„მტაცებლური დაკრედიტება“ – რა წერია საპენსიო სესხების ანალიზში

პუბლიკა

„პენსიონერები არ იცნობენ საპენსიო სესხების პირობებს, ბანკი მათ ხელშეკრულებებს ცალმხრივად ცვლის, ბანკი დაინტერესებულია, პენსიონერმა სესხის თანხის ძირი რაც შეიძლება გვიან დაფაროს“, – ამის შესახებ მოძრაობა „ხმის“ დოკუმენტშია აღნიშნული.

მათ საპენსიო სესხისა და საპენსიო ოვერდრაფტის პირობების შესწავლა დაიწყეს. როგორც მოძრაობა აღნიშნავს, ერთი თვის განმავლობაში 194-მა პენსიონერმა ან მათი ოჯახის წევრმა მიმართა და ჯამში 34 ხელშეკრულება გააანალიზეს.

„ბანკი პენსიონერებს არ აცნობს სესხის ხელშეკრულების პირობებს“

კვლევის ავტორების შეფასებით, „ლიბერთი ბანკი“ სისტემატურად არღვევს კანონს და პენსიონერებს სრულყოფილად არ აცნობს სესხის ხელშეკრულების პირობებს. მეტიც, ხშირად ბანკი პენსიონერებს მცდარ ინფორმაციას აწვდის.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, მომხმარებელს დროული, სრული, გასაგები და უტყუარი ინფორმაცია მიაწოდონ სესხისა და სხვა საფინანსო პირობების შესახებ, თუმცა ეს ვალდებულება არ სრულდება. ბანკები მომხმარებელს არ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას ისეთ საკვანძო საკითხებზეც კი, როგორიცაა სესხის საპროცენტო განაკვეთი და სესხთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები“, – წერია კვლევაში.

დოკუმენტში ასევე წერენ, რომ პენსიონერების უმრავლესობას თავისი სესხის ხელშეკრულება არასდროს უნახავს, ხოლო მცირე ნაწილს, რომელსაც ეგონა, რომ სესხის ხელშეკრულება შენახული ჰქონდა, აღმოაჩნდა მხოლოდ ე.წ. ხელშეკრულების თავფურცელი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სესხის საერთო მოცულობის, საპროცენტო განაკვეთებისა და ვადების შესახებ.

სესხის სხვა მნიშვნელოვანი პირობების სანახავად ხელშეკრულება პენსიონერს ამისამართებს „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონულ პორტალზე, თუმცა პენსიონერების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ელექტრონულად ხელშეკრულების მოძიების შესაძლებლობა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ხელშეკრულების ასეთი ხელოვნურად გაყოფის მიზანი ის არის, რომ პენსიონერმა არ იცოდეს, რა პირობებით აქვს სესხი აღებული.

„სესხზე დარიცხული კოლოსალური პროცენტი

მეორე პრობლემა, რაც საპენსიო სესხის ხელშეკრულების ანალიზშია გამოკვეთილი, საპენსიო სესხზე დარიცხულ პროცენტს ეხება.

„ხმა“ წერს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ლიბერთი ბანკი“ მეტი მოგების მიზნით, ცდილობს, რაც შეიძლება გრძელი ვადით გასცეს საპენსიო სესხი, რითაც საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს არღვევს.

„საპენსიო სესხის ხელშეკრულებებისა და გადახდის გრაფიკის დოკუმენტების ანალიზი გვაჩვენებს, რომ „ლიბერთი ბანკი“, როგორც წესი, სრულად არ ითვისებს პენსიის 25%-ის დაკავების შესაძლებლობას, რადგან მისთვის გაცილებით მომგებიანია, პენსიონერებს სესხი გრძელი ვადით მისცეს – რაც უფრო ხანგრძლივია სესხი, მით მეტია დარიცხული პროცენტი და, შესაბამისად, ბანკის მოგებაც“, – ვკითხულობთ კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, კანონდარღვევაა საპენსიო სესხის ხანგრძლივობაც, რაც 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა „ლიბერთი ბანკში“ ადასტურებენ, რომ საპენსიო სესხის მათ მიერ თვითნებურად და კანონის დარღვევით დადგენილი ვადა 4 წელია.

დოკუმენტში მითითებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საპენსიო სესხის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.

„სესხის გადახდის გრაფიკი შედგენილია იმგვარად, რომ სესხის პირველ წლებში პენსიონერისთვის ყოველთვიურად დაკავებული თანხა, ძირითადად, მოხმარდეს სესხის პროცენტის (და არა – სესხის ძირის) დაფარვას.

გადახდის გრაფიკის დოკუმენტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბანკი პირდაპირ არის დაინტერესებული, პენსიონერმა სესხის თანხის ძირი რაც შეიძლება გვიან დაფაროს – რაც უფრო ნაკლები ძირი დაიფარება პირველ წელს, მეორე წელს პროცენტი მეტი იქნება გადასახდელი“, – წერია კვლევაში.

„სესხის პირობების შეცვლა ცალმხრივად“

ხელშეკრულებების შესწავლის შემდეგ, კვლევის ავტორები კიდევ ერთ პრობლემურ საკითხზე საუბრობენ. მათი ცნობით, ბანკს გაცემული სესხის პირობების შეცვლა ცალმხრივად, საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, პენსიონერებისთვის უცნობია, როგორ და რატომ იცვლება სესხის პირობები.

„ლიბერთი ბანკთან“ პენსიონერების სესხის ყველა ხელშეკრულება მოიცავს დებულებას, რომლის მიხედვითაც ბანკს ნებისმიერ დროს, საკუთარი ინტერესების მიხედვით, ცალმხრივად შეუძლია სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. ხელშეკრულებაში არ დევს ინფორმაცია, თუ როდის და რა ვითარებაში შეუძლია და როდის და რა ვითარებაში არ შეუძლია ბანკს ხელშეკრულების ცალმხრივად შეცვლა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორები მიუთითებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაზე, რომელიც  ცალმხრივ ცვლილებებს ზოგიერთ შემთხვევაში ზღუდავს,– მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება განპირობებულია ინფლაციის ზრდით ან საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით, არაუმეტეს 5 პროცენტული პუნქტისა. პენსიონერებთან დადებული სესხის ხელშეკრულება ამ დათქმებს არ ითვალისწინებს.

„ხელშეკრულების მიხედვით, ცალმხრივი ცვლილების შემთხვევაში, ბანკს პენსიონერისთვის ინფორმაციის გასაგები ფორმითა და შინაარსით მიწოდების ვალდებულება არ აქვს. ამის ნაცვლად, ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ბანკს შესრულებულად ეთვლება, თუ ის შეტყობინებას გააგზავნის პენსიონერის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონულ ფოსტაზე ან ინტერნეტ ბანკის პერსონალურ ანგარიშზე. საქართველოში პენსიონერების უმრავლესობა არ იყენებს არც ინტერნეტ ბანკს და არც ელექტრონულ ფოსტას, ხოლო ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და ელექტრონულ ბმულზე გადასვლის შესაძლებლობა – ე.ი. სმარტფონი, ინტერნეტი და მათი მოხმარების უნარები – პენსიონერების უკიდურესად მცირე ნაწილს აქვს“, – ვკითხულობთ კვლევაში.

„პანდემიის დროს ბანკმა პენსიონერებს სესხი მათი თანხმობის გარეშე გადაუვადა – დასაფარი თანხა გაუორმაგა და საბანკო ვალდებულება წლობით გაუხანგრძლივა”

როგორც კვლევაშია აღნიშნული, პანდემიის დროს ბანკმა პენსიონერებს სესხი მათი თანხმობის გარეშე გადაუვადა – დასაფარი თანხა გაუორმაგა და საბანკო ვალდებულება 1-2 წლით გაუხანგრძლივა. ავტორები წერენ, რომ ხელშეკრულების ასაღებად ბანკში მისულმა პენსიონერებმა აღმოაჩინეს, რომ იძულებითი საშეღავათო პერიოდის გამო სესხის გადახდა დამატებით 1-2 წელი მოუწევთ.

„რეალური შემთხვევის მაგალითი უკეთ ახსნის, როგორ იმუშავა ე. წ. საშეღავათო პერიოდმა ბანკის სასარგებლოდ: პენსიონერს აღებული ჰქონდა 2 250 ლარის სესხი, მას 51 თვის მანძილზე ბანკისთვის, ჯამში, 4 022 ლარი უნდა დაებრუნებინა. ეს ნიშნავს, რომ პროცენტის სახით პენსიონერს 1 722 ლარის დამატება უწევდა. პანდემიასთან დაკავშირებული საშეღავათო პერიოდის იძულებით დაწესებით, ამავე პენსიონერს მოუწევს ბანკს, ჯამში, 5 476 ლარი გადაუხადოს და სესხის გადახდას, ნაცვლად 51-ისა, 77 თვეში შეძლებს“, – ვკითხულობთ ანალიზში.

„პენსიონერებს მოტყუებით საპენსიო ოვერდრაფტს უფორმებენ“

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საპენსიო სესხის ასაღებად მისულ პენსიონერებს მოტყუებით საპენსიო ოვერდრაფტს უფორმებენ. როგორც მოძრაობა განმარტავს, ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური შენატანი მთლიანად პროცენტს ხმარდება, აღებულ თანხას, ე.წ. ძირს, კი არაფერი აკლდება.

მოძრაობის განმარტებით, 2018 წელს საბანკო სფეროში მარეგულირებელ კანონები შეიცვალა და საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი მცირედით შემცირდა. „ეს ცვლილება „ლიბერთი ბანკმა“ ახალი მანიპულაციით დააბალანსა, შექმნა რა ახალი საბანკო პროდუქტი – საპენსიო ოვერდრაფტი. ამის შემდეგ, ბანკი საპენსიო სესხის ასაღებად მისულ პენსიონერებს, სესხის ნაცვლად, ხშირად საპენსიო ოვერდრაფტს ასაღებდა.

„პენსიონერებს დღემდე ეგონათ, რომ ბანკში საპენსიო სესხი ჰქონდათ აღებული და რომ თანხა, რომელსაც ბანკი ყოველთვიურად აჭრიდა, ფარავდა როგორც პროცენტს, ისე აღებული თანხის ძირს. აღმოჩნდა, რომ წლების მანძილზე პენსიონერების ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხები მხოლოდ ოვერდრაფტის პროცენტის გასტუმრებას ხმარდებოდა და აღებულ თანხას ერთი თეთრიც არ მოჰკლებია“, – ნათქვამია კვლევაში.

რა განსხვავებაა საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტს შორის:

საპენსიო ოვერდრაფტის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, მთლიანად თუ ნაწილობრივ ითვისებ ოვერდრაფტის სახით დამტკიცებულ თანხას. ყველა შემთხვევაში, პენსიონერს უწევს, პროცენტი მთლიან თანხაზე გადაიხადოს.

  • მაგალითად, თუ პენსიონერმა 1000-ლარიანი ოვერდრაფტი აიღო, მაგრამ ამ თანხიდან მხოლოდ 200 ლარი გამოიყენა, ბანკი მას აჭრის არა ათვისებული 200 ლარის შესაბამის პროცენტს (როგორც ეს ჩვეულებრივი ოვერდრაფტის შემთხვევაშია), არამედ მთლიანი თანხის, ანუ 1000 ლარის პროცენტს.
  • პროცენტის დარიცხვის შესაჩერებლად, პენსიონერი ფიზიკურად უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკში“ და დაწეროს განცხადება, რომ საპენსიო ოვერდრაფტის სრულად ან ნაწილობრივ გადახდა სურს, თუმცა ამ შესაძლებლობაზე არც ოვერდრაფტის ხელშეკრულებაშია მითითებული.
„მტაცებლური დაკრედიტება” – „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო პოლიტიკაზე

მოძრაობა წერს იმის შესახებაც, რომ პენსიონერებთან ერთად მათ დაუკავშირდა „ლიბერთი ბანკის“ სხვადასხვა ფილიალის 3 ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც, ანონიმურობის დაცვის პირობით, გაუზიარეს შიდა ინფორმაცია საპენსიო სესხების გაცემის პროცედურის შესახებ.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, „ლიბერთი ბანკში“ დასაქმებულებისთვის მოქმედებს სესხების ყოველთვიური გეგმა – ბანკს განსაზღვრული აქვს ყოველთვიურად გასაცემი სესხების მინიმალური ოდენობა, რომლის შესრულების შემთხვევაში თანამშრომელს ბონუსი ერიცხება.

მოძრაობა ციტირებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, კომერციულ ბანკს ეკრძალება თანამშრომელთა ანაზღაურებისა და წახალისების ისეთი შიდა პოლიტიკა, რომელიც ე. წ. პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ლიბერთი ბანკის“ 3 ყოფილი თანამშრომლის მონათხრობის მიხედვით, მოძრაობა წერს, რომ ბანკის ოპერატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ, პენსიონერს, საპენსიო სესხის ნაცვლად, საპენსიო ოვერდრაფტი აეღო, რადგან თითოეულ გაცემულ სესხზე ბონუსი 1.50 ლარი იყო, ხოლო ოვერდრაფტზე – 3 ლარი.

„ლიბერთი ბანკში“ თანამშრომელთა ანაზღაურებისა და წახალისების შიდა პოლიტიკა პენსიონერთა მტაცებლურ დაკრედიტებას და მათ მოტყუებას ეყრდნობა“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ანალიტიკურ დოკუმენტზე დაყრდნობით, მოძრაობა „ხმა“ მომხმარებელს, და განსაკუთრებით პენსიონერებს, პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს:

  1. არ მოაწეროთ ხელი ოვერდრაფტის ხელშეკრულებას. ეს ისეთი სესხია, რომლის პროცენტსაც ყოველთვიურად იხდით, მაგრამ აღებულ ვალს არაფერი აკლდება. ოვერდრაფტი თქვენ მოსატყუებლად შექმნილი კრედიტის ფორმაა.
  2. საპენსიო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს. „ლიბერთი ბანკი“ სარგებლობს იმით, რომ პენსიონერებმა ეს არ იციან და სესხებს თითქმის 30 პროცენტად გასცემს.
  3. „ლიბერთი ბანკს“ უფლება არ აქვს, ყოველთვიურად პენსიის მეოთხედზე მეტი დაგიკავოთ. თუ პენსია 295 ლარი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ ბანკი თვეში 74 ლარზე მეტს ვერ ჩამოგაჭრით. მითითებულ ოდენობაზე მეტის ჩამოჭრა არცერთი კანონიერი საფუძვლით არ მართლდება.
  4. არ დათანხმდეთ „ლიბერთი ბანკის“ შემოთავაზებულ ვითომ საშეღავათო პირობებს. ყველა, ვინც პანდემიის დროს საშეღავათო პერიოდით ისარგებლა, სესხის თანხა თითქმის გაუორმაგდა და ვადა გაუხანგრძლივდა. მოითხოვეთ გადახდის ახალი გრაფიკი ყოველი ცვლილების შემდეგ.
  5. „ლიბერთი ბანკი“ სარგებლობს იმით, რომ პენსიონერების ნაწილს გადაადგილება შეზღუდულად შეუძლია და, ბანკისთვის არასასურველი ოპერაციის თავიდან ასარიდებლად, პენსიონერის ბანკის ოფისში მისვლას სთხოვს. გახსოვდეთ, პენსიონერებს უფლება გაქვთ, სახლში უფასოდ გამოიძახოთ ბანკის წარმომადგენელი პენსიასთან დაკავშირებული საკითხებზე.

„პუბლიკამ“ შეკითხვებით მიმართა „ლიბერთი ბანკს“. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.