქვთ, მოხუცებს ინტერნეტში აყურებინონ ვიდეოები, ფოტოები, სახალისო მასალები, ითამაშონ და ასე გაიყვანონ დრო“.

ელენე ბერაძისთვის, მოხუცებულების თავშესაფარში გატარებული დღეების შემსუბუქების პარალელურად, ყველაზე მნიშვნელოვანი თავად მომსახურე პერსონალის დამოკიდებულებების შეცვლაცაა. ამბობს, რომ ეს პროცესი თავად თანამშრომლებსაც ბევრს ასწავლის. მათი მცირე რაოდენობისა და რესურსების ნაკლებობის გამო ემოციური თვალსაზრისით ხანდახან რთულია, ყველა მოხუცებულთან ინდივიდუალურად მუშაობა. ამიტომ ეს დეტალი შეიძლება, ყურადღების მიღმა დარჩეთ ხოლმე: „გვინდა, თანამშრომლებსაც დავანახოთ, რომ მოხუცებულების მოვლა მხოლოდ მათი გამოკვება და საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არაა. ამ პროცესმა მათ დაანახა, რატომაა მნიშვნელოვანი მათთვის ემოციურად კარგად ყოფნა, მეტი კომუნიკაცია, საუბარი, მოსმენა და ა.შ. პლუს, მოხალისეებსაც სულ ვუხსნით, რომ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი სიამოვნება. კარგია, როცა ორივე მხარის სურვილები დაკმაყოფილებულია და ამ პროექტის ფასეულობაც, მგონია, რომ სწორედ ესაა – არ ვმუშაობთ ძალდატანებით და ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია“.

ჯერჯერობით, ელენე ვერ ამბობს, როდის განაახლებენ მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტებს. ამის პროგნოზირება რთულია და დამოკიდებულია პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასა და ვირუსის გადადების რისკების შემცირებაზე. მაგრამ პროექტის ავტორები გეგმავენ, თბილისიდან ნელ-ნელა რეგიონების თავშესაფრებშიც გადაინაცვლონ და მოხუცებულებთან იქაც აქტიურად იმუშაონ: „ჩვენც, ისევე, როგორც ყველა, ველოდებით რა იქნება. მოხუცებულები კი ჩვენ გველოდებიან. ამიტომ, როგორც კი გარემო უდაფრთხო გახდება, მაშინვე დავბრუნდებით მათთან და კიდევ ბევრ სხვა ხანდაზმულთან“.

————————————-

მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინციატივების” ფარგლებში.