„ნივთიერებათა მოხმარებისას კონსულტირების გამოწვევები მოზარდებში“ – ამ თემაზე „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ტრენინგი გაიმართა.
ჯანმრთელობის პედაგოგმა, ლუიზა ვესტერჰაუსმა და სოციალურმა მუშაკმა, იანა ჰიუბნერმა ქართველ კოლეგებს მოზარდებთან ფსიქოკონსულტაციის გამოწვევებზე, მოტივაციის შექმნაზე, ინტერნეტის ჭარბად მომხმარების რისკებსა და კონსულტირების სპეციფიკაზე გამოცდილება გაუზიარეს.
„პუბლიკასთან“ საუბრისას ისინი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე საუბრობენ და რჩევას აძლევენ მშობლებს, როგორი რეაგირება იქნება შედეგიანი, თუ ბავშვს ნივთიერებათა მოხმარების ან ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
რა სიმპტომებმა უნდა მიანიშნოს მშობლებს, რომ მოზარდს დახმარება სჭირდება? მათ შორის პროფესიონალის.
ლუიზა: ძირითადად, ეს არის ქცევაში ცვლილება, კომუნიკაცია იცვლება. ხშირადაა, რომ ბავშვი ხდება აგრესიული, იმპულსური ან შეიძლება იყოს მოწყენილი, ჩაკეტილი, თავისი ოთახიდან არ გადიოდეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ცვალებადობა გარდატეხის ასაკსაც ახასიათებს. თუმცა კონკრეტული მინიშნება, სიმპტომი შეიძლება ჩაიჭიროს მშობელმა, რომელიც მიანიშნებს, რომ ბავშვს რაღაც სხვა პრობლემა აქვს.
იანა: ასევე შეიძლება, რომ ბავშვმა შეიცვალოს მეგობრების/თანატოლთა წრე, ჰობი. ესეც შეიძლება იყოს ნიშანი.
რა არის მთავარი და თავდაპირველი საზრუნავი, როცა მოზარდი მოდის ან მოჰყავთ თქვენთან? რა არის კარგი კონსულტირების საწინდარი?
ლუიზა: როცა ბავშვები ჩვენთან მოდიან, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რა და რა ცენტრები, კონსულტირების რა სერვისები არსებობს. ძალიან ხშირად ისინი სხვებს მოჰყავთ ხოლმე ჩვენთან.
პირველ რიგში, ვარკვევთ: რატომ მოვიდა, რა პრობლემა აქვს, რა არის მისი მოტივაცია, რამდენად რეზისტენტული შეიძლება იყოს და ა.შ.
პირველ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში მოდიან.
ძალიან ხშირად, როგორც ხდება ხოლმე, მოხმარება შეიძლება იყოს სხვა ძალიან დიდი პრობლემის სიმპტომი და ჩვენ ვცდილობთ, გამოვარკვიოთ ეს საკითხიც – რასთან გვაქვს საქმე.
საფუძველი კი ამ ყველაფრის არის კარგი ურთიერთობის დამყარება – ეს არის ფუნდამენტი. ამაში ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ ბავშვებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ.
შემდეგ ვიწყებთ გამოკვლევას მათი ყოველდღიური ცხოვრების – რა პრობლემები აქვთ, რა რესურსები; რა პუნქტებია, რაც მათთან უნდა განვიხილოთ; არის თუ არა ქცევის ცვლილების სურვილი; რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს მათთვის და ა.შ.
რა მეთოდებს იყენებთ ხოლმე?
ლუიზა: გამომდინარე კლიენტის შემთხვევიდან, ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდს; ერთ-ერთი ასეთია მოტივაციური სასწორი, რათა დავანახოთ ბავშვებს, რა იქნება ნარკოტიკების მოხმარების გაგრძელების დანაკარგი და რა – სარგებელი, თუ შეწყვეტენ მოხმარებას. ვცდილობთ, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს სხვადასხვა ფაქტორი და შემდეგ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ეს ცნობები.
ასევე ვიყენებთ ვიზუალიზაციას – ბარათები გვაქვს, ემოციებია მასზე გამოსახული და ამით ვმუშაობთ ხოლმე ბავშვებთან. გრძნობებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან ხშირად მოზარდებს უჭირთ ხოლმე გამოთქმა, ვერბალიზება თავიანთი ემოციების და ამ ბარათებით ვეხმარებით პროცესში.
თქვენ ახსენეთ ბავშვებისთვის ჯანსაღი ალტერნატივის შეთავაზება. მინდა, გკითხოთ თქვენი ექსპერტული შეფასება საქართველოს კონტექსტზე. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევაა. მშობლები 24 საათი მუშაობენ, სახელმწიფო კი არ სთავაზობს ბავშვებს უფასო/ხელმისაწვდომ წრეებს. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოვახერხოთ დამაკმაყოფილებელი ბალანსის დაცვა?
ლიუზა: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, შეიძლება დაფიქრება ძალიან მარტივ, იაფ ან უფასო ალტერნატივებზე, რომელიც არანაირ რესურს არ მოითხოვს. უბრალოდ, ეს შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვმა გაისეირნოს, რაც დაეხმარება მას დამშვიდებაში, რელაქსში, ჯანსაღად დროის გატარებაში. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამგვარ აქტივობებს დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია მოზარდისთვის. ამის ცოდნა დაგვეხმარება.
იანა: საზოგადოებისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ბავშვებისთვის შექმნას, უზრუნველყოს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობები. მეც არ ვიცნობ აქაურ კონტექსტს კარგად, თუმცა პრინციპების დონეზე შეიძლება იმის თქმა, რომ ბავშვებს ინდივიდუალურადაც უნდა მივცეთ გამკლავების მექანიზმები, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებაც უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული.
რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას, რა გამოწვევის წინაშე არიან, ამ მხრივ, თანამედროვე მშობლები?
ლუიზა: სოცმედიის მოხმარებაზე განსაკუთრებული როლი ეკისრებათ მშობლებს, რომლებმაც უნდა დააწესონ წესები/შეზღუდვები ბავშვებისთვის, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ სოცმედიის მოხმარების ჯანსაღი ჩვევები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს მშობლების პირველი თაობაა, რომელთაც უწევთ ამგვარ პრობლემასთან გამკლავება, პირველად უწევთ, რომ ბავშვებს ასეთი აკრძალვები დაუწესონ და არ ჰყავთ როლური მოდელები, ვისგანაც აიღებენ მაგალითს.
რეალურად რა სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა? ხელშესახები რა შეიძლება დაუშავდეს მოზარდს?
ლუიზა: როცა მედიის მოხმარება, ეკრანთან ყოფნა ხდება პრობლემური, აქ იწყება სხვადასხვა პრობლემა – ბავშვს აღარ სძინავს ღამე, იმიტომ, რომ უნდა ითამაშოს; ეწყება პრობლემები მშობლებთან – აღარ ატარებს ოჯახთან ხარისხიან დროს, სულ ტელეფონშია, აღარ უსმენს სკოლაში, ყველაფერი მისთვის მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება.
ჯანსაღი ლიმიტები – როგორ უნდა მივხვდეთ, რა არის გონივრული?
ლუიზა: ეს ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა. გარკვეული რეკომენდაციები არსებობს ასაკობრივი ჯგუფებისთვის, თუმცა, ძირითადად, თავს ვიკავებ ხოლმე მსგავსი რჩევებისგან, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია.
რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ რაღაც ლიმიტები უნდა დაწესდეს, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, თუ რა მიიჩნევა მედიის მოხმარებად – მხოლოდ თამაში თუ აუდიოწიგნის მოსმენა. არის თუ არა აუდიოწიგნის მოსმენა სოცმედიის მოხმარება?! ეს საკითხიც ემატება დისკუსიას, რა არის სოცმედიის მოხმარება და რა არა.
მთავარი კრიტერიუმი კი არის ის, რომ მოზარდს რეალურ ცხოვრებაში ჰქონდეს რეალური გამოცდილებები. საჭიროა, რომ აჰყვეს სოცმედიას და ეს გამოცდილებაც ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, მოწყენილ მდგომარეობაშიც როცა იქნება, დაფიქრდეს, ამაზეც ჰქონდეს რეფლექსია. მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოცდილების მიღება – როგორც რეალური ცხოვრებიდან, ისე სოცმედიიდან.
იანა: მნიშვნელოვანია, მშობელი დაინტერესდეს, რა არის მოზარდის რეალური ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის ხელშეწყობაში დავეხმაროთ მათ, როცა კი არის პრობლემა, მიაკითხეთ ექსპერტს და გაესაუბრეთ.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.