ნავთობპროდუქტების ექსპორტი | ეხმარება საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში?

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაიწყო. ქვეყანამ, რომელსაც, ფაქტობრივად, საკუთარი ნედლეული არ აქვს, ერთბაშად 80 მილიონამდე ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტი გაყიდა.

ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ზოგადად, 2022 წლიდან იზრდება, რაც უკრაინაში ომის დაწყებას ემთხვევა. მანამდე უმნიშვნელო ექსპორტმა 2024 წელს 20 მილიონ დოლარს მიაღწია. 2025 წელს დაფიქსირებული ზრდა კი ამ ფონზეც შთამბეჭდავია – ფაქტობრივად ნულოვანი ექსპორტი 2024 წელს თუ 20 მილიონამდე გაიზარდა, 2025 წელს საერთოდ 80 მილიონამდე იმატებს.

გასულ წელს დაფიქსირებული ადგილობრივი ექსპორტის დიდი ნაწილი ნოემბერ-დეკემბერზე მოდის. ნავთობპროდუქციის იმპორტიორებს შორის სამი წამყვანი ქვეყანაა: მალტა, არაბთა გაერთიანებული საამიროები და გიბრალტარი.

უფრო დეტალურად, 2025 წლის ნოემბერში საქართველოდან მალტაში 19 461 000 დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი გაიყიდა. მანამდე ექსპორტი ნულოვანი იყო.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, 2025 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 7 700 დოლარიდან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობდა, დეკემბერში კი საამიროებშიც მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – 2025 წლის მიწურულს საქართველოდან საამიროებში 17 800 700 დოლარის ღირებულების ადგილობრივი ნავთობპროდუქტი გაიყიდა.

ნულოვანი იყო ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქტების ექსპორტი გიბრალტარშიც. თუმცა 2025 წლის დეკემბერში საქართველოდან იქ 13 126 100 დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი გავიდა.

რა გავიტანეთ ექსპორტზე?

მალტაში გასული პროდუქციის შესახებ ვიცით ის, რომ გასულია სასაქონლო კოდით – 2710 19. ამ კოდის ქვეშ ერთიანდება ყველა ნავთობპროდუქტი, რომელიც არ არის ნედლი ნავთობი და არ არის „მსუბუქი“ (ანუ, მაგალითად, არ არის ბენზინი). ეს შეიძლება, ყოფილიყო დიზელი, მაზუთი და სხვ.

საინტერესოა, რომ არც „ევროსტატისა“ და არც მალტის სტატისტიკის სამსახურში არ ჩანს საქართველოდან ამ მასშტაბის პროდუქციის იმპორტი. შესაძლოა, ის ჯერ არ ასახულა მათ ბაზაში ან არ დასრულებულა საბაჟო პროცედურები, თუმცა ასევე შეიძლება, რომ მალტა ერთგვარი გამტარი იყო და პროდუქცია კუნძულის სიახლოვეს სხვა ქვეყანაში გადაამისამართეს.

2710 19 კოდის ქვეშ არის მოქცეული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივი ექსპორტით გატანილი ნავთობპროდუქტებიც.

გიბრალტარში კი 2710 12 კოდით არის გატანილი ნავთობპროდუქტები. წინა ორი ქვეყნისგან განსხვავებით იქ, როგორც ჩანს, მსუბუქი დისტილატებია გასული (ნაფტა და სხვ.).

საიდან გაჩნდა ნავთობი საქართველოში?

„საქსტატის“ მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ნედლი ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა (98%-ზე მეტი) რუსეთიდან მიიღო. თავის მხრივ კი, რუსეთიდან იმპორტის უდიდესი ნაწილი ბოლო კვარტალზე – ოქტომბერზე, ნოემბერსა და დეკემბერზე მოდის.

რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი 2025 წელს მკვეთრად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელთან შედარებით ზრდამ – 1640% შეადგინა. სწორედ რუსეთიდან იმპორტის ზრდას ემთხვევა ადგილობრივი ექსპორტის სწრაფი ზრდაც.

თითოეულ ტონა რუსულ ნედლ ნავთობში საქართველომ გასულ წელს, საშუალოდ, 425.5 დოლარი გადაიხადა. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების პარალელურად ოქტომბრიდან დეკემბრამდე იმპორტირებული პროდუქციის ფასი კლებულობს.

რატომ არ შეიძლება სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეული გადამუშავებულიყო?

როგორც ვთქვით, ნედლი ნავთობი საქართველომ რუსეთიდან მიიღო. რა თქმა უნდა, საქართველოში შეიძლებოდა, არა ნედლი ნავთობი, არამედ 2710 კოდის ქვეშ გაერთიანებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავებაც მომხდარიყო, მაგრამ ამ კოდით სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის ფასების ანალიზი ამ ვერსიას, ფაქტობრივად, შეუძლებლად აქცევს.

რუსეთის გარდა, 2025 წელს ნავთობპროდუქტების მსხვილი იმპორტიორები იყვნენ ბულგარეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და კვიპროსი.

ბულგარეთიდან შემოვიდა მსუბუქი დისტილატები და ტონა, საშუალოდ, 732 დოლარად ვიყიდეთ. რუმინეთიდან შემოტანილი მსუბუქი დისტილატები, საშუალოდ – 735 დოლარად, მძიმე დისტილატები კი, რაც ამ ანალიზისთვის უფრო რელევანტურია – 789 დოლარად. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ნავთობპროდუქტებში, დაახლოებით, 686 დოლარია გადახდილი, თურქეთიდან იმპორტირებულში – 894, კვიპროსიდან იმპორტირებულში კი საშუალოდ – 784.

საქართველოდან გაყიდული ნავთობპროდუქტების ფასი ყველა ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გაცილებით დაბალია. ადგილობრივი ექსპორტის TOP 3 ქვეყანაში გაყიდული თითოეული ტონა ნავთობპროდუქტის ფასი საშუალოდ – 541 დოლარია.

ასე რომ, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ნედლი ნავთობის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის ფასების ანალიზი მიუთითებს სამ ვერსიაზე, რომელთაგან პირველი ორი ნაკლებსავარაუდოა:

    1. საქართველომ მნიშვნელოვანი წაგებით გადაამუშავა და გაყიდა „არარუსული“ ნავთობპროდუქტები;
    2. საქართველომ მოულოდნელად თავად დაიწყო ნედლი ნავთობის მოპოვება და დამუშავება;
    3. საქართველომ გასულ წელს რუსეთიდან შემოტანილი ნედლი ნავთობი გადაამუშავა და საკმაოდ დაბალ ფასში გაიტანა, როგორც ადგილობრივი წარმოების ნავთობპროდუქცია.

ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში?

ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება? მხოლოდ სტატისტიკაზე დაყრდნობით ამას ვერ ვიტყვით. ჯერჯერობით, არ გვაქვს უტყუარი ფაქტები, თუმცა არსებობს საეჭვო გარემოებებიც.

პირველ რიგში რუსული ნავთობის იმპორტზე დამატებით ვიცით ის, რომ 6 ოქტომბერს ყულევში ახლად აშენებულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული კომპანია „რუსნეფტისგან“ 105 ათასი ტონა ნავთობი მიიღო, რომელიც ტანკერმა „კაისერმა“ (Kayseri) ჩამოიტანა.

თუმცა შემოტანის მომენტში ფორმალურად კანონი არ დარღვეულა, ტანკერი სულ რაღაც 3 კვირაში ევროკავშირის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულთა სიაში მოხვდა, „რუსნეფტი“ კი დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

ყულევის ახალ ქარხანას „ბლექ სი პეტროლიუმი“ ფლობს, რომლის უკან დიზაინერი მაკა ასათიანი და მისი ქმარი, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კონსტანტინე გოგელია დგანან. TI-ის კვლევით, გოგელიას კომპანიები ეწევიან მყარი და თხევადი საწვავით საბითუმო ვაჭრობასა და გადაზიდვას. რუსეთში საქმიანობს ასათიანის შვილი კახი ჟორდანიაც, რომლის პარტნიორებს შორის „გრუს“ გენერლის შვილიცაა.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში კონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილია. ქარხნის აშენებაში სახელმწიფო ფონდთან ერთად „ქართუ ბანკი“, „ბაზისბანკი“ და „ხალიკ ბანკი“ მონაწილეობდნენ.

ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე გამოთქვამს ეჭვს, რომ საქართველოში ნავთობი არც გადამუშავებულა და მხოლოდ მისი „გადაფუთვა“ მოხდა. რა ამძაფრებს მის ეჭვს?

საქართველოში „ბლექ სი პეტროლიუმის“ გარდა, სულ რამდენიმე აქტიური საშუალო ან მცირე ზომის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. გოცირიძის თქმით, ისინი ასეთი მოცულობის ნავთობს ვერ გადაამუშავებდნენ, „ბლექ სი პეტროლიუმს“ კი მუშაობა ჯერაც არ დაუწყია.

მაშინ, როცა ექსპორტი ზრდას იწყებდა, ნოემბერში, გამოცემა „ბათუმელები“ შეეცადა, გაერკვია, მუშაობდა თუ არა ყულევის ქარხანა. „ბლექ სი პეტროლიუმის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შეკითხვებზე არ უპასუხეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში კი უთხრეს, რომ საცდელი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა და ოფიციალურად ქარხანა ჯერ არ იყო გახსნილი.

რუსეთიდან შემოსული ნავთობის ექსპორტზე რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება აქვს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება – „აი, ფაქტს“. გამოცემა წერდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოდან ევროპის ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი 15-ჯერ გაიზარდა.

ამავდროულად ევროპაში ნავთობის იმპორტ-ექსპორტის შესახებ საქსტატის მონაცემები არ ემთხვევა საერთაშორისო ავტორიტეტული ბაზების მონაცემებს.

გამოცემის მიხედვით, სანქციებისგან თავის დაღწევის ორი გზა არსებობს: ნავთობის „არევა“ და წარმოშობის დოკუმენტების ცვლილება. ამაში კი შეიძლება საქართველოც მონაწილეობდეს.

„აი, ფაქტმა“ შეისწავლა 19 გემის მიმოსვლაც, რომლებიც „ჩრდილოვანი ფლოტის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. გამოცემა წერს, რომ კვლევამ გამოავლინა კონკრეტული გემები, რომლებიც მიზანმიმართულად თიშავენ სანავიგაციო სისტემებს (AIS), მალავენ რეალურ ლოკაციას და იცვლიან დროშებს. მონაცემების ანალიზი კი ადასტურებს, რომ ეს საეჭვო ტანკერები სისტემატურად შემოდიან საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში რუსული ნავთობის ტვირთით.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან უარყო საქართველოს მონაწილეობა რუსეთის სანქციებისგან თავის არიდების სქემაში. მისი ზოგადი პასუხიდან გამომდინარე, კომისიური წესით დადგინდა, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება.

„თქვენ ნუ ნერვიულობთ, კომისიური წესით დადგინდა, რომ ჩვენი ქვეყანა არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ, დააზიანოთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, თუმცა ამას ვერ აკეთებთ, რადგან კომისიური წესით დგინდება იმის საპირისპირო, რასაც თქვენ ამტკიცებთ“, – ასე უპასუხა კობახიძემ „TV პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვას.

ჯერჯერობით, არ ვიცით, საქართველოში რეალურად გადაამუშავეს რუსული ნავთობი, თუ პროდუქცია მხოლოდ „გადაიფუთა“. თუმცა იმპორტისა და ექსპორტის ანალიზი მიუთითებს, რომ ქვეყნიდან ადგილობრივი ექსპორტის ქვეშ, დიდი ალბათობით, რუსული წარმოშობის ნავთობი/ნავთობპროდუქტები გაიტანეს.

„ქართული ოცნების“ უარყოფის მიუხედავად კი, სანქციების თემა შეიძლება მალე კიდევ უფრო აქტუალური გახდეს – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტში ევროკავშირი ყულევის ნავთობტერმინალის სანქცირებასაც განიხილავს.