თეა წულუკიანმა 10 ივნისს კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. რეორგანიზაციის მიზნების შესახებ საზოგადოებას სამინისტროს მხრიდან ამომწურავი და დასაბუთებული ინფორმაცია არ მოუსმენია.
რეორგანიზაციის შედეგებზე საზოგადოებამდე მხოლოდ კინოცენტრიდან გათავისუფლებული ან წამოსული თანამშრომლების ამბები აღწევს, ერთ-ერთი ასეთი ბოლო ამბავი ცნობილ ქართველ რეჟისორსა და მსახიობს, ნინო კირთაძეს უკავშირდება.
რატომ დატოვა კირთაძემ კინოცენტრი?
ნინო კირთაძე 2019 წლიდან ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“ საქართველოს წარმომადგენელი იყო. ის ამ პოზიციაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული. „ევრიმაჟი“ ევროსაბჭოს კინოფონდია, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებას.
11 ივლისს კირთაძემ ცენტრს განცხადებით მიმართა და თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. 13 ივლისს ცენტრმა განცხადება დაუკმაყოფილა.
კინოცენტრიდან წამოსვლაზე გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კინოცენტრის მოვალეობის შემსრულებელთან სატელეფონო საუბარი.
როგორც ირკვევა, კობა ხუბუნაი კირთაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ რეორგანიზაციის პროცესში იგეგმებოდა მისი პოზიციის, რომელიც შტატგარეშე პოზიცია იყო, შტატში გადატანა და ახალი საშტატო ერთეულის შექმნა, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.
ნინო კირთაძის თქმით, ის სატელეფონო საუბრის დროს ეცადა, განემარტა ხუბუნაიასთვის, რა პრობლემებს შექმნიდა ამ პოზიციის შტატში გადატანა, თუმცა „ვერ გააგებინა“.
„თუ თვითონ უნდა, მოჰყვება, რა დეტალები იყო განხილული და რამდენად არის ასეთი ფორმულის გამოყენება შესაძლებელი მანდ“, – განაცხადა ნინო კირთაძემ „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
„თუ შტატი და უშტატობაა მთავარი პრობლემა, მე არ ვიცი. ეს შტატის სტატუსი ჩემნაირი ადამიანისთვის, რომლის მთავარი საქმეა რეჟისურა, ტექნიკურ პრობლემას მიქმნის. ვთანამშრომლობ, მათ შორის, ფრანგულ კინოცენტრთან და ვარ ჟიურის წევრი, მეოთხე წელია, მაგრამ ეს არ არის შტატიანი ხელშეკრულება.“ – ამბობს ნინო კირთაძე.
ნინო კირთაძის თქმით, განცხადების შემდეგ, რომელიც კინოცენტრმა მისი წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოაქვეყნა, მიხვდა, წასვლაზე გადაწყვეტილება სწორი იყო.
„რომ ვნახე, როგორ დამემშვიდობა კინოცენტრი 4 წლის მუშაობის შემდეგ, მივხვდი, რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. თუ ნეპოტიზმი აღმოფხვრეს ჩემი სახით, მივულოცავ. მე არ ვაპირებდი საუბარს, უბრალოდ, ისეთი რეაქციები მოჰყვა და ეს წერილი საერთოდ…
როცა ასეთ პოსტზე ხარ, შენს განწყობებზე არ შეგიძლია, რომ იარო. არ შეიძლება, გადადგა ეს ნაბიჯი, ძალიანაც რომ გინდოდეს. მე მქონდა მოვალეობები არა მხოლოდ კინოცენტრთან, არამედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რასაც ჰქვია „ევრიმაჟი“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“.
„ევრიმაჟის“ მოსამზადებელი სესია დაიწყო 28-ში. 29, 30-ში და 1-ელში მიმდინარეობდა სესია, რომელზეც ფიზიკურ ფორმატში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ამ რეორგანიზაციამ გამოიწვია ის, რომ ჩავერთე ზუმით. ამ სესიაზე ჩემი არყოფნა არ შეიძლებოდა. ერთი მხრივ, დამოკიდებული ხარ და გაქვს პასუხისმგებლობა იმ ხალხსა და რეჟისორებთან, ვისთანაც ყოველდღიურ რეჟიმში გაქვს საქმე. ეს არის სერიოზული საქმე და ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. დამოკიდებულია ქართული კინოს მომავალი“. – ამბობს კირთაძე.
მისი თქმით, რეორგანიზაცია უცნაურად დაიწყო და არ იცის, რა არის ამ პროცესის „ამოცანა“
„ძალიან უცნაურად დაიწყო ჩემი გადასახედიდან რეფორმა. თუ ვინმემ იცის, არ ვიცი; მე არ ვიცი, რა არის ამის ამოცანა. გარდა იმისა, რასაც ამბობენ ხოლმე – ნეპოტიზმი აღმოიფხვრას და გაძლიერდეს კინოსექტორი. ყოველ შემთხვევაში, დღემდე მე რასაც ვხედავ, ეს არის გათავისუფლება ადამიანების. თუ შტატი და უშტატობაა მთავარი პრობლემა, მე არ ვიცი. იმის იქით არ ვიცი, რა ხდება. ვერ ვიგებ. ყველა ის ხალხი ვისთანაც ვმუშაობდი, იქ აღარ არის. უცხოეთის დეპარტამენტზე მაქვს საუბარი. ეს არის ჯგუფის მუშაობა და ჯგუფის მუშაობას მე დიდ პატივს ვცემ.“ – ამბობს კირთაძე „ფორმულასთან“.
რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების გატარება, რას ვერ ახერხებდა არასაშტატო პოზიციაზე მყოფი კირთაძე დასახული ამოცანების შესასრულებლად და რატომ გააძლიერებს ამ მიმართულებას საშტატო ერთეულის შექმნა? – ამ კითხვებზე პასუხი უცნობია.
ჩნდება ეჭვი, რომ ნინო კირთაძეს, კინოცენტრის თანამშრომლობის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო, ხელოვნურად შეუქმნეს ისეთი გარემოებები, რამაც ცენტრიდან წასვლა აიძულა.
17 ივნისს „ფორმულას“ ეთერში ნინო კირთაძემ თქვა, რომ სოლიდარულია კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და ისაუბრა ცენტრის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.
კინოცენტრის პოზიცია
ნინო კირთაძის წასვლაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ მეორე დღეს კინოცენტრის Facebook-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.
კინოცენტრი განცხადებაში წერდა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „თითქოსდა ქალბატონმა ნინო კირთაძემ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შეწყვეტა დემარშის სახით, მისი ზოგიერთი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტა“. – სიცრუე იყო.
ცენტრი თავის განცხადებაში წერს, რომ ნინო კირთაძემ წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი სამუშაო პოზიციის შტატად გადაკეთება. „სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ღია კონკურსის წესიც, რადგან თავად „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენლის პოზიციაზე უკონკურსოდ, ბატონი გაგა ჩხეიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა დანიშნული.“ – წერს ცენტრი.
„პუბლიკა“ ცდილობდა კობა ხუბუნაიასთან დაკავშირებას, რათა გვეკითხა, რატომ გახდა საჭირო საერთაშორისო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე საშტატო ერთეულის შექმნა, ამ პოზიციის შტატში გადმოტანა როგორ გააძლიერებს ამ მიმართულებას და კონკრეტულად რა შედეგებს ელოდებიან ამ პოზიციაზე შტატის შექმნით.
კობა ხუბუნაია ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს.
როგორ აფასებენ ევროპულ კინოფონდებში კირთაძის საქმიანობას კოლეგები?
კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის თქმით, 2019 წელს ნინო კირთაძეს მან შესთავაზე ევრიმაჟში და EFP-ში საქართველოს წარმომადგენლის ფუნქცია აეღო თავის თავზე.
გაგა ჩხეიძის თქმით, გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რადგან არც „ევრიმაჟის“ წესდება და არც კინოცენტრის დებულება არ ითვალისწინებს ეროვნული წარმომადგენლის თანამდებობაზე ვაკანსიის გამოცხადებას.
„მეორეც იმიტომ, რომ უკეთესი კანდიდატურა არც არსებობდა. ნინო კირთაძე თავისი შემოქმედებით, სახელითა და საერთაშორისო კავშირებით სრულიად უკონკურენტო იყო. ცოტა ვინმეს თუ ესმის ევროპული კინოორგანიზაციების სტრუქტურა, მათი მუშაობის სპეციფიკა და თანამედროვე კონიუნქტურა ისე კარგად, როგორც ნინოს. გარდა ამისა, ის ერთმნიშვნელოვნად დადებითი აურის მქონე ადამიანია, რომელსაც ღირსეულად შეუძლია საქართველოს ინტერესების დაცვა ნებისმიერ ასპარეზზე.“ – ამბობს ჩხეიძე.
მისივე თქმით, კინოცენტრის მხრიდან კირთაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის ნამდვილი მიზეზი მისი ღიად გამოხატული მხარდაჭერა იყო კინოცენტრის საპროტესტო აქციების მონაწილე კინემატოგრაფისტების მიმართ და არა რეორგანიზაცია.
„ნინო კირთაძემ არა „რეორგანიზაციის ბოლო დღეს“, არამედ გაცილებით ადრე გააპროტესტა კინოცენტრში შექმნილი ვითარება. ჩვენ ვნახეთ, რომ კინოცენტრის რეორგანიზაცია ყველა იმ შემთხვევაში დასახელდა მიზეზად, როდესაც კინოცენტრიდან არასასურველი ადამიანების გაშვება გადაწყვიტეს.“ – ამბობს ჩხეიძე.
„პუბლიკა“ რამდენიმე ქართველ კინორეჟისორს დაუკავშირდა – კირთაძის გადაწყვეტილების შეფასება ვთხოვეთ და ასევე აზრი კინოცენტრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, კირთაძის პოზიცია არასაშტატო ერთეულიდან შტატში გადმოტანას უკავშირდება.
ლევან კოღუაშვილი: ნინო კირთაძესთან თანამშრომლობის ჩემი გამოცდილება ძალიან დადებითი და პოზიტიურია. „ევრიმაჟში“ წარდგენილი იყო ჩვენი პროექტი „გურია“. იქ ნინო ჩვენი წარმომადგენელი იყო. ძალიან საქმიანი და კარგი კომუნიკაცია გვქონდა მასთან. ბევრი გააკეთა ჩვენი პროექტისთვის. ამ კონკურსში გავიმარჯვეთ. მადლიერი ვარ იმისთვის, რაც გააკეთა. მისგან მივიღეთ კონსულტაცია, მხარდაჭერა – პროფესიონალური თუ მორალური და მხოლოდ კარგი კუთხით ვახასიათებ.
რას ფიქრობთ იმ გარემოებებზე, რის გამოც ამ პოზიციის დატოვება მოუწია?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. გუშინ გავიგე, რომ აღარ არის. ზუსტად რა იყო მიზეზი, ეს არ ვიცი. არ მაქვს ინფორმაცია.
კინოცენტრის ახალი მენეჯმენტი ფიქრობს, რომ საერთაშორისო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია (რომელიც ეჭირა ნინო კირთაძეს) უნდა გახდეს საშტატო ერთეული; აქამდე არასაშტატო იყო. როგორ ფიქრობთ, ამ საქმის შესრულებას საშტატოს ერთეულად გარდაქმნა სჭირდება. ეს მნიშვნელოვანია ამ საქმის უკეთ შესასრულებლად?
იცით რა, ეს სტრუქტურული საკითხია, რომელშიც მე ძლიერი ვერ ვარ. არ ვიცი ზუსტად, როგორ ჯობია და ვერ გეტყვით, არ მიფიქრია ამ თემაზე.
არაერთი თქვენი კოლეგა ფიქრობს, რომ ამ პოზიციაზე ნინო კირთაძის მსგავსი გამოცდილების კადრის შერჩევა რთული იქნება. ამ საქმის კარგად შესრულებას სჭირდება გამოცდილება და ე.წ. კავშირები. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ ნინო კირთაძე შეიძლება შეუცვლელიც კი იყოს და ეს იქნება დიდი დანაკლისი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის. იზიარებთ ამ პოზიციას?
მე შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩემი გამოცდილება ნინოსთან ურთიერთობის როგორც ადამიანურ, ისე პროფესიულ ნაწილში იყო ძალიან დადებითი და სასიამოვნო. რამდენიმე ჩემი კოლეგაც, რომლებსაც „ევრიმაჟში“ ჰქონიათ პროექტები, ძალიან კარგად ახასიათებენ მას. სხვა დანარჩენ საკითხებზე გამიჭირდება, რომ ხელაღებით ვისაუბრო.
„პუბლიკა“ რეჟისორ რუსუდან გლურჯიძესაც დაუკავშირდა. გლურჯიძის ფილმი „ანტიკვარიატი“ 2021 წელს „ევრიმაჟისგან“დაფინანსდა 150 000 ევროს ოდენობით. პროექტების განხილვისას რუსუდან გლურჯიძის მხატვრული ფილმის პროექტს საქართველოს წარმომადგენელი „ევრიმაჟში“ ნინო კირთაძე იცავდა.
როგორ აფასებთ ნინო კირთაძის გადაწყვეტილებას?
ეს ნინოს გადაწყვეტილებაა და პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანის გადაწყვეტილებასა და მოსაზრებას. მე შემიძლია ნინოს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, ბრძოლისთვის, განწყობისთვის, რომელიც მან, კერძოდ, ჩემ მიმართ გამოიჩინა და ვფიქრობ, ნინო ყოველთვის იქნება ქართული კინოს გვერდზე და მისი გულშემატკივარი.
- როგორც გაირკვა, მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კინოცენტრის გადაწყვეტილება საერთაშორისო პროექტის მენეჯერის არასაშტატოდან საშტატო ერთეულში გადატანის შესახებ. როგორ ფიქრობთ, საჭირო იყო ეს ცვლილება, დასაბუთება, რომელიც მოისმინეთ? ცვლილებების საჭიროებაში დაგარწმუნათ?
ასეთ სიღრმეებსა და დეტალებში ვერ წავალ და ეს თითოეული ადამიანის გადაწყვეტილებაა. მე ვფიქრობ, საშტატო განრიგი და ამის გადანაწილება ჩემთვის ამოუცნობი ქარაგმაა. ამისთვის არსებობენ მენეჯერები და ისინი გადაწყვეტენ, რა როგორ არის საჭირო. უკაცრავად, მაგრამ ერთი კონკრეტული ორგანიზაციის სტრუქტურაში მე ვერ შევალ. ეს ჩემი კომპეტენცია არაა.
რა შეცვალა რეორგანიზაციამ კინოცენტრში
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა. მან კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში შრომით ხელშეკრულება 8 ადამიანს შეუწყდა, ორმა კი კინოცენტრი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
კინოცენტრში რეორგანიზაციის მიზნებზე, საჭიროებასა და ამოცანებზე სამინისტროს საზოგადოებისთვის დასაბუთებული ხედვა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა მონაცემებზე და არსებული ვითარების მიუკერძოებელ, ობიექტურ ანალიზს, არ წარმოუდგენია.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას პროტესტი მოჰყვა. ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოსპობას და კინოინდუსტრიაში ცენზურის შემოტანას მოასწავებს. კინოცენტრის თანამშრომელთა პოზიციას იზიარებს კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი და უკვე თვეზე მეტია, პერმანენტულ აქციებს მართავენ, ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლის მოთხოვნით.