საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოთა სიახლოვეს რუსეთთან მტრობა განაპირობებს, მაგრამ იმავე რუსეთის ფაქტორი არის ცენტრალური საკითხი ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის დაძაბულ ურთიერთობებში.
ეს მოცემულობა, ერთი შეხედვით, ალოგიკურია. ერთნი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, პრორუსულია, ხოლო მეორენი მის ქმედებებში პრაგმატიზმის მარცვალს ხედავენ. სინამდვილეში საქართველოსა და უკრაინას ან, სულ ცოტა, მათ ხელისუფლებებს, სხვადასხვა იდენტობა აქვთ, სხვადასხვა ნიადაგზე დგანან. ეს უახლესი ისტორიული წარსულით არის განპირობებული.
რუსეთთან კონფრონტაციის ციკლებში საქართველო მუდმივად წინ უსწრებდა უკრაინას. ის, რაც 2014-2015 წლებში მოხდა დონბასში, საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალში გაიარა 1990-1993 წლებში; რაც 2008 წელს მოხდა საქართველოში, უკრაინას თავს დაატყდა 2022 წელს. უკრაინას ეყო მასშტაბი, საერთაშორისო მნიშვნელობა, ძალა და საზოგადოების მზადყოფნა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია.
თუ სამოქალაქო ომსაც ჩვენს მარცხად მივიჩნევთ, და ეს უდავოდ ასეა, 1990 წლიდან 2008 წლამდე საქართველომ ოთხჯერ იომა და ოთხივეჯერ დამარცხდა. ქვეყანაში არც ერთი ცოცხალი ადამიანი არ არის, საქართველოს სამხედრო გამარჯვება რომ ახსოვდეს, რადგან ასეთი გამარჯვება ბოლოს პირველი რესპუბლიკის დროს (1918-1921) გვქონდა.
შესაბამისად, ლოგიკურია აპათია, ვინაიდან საქართველოს სამხედრო დიდების შესახებ კოლექტიური მეხსიერება ლევან სანიკიძის ეპოსურ წიგნებს ეყრდნობა, ცოცხალი მეხსიერება კი სულ სხვა შიშებს აღძრავს, ინსტინქტურ დონეზე. აქედან გამომდინარეა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რეპლიკები – „აბა, ომი გინდათ?“ და „ნაციონალური მოძრაობა არის ომის პარტია“ – მუშაობს. აქედანვეა, ერთ მცირე დეზინფორმაციაზე დახლებიდან შაქარი რომ ქრება საქართველოში.
2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ ცალმხრივად გადაწყვიტა, რომ ომი არ იქნება და, რადაც არ უნდა დაუჯდეს, არ იომებს. მათ ყველა კვერცხი პაციფიზმის კალათში ჩააწყვეს. თუ 2007-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო, ახლა ეს რიცხვი 300 მილიონ დოლარამდეა შემცირებული და აქედან ნახევარზე მეტი ხელფასებში მიდის, დარჩენილი ნახევრის ნახევარი კი ადმინისტრაციულ ხარჯში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი – ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალი, რადგან იქ რუსული ჯარები აღარ არისო, მაგრამ საქართველო ამას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ გააკეთებს. საზოგადოება ან, სულ მცირე, ხელისუფლება, ზემოხსენებული ისტორიული გამოცდილების გამო, პაციფიზმით არის შეპყრობილი; შესაძლოა, ამ ეტაპზე რუსეთს ჯარი არ ჰყავდეს აფხაზეთსა და ცხინვალში, მაგრამ მას აქვს ავიაცია და რაკეტები, ხოლო საქართველოს – მხოლოდ მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისიც შეზღუდული რაოდენობით. საშუალო და გრძელი რადიუსის სისტემები, უბრალოდ, არ გვაქვს. ხელისუფლებაში მოსულ პაციფისტებს, ცალმხრივად გადაწყვიტეს რა, რომ ომი არ იქნება, არაფერი გაუკეთებიათ ამ შესაძლებლობების განსავითარებლად. ერთი რუსი ჯარისკაციც რომ არ შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ომის შემთხვევაში, ვერაფერი დაიცავს ჩვენს ქალაქებს მასირებული დაბომბვისგან; უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, თუ ისევ იარსება რუსულმა არმიამ, ის წამოვა საქართველოს წინააღმდეგ შურის საძიებლად და ჯერჯერობით არსად ჩანს საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც დაგვიცავს.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ომი ამ ეტაპზე საქართველოს ობიექტურად არ შეუძლია. მეორე მხრივ, მორალურად სრულიად გასაგებია უკრაინის ხელისუფლების სურვილი, რომ საქართველომ და მოლდოვამ გახსნან მეორე და მესამე ფრონტები. ამ მიმართულებებზე თუნდაც 10-15 ათასი ჯარისკაცის გადასროლა რომ დასჭირდეს რუსეთს, ეს უკრაინის არმიისთვის დიდი შვება იქნება. უკრაინა იბრძვის მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის და პირველ რიგში საქართველოსთვის, რადგან უკრაინის მარცხიდან საქართველოს დესუვერენიზაციამდე სულ ერთი ნაბიჯი იქნებოდა, ხოლო უკრაინის გამარჯვება ევროატლანტიკურ მომავალს უხსნის პირველ რიგში საქართველოს. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ უკრაინელებს საქართველოს სამხედრო თანამონაწილეობის სურვილი ჰქონდეთ?!
როგორც უკვე ითქვა, „ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის არჩევანი თავადვე არ დაიტოვა და ახლა ვართ ორი რამის იმედად: 1. უკრაინის ჯარი რუსეთს საქართველოზე წამოსვლის საშუალებას არ მისცემს; 2. რუსეთთან „დავწვებით“ ისე, რომ ეს უკანასკნელი არ გადაწყვეტს ჩვენზე შეტევას.
აი, ამ მეორე გარემოების შესაქმნელად თანმიმდევრულად „შრომობს“ „ქართული ოცნება“. ბევრს შეიძლება დაავიწყდა, რომ პირველი პრემიერ-მინისტრობისას, ჯერ კიდევ 2014 წელს თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ის ეთერში, რომ ვერ ხედავდა პარალელებს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ყირიმის ანექსიას შორის; მან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეაც არ მოიწონა; უკრაინისგან დისტანცირება და რუსეთისთვის მესიჯის გაგზავნა, რომ საქართველოს რუსეთთან მიდგომა განსხვავდება უკრაინის მიდგომებისგან ყოველთვის „ქართული ოცნების“ ხელწერის ნაწილი იყო. ახლაც, ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან, პრემიერი ღარიბაშვილი პროაქტიურად აცხადებს, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება. ამ მიდგომამ სწორად აფიქრებინა ოლექსი არესტოვიჩს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს თავს აწონებს.
ამას ემატება სააკაშვილის სამაგალითოდ დასჯა, რაც ემოციურად მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსებისთვის. აქვეა, ერთი მხრივ, პოზნერების, გავრილოვებისა და კრემლის სხვა მსახურთა ქვეყანაში შემოშვება, ხოლო, მეორე მხრივ, რუსული ოპოზიციური მედიისა და დისიდენტური ჯგუფების დემონსტრაციულად არშემოშვება; იმავე პოლიტიკის ნაწილია ომის დაწყების შემდეგ ირაკლი კობახიძის ხმამაღალი განცხადებები, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს რუსების უსაფრთხოებას და სხვ.
ხელისუფლებამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე უარის თქმითა და რუსულ ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის მჭიდროდ მიბმით სხვა არჩევანი არ დაიტოვა, გარდა ისტორიისადმი სიბრმავისა. 1993-1995 წლებში ედუარდ შევარდნაძემ საქართველო შეიყვანა დსთ–ში, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებად დანიშნა რუსეთის ძალოვან სტრუქტურათა ოფიციალური თანამშრომლები ან აგენტები. მიუხედავად ამისა, 1995 წელს შევარდნაძე რუსებმა ააფეთქეს. არაფერი ყოფილა იმაზე მშვიდობიანი და არაპროვოკაციული, როგორც კონსტიტუციურად ნეიტრალური მოლდოვის დამოკიდებულება დნესტრისპირეთისადმი, მაგრამ ახლა დასჭირდა რუსულ გეოპოლიტიკას და ტირასპოლში სამხედრო განგაშია, აფეთქების ხმებიც ისმის და, თუ უკრაინამ ვერ დაიცვა ოდესა, რუსები მოლდოვაზე წავლენ.
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება სულ სხვა ტონუსშია. მისი იდენტობაა ბრძოლა, შეურიგებლობა და უშიშრობა. ეს თავისუფლებისმოყვარე ყველა ადამიანს აღაფრთოვანებს, მათ შორის საქართველოშიც. პრეზიდენტ ზელენსკის პოპულარობა მაღალია და მისი კრიტიკული გამონათქვამები, ქვეყნის შიგნით, საფრთხეს უქმნის საქართველოს ხელისუფლებას. ამის გამოა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ზელენსკის გამოსვლებს პროსახელისუფლებო ტროლ–ბოტები ხარბად ესევიან და „აშავებენ“.
ოპოზიცია, და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, ცდილობს, მიებას ზელენსკის და ამით საკუთარი ელექტორალური ბაზა გაზარდოს. ხელისუფლებაც ცდილობს უკრაინელ პოლიტიკოსთა მიბმას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რათა „ანტისააკაშვილი“ სენტიმენტები „ანტიზელენსკი“ სენტიმენტებად აქციოს.
რას უნდა უგულშემატკივროს და რა პოლიტიკა გაატაროს „ქართულმა ოცნებამ“? თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, შეიძლება, საქართველოდან აღარაფერი დატოვოს. მათ კი აქვთ იმედი, რომ მაქსიმალური კომპრომისებით თავს გადაირჩენენ, მაგრამ თუ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხე დადგება, ვერავინ იტყვის, რომ „ოცნება“ აუცილებლად გადარჩება; მეორე მხრივ, თუ უკრაინამ გაიმარჯვა, პაციფიზმი, რუსეთის დამშოშმინებელი და უკრაინასთან დაპირისპირებაში შესული ხელისუფლება საქართველოში დამარცხდება.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ქმედება უკრაინასთან მიმართებით შემდეგი თეზისებით ხასიათდება:
- 2014 წლიდან მოყოლებული, პერიოდულად შედიან მსუბუქ კონფრონტაციაში და ამით რუსეთს აჩვენებენ, რომ საქართველოს განსხვავებული იდენტობა აქვს და არ მიჰყვება უკრაინის გზას;
- მეორე მხრივ, უკრაინის ზურგს უკან ემალებიან რუსულ აგრესიას;
- უკრაინის მიერ ევროკავშირისკენ სისხლით გაკვალულ გზას უნდათ, რომ უმტკივნეულოდ შეყვნენ;
- ამას თან ერთვის ჰუმანიტარული ჩართულობა უკრაინის ომში, რაც რუსეთისთვის სრულიად უმტკივნეულო საკითხია და ნამუსსაც ნაწილობრივ წმენდს ხელისუფლებას;
- საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ათეულობით სახელმწიფო მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, ამ კოჰორტას საქართველოც უერთდება. ამ სახელმწიფოთა მასებში ჩაკარგული საქართველოს ერთი ხმა არ არის გადამწყვეტი გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთისთვის.
რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, „ოცნებას“ სურს, რუსეთს უთხრას, რომ ის ყოველთვის დისტანცირდებოდა უკრაინისგან და რომ მასზე უკეთესი „ალტ–ინფო“ ვერავინ იქნება საქართველოში; უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, იმედი აქვს, რომ დასავლეთის „პაკეტური პოლიტიკის“ წყალობით, უკრაინის კვალდაკვალ, ევროკავშირში შეიყვანს საქართველოს და ამ დამსახურებას თავის თავზე მიიწერს.
ეს ორივე გზა დიდად სარისკოა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ომის დამთავრების შემდეგ ის შეიძლება არც რუსეთმა დაინდოს და არც უკრაინამ, მაგრამ „ოცნებამ“ თავს სხვა გზა არ დაუტოვა და თვითგადარჩენისთვის უკეთესსაც ვერაფერს გააკეთებს.
როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა, ერთი შეხედვით, არაადეკვატურ ან გასაბრაზებელ, სხვათა აზრით კი პრაგმატულ განცხადებებს ვისმენთ, ზემოხსენებული მოცემულობები კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველაფერი ლოგიკურ ჯაჭვში ჩაჯდება.
ბექა კობახიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი