მთელი დღე ოჯახიდან ოჯახში | ექთნის ამბავი, რომელიც ადამიანებს უსასყიდლოდ ეხმარება

„ძალიან ბევრი პაციენტი მყავს. ბევრს სჭირდება დახმარება. დრო რომ არ დავკარგო, თუ შეიძლება გზიდან დაგელაპარაკებით, სადმე პარკში გავჩერდები ცოტა ხნით“, – გვეუბნება ექთანი, რომელიც პაციენტებს უსასყიდლოდ ეხმარება. 

***

საღამოს სახლში მისული მარიამ გოგსაძე მომდევნო დღის გეგმას აწყობს. მანამდე მთელი დღის განმავლობაში პაციენტები ურეკავდნენ, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. მარიამი მისამართებს ისეთი თანმიმდევრობით ალაგებს, რომ ერთი პაციენტიდან მეორესთან მისვლა გაუადვილდეს და თან გზაშიც ბევრი დრო არ გაეფანტოს. საღამოსვე გეგმავს, რომელ საათზე და სად გაჩერდება, იმისთვის, რომ დაგველაპარაკოს. მისთვის და მისი პაციენტებისთვის, რომლებიც მას ელოდებიან, ყველა წუთი მნიშვნელოვანია.

მარიამი 31 წლისაა და ქუთაისში ცხოვრობს. სამედიცინო განათლება რუსეთში მიიღო, რუსეთშივე 9 წლის განმავლობაში ბებიაქალად მუშაობდა. 2 წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა. ახლა თავისი პროფესიით არ მუშაობს. აქ სხვა საქმე წამოიწყო, გახსნა სალონი, სადაც ის კოსმეტოლოგია, თუმცა სალონი ამ ეტაპზე დახურულია.

მარიამს ოქტომბერში Covid-19 დაუდასტურდა. ამ პერიოდში შეექმნა გარკვეული პრობლემები, მანვე უმკურნალა საკუთარ თავს. თვლის, რომ ვირუსთან ბრძოლის მექანიზმები არასწორადაა დაგეგმილი. პირველი იზოლაციის შემდეგ გადაწყვიტა, უსასყიდლოდ დახმარებოდა ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ამისთვის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტელეფონის ნომერი და მას შემდეგ მასთან ზარები არ შეწყვეტილა. არ უარყოფს, რომ ძალიან რთულია, მთელი დღე  დადიოდე ოჯახიდან ოჯახში,  ერთი პაციენტიდან, მეორესთან, მაგრამ:

„ისეთი იმედით გირეკავენ, ეს ხმაში იმდენად იგრძნობა, რომ ძალიან რთულია, ადამიანი უარით გაისტუმრო და უთხრა, არ მცალიაო“, – ამბობს ის.

საშუალოდ დღეში 6-7 ოჯახში მიდის. დღევანდელი დღეც ასე აქვს დაგეგმილი. ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა პაციენტებთან გასამრჯელოზე საუბარია. პაციენტისთვის უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, რომ მარიამი გასამრჯელოს არ იღებს. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ემოციური ფონი და სითბოა, რომელიც მას ამ ოჯახებში ხვდება.

„ვხუმრობ ხოლმე, რომ ერთადერთი კონფლიქტი, რაც პაციენტთან მაქვს, ეს არის ფულზე ჩხუბი. მხოლოდ ეს არის პრობლემა, დანარჩენში ძალიან ვუგებთ ერთმანეთს“, – ამბობს ის.

იმისთვის, რომ დრო არ დაკარგოს, მარიამი ხშირად ოჯახის წევრებს ასწავლის, როგორ უნდა მიხედონ პაციენტებს, ტოვებს მათ და ახალ მისამართზე გადადის. ცდილობს, კომენდანტის საათის დაწყებამდე სახლში იყოს, თუმცა რამდენჯერმე დარღვევა მოუწია, რადგან ის პაციენტს სჭირდებოდა, დროულად ვერ მოახერხა სახლში წამოსვლა, მერე კი შიდა ქუჩებით უჩუმრად მივიდა შინ.

„ჩუმ-ჩუმად, უბნებით გადავდივარ ხოლმე სახლში. ვცდილობ, ბოლო წერტილი სახლთან მეტ-ნაკლებად  ახლოს იყოს“.

მარიამს საშვი არ აქვს და არც აძლევენ. ეუბნებიან, რომ მისთვის საშვი ერთჯერადად, მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ გასცენ, რასაც ის კრიტიკული შემთხვევისთვის ინახავს, იქნებ ვინმეს შუაღამით დავჭირდეო. რეკავდა ყველგან, ყველა მითითებულ ნომერზე, უხსნიდა მათ, რატომ სჭირდებოდა საშვი, რომლითაც გვიან გადაადგილებას შეძლებდა, მაგრამ უშედეგოდ.

ყველგან სადაც მიდის, თავის ნომერს ტოვებს, იქნებ და ვინმეს დავჭირდეო. მათ შორის საავადმყოფოებში, ტაქსის მძღოლებთან. დადის სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებშიც. ყველგან დადის, სადაც ის სჭირდებათ. მოკლედ, მარიამს ახლა ძალიან ბევრი საქმე აქვს.

***

„Covid-მა შეიძლება არ მოგვკლას, უპატრონობა კი, სამწუხაროდ, გვკლავს“

მარიამს ვკითხეთ – როგორია პანდემია უფრო ახლოდან, ვიდრე ჩვენ ვხედავთ? – რაზეც ის გვპასუხობს, რომ სურათი მძიმეა და ამიტომაც გადაწყვიტა დახმარებოდა ადამიანებს.

მარიამის თქმით, ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები პანდემიასთან ბრძოლაში ახლა უფრო ცხადია მისთვის, რომ ადამიანები თანაბარ მდგომარეობაში არ არიან და მათ ერთნაირად არ მიუწვდებათ ხელი აუცილებელ სერვისებზე; რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა „ნაცნობობაზე“  იყოს დამოკიდებული და ის, ვისაც ეს შესაძლებლობა არ აქვს, უყურადღებობით კვდება.

„Covid-მა შეიძლება არ მოგვკლას, უპატრონობა კი, სამწუხაროდ, გვკლავს. თუ გყავს ნაცნობები საავადმყოფოში მოხვდები, თუ არ გყავს, მაშინ ვერა. ასეთი განუკითხაობაა და ჩემთვის გაუგონარი რაღაცები ხდება“, – ამბობს მარიამ გოგსაძე.

მას მძიმე პაციენტებიც ჰყოლია, რომლებიც არ იყვენენ ჰოსპიტალიზებულნი და სახლში მკურნალობდნენ. მათი ერთდერთი იმედი სწორედ მარიამი იყო. ხანდახან პაციენტების ოჯახის ექიმსაც ეკონტაქტება, რადგან ზუსტად მიაწოდოს პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და საფრთხეები, რომლებიც პაციენტის სიცოცხლეს ემუქრება.

მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს სხვადასხვა უწყება თუ მთავრობის მეთაურები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ პანდემიის ამ სცენარისთვის მომზადებულიყვნენ. მარიამს უჩნდება შეკითხვა – თავად სახელმწიფო იყო კი მზად პანდემიის ასეთი სურათისთვის?

„6 თვე რომ გვეძახეს ტელევიზიებით – მოემზადეთ, მოემზადეთო – მაინტერესებს, ჩვენ რით უნდა მოვმზადებულიყავით? პირბადეები და ხელთათმანები გვეყიდა? იმ 6 თვის განმავლობაში თავად სახელწიფო რომ მომზადებულიყო, ჩემი აზრით, ბევრად უკეთესი იქნებოდა“, – ამბობს ის.

ის ამბობს, რომ, ადამიანები ავად ხდებიან არამხოლოდ ვირუსით, არამედ სხვა დაავადებებით; ისინი მხოლოდ კორონავირუსით არ კვდებიან; ვიღაცას გულის შეტევა აქვს, ვიღაც  მშობიარობს. ამ დროს კი სასწრაფოს გამოძახება, შეუძლებელია და ხშირად პაციენტს 40 წუთის განმავლობაში უწევს ლოდინი, როდის უპასუხებენ 112-ში. მისი თქმით, დღეს ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემისთვის.

„დღეში 4 000 -5 000 ადამიანია ინფიცირებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები რეკავენ სასწრაფოში, რათა დარეგისტრირდნენ და ოჯახის ექიმმა მათ დაურეკოს. კარგი იქნებოდა, 112-ის ჯგუფს ავტომატურად ჰქონოდა ინფორმაცია ინფიცირებულების შესახებ, რაც განტვირთავდა 112-ის ცხელ ხაზს სხვა პაციენტებისთვის“, – ამბობს ის.

***

მარიამის შვილები მთელი დღის განმავლობაში დედის გარეშე არიან, თუმცა, როგორც ის ამბობს, ესმით მისი და ეხმარებიან დედას, რომ მან პაციენტებთან სიარული შეძლოს.

„ერთხელ სახლში ავდიოდი საღამოს და ჩემი შვილი დამხდვა კართან, მითხრა, რომ ჩემით ამაყობდა, ეს იყო ბედნიერება“, – თქვა მარიამ გოგსაძემ.

***

ახლა დეკემბრის დასაწყისია. გარეთ ცივა. მარიამი კი ქუთაისის რომელიღაც პარკში ზის და გველაპარაკება. ვცდილობ, ბევრი დრო არ წავართვა, რადგან მისი დრო ჩემთან საუბარზე მნიშვნელოვანი საქმეებისთვისაა საჭირო.