საინტერესო რამ არის ლიტერატურულ პროცესზე დაკვირვება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ვინ იცის, რამდენი პოეტი წერდა, და არც თუ ურიგოდ, ვთქვათ, ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში. ზოგი მათგანი თავის დროზევე კაშკაშა, საყოველთაოდ აღიარებული პოეტი იყო, ზოგიც მაშინვე, სიცოცხლეშივე, ჩრდილში მდგომი, მორიდებული და რაღაცნაირად სათანადოდ დაუფასებელი, მკითხველების დიდმა წრემ რომ არასოდეს იცოდა მათი სახელი და გვარი, მაგრამ მეგობრებმა, კოლეგა პოეტებმა იცოდნენ მათი ფასი და რაც მთავარია, თვითონ ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საკუთარ საქმესა თუ მოწოდებას, რომ ერთ ნაყალბევ სტრიქონს, ერთ ნაძალადევ ფრაზასაც კი არ გაუშვებდნენ ხელიდან გემოვნებისა თუ ძალიან მაღალი ლიტერატურული თამასის სამსჯავროზე.
ქართულ ლიტერატურაში წინა საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მოსულმა თაობამ პოეზიაში უამრავი სიახლე მოიტანა. ეს ჩვენი პოეზიის გარდამტეხი განახლების ხანა იყო, რადგან სიახლეები უმთავრესად ლექსის ინტონაციურ მხარეებს ეხებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ პროსოდიას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ახალ-ახალი ინტონაციები ახალ ფორმების ანდა ძველი საზომების განსხვავებული ჟღერადობით შემოტანას განაპირობებდა.
ამ პერიოდში ქართული ლექსის ენა საბოლოოდ დაეშვა კვარცხლბეკიდან და რაც შეიძლება მიუახლოვდა ბუნებრივ სამეტყველო ინტონაციას.
70-იანელთა ამ თაობაში კი გამორჩეული იყო თედო ბექიშვილი.
უცნაურია, მაგრამ გამორჩეული სწორედ თავისი ჩუმი ნიჭიერებით, რომელსაც არასაოდეს შეჰპარვია ეგოიზმის, თავისი თავით აღტაცების მყვირალა ხრინწი ჭაბუკობიდანვე ნაღვლიანად დადინჯებულ-დაკაცებული ხმის ტონალობაში.
სადაც კვეხნა ჭრიდა, ისე იდგა, თითქოს არც არსებობდა… ის იქ უნდა გენახათ, სადაც პოეზია იყო მთავარი და არა – ამ პოეზიაზე და საკუთარ თავზე შექმნილი სახოტბო ლეგენდები.
ერთხელ ერთ მთიულ ქალს, თედო ბექიშვილის მეზობელს, მის დანახვაზე სახალხოდ გულუბრყვილოდ წამოუძახია: „როგორ უხდება თედოსა, ლამაზი რო არ ას!“.
ჩემი აზრით, თედო ბექიშვილი ძალიანაც მიმზიდველი მამაკაცი იყო, ოღონდ ზუსტად მესმის ისიც, რაც იმ ქალმა იგულისხმა:
თედო არასოდეს „იპრანჭებოდა“ ამ სიტყვის არაერთგვაროვანი გაგებით. მისთვის კეკლუცობა, ხალხის თვალწინ თავმოწონება ისეთივე უცხო და სათაკილო იყო, როგორც მთიელი კაცისათვის ფერუმარილი. მთელი მისი სილამაზე უხეში, გამოკვეთილად მამაკაცური ნაკვთები იყო, რომლებიც ფართო სახეზე ისე ჰქონდა მიყრილ-მოყრილი, რომ ერთხელ მნახველსაც კი არასოდეს დაავიწყდებოდა იმისი უცნაური იერი, რაც ამ ნაკვთების უჩვეულო სიმეტრიის წყალობით იქმნებოდა.
გარეგნობაზე ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს იერი ხსნიდა თედო ბექიშვილის შინაგან ბუნებასაც და არსებითად მისივე პოეზიის ხასიათსაც: ქართულ სინამდვილეში ცოტა მეგულება ასეთი გადაუპრანჭავი, ბუნებრივი და ლაღი პოეზია. თედო ბექიშვილს თავისი დიდი სათქმელი ჰქონდა, რომელიც ვერ ჰგუობდა ვერანაირ ყალბ ინტონაციას, რადგან ეს სათქმელი ცხოვრების ღრმა და ტრაგიკული სიმართლიდან იყო ამოზრდილი: მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე დაღუპული მამისა და მთელი ცხოვრება ეულად დარჩენილი, თანაც მთაში, უსასტიკეს პირობებში მცხოვრები დედის გაზრდილი ბიჭის პირქუში მარტოობიდან და ტანჯვიდან, საკუთარ თავსაც რომ არ უტყდება ამ ტანჯვისა და მარტოობის ყოვლისგამთოშველ რეალურობაში.
ასეთი ბიჭები მერე ან მოხერხებული, ცხოვრების ყველა შემოთავაზებას მორგებული ადამიანები ხდებიან, ან თავისი სიტყვის, მოვალეობისა და საქმის თავგანწირულად ერთგული კაცები.
თედო ბექიშვილი სწორედ ასეთი კაცი იყო: უღალატო და რაღაცნაირად ყოვლად უდრტვინველი.
მის ქცევასა და თავდაჭერაში, მერე კი მის პოეზიაში ყოველთვის იგრძნობოდა, ცხოვრების რა სისასტიკეები გამოევლო, ოღონდ ამაზე ღიად, მითუმეტეს, წუწუნით კი არაფერს ამბობდა, შეფარულად სჭვიოდა მის ხმაში ისევე, როგორც ყველაზე დიდი სიხარულის გულისგულშიც კი ჟონავს ხოლმე მწუხარების, უფრო სწორად ჭმუნვის ერთი, სხვებისათვის დამალული ნაკადი.
თუ ამ ლექსს ყურს კარგად დაუგდებთ, უფრო ცხადად მიხვდებით, რასაც ვამბობ:
ნისლო, მთით გადმომავალო,
რა ამბავ მოგაქვს ნეტაი,
რასა იქმს ჩემი დაღლილი,
ჩემი მწუხარე დედაი?
ხომ არ ჩაკეტა ნამქერმა
გზა-ვიწროები სავალი?
კვამლი თუ ადის ერდოზე,
ისევ თუ ყივის მამალი?
ნისლო, მთით გადმომავალო,
რა ამბავს მეტყვი ნეტაი?
რასა იქმს ჩემი მწუხარე,
ჩემი ბეჩავი დედაი?
დედაშვილობაზე ამაზე ნაღვლიანი, გულისმომკვლელი ლექსი სხვა არსად მეგულება. აქ საკუთარი, ბუნებრივი გარემოდან მოწყვეტის ტრაგიზმიც ჩანს და ამ გარემოსთან დაბრუნების შესაძლებლობასა თუ შეუძლებლობაზეც არის მკრთალად მინიშნებული:
„ხომ არ ჩაკეტა ნამქერმა გზა-ვიწროები სავალი?“
მაგრამ რაც მთავარია, აქაც საოცარ საქმეს აკეთებს სწორედ პოეტური ინტონაცია და ამ ინტონაციის შიგნით ერთმანეთში გადამავალი მოდულაციები. ეს უბრალო ლექსი თავიდან ისე იწყება, თითქოს ეპოსის კარი გვეხსნებოდეს, თითქოს ჰომეროსი იღებდეს თავის საწყის ნოტებს: „ნისლო, მთით გადმომავალო, რა ამბავ მოგაქვს ნეტაი?“ მიმართვის ასეთი გადატეხილი ფორმა – „ნისლო, მთით გადმომავალო,“ – და მერე ამას მოდევნებული: „რა ამბავ მოგაქვს ნეტაი?“ – მკითხველის განწყობას ანტიკური დრამის მოსასმენად შეამზადებს. თუმცა მომდევნო ორი სტრიქონი სრულებით „ამიწებს“, უფრო ზუსტად, აადამიანურებს ამ განწყობასა თუ ტრაგედისათვის შემზადებას: „რასა იქმს ჩემი დაღლილი, ჩემი მწუხარე დედაი?!“
ამ ლექსის გარდა, საერთოდაც, იშვიათად ვართ დედა-შვილის ისეთი შინაგანი დიალოგის შემსწრენი, რასაც თედო ბექიშვილის ლექსებში წავაწყდებით. იქაც კი, სადაც უშუალოდ დედა არ უნდა იგულისხმებოდეს, პოეტისათვის დედის საუფლო, დედის გული უპირველესი სააღმსარებლოა: მას ანდობს ყველაზე სანუკვარ, სხვებისათვის გაუმხელელ გრძნობებსა თუ აზრებს. ენა და ლექსიკა კი ამ დროს სწორედ სიტუაციის შესაფერისია: უკიდურესად სადა, მაგრამ ძალზე მრავლისმთქმელი. მაგალითად, როგორც ამ ვრცელ ლექსში – „ წერილი დედას ანუ მიკლოშ რადნოტის ბიოგრაფია“:
„სალამი, დედა!
როგორ ხარ?
ვიცი, ელოდებოდი დღეს ჩემს ჩამოსვლას,
ვიცი, გზისკენ გეჭირა თვალი.
ვერ მოვახერხე ამ შაბათ-კვირას –
ათას წვრილმანზე,
ვით ეკლიან ჯაგის ტოტებზე,
ვარ გამობმული.
კარგა ხანია, დაიძინეს უკვე ბავშვებმა.
ახლა ღამეა, შაბათის ძალი.
გადავდე საქმე. მივალაგე ხელნაწერები.
გვიანი ღამის მდუმარებაში
ფიქრმა შენთან წამომიყვანა.
„მოგიკვდეს დედა,
ღამეების თეთრად მტეხელო!“ –
კვლავ მომესმა შენი ჩივილი.
მომწყურდა შენთან საუბარი,
მოდი, გიამბობ,
რას საქმიანობს შენი შვილი ამ შუაღამით.“
ალბათ გაუჭირდება ამ ლექსის გაგება იმას, ვისაც არასოდეს არავინ დარჩენია ძვირფასი „სოფლის სახლში“, სადაც მუდამ და, განსაკუთრებით, შაბათ-კვირას ელოდებიან, მაგრამ ხშირად ამ შაბათ-კვირის კანონიერ მოცალეობასაც ითვისებს ყოველდღიური მოვალეობა და მხოლოდ შუაღამისას გახსენდება ის, ვინც ყველაზე უფრო გელოდა, მაგრამ ვერ წახვედი მასთან და იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ჩაუსვლელობას, ყურადღების მოდუნებასა თუ გულგრილობასაც ყველაზე უფრო ის გაპატიებს.
მეორე მხრივ, წარმომიდგენია, რა ძნელი იქნებოდა ამ – ერთი შეხედვით – უმარტივესი ლექსის დაწერა პოეტისათვის, რომელიც ამ ტექსტით და – უფრო მეტად – ქვეტექსტით თავისი თაობის უამრავი მამაკაცის ისეთ სათქმელს ამბობდა, რასაც სხვები არასდიდებით და, მითუმეტეს, ასე არ იტყოდნენ.
საერთოდ, საქართველოს მთიანეთიდან მოსახლეობის ბარში მიგრაციის პრობლემა ერთ დროს უმწვავესად იდგა ქართულ ხელოვნებაში. არსებობდა ერთგვარი სახელისუფლებო დაკვეთაც, რომელიც რეჟისორებს, მწერლებს, პოეტებს ამ პრობლემის პედალიზებას ავალდებულებდა. თავისთავადაც მნიშვნელოვანი საკითხიც იყო და ამან გამოიწვია ერთი მხრივ ჩვენი მთის დაცარიელების, მეორე მხრივ კი მთის, მთაში ცხოვრების რომანტიზირება, თავისი ბუკოლიკური ნაკადით, რომელსაც, როგორც ერთგვარ „სახელისუფლებო მეინსტრიმს“ აქტიურად ქმნიდნენ თვითონ წარმოშობით საქართველოს მთიანეთიდან თბილისში ჩამოსული და დამკვიდრებული პოეტები. ამ ნაკადს თავისი კოინეც კი ჰქონდა, ვაჟა -შაველას სტილიზებული ენითა თუ ხალხური პოეზიის გავულგარულებული ინტონაციებით და ამ კოინეს მიმართავდა ყველა- დიდი თუ შედარებით მცირე – პოეტი. შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ .მთის პოეზიის რომანტიკულ ნაკადს სათავე ჯერ კიდევ ორმოცდაათიან წლებში დაუდო ანა კალანდაძემ თავისი უკიდურესად ნატიფი, ამაღლებული და მისთვის ძალიან ბუნებრივი „შუაფხოს ციკლით“.
ოღონდ ის, რაც ანასთან ხელოვნების ნამდვილ მწვერვალზე იყო აყვანილი, შედარებით გვიან, მისი მიმბაძველების ხელში, ამ მწვერვალიდან ისე დაეშვა, როგორც ერთ დროს კაშკაშა და თვალისმომჭრელი თოვლის გაწყალებული და ლეღმაშემდგარი ლანქერები.
…და წამოვიდა და წამოვიდა ეს წყალწყალა, თითქმის ფანოღური რიტმი და წამოიღო არა სინამდვილის, არამედ მთაზე ხელოვნურად შექმნილი წარმოდგენების კლიშეთა ნიაღვარი.
საგულისხმოა, რომ თედო ბექიშვილი ამ მოლექსეთა მარაქაში არასდროს გარეულა.
ისედაც, მის პოეზიაში ეს პრობლემა უფრო სიღრმისეულია და არა მთის დაცლის, არამედ მთასა და ბარს შორის კავშირის გაწყვეტის, მათ შორის გაჩენილი უფსკრულის კიდის ტკივილზე ტორტმანებს.
მთაში დარჩენილი დედა და მასზე წუხილი კი თედო ბექიშვილის პოეზიაში ერთგვარად ადგილის დედად და მის მიმართ არქაულ კრძალვად ტრანსფორმირდა და კონკრეტული დედაშვილობის განცდა კი არა, რაღაც უფრო მითოსური განზოგადება შეიძინა.
არადა, ცოტა უფროს თაობას დღემდე ახსოვს თედო ბექიშვილის მართლაც მითიურ საბურველში გახვეული დედა – ნინო ჩიტაური, რომლის ლიტერატურული ხატება ჯერ მისივე ვაჟმა აღბეჭდა დედისადმი მიძღვნილ არაჩვეულებრივი ლექსების ციკლში და მერე – რევაზ ინანიშვილმა თავის შედევრში „დედაო, დაო სიყვარულო“, რომელიც სწორედ ქალბატონ ნინო ჩიტაურს მიუძღვნა.
ამ წერილის წერისას, ვინ იცის, მერამდენედ გადავიკითხე თედო ბექიშვილის დედის ციკლის ლექსებიცა და რევაზ ინანიშვილის ეს მინიატურაც და მივხვდი ნინო ჩიტაური ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ქალი ამ დედამიწაზე, რადგან სანამ ქართული ლიტერატურა იარსებებს, მანამდე იარსებებს მისი ხატებაც. – რეზო ინანიშვილის მიერ ასე გამოკვეთილი:
„და აი, მაშინ ვიღაცამ მიკარნახა აშკარად: ეგ არისო, ჰო, ჩენი დამდნარი, მარადიული დედა, ჩენთვის თავდადებული მარადიული და და ჩვენი მარაიდული სიყვარული. ეგ აკოწიწებს თავისი მთრთოლვარე თითებით ავკაცობისაგან დასანგრევად განწირულ ქვეყანას. ილოცეთ მაგისთვის და მაგისი მოდგმისათვის…“
თედო ბექიშვილის მიერ კი ასეთი ღრმა ტკივილით დანახული:
„როგორ თოვს, ჩემო თეთრო დედილა,
როგორი თეთრი ფიფქები გფარავს!
როგორი მძიმე და ჩახერგილი
ზამთარი უცებ მოგვადგა კარად.“
ამიტომაც ვამბობდი წეღან, რომ თედო ბექიშვილისათვის მთა არ იყო მხოლოდ პოეტური ზმანებების ისტორიული ჰეროიზმის ბურუსით მოცული ადგილი. ის მისი ცხოვრების ცოცხალი, მფეთქავი გული იყო და ამიტომაც ფუჭი რომანტიკის სანაცვლოდ, მთაზე, თავის სოფელზე დაწერილ თედო ბექიშვილის ლექსებში ყველაზე ნამდვილი, ცხოვრებისეული და ეჭვშეუვალი ინტონაციები მოგვესმის.
რომანტიზმსა და მეოცნებეობას კი პოეტი არაჩვეულებირვად – მწარედ, მაგრამ მისთვის ჩვეული თავდაჭერით – ეთხოვება თავის, როგორც მე მგონია, ერთ-ერთ საუკეთესო ლექსში „დონ კიხოტის მონატრება“:
„ნუთუ აღარა ხარ უკვე არსად,
მიწა დატოვე და ცადა ხარ…
ხშირადა ვხედავ სანჩო პანსას,
შენ კი, ლამანჩელო, სადა ხარ?
სადა ხარ, უბადლო ტრუბადურო,
გზას სად გაჰყოლიხარ საგვიანოს?
ქვეყანას რატომ დაემდურე,
რაინდო მწუხარე სახიანო.
სანჩო კარგად უვლის გუბერნიას,
რომ არ გასუქდეს – მარხულობს,
რბილი ქვეშაგები უფენია,
ვირს ზოოპარკშიღა ნახულობს.
ძალზედ შეცვლილია დულსინეა,
მილეულ სანთელივით პარპალობს,
თვალები აღარ უცინიან,
გზისკენ იყურება საბრალო.
სუსტთა და უმწეოთ რა ვუშველო,
ურწმუნო როგორ დავაჯერო?
ქვეყანამ მოიწყინა უშენოდ,
სადა ხარ, მწუხარე ლამანჩელო?!“
თუკი სერვანტესის „დონ კიხოტი“ იყო რეაქცია მოძალებულ სარაინდო რომანებზე და მათ დაცინვას, პაროდიას წარმოადგენდა, თედო ბექიშვილის ეს ლექსი თავიდან იწყება, როგორც „დონ კიხოტის“ პაროდია, რომელიც ბოლოს მეოცნებე სულების გაქრობის გამო ლამის ბიბლიური წინასწარმეტყველებისათვის დამახასიათებელ ვალალში გადადის.
ეს არის პოეტის ერთგვარი მანიფესტი და, გარკვეულწილად, ამბოხიც პრაგმატიზმის, პრაგმატულობის მოძალების წინააღმდეგ.
„სანჩო კარგად უვლის გუბერნიას, ვირს ზოოპარკშიღა ნახულობს…“
– ძალიან ძნელად მეგულება სადმე თანამედროვე ყოფის, გუბერნატორებად დანიშნული სანჩოების ხელში ჩავარდნილი ქვეყნის ამაზე უფრო შემზარავი და ამავე დროს თანაგრძნობით აღსავსე პაროდია. ქვეყნისა, სადაც სანჩო გალაღებულია, დულსინეა კი მიმქარლია, რადგან გამქრალა „მარილი ქვეყნისა“ – მახვილგონიერი, მეოცნებე და სიცოცხლის მამოძრავებელი იდალგო დონ კიხოტი.
არის ამ ლექსში იმაზე დიდი ტკივილი, კატასტროფის იმაზე დიდი მასშტაბები, ვიდრე ეს ერთი წაკითხვით შეიძლება მოგვეჩვენოს.
თედო ბექიშვილის დიდი ოსტატობა კი სწორედ ამ უჩვეულო თავშეკავებით ასეთი დიდი ტრაგედიის გადმოცემაში გამოიხატება.
ეს არის ლექსი, სადაც ნათქვამზე უფრო მნიშვნელოვანია ნაგულისხმევი, ტექსტი, რომელზე მნიშვნელოვანიც მისივე ქვეტექსტია.
საინტერესოა, რომ აქ სწორედ ამ ტექსტისა და ქვეტექსტის ურთიერთმიმართება ქმნის მთელ პოეტურ ანტურაჟს და არა – პოეზიის ტრადიციული მარკერები თუ სამკაულები – შედარება, მეტაფორა ან მეტონიმია.
სინამდვილეში მთელი ეს ლექსი ერთი დიდი შედარებაა, სადაც შედარების პირველი კომპონენტი: ის, რასაც ადარებენ, სერვანტესის „დონ კიხოტია“, ხოლო შედარების მეორე წევრი – შესადარებელი – თანამედროვე ყოფაა, მეოცნებეთაგან დაცლილი სამყარო და შედარების ამ ორი კომპონენტისა თუ ორი წევრის კონტრასტის ხარჯზე მიიღწევა მთელი მხატვრული ეფექტი.
ამას გარდა, მგონი, თედო ბექიშვილის ეს ლექსი ქართულ პოეზიაში პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია, უფრო სწორად, ლექსი თავისდაუნებურად, თავისთავში ატარებს ყველა იმ ნიშანს, რომელიც შემდგომ ევროპული პოსტმოდერნიზმის ძირითად მარკერებად მოგვევლინა.
ამ დეფინიციაში არსებითი გახლავთ განსაზღვრება „თავისდაუნებურად“, რადგან უეჭველია, რომ თედო ბექიშვილს, ლექსის წერისას, პოსტმოდერნიზმზე კი არა, არცერთ ლიტერატურულ სკოლასა თუ მიმდინარეობაზე არ უფიქრია. მისი პოეზია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პატიოსანი კაცის ღირსებით სავსე ცხოვრების ალალი და ზოგჯერ გულუბრყვილო გამოძახილია.
ამიტომაც არის ეს ლექსები ასეთი შთამბეჭდავი, რომ პოეტის გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგაც კი, უცნაურად ათრთოლებენ მკითხველის გულს და მას გულწრფელობის, სიკეთის უალტერნატივობაში არწმუნებენ.
„მე ღარიბი ვარ,
როგორც აპრილი,
მე მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ…
და საკუთარი სიღარიბის დასაფარავად
შემოდგომამდის გასავლელი მრჩება მანძილი.
მე ღარიბი ვარ,
როგორც აპრილი –
ფესვიდან რტომდის
ფეთქავს სისხლი დაუღალავად
და მომლოდინე სასოება
გულში ჩაღვრილა
და მარტოოდენ
ყვავილების ანაბარა ვარ!“
როგორც ჩანს, არც ისეთი ღარიბი ყოფილა აპრილი, რაკი ამდენ ხანს ასე გვაბრუებს და სიამეს გვგვრის მისი ყვავილების საუცხოო სუნი…
1992 წლის 27 სექტემბერს 51 წლის ასაკში გარდაცვლილ თედო ბექიშვილს, დღეს, 22 ივნისს, 80 წელი შეუსრულდებოდა.
მისი პირადად გაცნობა, სამწუხაროდ, მე ვერ მოვასწარი. გულსა და გონებაში ჩამრჩა მხოლოდ ერთი მოგონება, 1987 თუ 88 წელს, როგორ ვიდექი ჰონორარის ძალიან გრძელ რიგში, მაშინდელი ცეკას გამომცემლობის შენობაში. მაშინ ჰონორარს თითქმის ყველა გამოცემის ავტორებს სწორედ ამ ცენტრალიზებულ ბუღალტერიაში ურიგებდნენ და ამიტომ კუთვნილი გასამრჯელოს მისაღებად საათობით უწევდა ადამიანს მომქანცველ რიგში დგომა. ჰოდა, ვიდექი ასე, რიგის ბოლოს და უცებ რიგის თავიდან მე – ძალიან პატარას, 13 თუ 14 წლისას, – ვიღაც დიდი კაცი მეძახის: გიორგი! გიორგი არ ხარ შენა? დიახ, მე ვარ-მეთქი. – დავუძახე და სახეგანათებული დიდი კაცი მთელი იმხელა რიგის გასაგონად ყვირის: ეს იცით, ვინ არის? რა ნიჭიერი ბიჭია! მოდი, ჩემ ადგილას დადექი! დაიღლები!
სულ ძალისძალათი მიმიყვანა, დამაყენა რიგის თავში, თავის ადგილას და თვითონ ჩემს ადგილას დადგა, იმ რიგის ბოლოში….
ეს კაცი თედო ბექიშვილი იყო…
და ასეთი კაცი იყო თედო ბექიშვილი…