„პუტინის ომი უკრაინაში“ GRASS-ის ყოველკვირეული ბრიფია, რომლის მიზანიც მკითხველისთვის კრემლის მიერ უკრაინის ომის შესახებ საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილების ანალიზია. დეზინფორმაციის ბრიფი მომზადებულია GRASS-ის გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით.
პრორუსმა აქტორებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციის ახალი სიმაღლეები დაიპყრეს და LGTBQ+ საზოგადოებასა და ნაციზმს შორის მანამდე უცნობი კავშირები დაამყარეს. მათ ეს ორი საკითხი ერთმანეთს დაუკავშირეს და უკრაინაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულეს. როგორც სოციალური მედიის კრემლის მომხრე მომხმარებლები ამტკიცებენ, მსგავსი ტენდენციები ახალი არ არის და ისინი 2014 წლით თარიღდება.
ამ ნარატივს კიდევ უფრო აღრმავებს დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინის ეროვნულმა 79-ე საჰაერო ბრიგადამ სვიატოჰირსკიდან უკან დახევისას რუსული მონასტერი გადაწვა. აღნიშნულმა წყარომ ასევე იმ სალოცავების სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მათი მტკიცებით, უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა. ეს გზავნილი მხარს უჭერს მტკიცებას, თითქოს უკრაინის მთავრობა და შეიარაღებული ძალები ნაცისტები და ფაშისტები არიან, რომლებიც მართლმადიდებლობის განადგურებას ცდილობენ.
პროპაგანდა აგრძელებს პუტინის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის გასამართლებლად ნარატივების მხარდაჭერას. კრემლის მომხრე ავტორები და ონლაინ გაზეთები მუდმივად აზიარებენ დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინა რვა წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ბომბავდა დონეცკსა და ლუჰანსკს, რის შედეგადაც 14000 სამოქალაქო პირი დაიღუპა. კრემლის მიერ კონტროლირებადმა „ნიუს-ფრონტმა“ განაცხადა, რომ ფაშისტური უკრაინა მიზნად ისახავდა მთელი დონბასის განადგურებას, მაგრამ რუსეთმა თავის დასაცავად ნაბიჯები პირველმა გადადგა. შესაბამისად, „ნიუს ფრონტის“ მტკიცებით, რუსეთი არ არის აგრესორი და არ არღვევს საერთაშორისო სამართალს.
პროპაგანდისტულმა გზავნილებმა იმის შესახებ, რომ უკრაინას ფაშისტები მართავენ, მეტი დამაჯერებლობისთვის ახალი ელემენტები შეიძინა. „ნიუს-ფრონტი“ ამტკიცებდა, რომ უკრაინელ მოსწავლეებს პირველი კლასიდან ასწავლიან, რომ ჰიტლერი, ბანდერა და შუხევიჩი მისაბაძი ადამიანები იყვნენ და უფლებას აძლევენ, რომ ერთმანეთს ნაცისტური მისალმებით მიესალმონ.
კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია
რუსული პროპაგანდისთვის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიდის, რუსეთი ომს ბევრი პრობლემის გარეშე იგებს და რუსული არმია კვლავ „უძლეველია“. მთავარი კითხვაა რუსული პროპაგანდისტული არხების ეს გზავნილები რომელი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი – საზოგადოებისთვის თუ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობისთვის? როცა აღნიშნული ნარატივი საქართველოში ვრცელდება მისი მიზანია საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა და რუსეთის უძლევენ სუპერძალად წარმოჩენა, რომლისაც საქართველოს უნდა ეშინოდეს და მასთან მოკავშირეობას ცდილობდეს.
- პრორუსული პოლიტიკური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან-მოურავი საკუთარ პარტიასთან დაკავშირებული ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში ამტკიცებდა, რომ რუსეთი მთელ უკრაინას დაიპყრობს და დასავლეთთან ბუფერად აქცევს. მისი თქმით, დასავლეთი რუსეთის დასუსტებას ცდილობდა, მაგრამ არასწორი გათვლები გააკეთა და ახლა შეშინებულმა მოუწოდა უკრაინას გარკვეული ტერიტორიების დათმობისკენ.
- „ალტ-ინფოს“ ცნობით, უკრაინის ფრონტზე მდგომარეობა იმდენად კატასტროფულია, რომ პროპაგანდა კიევის არსენალში ერთადერთი იარაღია, დასავლეთის სამხედრო დახმარებაც კი გამოუსადეგარია. მაგალითად, „ალტ-ინფომ“ აღნიშნა, რომ უკრაინელებმა მარიუპოლის შესახებ ლეგენდა შექმნეს და ამბების გაზვიადების გამოყენებით ცდილობენ მორალის ამაღლებას.
- კრემლისტურმა და ანტიუკრაინულმა „ნიუს-ფრონტმა“ განაგრძო რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვისა და უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობის ვიდეოების გამოქვეყნება და რომანტიზება.
- „ნიუს-ფრონტი“ ასევე მიესალმა რუსეთის წარმატებულ სამხედრო ოპერაციას დონბასში, რომლის ფარგლებშიც კრემლმა კონტროლი ბევრ დასახლებულ პუნქტზე დაამყარა. მოსკოვის მიერ კონტროლირებადი სააგენტოს ცნობით, დასავლური პოლიტიკური ელიტა შეეგუა იმ ფაქტს, რომ მთელი დონბასი მალე დაეცემა და რეგიონის მმართველობა რუსეთის, LNR-ს და DNR-ს ხელში გადავა.
- Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა უარყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდის „მასკვას“ ჩაძირვის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ხომალდი საკმაოდ ძველი იყო და რუსეთი სამ-ოთხ წელიწადში ახალ გამანადგურებელს ააშენებს მაშინ, როცა უკრაინის ეკონომიკა განადგურებულია და მისი აღდგენა საეჭვოა.
- „სპუტნიკ-საქართველოს“ განცხადებით სევეროდონეცკის „ქვაბში“ მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” თავის მიზანს აღწევს. „სპუტნიკმა“ სიხარულით აღნიშნა, აშშ დონბასში რუსეთის წარმატებებით შეშფოთებულია. თუმცა, „სპუტნიკმა“ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი კი არა სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და შესაბამისად, რუსეთი თავისი სამხედრო ძალების მხოლოდ ნაწილს იყენებს. კრემლი დამატებით ძალებს მხოლოდ NATO-ს წევრ ქვეყნებთან უშუალო კონფლიქტის შემთხვევაში გამოიყენებს. „სპუტნიკს“ Facebook-ის სხვა მომხმარებლებიც შეუერთდნენ და დონეცკის რეგიონში რუსეთს წარმატება აღნიშნეს.
- გარდა ამისა, „სპუტნიკ-საქართველომ“ განაცხადა, რომ უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის დაპირისპირებაა – სამხედროებს შეიარაღებული ძალების სევეროდონეცკიდან გამოყვანა სურთ, პოლიტიკოსები კი სიმბოლური მნიშვნელობის გამო ქალაქის დაცვას ამჯობინებენ. „ალტ-ინფომაც“ ისაუბრა იმის შესახებ, თითქოს უკრაინელების სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობა ერთმანეთთან დაპირისპირებულია და პოლიტიკოსები – არაკომპეტენტურებად, ხოლო სამხედროები დეზორგანიზებულად წარმოაჩინა.
- „ქართული TV-მ“ შეთქმულების თეორია გააჟღერა და განაცხადა, რომ უკრაინის ომის ბედი წინასწარ იყო განსაზღვრული. „ქართული TV-ს“ ცნობით, უკრაინა ყველამ გაწირა და „ულტრაგლობალისტების“ „გეგმამ“ გაიმარჯვა, რადგან არც აშშ-ს და ევროკავშირს და არც რუსეთს არ სურდათ გაძლიერებული უკრაინის ნახვა. მსგავსი შეთქმულების თეორია პრორუსული პოლიტიკური პარტიის, „ქართული იდეის“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
- პრორუსულმა ვებგვერდმა Isari.ge-მ, რომელიც რუსეთის მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქვეყნებში ჩადენილ სისასტიკეს მალავდა, აცხადებდა, რომ სამხედრო დანაშაულებს უკრაინული ძალები, მათ შორის უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველები სჩადიან.
უკრაინელი ლტოლვილები
ქართულ საზოგადოებაში უკრაინელი ლტოლვილებისადმი არსებული კეთილგანწყობის შესაცვლელად „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი მარტინენკომ, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ კიდევ ერთი შეთქმულების ბრალდება წამოაყენა. მისი თქმით, საქართველოში „გეი ფესტივალის“ მოწყობას სწორედ ის ადამიანები აპირებენ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ლობირებდნენ. მარტინენკომ განაცხადა, რომ ამ ადამიანებს უკრაინიდან საქართველოში გეები ჩამოჰყავთ, რათა საქართველოში გეი აღლუმი ჩაატარონ.
სანქციების ეკონომიკური შედეგები
დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის შესამცირებლად კრემლის პროპაგანდა აგრძელებს მტკიცებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ეფექტური არაა და გრძელვადიან პერიოდში დასავლეთის ეკონომიკას მხოლოდ ზიანს მოუტანს. ამრიგად, დასავლური ქვეყნების საზოგადოებებს ეუბნებიან, რომ სანქციების გვერდით ეფექტები (მაგალითად, გაზრდილი ფასები) მათზე გავლენას ახდენს და მათი ძალისხმევა ამაოა.
- პროპაგანდისტულმა გამოცემამ „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების ერთიანობა შეირყა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ სანქციები ეფექტური იქნებოდა, მაგრამ რეალურად მათ შედეგი ვერ გამოიღეს და დასავლეთმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია. „ალტ-ინფო“ ამტკიცებდა, რომ ენერგორესურსებზე ფასები მკვეთრად იზრდება და რუსეთში დასავლური საქონლის გაყიდვის აკრძალვა რუსეთის ეკონომიკას საერთოდ არ აზიანებს. „ალტ-ინფოს“ თანახმად, დასავლეთმა არასწორად გათვალა, რომ რუსეთის ეკონომიკა არა მხოლოდ ენერგორესურსებისა და შეიარაღების ექსპორტზე იყო დამოკიდებული, არამედ ინარჩუნებდა აქტიურ სოფლის მეურნეობის სექტორს, რომელიც მოიცავს ქვეყნის შემოსავლის დიდ ნაწილს.
- საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად, რომ ევროპული სანქციები არაეფექტურია, ცნობილმა ბლოგერმა და დეზინფორმატორმა, ბექა ვარდოსანიძემ, The Guardian-ის სტატია გაავრცელა. ეს პოსტი იმეორებს გზავნილს, რომ სანქციების მიუხედავად რუსული რუბლი წამყვანი ვალუტაა და დასავლეთის სამთვიანი სანქციების პოლიტიკა კრახით სრულდება. იგი ამტკიცებს, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს სანქციების პოლიტიკას, რადგან რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტურია და მხოლოდ დასავლეთს აზიანებს. ავტორიტეტული დასავლური გამოცემების სტატიების შერჩევით გამოყენება ქართველი პროპაგანდისტების მანიპულაციურ ტექნიკად იქცა.
- „სპუტნიკ-საქართველომ“ გაიმეორა ნარატივი, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს დასავლური ქვეყნების მოლოდინისგან განსხვავებული შედეგი მოჰყვა. „სპუტნიკ-საქართველომ“ განაცხადა, რომ დასავლეთი აპირებდა რუსეთისთვის ენერგოექსპორტისგან მიღებული შემოსავლების შეწყვეტას, მაგრამ სანქციების გამო ნავთობის ფასი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ევროპის ბაზრის დიდი ნაწილის დაკარგვისგან მიღებულ ფინანსურ ზიანს ნავთობის მაღალ ფასად გაყიდვით დააბალანსებს.
- კრემლის მიერ მხარდაჭერილი „ნიუს-ფრონტმა“ და Facebook-ის მომხმარებლებმა გაიმეორეს ხათუნა ხოფერიას (ყოფილი დეპუტატი, ამჟამად, ასოცირდება პრორუს ლევან ვასაძესთან) მტკიცება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, ერთი მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ემხრობა და, მეორე მხრივ, უკრაინას უბრძანებს, რომ დათმოს საკუთარი ტერიტორიების ნაწილი და ამავდროულად, რუსული მძიმე ნავთობის შესყიდვა გააორმაგა (აშშ-მა უკვე დააწესა ემბარგო რუსული ნავთობის იმპორტზე).
- „სპუტნიკ-საქართველოს“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ზამთარი მოდის, ევროპას მოუწევს „ჩრდილოეთს ნაკადი 2-ის“ ამოქმედება და მოსკოვიდან ციმბირული გაზის იაფი მიწოდების მოთხოვნა.
- „სპუტნიკ-საქართველომ“ ასევე განაცხადა, რომ თუ ბრიუსელს უკრაინის კოლაფსის შეჩერება სურს, მაშინ ევროპამ ახალი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უნდა თქვას. ევროპამ უკრაინის მთავრობას არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ უნდა უბიძგოს.
რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ეფექტურობის შესახებ პროპაგანდის გარდა, ასევე გავრცელდა გარკვეული გზავნილები ამ სანქციებში საქართველოს (არ)მონაწილეობის შესახებ. პრორუსულმა გამოცემა Isari.ge-მ საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანქციებს არ დაწესების გამო შეაქო. რეალურად, საქართველო საერთაშორისო სანქციების რეჟიმს იცავს, მაგრამ ინდივიდუალურ სანქციებს არ აწესებს. Isari.ge-ს მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების ქმედება იმის დასტურია, რომ საქართველო დასავლეთის მიერ მართული და დამონებული არაა.
ეთნიკურ უმცირესობებსა და ოკუპირებულ რეგიონებში გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა
აფხაზური წყაროები მიესალმებიან პიატნაშკას ბრიგადას, რუსეთის სეპარატისტული ძალების საერთაშორისო ბრიგადას დონბასში და განსაკუთრებით მისი მეთაურის, ახრა ავიძბას (ყოფილი ე.წ. დეპუტატი აფხაზეთში), გმირობას, რომელიც მან 2014 წლიდან დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიჩინა. წყარომ ბრიგადა და მისი მეთაური, ომის აკრძალული წესების გამოუყენებლობისთვის შეაქო და აღნიშნა რომ მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ქვედანაყოფები, რომელსაც აშშ-ს, ნატოს ბლოკისა და ევროკავშირის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ, არაადეკვატურად იქცევიან. აღსანიშნავია, რომ Facebook გვერდმა “Абхазия Навсегда” ქართულ ლეგიონს და მის მეთაურს, მამუკა მამულაშვილის, რომელიც უკრაინულ ძალებთან ერთად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ იბრძვის, ომის დამნაშავეები და ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ყველა სახის არაადამიანური და უკანონო ქცევის ჩამდენი უწოდა.
სხვა კრემლის პროპაგანდისტული საშუალებები, როგორიცაა „სპუტნიკ აფხაზეთი,“ და დე ფაქტო ოფიციალური პირები, მაგალითად დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, სოლოვიოვის ერთ-ერთ გადაცემაში ამტკიცებდნენ, რომ დონბასელი ხალხი საკუთარ სახლებს იცავს და რუსეთი ამერიკის მიერ მხარდაჭერილი უკრაინელი ნაცისტებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის გასათავისუფლებლად “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს.
გარდა ამისა, რუსულმა წყაროებმა შეიმუშავეს შეთქმულების თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ აშშ და უკრაინა გეგმავენ მაიმუნის ყვავილის გამოყენებას და მსოფლიოს განადგურებას. ეს გზავნილი რუსეთის პროპაგანდისტულ ნარატივში ჯდება, რომლის თანახმადაც, აშშ ბიოლოგიურ იარაღს უკრაინაში ქმნის შემდეგ მის რუსეთში გასავრცელებლად.
სომხურენოვანი საქართველოს მოქალაქეები ამ კვირაში „რია ნოვოსტიდან“ მომდინარე პროპაგანდისტული გზავნილების სამიზნე აღნოჩნდნენ, რომლის მიხედვითაც, დაქირავებული მეომრები, რომლებიც ადრე 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის სასარგებლოდ იბრძოდნენ, ამჟამად, სავარაუდოდ, უკრაინის მხარეს იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ.
უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება
უკრაინის მიმართ საგრძნობი მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს საზოგადოებისადმი რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ომის დაწყებით მუქარა საქართველოში კრემლის პროპაგანდისტული აქტორების ძირითადი Modus Operandi გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს საშიში პრაქტიკა ოპოზიციის დემონიზაციისთვის ასევე ფართოდ გამოიყენა. გარდა ამისა, პრორუსული ჯგუფები საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას უკავშირებენ.
- ანტიდასავლურმა მედიასაშუალება Spnews.io იზიარებს ცნობილი პროპაგანდისტის – ნანა კაკაბაძის აზრს, რომ თუ ევროკავშირი უარს იტყვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ეს იქნება სასჯელი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის არ გახსნისთვის. Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა ასევე გააძლიერა ეს გზავნილი.
- არაერთმა Facebook გვერდმა და პრორუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა კიდევ ერთი ანტიდასავლური პროპაგანდისტის და კრემლისტური ანალიტიკური მედია Isari.ge-ის მთავარი რედაქტორის – ჰამლეტ ჭიპაშვილის მიერ დაწერილი სტატია. ჭიპაშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად დასავლეთის მხრიდან იძულებისა, მაინც არ აასრულა უკრაინის ხელისუფლების ოცნება და საქართველოში მეორე ფრონტი არ გახსნა. ჰამლეტ ჭიპაშვილმა საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისადმი დაუმორჩილებლობის გამო შეაქო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამან რუსეთის პოლიტიკური წრეების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ დადებითად იმოქმედა. მიმტევებელმა რუსებმა გვერდზე გადადეს წლების გამავლობაში ქართული რიტორიკითა და ქმედებებით გამოწვეულ უთანხმოებები და თბილისის ანტი-რუსული განწყობებისა მიუხედავად, საქართველოზე მაინც დადებითად ისაუბრეს.
- გიორგი ქარდავამ, ულტრამემარჯვენე პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ (დაარსებული ჯგუფ „ალტ-ინფოს“ მიერ) თავმჯდომარემ, თბილისის პრაიდის კვირეული და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა როგორღაც ერთმანეთთან დააკავშირა. ქარდავა ამტკიცებდა, რომ „თბილისი პრაიდი“ მიზნად ისახავს ქვეყნის დესტაბილიზაციას, რადგან ესმით, რომ მათი საქმიანობა ქართულ საზოგადოებაში მასობრივ პროტესტს გამოიწვევს, რომელიც შესაძლოა ოპოზიციამ ხელისუფლების დასამხობად და რუსეთის წინააღმდეგ ომის დასაწყებად გამოიყენოს.
- სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიდევ ერთი ნარატივის თანახმად, უკრაინაში ნაცისტური ჯგუფების შემქმნელმა უკრაინელმა ოლიგარქებმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად და ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსაყვანად გამოგზავნეს. უკრაინელი ოლიგარქების მიერ მიცემული მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, სააკაშვილის ხელისუფლება ომს რუსეთის წინააღმდეგ დაიწყებდა.
- საქართველოში ომის გაფართოების შიშის გარდა, Facebook-ის ზოგიერთი მომხმარებელი ავრცელებს შეთქმულების თეორიას, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში მოლდოვას ჩათრევას ცდილობს. მათი თქმით, გერმანიამ ამ მიზნით 24 რუსულენოვანი უცხოური დაზვერვის ოფიცერი და შემოსავლების ფედერალური ბიუროს (FBR) 48 წარმომადგენელი გაგზავნა.
- რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „სპუტნიკ საქართველო“ ყურადღება გლობალურ დონეზე გაამახვილა და ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონის სტრატეგიული ახლომხედველობა, ანუ MLRS-ისა და HIMARS-ის მიწოდება უკრაინაში, უზომოდ საშიში იყო და ევროპას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებდა.
პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ
ვინაიდან რუსეთის შეტევა დონბასში მძიმე წინააღმდეგობას ხვდება, ვერ იღებს სათანადო ტემპს და რუსეთის არმიას წინსვლა ძალიან ძვირი უჯდება, კრემლს სულ უფრო მეტად ეშინია უკრაინის სამხედრო დახმარების, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის. როგორც ჩანს მიუხედავად ტრაბახისა და დაშინებისა, რუსეთს ჯერჯერობით არ შეუძლია იარაღის მიწოდებაზე ზუსტი სარაკეტო დარტყმების განხორციელება და დასავლეთის სამხედრო დახმარების უკრაინაში შემოდინების შეჩერება. პუტინი და ლავროვი დაიმუქრნენ შემდგომი ესკალაციით და იმ ობიექტებზე დარტყმებით, რომლებიც რუსეთმა მანამდე ხელუხლებელი დატოვა, თუ დასავლეთი უკრაინას მიაწოდებს შორი მანძილის MLRS-ს, რომელსაც შეუძლია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებული სამიზნეების განადგურება. კრემლის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, საკუთარი ხელმძღვანელობის მიზნებთან შესაბამისად მოქმედებს და უკრაინის სამხედრო დახმარებაზე დეზინფორმაციული გზავნილებით, უპირველეს ყოვლისა, მისი მნიშვნელობისა შემცირებით თავდასხმას ცდილობს:
- რუსეთის მიერ კონტროლირებულმა „სპუტნიკ-საქართველომ“ განაცხადა, რომ უკრაინაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გაგზავნა ვერც რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ იმოქმედებს და ვერც მის კურსს შეცვლის. „სპუტნიკის“ მტკიცებით, HIMARS სისტემების უკრაინაში გაგზავნა ევროპასა და აშშ-ში კონფლიქტის ესკალაციის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რაც, გამოცემის თანახმად, ვაშინგტონის ინტერესებშია. გარდა ამისა, რუსული არმიის უძლეველობისა და უკრაინის დასავლეთის სამხედრო დახმარების უშედეგობის შესახებ მითის დასადასტურებლად, „სპუტნიკ-საქართველომ“ განაცხადა, რომ რუსეთმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას ათ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დასავლური იარაღი გაანადგურა. „სპუტნიკმა“ დაასკვნა, რომ კიევისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის მნიშვნელობა გადაჭარბებულად არ უნდა შეფასდეს, რადგან მას არ შეუძლია რუსული არმიის შეჩერება. ეს გზავნილი მიზნად ისახავს დასავლეთის მთავრობებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა გადააფიქრებინოს იმის ჩვენებით თუ რამდენად უშედეგოა არსებული დახმარების პაკეტები.
- „სპუტნიკ-საქართველომ“ კიდევ ერთ სტატიაში განაცხადა, რომ დასავლეთი კიევს ძალიან ცოტა და არც თუ ისე განვითარებულ იარაღს აწვდის და მისი მიზანი არა უკრაინის არმიის მნიშვნელოვანი გაძლიერება, არამედ ბრძოლის გაჭიანურება და ამ გზით რუსეთის დასუსტებაა, თუნდაც ამას მთელი უკრაინული შეიარაღებული ძალები შეეწიროს. „სპუტნიკმა“ აღნიშნა, რომ ნატოს შეიარაღების შემოდინება აღიზიანებს რუსეთს და კრემლის მოთმინებას საზღვარი აქვს. „სპუტნიკის“ მიხედვით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა შესაძლოა ლოჯისტიკურ ცენტრებს, პოლონეთის ტერიტორიიდან მომავალ მიწოდების მარშრუტებს და ბესკიდის გვირაბს დაარტყას, რომელიც, სლოვაკეთიდან იარაღის მიწოდებისთვის გამოიყენება (სინამდვილეში, რუსეთმა გვირაბი სამიზნეში უკვე ამოიღო).
- „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ქარდავამ განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული შეიარაღება უკრაინის ომის დინამიკასა და საერთო ბალანსზე ზემოქმედებისთვის საკმარისი არ არის. მისი თქმით, უკრაინას განუზომლად მეტი იარაღი და ცოცხალი ძალა სჭირდება რუსეთის ძალების საპირწონედ და როგორც ქარდავა ამტკიცებს, უკრაინის კონტრშეტევის შანსი მინიმალურია. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ამჟამინდელი დონე უსარგებლოა და არავითარ განსხვავებას არ ახდენს. მისი გზავნილები ასევე ემთხვევა „სპუტნიკის“ ნარატივს უკრაინის სამხედრო დახმარების ირგვლივ სკეპტიციზმის დათესვის შესახებ.
- პრორუსმა ბლოგერმა, ირაკლი ჯანყარაშვილმა იმავე რიტორიკის გამოყენება განაგრძო და აშშ-ის არმიის ყოფილი პოლკოვნიკის, დუგლას მაკგრეგორის სიტყვები გამოიყენა, რომ HIMARS-ის მიწოდება უკრაინისთვის არაფერს ცვლის და ბაიდენის ადმინისტრაცია არ აღიარებს, რომ ეს ომი დიდი ხანია წაგებულია. გარდა ამისა, ჯანყარაშვილის გამოცემა Infoanalytical-ის მიერ მოყვანილი მაკგრეგორის ციტატის მიხედვით, აშშ-ის მთავრობა ბრძოლის რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივებას ცდილობს.
- “ალტ-ინფო” ასევე ამტკიცებდა, რომ დასავლეთი ომის გახანგრძლივებას რუსეთის ელიტებს შორის კონფლიქტის გასაღვივებლად ცდილობს.
- Facebook-ის ქართველმა მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ აშშ უკრაინას აწვდის HIMARS-ს, რომელსაც შორი დისტანციური დარტყმების განხორციელება შეუძლია, მაგრამ, მათი თქმით, აშშ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაზე პასუხისმგებლობას წინასწარ გაურბის.
- „სპუტნიკ-საქართველომ“ ასევე დაადასტურა, რომ თუ ევროპას ნამდვილად სურს ბოლო მოეღოს უკრაინის განადგურებას, მან უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება და უკრაინის მთავრობას აუხსნას, რომ საჭიროა რუსეთთან მშვიდობიანი გზების ძიება.
პრორუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებში უკრაინის ატომური სადგურები ბიოლაბორატორიებთან ერთად ჩნდება
ბიოლოგიური ლაბორატორიები რუსულ დეზინფორმაციის სამიზნე ომის პირველივე დღეებიდან იყო. რუსეთის მიერ კონტროლირებულმა მედიამ და პრორუსულმა საშუალებებმა უკრაინაში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების შესახებ ცრუ ბრალდებები გამოაქვეყნეს, რომელთა თანახმადაც, იქ ისეთი ბიოლოგიური იარაღის შექმნას ცდილობდნენ, რომელიც მხოლოდ რუს და სლავ მოსახლეობაზე იმოქმედებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში უკრაინის კვლევითი ობიექტების შესახებ ახალი დაუსაბუთებელი ისტორიები გაჩნდა. გასულ კვირას „ქართული TV-მ“ გაავრცელა ახალი შეთქმულების თეორიები უკრაინის ლაბორატორიებისა და ატომური სადგურების შესახებ. როგორც „ქართული TV” იტყობინება, ამერიკას უკრაინაში საკუთარი ინტერესები აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიოლოგიური ლაბორატორიებით და ბირთვული სადგურებისა და რესურსების მიტაცებაზეც ვრცელდება.
„ქართული TV-ის“ ინფორმაციით, არსებობს ჩამორთმევის სცენარი – აშშ უკრაინას ჯერ აღდგენის პროცესში ფინანსების მიწოდებით, სახლების და ინფრასტრუქტურით აშენებით დაეხმარება, შემდეგ კი ვაშინგტონი ატომური სადგურების ექსპროპრიაციას მოახდენს, რადგან უკრაინა ვალის გადახდას ვერ შეძლებს.
„ნიუს-ფრონტი“ ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინამ ბიოლოგიური და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა დაიწყო.